2023-10-21

  • ორნი ორგაზმში - ორგაზმი და ჯანმრთელობა
  • ჰიპოკრატეს დროიდან ფროიდამდე, ექიმები გოგონებსა და ქალებში ორგაზმს ფიზიკურად ასტიმულირებდნენ და ამ კლინიკურ პროცედურას “სამედიცინო მასაჟებს” უწოდებდნენ. ეს მასაჟები, სავარაუდოდ, “ჰისტერიის” სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამ პროცედურის მიზანი “ჰისტერიული კრუნჩხვის” გამოწვევა იყო, რომელიც პულსისა და სუნთქვის გახშირებით, კანის გაწითლებით, ვაგინის დასველებით და მუცლის  კუმშვით გამოიხატებოდა. 

    ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში სჯეროდათ, რომ ჰისტერია საშვილოსნოს ამბოხი იყო სექსით წყურვილის ან მისი უქონლობის წინააღმდეგ [“ჰისტერია” ბერძნულად “საშოს/ვაგინას” ნიშნავს].   

    რეიჩელ  მეინსი [1918] აღწერდა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ჰისტერიას ელექტრონული ვიბრატორებითაც მკურნალობდნენ. მეინსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ელექტრომექანიკური ვიბრატორი, რომელიც 1880 წელს ჩაეშვა, როგორც სამედიცინო მოწყობილობა, მაშინ სამედიცინო ინოვაცია იყო, რომლის მიზანი ამ მასაჟების ეფექტურობის გაუმჯობესება იყო.

    მსგავსი “სამედიცინო მასაჟები” ექიმების კაბინეტებიდან 1930-იან წლებში გაქრა. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ მოხდა, რომ ამჟამად დიაგნოზი “ისტერია” სხვა სამედიცინო პროცედურით: ფსიქოთერაპიით იკურნება. სხვა სავარაუდო ფაქტორიც იყო: მას შემდეგ, რაც მექანიკური სტიმულირება პოპულარულ კულტურაში სექსუალურ აღგზნებასა და სიამოვნებასთან გაიგივდა, ოდნავ შეცბუნებულმა და დაბნეულმა ექიმებმა ის “სამკურნალო” პრაქტიკიდან ამოიღეს [Blank, 1994].

    თაობებში ტაბუს შემდეგ, სექსუალური ჯანმრთელობა ამჟამად ბევრად უფრო ღიად განიხილება, და ის თანდანთან თავისუფლდება ტაბუსგან. მას მერე, რაც 1998 წელს სილდენაფილი [ვიაგრა] მამაკაცის ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ დამტკიცდა, მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ კვლევები უფრო გათამამდა და გაღრმავდა. 

    მაგრამ ქალების სექსუალურ ჯანმრთელობაზე ნაკლები ინტერესი და შესაბამისად, ნაკლები ლიტერატურაა. ა.შ.შ. მედიცინის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში [National Library of Medicine] შესაბამისი ლიტერატურის ძიების შედეგად გაირკვა, რომ  კაცების სექსუალური აშლილობებს 14 000 პუბლიკაცია ეძღვნებოდა, ხოლო ქალების შემთხვევაში 5 000 ასეთი პუბლიკაციის მოძიება გახდა შესაძლებელი. სიტყვებით სექსუალური დისფუნქცია კაცებზე 17 000 სტატია “ამოაგდო,” ხოლო ქალების შემთხვევაში - 9 000. 

    ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქალების სქესობრივი პრობლემების ასეთი უგულებელყოფა აქამდე იმით იყო გამოწვეული, რომ არ არსებობდა ქალის სექსუალური აღგზნებისა თუ ორგაზმის ხარისხის ობიექტური საზომი, ისეთი, როგორიც კაცების შემთხვევაში არის პენისის ერექცია [Rosen, 2002].  აქაც კაცების დომინირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ისიც იყოს, რომ სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში მკვლევარები, ძირითადად, კაცები არიან. 

    ორნი ორგაზმში | ილუსტრატორი: ეკატერინე ლოლუა | ტუში, ქაღალდი

    © კაქტუსი | Cactus

    1998 წლის 22 ოქტომბერს ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც ქალთა სექსუალურ დისფუნქციას ეხებოდა, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოსაზრება გამიოთქვა. პანელში მონაწილე მეციერების კვლევებიდან და დაკვირვებებიდან გამოჩნდა, რომ ქალების სექსუალურობა მაინცდამაინც არ ჰგავს კაცებისას და “კაცურ ხაზს” არ მიჰყვება სურვილების, აღგზნების, ან ორგაზმის კუთხით, და რომ ქალების სექსუალური პასუხი უფრო რთულია აღმგზნების მიმართ, ვიდრე კაცების. ფაქტია, რომ საკმარისი მასალა არსებობს იმისთვის, რომ ქალების სექსუალური პასუხები გამღიზიანებლების მიმართ უფრო მეტი ყურადღებით შეისწავლონ: კაცებისგან განსხვავებული საზომებით და უფრო მრავალმხრივ. 

    1979 წლიდან 1983 წლებს შორის მეცნიერებმა - დეივ სმიტმა, ფრენკელმა და იარნელმა [1997] ჩაატარეს კვლევა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ორგაზმსა და სიკვდილიანობას შორის კავშირს იკვლევდა. აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობის რისკი 50 პროცენტით უფრო დაბალი იყო კაცებში, რომლებსაც ხშირად ჰქონდათ ორგაზმი [ხშირი ორგაზმი განისაზღვრა, როგორც კვირაში ორჯერ ან მეტჯერ, ხოლო იშვიათი - თვეში ერთხელ]. ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობაც კი, როგორებიცაა ასაკი, სოციალური კლასისადმი მიკუთვნებულობა, ან მოწევის ჩვევა, მაინც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო კავშირი ორგაზმის სიხშირესა და სიკვდილიანობას შორის - რაც უფრო ხშირია ორგაზმის რაოდენობა, მით მცირდება სიკვდილის რისკი. ავტორებმა დაასკვნეს, რომ აქტიური სექსუალური ცხოვრება სიკვდილისგან ერთგვარი დამცავია და დღეგრძელობას უკავშირდება. 

    ერთ-ერთმა კვლევამ დაამტკიცა კავშირი ჰორმონ დეჰიდროეპიანდროსტერონის [DHEA], - რომელიც სისხლში ორგაზმის შემდეგ გამოიყოფა, - კონცენტრაციასა და გულის დაავადებების რისკების შემცირებას შორის [Feldman, Johannes, et al., 1998]. 

    კვლევით, რომელიც 1972 წლიდან 1975 წლებს შორის ჩატარდა, 100 ისრაელელი ქალის სქესობრივი ცხოვრება გამოიკვლიეს. საკვლევი ქალების ჯგუფს მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მათი მდგომარეობა შედარდა ასი სხვა ქალის სექსუალურ ცხოვრებას, რომლებიც სხვა მიზეზებით მოხვდნენ კლინიკაში [Abramov, 1976].  ჯგუფები ერთნაირი  ასაკობრივი კრიტერიუმებით შეარჩიეს. კვლევაში მონაწილეებს 58 კითხვა დაუსვეს თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე, მათ შორის, კითხვა ეხებოდა “ფრიგიდულობას” მენოპაუზის შემდეგ [“ფრიგიდულობაში” იგულისხმება სიამოვნების მიღებისა და ორგაზმის მიღწევის პრობლემები/დეფიციტი პენეტრაციის დროს, რომელიც იწვევს იმედგაცრუებას სექსის მიმართ, რომელსაც მოსდევს პენეტრაციის რაოდენობის შემცირება ან/და პარტნიორის  ერექციული დისფუნქცია]. მონაცემებმა აჩვენა, რომ “ფრიგიდულობა” [ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით], სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დამაჯერებლობით, დაუკავშირდა გულის შეტევების გაზრდილ რისკებს.

    არსებობს მოსაზრება, რომ სექსუალური აქტივობა და მისი სხვადასხვა ფორმით გამოხატვა სიმსივნის გაჩენის შემცირებულ რისკებს უკავშირდება, უშუალოდ სექსუალური ხასიათის ქცევის შემდეგ სისხლში ოქსიტოცინისა და დეჰიდროეპიანდროსტერონის გამოყოფის გამო. 

    მურელი [Murrel, 1995] ფიქრობდა, რომ ოქსიტოცინს, შესაძლოა, გარკვეულწილად, ჰქონდეს ძუძუს სიმსივნის შეჩერების/პრევენციის უნარი, რადგან ის ძუძუში მოძრავი სითხეებიდან გამოდევნის კარცენოგენულ თავისუფალ რადიკალებს [თავისუფალი რადიკალი ჟანგბადშემცველი არასრულყოფილი ნაწილაკია, რომელსაც ერთი ან მეტი დაუწყვილებელი ელექტრონი აქვს. სრულყოფილი რომ გახდეს, ის შესაბამის ელექტრონს ეძებს, ძიებისას კი სწრაფად და დაუნდობლად მოქმედებს და შესაძლოა, უჯრედების არასასურველი გადაგვარება გამოიწვიოს]. 

    საბერძნეთში ჩატარებული კვლევით, რომელიც 23 კაცში ძუძუს კიბოს წარმოშობის შესაძლო მიზეზებს იკვლევდა, გამოჩნდა, რომ არსებობდა უარყოფითი კორელაცია ახალგაზრდობაში ორგაზმის სიხშირესა და სიმსივნის გაჩენას შორის [უარყოფითი კორელაცია ნიშნავს, რომ როცა ერთი ცვლადი იზრდება, მეორე - იკლებს. ამ შემთხვევაში, ორგაზმის სიხშირის შემცირება ძუძუს კიბოს გაზრდილ რისკებს დაუკავშირდა]. 

    იმ 23 კაცს, რომლებსაც ძუძუს სიმსივნე გაუჩნდათ, ბევრად უფრო ნაკლები ორგაზმი ჰქონდათ 76 ჯანმრთელ კაცთან შედარებით, რომლებიც საკონტროლო ჯგუფში შედიოდნენ. მკვლევარებმა იფიქრეს, რომ ტესტოსტერონის გარდაქმნის შემცირება ანგროგენულ ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონად შესაძლოა ყოფილიყო კაცებში ძუძუს სიმსივნის გაჩენის მიზეზი. 

    პენისის სტიმულირება | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | შავი ტუში, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

     

    სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს რომ თავი დავანებოთ - არის მონაცემები, რომ ორგაზმი ძილს აუმჯობესებს. ორგაზმი სისხლში ოქსიტოცინისა და ენდორფინების მოზღვავებას იწვევს, რასაც ძილისმომგვრელი ეფექტი აქვს [Odent, 1999]. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მასში მონაწილე 1 866 ქალიდან 32-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში იმიტომ მასტურბირებდნენ, რომ ეს კარგად ჩაძინებაში ეხმარებოდათ [Ellison, 2000].

    ორგაზმსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შორის კავშირი რეტროსპექტიული კვლევით გაიზომა. კვლევაში 2 012 ქალი მონაწილეობდა და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა [Meaddough et al., 2002]. კვლევის ფარგლებში შემოწმდა კავშირი სექსუალურ აღმგზნების მიმართ პასუხს, ორგაზმსა და მტკივნეული ენდომეტრიოზის შემთხვევებს შორის. 

    მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც სექსი მენსტრუაციის დროსაც კი ჰქონდათ, ნაკლებად უჩნდებოდათ ენდომეტრიოზი.  ამავე ქალებს უფრო ხშირად ჰქონდათ ორგაზმი, რომლებსაც პენეტრაცია მენსტრუაციის დროსაც ჰქონდათ, მათთან შედარებით, რომლებსაც იშვიათად ჰქონდათ პენეტრაცია მენსტრუაციის დროს. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სექსუალური აქტივობა და ორგაზმი მენსტრუაციის დროს ერთგვარი დამცავი ფაქტორია ენდომეტრიოზისგან. 

    მკვლევარების სხვა ჯგუფმა ორსულობის დროს ორგაზმი გამოიკვლია. კვლევაში 1 853 ორსული ქალი ჩართეს და ორსულობის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში მათი სექსუალური ქცევები შეისწავლეს, მათ შორის, პენეტრაციის სიხშირე და ორგაზმის მიღწევის შემთხვევები [Sayle et al., 2001]. ქალები გესტაციის 28-ე კვირაში იყვნენ. ინტერვიუები ორსულობის ბოლოსკენ და მშობიარობის შემდეგ ჩაატარეს. ქალებს, რომლებსაც ორსულობის განმავლობაში ჰქონდათ პენეტრაცია ორგაზმით, პენეტრაცია ორგაზმის გარეშე თუ ორგაზმი პენეტრაციის გარეშე, უფრო მეტი შანსი და წარმატება ჰქონდათ ორსულობის ბოლომდე წარმატებით მიყვანის, ვიდრე იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურად აქტიურები არ იყვნენ ორსულობის ბოლო ეტაპზე. ავტორებმა დაასკვნეს, რომ სექსუალური აქტივობა ორსულობის ბოლო პერიოდში ორსულობის წარმატებით დასრულების შანსებს ზრდის და მშობიარობის ადრეულად დაწყების რისკებს ამცირებს. 

     

     

     
     
     
     ძირითადი სამეცნიერო წყარო: "ორგაზმის მეცნიერება", ბარი კომისარუკი, კარლოს ბეიერ-ფლორესი და ბევერლი უაიფლი; ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობა → The Science of Orgasm
     
    ► ტექსტის ადაპტირება წიგნიდან "ორგაზმის მეცნიერება" - ცირა გვასალია
     
    ►  ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა. მასალა - ტუში, ქაღალდი. 
     
     პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".