ფოტო ქავერზე: ძვირფასი მეტალების მოპოვების გამო, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვალი მცენარეების ფოთლებზე | კაზრეთი, 2016 | ფოტო © ცირა გვასალია
სასწავლო კურსი: ქართული და საერთაშორისო პლატფორმები ჰაერის დაბინძურებაზე, მონაცემების მოგროვება და ჯანმრთელობაზე გავლენა
კურსის ხელმძღვანელი: ცირა გვასალია, “კაქტუსის” დამფუძნებელი. ასისტენტი: ინდირა ევგენიძე, გარემოსდაცვითი ჟურნალისტი, “კაქტუსი”
მოწვეული ექსპერტი: მამუკა გვილავა, დედამიწაზე დაკვირვებისა და გარემოსდაცვითი შეფასებების ექსპერტი. მის ბიოგრაფიას გაეცანით აქ.
კურსის ხანგრძლივობა: 2026 წლის 2 მარტი - 6 აპრილი [6 კვირა]
ღირებულება: 300 ლარი [თანხის გადახდა რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში]
ფორმატი: ონლაინ და საველე კვლევებზე გასვლა
კურსის მიზანი: საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონიტორინგის პროცესში ახალგაზრდა ჟურნალისტების და აქტიური მოქალაქეების ჩართვა.
საქართველოში დიდ ქალაქებში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, უმეტესად, აჭარბებს ქართული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, მაგრამ ეს საკითხები პოპულარული მედიის ყურადღებაში იშვიათად ხვდება. მისი ჯანმრთელობაზე გავლენა კი უფრო მეტია, ვიდრე ამაზე საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველ წელს 7 მილიონი ადამიანი იღუპება ადრეულად, ხოლო მილიონობით სხვა - ჯანმრთელობას კარგავს.
ჩნდება ახალი მონაცემები, რომლის თანახმადაც ჰაერის დაბინძურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დიაბეტი, ნევროლოგიური წარმოშობის დაავადებები და სხვა მსგავსი მდგომარეობები. ჰაერის დაბინძურება დაავადებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამომწვევი ფაქტორია, არაჯანსაღ კვებასა და თამბაქოს პროდუქტების მიღებასთან ერთად.
თბილისისა და რუსთავის გარდა, სადაც ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია უმეტესად აჭარბებს ზღვრულად დასაშვებს, საქართველოში არსებობს ინდუსტრიული ქალაქები და პატარა დასახლებები, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, მაგრამ მათზე მონაცემები არ გროვდება. მათ შორისაა გარდაბანი, ზესტაფონი, კაზრეთი და ჭიათურა.
ამ ქალაქებსა თუ დასახლებებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები არ დგას და მონაცემები არ გროვდება. ჰაერის დაბინძურება კი ხილულია.
"კაქტუსის" გამოცდილება
"კაქტუსი" პირველი მედიაა საქართველოში, რომელიც შეეცადა აკადემიურად გამოეკვლია კორელაცია ჰაერის დაბინძურებასა და სასუნთქი გზების დაავადებებს შორის, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოგროვებული მონაცემების სტატისტიკური შედარებით.
2022 წელს გამოვაქვეყნეთ სტატია რუსთავი - კორელაცია სასუნთქი სისტემის დაავადებებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის. ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ჰაერში მომატება, რომელთა დიამეტრი 10 და 2,5 მიკრონია [PM 10 და PM 2,5, შესაბამისად], კორელაციაშია სასუნთქი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევის მატებასთან: სტატისტიკური შედარებით, ჰაერში ამ ორი დამაბუნძურებლის კონცენტრაციის მატება დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას პირდაპირ დაუკავშირდა.
2018 წლიდან დღემდე, "კაქტუსმა" თარგმნა ასობით აკადემიური სტატია ინგლისურიდან ქართულად, რომლის მიზანი იყო ქართველი მკითხველისთვის გაეცნო კორელაცია ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობას შორის. არქივის ნახვა შეიძლება აქ "კაქტუსი" - გარემო.
ამ კურსის მიზანია, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ თემების პროფესიონალური და უწყვეტი გაშუქებით საქართველოში, მოიპოვოს საერთაშორისო კავშირები და პროფესიული განვითარების პარალელურად, საკუთარი წვლილი შეიტანოს სფეროს განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაში.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს:
-
დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია და მონაცემები ჰაერის დაბინძურების შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში, სხვადასხვა სატელიტურ პლატფორმაზე;
-
გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია შესაბამისი საჯარო უწყებებიდან;
-
გააანალიზოს ქართული საკანონმდებლო ბაზა ჰაერთან დაკავშირებით, გაეცნოს ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს, დეკლარაციებს, კონვენციებსა და რეგულირების სხვა მექანიზმებს;
-
გაეცნოს სამეცნიერო წყაროებს ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის შესახებ კავშირზე;
-
მოამზადოს მედია მასალები, სხვადასხვა თანამედროვე პლატფორმებისთვის [Facebook, Instagram, TikTok];
-
გაიაზროს და იგრძნოს საკუთარი როლი ჰაერის დაბინძურებაზე ცნობიერების ამაღლებაში;
-
გახდეს გლობალური გარემოსდაცვითი ჟურნალისტური გაერთიანებების წევრი, ითანამშრომლოს მათთან, გაიაროს სხვადასხვა ფასიანი და უფასო კურსები და საფუძველი ჩაუყაროს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს;
-
გლობალურ თემთან დაკავშირებისა და მეტი გამოცდილების მიღების შემდეგ, გახდეს საქართველოში შესაბამისი ცვლილების ინიციატორი და უშუალო მონაწილე;
-
კურსის დასასრულს, მონაწილეებს დასრულებული ექნებათ მინიმუმ ერთი ჟურნალისტური ნაშრომი/სტატია, რომლის გამოყენებასაც მომავალში შეძლებენ, როგორც საკუთარი ცოდნის ბაზისს/წყაროს. ნაშრომი გამოქვეყნდება "კაქტუსის" ონლაინ პლატფორმებზე.
ფორმატი
კურსი შედგება ონლაინ ლექციებისა და პრაქტიკული დავალებებისგან [6 შეხვედრა]. ერთი ლექციის ხანგრძლივობა - ორი საათი.
სალექციო თემები:
-
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა საქართველოში: მოკლე ისტორია, განვითარება და დღევანდელი ვითარება;
-
ეროვნული საკანონმდებლო ბაზა, ევროკავშირის დირექტივები, საერთაშორისო დეკლარაციები და კონვენციები;
-
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის წესები და სტანდარტები: პრაქტიკული სამუშაოები და დავალებები;
-
ჰაერის ხარისხის ქართული პორტალი, მისი მუშაობის პრინციპები და იქ მონაცემების პოვნის/ჩამოტვირთვის ტექნიკური გზები;
-
ჰაერის ხარისხის საერთაშორისო პლატფორმები: სატელიტური ტექნოლოგიები და გლობალური მონაცემები;
-
უფასო სატელიტურ პორტალებზე დარეგისტრირება, მონაცემების გაანალიზება, ჩამოტვირთვა და დამუშავება;
-
პრაქტიკული დავალებები, ველზე გასვლა და სტატიების პირველი ვერსიების დასრულება.

