2025-08-09

  • საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს შოვში მიწა უსასყიდლოდ გადასცა
  • 4 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს შოვის მიმდებარედ, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, 2 000 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადასცა. N 1238 განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აწერს ხელს.

    მანამდე მიწის ეს ნაკვეთი ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა.

    ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მის საზღვრებში შემავალ სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო მიწას 5 ლარად აფასებს. შესაბამისად, ამ მიწის ნორმატიული ფასი, რომელიც საპატრიარქოს უფასოდ გადაეცა, 10 000 ლარია. 

    შესაბამისი საკადასტრო კოდით მონიშნული მიწა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს რუკაზე ჩანს, როგორც ტყით დაფარული ტერიტორია. 

    ფოტო © მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს რუკა

     

    3 აგვისტოს, სტიქიის მეორე წლისთავზე, შოვში მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები იყვნენ. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ასაშენებელი ეკლესიის მაკეტი ჩანს.

    სავარაუდოდ ასაშენებელი ეკლესიის მაკეტი შოვში. 2025, 3 აგვისტო | ფოტო © საქართველოს მთავრობა

     

    რკინის შემცველი მინერალური წყლის კოშკთან, რომელიც სტიქიას გადაურჩა, წლისთავის აღსანიშნავად აღიმართა მოჩუქურთმებული შავი რკინის ჯვარიც.

    ინფორმირებულმა წყარომ "კაქტუსს" უთხრა, რომ „რკინის წყლის” კოშკის უკან, სტიქიის ადგილიდან მარჯვნივ, შემაღლებულ ადგილას, დაღუპულთა მემორიალიც უნდა აღიმართოს, რაზეც ონის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებული გამოავლინა. მემორიალურ დაფაზე ყველა დაღუპულის სახელი უნდა მიეწეროს. მემორიალი შოვის ჭიშკრის ფორმის უნდა იყოს, წითელი აგურით ნაგები, რომელიც ადიდებულმა ბუბისწყალმა ორი წლის წინ გაიტაცა. 

    უცნობია, რა ბედი ეწია ამ მემორიალის იდეას, რომელიც გლოლელს ეკუთვნის. ამ კითხვაზე პასუხი "კაქტუსმა" ონის მერიისგან აქამდე ვერ მიიღო. 

    ახლადაღმართული რკინის ჯვარი შოვის სტიქიის ადგილის მოპირდაპირედ. 2025, 3 აგვისტო | ფოტო © საქართველოს მთავრობა

     

    სტიქიის მეორე წლისთავზე, შოვის ირგვლივ შიში და დაბნეულობაა. იკლო დამსვენებლების რაოდენობამ. პირველ წელს შოვის მოსაზღვრე სოფელ გლოლაშიც დასასვენებლად აღარავინ ჩადიოდა. შემცირდა ადგილობრივების შემოსავალი. 

    გლოლელები შოვის სტიქიაზე ან სიტყვაძუნწად საუბრობენ, ან დუმან. ზოგი სტიქიის ადგილთან ახლოს არც მიდის.

    საქართველოში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ, ონის მერიამაც ვერ ჩამოაყალიბა შოვის განვითარების ახლებური გენერალური გეგმა, სადაც უპირატესობა ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის, მინერალებით გამდიდრებულ სამკურნალო წყლებს, დაეთმობოდა.

    2025 წლის 3 აგვისტოს შოვში მთავრობის წარმომადგენლებთან ფოტოებში ჩანს გელა გუტაშვილიც, რომელმაც შოვის სტიქიის დროს დაკარგა ორი შვილი და ფართო ოჯახის სხვა წევრები.  ♦

     

    → ამავე თემაზე - შოვი - დასაძლევი შიში