2025-07-31

  • შოვი - დასაძლევი შიში
  • კოტეჯი, რომელიც შოვის სტიქიას ნახევრად გადაურჩა, დანგრეული შოვისკენ მიმავალ გზაზე პირველი შეგხვდებათ | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025


    რკინის წყალი და მემორიალი

    შოვის სტიქიის ადგილს რაჭის წიწვოვანი ტყიდან ქვით ნაგები ჟანგისფერი კოშკი გადაჰყურებს. კოშკი შოვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ სიმდიდრესთან - რკინის შემცველ წყაროსთან დგას. „რკინის წყალი,” როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მყინვარულ ღვარცოფში ჩამარხვას გადაურჩა. 

    შოვის სტიქიის ადგილას, „რკინის წყლის” კოშკის უკან, პატარა სამშენებლო მოედანია: არმატურის ძელებია ამოშვერილი, ბეტონიც - დასხმული. აქ ონის მერიამ 2023 წელის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი უნდა  აღმართოს. მემორიალურ დაფაზე ყველა დაღუპულის სახელი უნდა მიეწეროს, მაგრამ მისი გახსნა ვერც შოვის სტიქიის მეორე წლისთავზე ესწრება.

    მემორიალის საძირკველი, შოვის რკინის წყლის კოშკის უკან | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    “მემორიალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. იმის მიხედვით, თუ როგორია მემორიალი, ის ან გეხმარება, ან პირიქით - შეიძლება გაგჭედოს გლოვაში, თუ შენს მსხვერპლობას უსვამს ხაზს,” - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

    მემორიალი შოვის ჭიშკრის ფორმის უნდა იყოს, წითელი აგურით ნაგები, რომელიც ადიდებულმა ჭანჭახმა ორი წლის წინ გაიტაცა. მემორიალი გლოლელ დიზაინერს დაუკვეთეს. მისი ბიუჯეტი, მაკეტი, დიზაინერის სახელი და თემატური მოტივაცია ონის მერიამ არ გაგვიზიარა.

    “რკინის წყლის” კოშკი შოვში | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025


    გააჩნია, როგორია დაზარალებულების ოჯახების აზრი - რა უნდათ მათ, როგორ უნდათ. არ ვიცი, მათ ეკითხებოდნდნ თუ არა აზრს. თუ მათი მოსაზრებები არ მოუსმენიათ, მაშინ ეს არამონაწილეობითად გაკეთებული მემორიალი იქნება. ჩვენთან ხშირად ტრაგედიების წლისთავების აღნიშვნა უფრო ხელისუფლების პიარ ღონისძიებებია, ვიდრე ტრაგედიაგამოვლილი ადამიანების ავთენტურ გლოვაში დახმარება,” - ამბობს ჯანა. 

    კალციუმის შემცველი წყლის ჩამონაჟონი მდინარე ჭანჭახის ხეობაში, შოვი |  ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    სტიქიას ვერ გადაურჩა კალციუმის შემცველი წყალი [ადგილობრივ ენაზე “კალცის წყალი”], რომელიც შოვის მთავარი ხიდის ქვეშ მოდიოდა. ორი წლის შემდეგ, მყინვარული ნაშალი მასალიდან კალციუმის შემცველმა წყალმა გამოჟონა და გარშემო ქვები და ლოდები შეაფერადა. ამჟამად ჭანჭახში ჩაედინება კალციუმით მდიდარი მინერალური წყალი, რომელიც სტიქიამდე ამ ადგილის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ბუნებრივი რესურსი იყო.  

    კალციუმის შემცველი წყლის კვალი ჭანჭახის კალაპოტის ქვებზე |  ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    სტიქიის მეორე წლისთავზე, შოვის ირგვლივ შიში და დაბნეულობაა. იკლო დამსვენებლების რაოდენობამ. პირველ წელს შოვის მოსაზღვრე სოფელ გლოლაშიც დასასვენებლად აღარავინ ჩადიოდა. შემცირდა ადგილობრივების შემოსავალი. 

    სტიქიის დროს დაღუპული მუსიკოსი და გლოლის საჯარო სკოლის პედაგოგი - გენადი სულთანიშვილი შოვში მზარეულად მუშაობდა. მას ექვსი დღე ეძებდნენ. მეშვიდე დღეს ის ჭანჭახის ხეობაში, საკუთარ სახლთან ახლოს, იპოვეს. გენადი სულთანიშვილი 1980 წელს გლოლაში დაარსებული ანსაბლ “ბუბის” წევრი იყო და მას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მუსიკალურ ჯგუფს სახელი მყინვარ ბუბას გამო დაარქვეს - სწორედ ამ მყინვარის ნაწილის გამოფიტული მასა ჩამოიშალა 2023 წლის 3 აგვისტოს. გენადი სულთანიშვილის პანაშვიდზე “ბუბას” წევრებმა ჭიანურზე დაუკრეს. 

    გლოლელები შოვის სტიქიაზე ან სიტყვაძუნწად საუბრობენ, ან დუმან. ზოგი სტიქიის ადგილთან ახლოს არც მიდის.

    საქართველოში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ, ონის მერიამაც ვერ ჩამოაყალიბა შოვის განვითარების ახლებური გენერალური გეგმა, სადაც უპირატესობა ადგილობრივ ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის, მინერალებით გამდიდრებულ სამკურნალო წყლებს, დაეთმობოდა.

    “რთული საკითხია,” - თქვა სატელეფონი საუბარში იზო რეხვიაშვილმა, ონის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, როდესაც 4 ივლისს გამოთხოვნილ წერილზე პასუხი მოვიკითხე, სადაც ონის მერიის ხედვას ვითხოვდი შოვისა და გლოლას სამომავლო განვითარებაზე. 

     

    შოვი და მისი არქიტექტურა

    ოთხ წელში კურორტ შოვს გახსნიდან 100 წელი შეუსრულდება. 

    ვენაში მედიცინის სწავლით და იქაური ბალნეოლოგიური კურორტებით შთაგონებულმა, ამბროლაურის სოფელ წკადისიდან გამოსულმა ექიმმა, სამშე/შამშე ლეჟავამ, საქართველოში კურორტისთვის მინერალური წყლებითა და წიწვოვანი ტყით მდიდარი შოვი შეარჩია. 1937 წელს შამშე ლეჟავას მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში საქმიანობა დასდეს ბარალად და დახვრიტეს. 

    მაშინ აშენებული ქვისა და ხის სახლების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენილა ჭანჭახის ხეობაში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული ორსართულიანი ხის სანატორიუმია, რომელსაც ადგილობრივები “სტალინის სახლსაც” უწოდებენ. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილ კუროტ შოვში არქიტექტორებმა სტალინს სეზონურად მოსასვენებელი სახლიც აუშენეს. 

    შამშე ლეჟავას შთამომავლის თქმით, დიქტატორი აქ ნამყოფი არ არის. 

    კურორტ შოვის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხის სანატორიუმი 1928 წელს აშენდა. მას სტიქია ვერ შეეხო, რადგან ის მდინარე ჭანჭახის ჭალიდან რამდენიმე ათეული მეტრით მაღლაა აშენებული | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    მანსარდებიანი და ჩუქურთმებიანი ხის სახლი, სიძველიდან და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსაც კი იმსახურებს, მაგრამ აქ მეორე სართულზე ასვლაც კი არაა უსაფრთხო: შიდა ხის კიბეები და იატაკი ჭრიალებს. ზოგან ფიცრები ამოყრილია, ფანჯრების მინები - ჩამსხვრეული. გარშემო სარეველები ამოსულა.

    შოვის ხის სანატორიუმის ინტერიერი დასავლეთიდან  | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    ბიზნეს-ინტერესები

    სტიქიამდე ექვსი თვით ადრე, შოვის ეკოსისტემაში  თბილისის მერ კახა კალაძესთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანია “არქის” ბიზნესპარტნიორი, ირაკლი ქაფიანიძე, შეიჭრა. ქაფიანიძე ქონებას შოვში სტიქიამდეც ფლობდა, მაგრამ ბისნეს-არეალის გაფართოება გადაწყვიტა. 

    2016-2018 წლებში ირაკლი ქაფიანიძეს “ქართული ოცნებისთვის” და სალომე ზურაბიშვილისთვის, ჯამში, 150 000 ლარი აქვს შეწირული. 

    ხის კოტეჯი გლოლის წიწვოვან ტყეში, შოვში მისვლამდე  | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    გამოცემა “მთის ამბების” გამოძიებით, ინვესტორის ამბიციები გლოლელების დაჩაგვრის ხარჯზე უნდა მომხდარიყო: შოვის განვითარების მაშინდელი გენერალური გეგმით, სოფელი გლოლა კარგავდა მიწის დიდ ნაკვეთებს, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნოდა, ხოლო ის ადგილები, სადაც ადგილობრივების კოტეჯები იყო აშენებული და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, ახალი გეგმით ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მოხვდა. გლოლელები მათ კომერციულად გამოყენებას ან ახლების დამატებას ვერ შეძლებდნენ. 

    შოვში ირაკლი ქაფიანიძის ბიზნესის გაფართოებას სტიქიამ შეუშალა ხელი.  

    ამჟამად შოვამდე მოუასფალტებელი სამანქანო გზა მიდის. გზასთან ყველაზე ახლოს სტიქიას გადარჩენილი ერთი კოტეჯი ჯერ კიდევ ეყრდნობა რკინის ბოძებს. იატაკს ფიცრები დამტვრეული ფორტეპიანოს კლავიშებივით ჩამორღვევია. ქვედა სართულზე გაზქურა, ყავის მადუღარა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ახლაც ისევეა, როგორც სტიქიის შემდეგ. ეს კოტეჯი ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა: ზაფხულს იქ ატარებდნენ. ღვარცოფის მოვარდნის დროს ისინი კოტეჯში იყვნენ. 

    “ცოლის ხელი მეჭირა და [ღვარცოფმა] ხელიდან გამომაცალა. აქვე იქნება სადმე,” - უთხრა კაცმა მოგვიანებით მაშველებს, რომლებმაც ის კოტეჯიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ოდნავ ქვემოთ, ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

    შოვის ტერიტორია დღემდე მოუსწორებელი და მოუწესრიგებელია: მყინვარული ნაშალი მასალა დიდ და პატარა გორაკებად არის დალექილი და პოსტ-სტიქიური შოვის ახალ ლანდშაფტს ქმნის. შეცვლილი ლანდშაფტის ნაწილი სხვადასხვა ზომის მყინვარული ლოდებია. ორი წელია, მათთვის ხელი არავის უხლია. გარშემო მინდვრის გვირილები და ლურჯი ძირწითელები ამოსულა, რომლებსაც გარშემო ფუტკრები ახვევია. 

    “ფრთხილად! ღვარცოფსაშიში უბანია | Attention! Downpour Area” - აფრთხილებს ორენოვანი ყვითელი ბანერი შემსვლელს, მაგრამ შოვის სტიქიის ტერიტორია შემოსაზღვრული არაა. მდინარესთან ახლოს დალექილ ნაშალ მასალას ჭანჭახი მუდმივად არბილებს და საშიშს ხდის ადამიანისა თუ საძოვრად გამოსული პირუტყვისთვის. 

    "მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისთვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები," - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში. 

    სტიქიის ჩამოტანილი მყინვარული ლოდები შოვში. უკან ჩანს სასტუმრო “სანსეტ შოვი” და მისი ადმინისტრაციული ნაგებობები  | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025


    ნახევრად ღვარცოფშია ამოსვრილი “სანსეტ შოვის” ადმინისტრაციული შენობაც. მას ცივი მყინვარული მასა  უკანა მხრიდან მოაწყდა და ნახევრად ჩამარხა. დიდი მოგლეჯილი ხეები და დამტვრეული ავეჯი ჯერ კიდევ ადგილზე ყრია.

    სასტუმრო “სანსეტ შოვის” ადმინისტრაციის შენობა |  ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    “სანსეტ შოვი” სადაზღვევო კომპანია “ალდაგს” ქონების ზარალის ასანაზღაურებლად უჩივის. 

    კოტეჯი “სანსეტ შოვის” უკანა მხარეს  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    “მიუხედავობა, უყურადღებობა, ტრაგედიის ტრაგედიად დატოვება, უფრო წესი გახდა, ვიდრე გამონაკლისი. ამიტომ შოვის შემთხვევაშიც არ მიკვირს. დასაწყისში არის ყურადღება, პოლიტიკური ხმაური, მერე ეს ყველაფერი წყდება,” - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოთერაპევტი, რომელსაც ტრავმირებულ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

    "წარსულს ვეღარ გამოასწორებ. რაც მოხდა, - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს, - უნდა მიიღო, როგორც მოცემულობა. რაც შველის გამკლავებას, არის ის, რომ მომავალში ასეთი რამ თავიდან ავიცილოთ, გაკვეთილი გამოვიტანოთ. სამწუხაროდ, 2015 წლის ვერის ტრაგედიის დროს რაც მოხდა: ვერტმფრენების ნაკლებობა, ღამით უსაფრთხო მუშაობისთვის სათანადო აღჭურვილობისა და მომზადების არქონა, დაგვიანებული დახმარება, - შოვშიც განმეორდა. 8 წელი გავიდა ვერის ტრაგედიიდან შოვამდე და არაფერი შეცვლილა.”

    მდინარე ჭანჭახის ხეობა შოვში, საიდანაც რაჭის მყინვარები მოჩანს  | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    გლოლას გაჭირვება

    შოვში რომ მოხვდეთ, პატარა ღარიბი სოფელი გლოლა უნდა გაიაროთ. გლოლას არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, ანგარიშის ნომერი და ფინანსურად მთლიანად ონის მერიაზეა დამოკიდებული. სოფლის რწმუნებულის ხელფასი 1 300 ლარზე ოდნავ მეტია და მისი შესაძლებლობები გადაწყვეტილების მიღების პროცესში - შეზღუდული. 

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, გლოლაში 381 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს  - 279. 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გლოლაზე ცალკე დამუშავებული ჯერ არ არის - ის 2026 წლის ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

    მიტოვებული სახლი გლოლაში  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    გლოლა იცლება: ადგილობრივები სოფელს ტოვებენ და იქ მხოლოდ სეზონურად ჩადიან.

    ონის მერიის ინფორმაციით, გლოლაში ამჟამად ოფიციალურად 343 ადამიანია რეგისტრირებული, მაგრამ მათგან მუდმივად ადგილზე მხოლოდ 124 ცხოვრობს, 219 კი მხოლოდ სეზონურად ჩადის.

    ეს მონაცემი არ ემთხვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს. ცესკოს მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის [ანუ ბოლო] არჩევნების დროს, გლოლაში 383 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

    გლოლაში არ არის გაყვანილი კანალიზაციის სისტემა და ბუნებრივი აირი. სოფლის ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე ძველი ქვით ნაგები, ორსართულიანი შენობაა, რომლის სამუშაო ოთახი ჯერ კიდევ შეშის ღუმლით თბება. 

    ონის მერიაში დაადასტურეს, რომ არსებობს საქართველოს მთავრობის 2020 წლის განკარგულება ონის მუნიციპალიტეტის 11 სოფლის, მათ შორის გლოლის, გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. მერიაში არ დაუზუსტებიათ, რატომ გაიწელა პროცესი 5 წლის განმავლობაში. კანალიზაციის სისტემის გამართვაზე კი ფინანსები მერიას ჯერ კიდევ მოსაძიებელი აქვს, პროექტი - დასაწერი.

    სტიქიის შემდეგ გლოლაში მიწის კომერციული ფასი დაეცა. თუკი სტიქიამდე ერთი კვადრატული მეტრი მიწის საბაზრო ფასი შოვსა და გლოლაში დაახლოებით 40 ა.შ.შ. დოლარი იყო, დღეს ადგილობრივი კერძო მესაკუთრეები მიწას 17 ა.შ.შ. დოლარადაც კი ყიდიან. 

    ბევრად იაფად აფასებს სოფლების მიწას ონის მერიის საკრებულო. 

    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მერიის მფლობელობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწების ნორმატიული ფასი 5 ლარია [ერთი კვადრატული მეტრი], დასახლებებს შორის კი - 2.5 ლარი. მიწის ეს ფასები 2020 წლის 27 თებერვალს, ონის მერიის საკრებულოს თავმჯდომარის, ბაჩანა მარკოიშვილის, დადგენილებით დამტკიცდა და დღემდე არ შეცვლილა. 

     

    პატარა, დამანგრეველი, მდინარეები

    გლოლაში არაერთი პატარა, ღვარცოფული მდინარეა, რომლებიც, სხვადასხვა დროს, მეტ-ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა სოფელს.

    ყველაზე დამანგრეველი პატარა მდინარე დღვიორა იყო, - ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, რომელიც ხშირად დიდდება, 2010 წელს კი ხიდიც წაიღო.

    მდინარე დღვიორას ძველი, დამშრალი, კალაპოტი | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    დღვიორას კალაპოტი შეუცვალეს და გლოლადან დაახლოებით 400 მეტრით ზემოთ “გადააგდეს,” რომ ნაკლებად შეეხოს მოსახლეობას, ადიდების პერიოდებში.

    მდინარე დღვიორა ახალ კალაპოტში  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    პირველი ზარი სტიქიაზე

    შოვში სტიქიის შესახებ ონის მერიას პირველად გლოლის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელმა, სატელეფონო ზარით, შეატყობინა. ბუბისწყლისა და ჭანჭახის ხეობაში სტიქიის ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟებული არ არის და არც მაშინ იყო. არ არსებობდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმაც და სოფლის მმართველს მერისგან, სერგო ხიდეშელისგან, კონკრეტული დავალებები არ მიუღია. 

    სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით 18:18 საათზე, ჩაფრინდა: სტიქიას გადარჩენილები და ცივ ტალახში ჩაფლული ადამიანები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, საჰაერო დახმარებას დაახლოებით სამი საათი ელოდნენ. 

    გადარჩენილების ნაწილი ვერტმფრენმა დაღამებამდე გამოიყვანა, მზის ჩასვლის შემდეგ კი მუშაობა შეწყვიტა. სწორედ ეს საათები იყო კრიტიკული ცოცხლად დარჩენილი ადამიანების ამოსაყვანად. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ “კაქტუსს” წერილით უპასუხა, რომ ღამით შოვში სპეც-ტექნიკა, მაშველები და ხუთი თერმული კამერით აღჭურვილი დრონი მუშაობდა, “ავიაციის ჩართულობა კი, ღამის განმავლობაში, ჩაითვალა მეტ რისკად.”

    მოხალისეების ნაწილი, რომლებიც მაშველებს ეხმარებოდნენ, მოგვიანებით ჰყვენოდნენ, რომ 3 აგვისტოს ღამეს შოვში თერმული კამერით აღჭურვილი დრონები არ უნახავთ. დრონებს ღამით რომც ემუშავათ, მათ მნიშვნელოვანი შეზღუდვები ექნებოდათ: თუ ადამიანი ცივ ლაფშია ჩაფლული, მისი სხეულის ტემპერატურის სწრაფად დაცემის რისკები მაღალია. იკლებს მისი მგრძნობიარობა თერმული დრონის მიმართაც.  

    ორმა ვერტმფრენმა შოვში 4 აგვისტოს, დილის დაახლოებით 06:00 საათზე, განაახლა მუშაობა და ცოცხლად დარჩენილი ადამიანები გამოიყვანა. პირველი 24 საათის განმავლობაში 11 დაღუპული იპოვეს.  დაკარგული ადამიანების ძებნა ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. 33 დაღუპულიდან ერთი ბავშვი დღემდე დაკარგულად ითვლება. ორი მაშველი, მძიმე პირობებში მუშაობის გამო, გარდაიცვალა. 

     

    "გამოძიება მიმდინარეობს"

    საქართველოს პროკურატურაში "კაქტუსს" უთხრეს, რომ კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

    დღეის მდგომარეობით, კონკრეტული პირის ან პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

    “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” [PHR] შოვის საქმეზე 2023 წლიდან დღემდე მუშაობს. იურისტები ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი მოქალაქეების განსაცდელში მიტოვებას და გულგრილობას. 

     

    გაუთქმელობის მოთხოვნა პროკურატურისგან

    PHR-ის მაშინდელ იურისტს, ანა თავხელიძეს, პროკურატურამ საქმის დეტალების გაუთქმელობა მოსთხოვა. იშვიათ შემთხვევებში, პროკურატურა იყენებს დისკრეციას, კონკრეტულ საქმეზე იურისტს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინოს ხელი. 

    “გაუთქმელობა ბოჭავს ადვოკატს, ისაუბროს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დარღვევებზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს გაუთქმელობის საფუძველი. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ექნება მხოლოდ ის ნაწილი ინფორმაციის, რასაც პროკურატურა გადაწყვეტს,” - ამბობს თამუნა გაბოძე, PHR-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი. 

    მოგვიანებით ანა თავხელიძემ PHR დატოვა, მაგრამ ორგანიზაციამ შოვის თემაზე მუშაობა გააგრძელა. PHR-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი წერილით გამოითხოვა ინფორმაცია პროკურატურისგან იმაზე, შოვის ტრაგედიის გამო არიან თუ არა მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში კონკრეტული პირები.

    “მიმდინარეობს გამოძიება” - პროკურატურისგან მიღებული პასუხები ზოგადი და შაბლონურია.

    შოვში მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების სიახლეების მოსაკითხად PHR-ის იურისტები ქუთაისის პროკურატურაში, მიმდინარე წლის მაისშიც, ადგილზე ჩავიდნენ. გამომძიებლის მოუცლელობის მოტივით, ქუთაისის პროკურატურამ მათ საქმის მასალების ახალი დეტალები არ გააცნო. 

    თამუნა გაბოძე ამბობს, რომ მათ საქართველოს მთავარ პროკურორსაც კი მისწერეს და აცნობეს ამ შეზღუდვის შესახებ, რის შემდეგაც ისევ სტანდარტული პასუხი მიიღეს, რომ მათ კვლავ შეეძლოთ ეცადათ ბედი: ჩასულიყვნენ ქუთაისის პროკურატურაში და გაცნობოდნენ სისხლის სამართლის მასალებს შოვთან დაკავშირებით, თუკი გამომძიებელი მოიცლიდა.

    შოვის სისხლის სამართლის საქმის მასალები 100 ტომს აღემატება.  

     

    ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დუმს 

    2023 წლის 4 აგვისტოდან, 11 დაღუპულის პოვნის შემდეგ, დაკარგულების პოვნა რთულდებოდა. დღეების შემდეგ ნაპოვნი ადამიანების სხეულები უკვე აღარ იყო მთლიანი: მაშველები მათ ნაწილებად პოულობდნენ და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქუთაისის ფილიალში გადაჰყავდათ, დნმ-ით ამოსაცნობად.

    იურისტი ანა არგანაშვილი მაშინ ამბობდა, რომ გამომძიებლები არ სარგებლობდნენ საჭირო პროტოკოლით: არ ასურათებდნენ გვიან ნაპოვნი ადამიანების სხეულებს ან მათ ნაწილებს, და ხშირად ისინი, პოლიეთილენის პარკში გახვეულები, საათების განმავლობაშიც კი იყვნენ აგვისტოს მზის ქვეშ. 

    ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული სამმართველოს უფროსმა, იმედა გუგუშვილმა, “კაქტუსს” იმ სამედიცინო  ექსპერტების სახელები არ გაუზიარა, რომლებიც შოვში დაღუპული ადამიანების სხეულის ექსპერტიზასა და დნმ ამოცნობაში იღებდნენ მონაწილეობას, იმ მიზეზით, რომ მათი სია “პირადი ინფორმაციაა”.

    “პირადი ინფორმაცია არის ყველაფერი, რაც ადამიანს ეხება, მათ შორის,  - სახელი და გვარი, უბრალოდ, მისი დამუშავების გზებია სხვადასხვა,” - ამბობს თამუნა გაბოძე. - “თუ პირადი მონაცემების დამუშავების მიზანი ლეგიტიმურია, ის უნდა გაიცეს. [სასამართლო სამედიცინო ექსპერტების] სახელები და გვარები არ არის ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გაიცეს, ჩემი შეფასებით.” 

     

    შოვისა და გლოლას ბედი

    მაშინ, როცა არც სისხლის სამართლის საქმეა გამოძიებული და არც მყინვარული ხეობების შესწავლა - დამთავრებული, გაურკვეველია შოვისა და გლოლას ბედი. 

    შოვის სტიქიამ უფრო ცნობილი გახადა მყინვარები - თბილისა და ბუბა, რადგან სწორედ ეს ორი მყინვარი ჩამოიშალა, მაგრამ შოვიდან და გლოლადან ჩანს არაერთი სხვა მყინვარი: ბოყო, ჩიჩხვი, კარაგომი და სავაცო. ისინი ბოყოსწყლის, დღვიორას, გაღმისწყლის, ჭიბისწყლის და სხვა პატარა მდინარეების მკვებავი მყინვარებია. ყველა მათგანი საბოლოოდ ჭანჭახს უერთდება, ჭანჭახი კი - რიონს. 

    ბოყოსწყალა, მარცხნივ, ჭანჭახს უერთდება, სოფელი გლოლა  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    ჭიბისწყალა ჭანჭახს უერთდება, სოფელი გლოლა  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    გიგანტური ლოდები

    მყინვარებთან ერთად, გლოლის ლოდები ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომლებიც შოვის სტიქიამდეც არსებობდა, მაგრამ ტურისტული მიმზიდველობის ობიექტებად არავის უქცევია.

    გლოლის ლოდები "საქართველოს წითელ წიგნშიც" შედის, კატეგორიაში "გადაადგილებული და მოქანავე ლოდები." საქართველოს წითელი წიგნი 1982 წელს, 5 000 ტირაჟით, გამოიცა და 255 გვერდს მოიცავს.

    სტიქიის შემდეგ, გლოლის ლოდებს შოვის ლოდებიც დაემატა. ამჟამად შოვისა თუ გლოლის ლოდებთან არ არის საინფორმაციო დაფები მათი ტიპებისა და წარმომავლობის შესახებ. გამონაკლისია ერთი ახალი ლოდი შოვში, რომელიც 2023 წლის სტიქიამ ჩამოიტანა და სადაც წარწერა უცხოურმა ორგანიზაციამ დატოვა, დაღუპულთა პატივსაცემად. 

    მყინვარები ლოდების ფონზე, შოვი | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    ლოდების არსებობა იმის მიმანიშნებელია, რომ აქ ისტორიულად მყინვარები დინამიურად მოძრაობდა. გეოლოგები იკვლევენ როგორც მყინვარულ ლოდების შემადგენლობას და ტიპებს, მათში ლითონების შემცველობას, ასევე მათ გარშემო ტერიტორიას, რაც მყინვარული გადაადგილების ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვანი მასალაა.

    ლოდი ბოყოსწყლის ჭალაში. ახალდაგროვილი კენჭები მასზე მიანიშნებს, რომ ეს მდინარე მიმდინარე გაზაფხულსაც ადიდდა | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გიგანტურ მყინვარულ ლოდებს სპეციალურად გამოუყოფენ სივრცეს ადგილზევე, სამეცნიერო აღწერილობის დაფას ურთავენ და ტურისტულ სანახაობად აქცევენ, რომელსაც სამეცნიერო ღირებულებაც აქვს და შემოსავლის წყაროც არის. 

    სტიქიის შემდეგ ჩამოტანილი დიდი ლოდი შოვში. მთის გვირილა, რომელიც მის გვერდით ამოსულა, შოვსა და გლოლაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ველური ყვავილია | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    გლოლაში, ბოყოსწყლის ხეობაში, ალპური მთის კალთაზე, არაერთი, სხვადასხვა ზომის, გიგანტური ლოდია, რომელიც დიდი ხნის წინ მყინვარის ნაწილი იყო. ერთ-ერთი ასეთ ლოდის გარშემო ტერიტორიას გლოლელები “ქოქვაბის სალოცავს” უწოდებენ. 

    გიგანტური ლოდი გლოლაში, რომელსაც “ქოქვაბის სალოცავს” ეძახიან | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    ლოდიდან, რომელიც ნახევრად ხავსით არის დაფარული, სითხე იჟონება. წარსულში ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ ეს ადგილი ბავშვებში სიყვითლეს კურნავდა. ტრადიციული სამკურნალო რიტუალი ასეთი იყო: სიყვითლის სიმპტომების მქონე ბავშვს ლოდთან მიიყვანდნენ. ბავშვს ჩაეძინებოდა. გამოღვიძებულს კი სიყვითლე აღარ ჰქონდა.  

    მყინვარული ლოდი შოვში, რომელსაც ჰოლანდიურ ენაზე აწერია "მეგობრები სამუდამოდ - vrienden voor altijd," სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    მყინვარების ნაშალ ქვებსა და კენჭებს სამკაულების მწარმოებელი კომპანიებიც იყენებენ. სიტყვა "მყინვარი [Glacier]" მათ მარკეტინგულ სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ბუნებრივი, სუფთა მასალა, რომლის წინაც საუკუნეებმა ჩაიარა.

    კომპანიები მყინვარული ნაშალი მასალების ნაწილებს ამუშავებენ: ჭრიან, აქუცმაცებენ, ხვრეტენ და მათგან საყურეებს, გულსაკიდებსა და სამაჯურებს ამზადებენ. ზოგჯერ ასეთი სამკაულები სტანდარტულად დამუშავებული არც არის: დაუხვეწავი ნატეხის სახით იყიდება და უნიკალური ფორმა აქვს - ისეთი, როგორიც ბუნებაში ჰქონდა. 

     

    მყარი და თხევადი მინერალები

    მინერალების კვალი შოვსა და გლოლაში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, მყარი თუ თხევადი სახით. თხევადი მინერალები აფერადებს წყაროს წყლებს, ქვებს, იღვრება სავალ ბილიკებზე და რკინისფერ კვალს ტოვებს. 

    ადგილობრივების თქმით, ეს წყლები, სხვადასხვა კონცენტრაციით, შეიცავს რკინას, კალციუმს, იოდს, გოგირდს.

    მინერალური წყლის კვალი გლოლაში, ბოყოსწყლის ჭალასთან ახლოს, ქოქვაბის სალოცავისკენ მიმავალ ბილიკზე  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    თუკი მინერალი წყალშია გახსნილი და წყაროს სახით მოდის, მისთვის შოვსა და გლოლაში დიდი ან პატარა, სპეციალური ინფრასტრუქტურაა აშენებული: ზოგან შედარებით დიდი, სახურავიანი და კარებიანი რკინის კონსტრუქციის სახით, - სადაც რამდენიმე ადამიანი დაეტევა და დაისვენებს, ზოგან კი - რეზინის მილის თუ ქვისგან გამოთლილი სავალის სახით. 

    მყარი მინერალის ნატეხები გლოლაში  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

     

    წყაროების წყალს მკვეთრად გამოხატული გემო აქვს, მასში კონცენტრირებული მინერალებისა და მაღალი მჟავიანობის გამო. ერთ-ერთ ასეთ წყაროს გლოლელები “მყრალ წყალსაც” ეძახიან. მას შედარებით უსიამოვნო სუნი ასდის და გოგირდს შეიცავს. მას “ხორხას” წყალს ეძახიან. 

    მინერალური წყალი “ქოქვაბის სალოცავის” ასასვლელთან, გლოლაში  | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

    მინერალური წყალი გლოლაში  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

    მინერალური წყარო შოვის შესასვლელთან ახლოს  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025


    რაჭველები ფიქრობენ, რომ მართალია, შოვი დაინგრა და ყველა შეაშინა, მაგრამ გლოლას საკუთარი, ბევრისთვის უცნობი, ღირსებები გააჩნია და შიშის გადალახვისა და უსაფრთხოებაზე შესაბამისი სამეცნიერო კვლევების შემდეგ, მისი განვითარება სიკეთის მომტანი იქნებოდა ადგილობრივებისთვის.

    “ამ ინტერვიუს დაანებე თავი და უყურე, რა სილამაზე იწყება. ეს უნდა ნახო. მე ქვემო რაჭიდან ვარ, მაგრამ ქვემო რაჭა არ არის რაჭა. ზემო რაჭაში პირველად რომ ამოვედი, ვიგრძენი, როგორ გამიჩერდა გული, სუნთქვა შემეკრა. შეხედე, როგორი ფიჭვებია,” - მეუბნება ნელიკო ბენდიანიშვილი. 

    რაჭის წიწვოვანი ტყე შოვში  | ფოტო © კაქტუსი | ივნისი, 2025

    ნელიკომ კოვიდის პანდემიის დროს გლოლაში ერთი კოტეჯი ააშენა. მაშინ კოტეჯებზე დიდი მოთხოვნა იყო და მალე მეორეც დაამატა. იმ დროს, როცა თავისი ბიზნესი კიდევ უფრო უნდა განევითარებინა, შოვის სტიქია მოხდა. ეს ბუნებრივი მოვლენა მის კოტეჯებს ფიზიკურად არ შეხებია, მანძილისა და კიდევ ერთი მიზეზის გამო: ისინი მდინარის ჭალაში არ დგას.  

    “ჩემი მოტივაცია იყო ის, რომ არ გავჩერებულიყავი და შოვის სტიქიის შემდეგ მესამე კოტეჯიც ავაშენე. მოთხოვნა ახლაც არის. თავიდან შიში იყო ხალხში გაჩენილი, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია. შიში გადადის. ზემოთ აიხედე: ახლა ჩემი კოტეჯები დაიწყება.”

     

    შეუსწავლელი მყინვარული ხეობები

    შოვის სტიქიის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს 22 მყინვარული ხეობის შესწავლა გადაწყვიტა. ეს საქმე გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა. კვლევა შარშან, წლის ბოლომდე, უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის ბიუჯეტი 700 920 ევროა. ის სააგენტომ შვეიცარიულ კომპანია “GEOTEST AG”-ს დაუკვეთა.

    კვლევა დასრულებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, რა ბედი უნდა ეწიოს შოვს და გლოლას იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ შეუსწავლელია იქაური მყინვარული ხეობების უსაფრთხოება. 

    მდინარე ჭანჭახის კონტროლის მიზნით, საგლოლოს ხიდთან წყლის დონის მზომია დამონტაჟებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ადგილას სტიქიის დღეს ჭანჭახის დონე დაკლებული არ იყო - ზემოთ წყალი არსად დაგუბებულა. ამით სააგენტო იმ სახელისუფლებო ნარატივის გამყარებას ცდილობს, რომ მყინვარული ღვარცოფი შოვში მყისიერად მოვარდა და მისი ადრეული ნიშნები ჭანჭახზე არ არსებულა, რომ სოფლისა და მუნიციპალიტეტის მმართველები უფრო ფრთხილად ყოფილიყვნენ და დამსვენებლები ღვარცოფამდე რამდენიმე დღით, საათით ან წუთით ადრე გამოეყვანათ.  

    ჭანჭახის წყლის დონის მზომი საგლოლოს ხიდთან | ფოტო  © კაქტუსი | ივნისი, 2025

    მეშვიდე წელია მდორედ და არაეფექტიანად მიმდინარეობს პროექტი Multi-Hazard Early Warning, რომლის შედეგადაც საქართველო ამ დროისთვის უფრო მეტად მომზადებული, აღჭურვილი, ინსტიტუციურად და ციფრულად გამართული უნდა ყოფილიყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი სტიქიური პროცესების მიმართ, ვიდრე ის დღეს არის.


     

    ავტორი: ცირა გვასალია

    წყაროების ბიბლიოგრაფია → შოვის სტიქიის მეორე წლისთავი