ფოტო ქავერზე: MAXAR-ის სატელიტური გამოსახულება. ფორდო, ირანი
♦
ფორდო მთაგორიანი ადგილია, სადაც ირანის ბირთვული გამდიდრების ყველაზე მძლავრი ქარხანა მდებარეობს. ფორდო თეირანის სამხრეთით და ქალაქ ქუმისგან დაახლოებით 24 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ქუმიში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ირანმა ფორდოს ურანით გამდიდრების ქარხანა მთის შუაგულში, შესაძლო დარტყმებისგან დაცვის მიზნით, ააშენა. ექსპერტების თქმით, მისი განადგურება რთულია, თუკი საქმეში არ ჩაერთო ამერიკული “bunker buster,” ბუნკერსაწინააღმდეგო, ბომბების განმეორებითი დარტყმები.
ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაში მონაწილეობდა 125 თვითმფრინავი, მათ შორის B2-ის ტიპის შვიდი ბომბდამშენი. გამოცემა "აქსიოსი" წერს, რომ B-2 ტიპის ბომბის გარდა, გამოიყენეს 14 ე.წ. bunker buster, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები. სამხედრო ტექნიკა მისურის სამხედრო ბაზიდან აფრინდა. ბომბდამშენი B-2, სახელად Spirit, უკვე დაბრუნდა სამხედრო ბაზაში.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანა იერიში ირანის ბირთვული გამდიდრების სამივე ლოკაციაზე: ფორდოზე, ნათანზსა და ისფაჰანზე. მისივე თქმით, ქარხნები “მთლიანად განადგურებულია.”
ირანმა დაადასტურა დარტყმები ამერიკის მხრიდან, მას “საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა” უწოდა, მაგრამ ზიანის მასშტაბებზე არაფერი განუცხადებია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, I.A.E.A., განაცხადა, რომ ირანის სამი ბირთვული ქარხნიდან რადიაციის დონეს არც ერთგან არ მოუმატია. სააგენტო აგრძელებს სამივე ლოკაციის მონიტორიგნს ირანში.
ფორდოში განთავსებულია ირანის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ცენტრიფუგები. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრების პროცესში. ამ დონიდან საკმაოდ მარტივი გზაა 90 პროცენტამდე გამდიდრებამდე - რაც ბირთვული იარაღისთვისაა საჭირო.
ირანის მთავრობა წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდა ინფორმაციას ფორდოს ქარხნის შესახებ, მაგრამ მისი არსებობის შესახებ დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გაიგეს. ირანმა ფორდოს ბირთვული გამდიდრების ცენტრის არსებობა ოფიციალურად 2009 წელს დაადასტურა.
2023 წლის მარტში ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ფორდოს ქარხანაში ურანი 83.7 პროცენტით იყო გამდიდრებული, რაც უახლოვდება ბირთვული იარაღისთვის საჭირო ნიშნულს.
ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ბირთვული პროგრამა, რომელსაც ირანში არაერთი ლოკაცია და ქარხანა აქვს, მხოლოდ სამშვიდობო მიზნისთვის არსებობს.
ისრაელის მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ფორდო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბინიამინ ნეთანიაჰუ, ამ საკითხის მოგვარებას მისი ქვეყნისთვის “ეგზისტენციალური მნიშვნელობის” საქმედ თვლის.
სანამ ისრაელი სამხედრო კონფლიქტს წამოიწყებდა ირანის წინააღმდეგ, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებდა, რომ ირანი არ ემორჩილებოდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის წესებსა და ვალდებულებებს. მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ დაადგინა, რომ ირანი არ ასრულებს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებებს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს 19-მა ქვეყანამ. რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა ფასო წინააღმდეგი იყვნენ, 11-მა თავი შეიკავა, ხოლო ორმა ხმა არ მისცა.
ქრისტიან ამანპურმა, წარმოშობით ირანელმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, დღეს CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ახლა ყველაზე ფუნდამენტური კითხვაა, დაუბრუნებს თუ არა ირანი პახუხს ამერიკის შეერთებულ შტატებს, და თუ კი, როდის, სად და როგორ.
ამანპურის თქმით, ირანის ბირთვული ბაზების დაბომბვის შედეგად დაზიანებების მასშტაბებისა და შედეგების შესახებ [Battle Damage Assessment] ოფიციალური შეფასება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. შესაბამისად, უცნობია, რა მოუვიდა იმ ბაზებს, რაზეც ტრამპი ამბობს, რომ "ბოლომდე განადგურდა" [obliterated].
ამანპურის თქმით, ტრამპის სიტყვები, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს.