2025-06-04

  • გამოიკვლია თუ არა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 22 მყინვარული ხეობა?
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს შარშან უნდა დაესრულებინა 22 მყინვარული ხეობის შესწავლა, მაგრამ კვლევა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისი ანგარიშიც არ არსებობს. 

    მყინვარების კვლევა შვეიცარულ კომპანია “GEOTEST AG”-ს 2024 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნატალი სულუაშვილმა, ამასთან დაკავშირებით “კაქტუსს” უთხრა:

    “2024 წელს პირველადი შესწავლა განხორციელდა, მაგრამ პოტენციური საფრთხეების გამოვლენის მიზნით, ჯერ კიდევ გრძელდება შესრულებული სამუშაოების ანალიზი და დამატებითი კვლევა.” 

    მისი თქმით, “პირველადი შესწავლის ანგარიშიც” კი ამ ეტაპზე არ არსებობს. კითხვაზე, თუ რატომ შეყოვნდა კვლევა, სულუაშვილმა გვიპასუხა:

    “ეტაპობრივად მიდის პროცესი.” 

    სულუაშვილმა არც ის დაადასტურა, გადაუხადეს თუ არა შვეიცარიელ მეცნიერებს კონტრაქტის თანხა, ნაწილობრივ ან მთლიანად, ან შევიდა თუ არა კონტრაქტში ცვლილება, ვადებთან ან სხვა პირობებთან დაკავშირებით. 

    კონტრაქტის ღირებულება 700 920 ევროა. 

    კონტრაქტს, ერთი მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ვასილ გედევანიშვილმა, 2024 წლის 2 მაისს მოაწერა ხელი, მეორე მხრივ კი შვეიცარული კომპანია “GEOTEST AG”-ის თანა-თავჯდომარემ და  მმართველობითი საბჭოს წევრმა, დენიელ ტობლერმა. 

    ნაპრალი მყინვარ ჭალაათში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მყინვარი ჭალაათი მდინარე მესტია-ჭალის ერთ-ერთი მკვებავი წყაროა. მესტია-ჭალა მდინარე მულხრას უკავშირდება, მულხრა კი - ენგურს | 24/08/2012 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო


    22 მყინვარული ხეობის კვლევა გასული წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.

    გარემოს ეროვნულ სააგენტოს შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG-თან თანამშომლობის ხანგრძლივვადიანი გამოცდილება აქვს.

    სააგენტომ სწორედ GEOTEST AG.-ს დაუკვეთა შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, მომხდარი სტიქიის შესახებ მეორე აზრი, ექსპერტული ანალიზი მას მერე, რაც სააგენტოს თავისი პირველადი შეფასება უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა. სააგენტოს სპეციალისტებისა და შვეიცარიელი მეცნიერების მოსაზრება, ძირითადად, ერთმანეთს დაემთხვა. GEOTEST AG.-ის ტექნიკური დახმარებით არის შექმნილი ბუნებრივი სტიქიის დროს ერთადერთი განგაშის სისტემა საქართველოში, დევდორაკის ხეობაში, რომელიც 2016 წელს დამონტაჟდა და დღემდე ფუნქციონირებს. ბოლო საგანგაშო სიგნალი ამ სისტემამ გასული წლის 6 ივნისს გამოსცა

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ვასილ გედევანიშვილმა, შარშან ინტერვიუში, "კაქტუსს” უთხრა, რომ შვეიცარიელ მეცნიერებს ამჯერად, მყინვარული ხეობების შესწავლის ფარგლებში, შემდეგი დავალება მისცეს: მაღალი გარჩევადობის სატელიტური გამოსახულებების საშუალებით, ცხელი წერტილები უნდა გამოევლინათ და თითოეულ მყინვარულ ხეობაში პოტენციური საფრთხეების შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ სააგენტოსთვის რეკომენდაციები მიეცათ.

    შარშან, “კაქტუსთან" ინტერვიუში, ვასილ გედევანიშვილმა არ დააზუსტა მყინვარული ხეობების სია, რომელთა კვლევაც იგეგმება.

    “ჩათვალეთ, რომ რუკას ხელი რომ დაადოთ, [საქართველოს] ყველა მყინვარული ხეობა შედის. მოდით, ორი თვე დაველოდოთ და შემდეგ მოგცემთ სრულ ინფორმაციას,” - გვითხრა გედევანიშვილმა 2024 წლის 16 აგვისტოს.

    ვასილ გედევანიშვილი თანამდებობიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, მიმდინარე წელს გაათავისუფლა. აპრილიდან სააგენტოს დირექტორი ელენე ღებიანურია. 

    გარემოს ეროვნულ სააგენტოს გლაციოლოგიის დეპარტამენტი არ აქვს. მყინვარებზე დაკვირვება ამჟამად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტშია ინტეგრირებული.

    კითხვაზე, საჭიროა თუ არა გლაციოლოგიის დეპარტამენტი ცალკე, ვასილ გედევანიშვილმა შარშან ასე გვიპასუხა:

    “თქვენი აზრით, ამ კითხვებზე პასუხი ასეთი მარტივია? კონტექსტი თუ არ დაინახეთ, აქ “კი” ან “არა” პასუხის გაცემა რთული იქნება. ჩვენ ახლა დავიწყეთ [მყინვარული] საფრთხეების სისტემურად შესწავლა. საფრთხეები თუ გვანახებს, რომ საქმე მოცულობითია და სამუშაო ჯგუფის შექმნაა საჭირო, შეიქმნება. აქამდე ეს საკითხები მწვავედ არ იდგა. გლობალურმა დათბობამ ეს საკითხები გააინტენსიურა.”

    ონის მუნიციპალიტეტში, შოვში, მყინვარული ღვარცოფი 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდა და  გაიშალა სოფელ გლოლაში. სააგენტომ იმ დღეს გამაფრთხილებელი პოსტი ღვარცოფული ნაკადის კოტეჯებამდე მოსვლამდე 16 წუთით ადრე [15:09] გამოაქვეყნა, სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები ონის მუნიციპალიტეტი, როგორც სტიქიის ლოკაცია. 

    მიმდინარე წლის 29 მაისს, ალპებში, სოფელ ბლატენის მახლობლად, დაკიდულ მყინვარს ნაწილი მოსწყდა და მილიონობით კუბური მეტრი კლდის ცივი ნაშალი წამოიღო, რამაც სოფელი მთლიანად დაფარა.

    როგორც ბუნებრივი მოვლენა, ალპებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა ჰგავს შოვისას, მთავრობის რეაგირების მხრივ კი განსხვავდება: ალპებში 300 მაცხოვრებელი ხუთი დღით ადრე გაიყვანეს.

    მოსახლეობისა და დამსვენებლების წინასწარი ევაკუაცია არ მომხდარა შოვში. შოვის სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ადრეული შეტყობინებისა და გაფრთხილების სისტემა ამ მუნიციპალიტეტში არ არსებობს.