ევროკავშირის ქვეყნებში, წლიურ ენერგობალანსში მზის ენერგიის ათვისების მაჩვენებელი გაზრდილია: ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ მეტი მზის ენერგია გამომუშავდება.
ევროკავშირის ამბიციაა, რომ 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალური გახდეს. ეს ატმოსფერული ჰაერის დამათბობელი წიაღისეული რესურსების წვას გამორიცხავს.
ენერგეტიკაში მზის ენერგიის წილის აუცილებელი ზრდა ისედაც განიხილებოდა, მაგრამ ალტერნატიული ენერგიის მოძიების საკითხი განსაკუთრებით 2022 წელს გამწვავდა - მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რომელიც ახლაც გრძელდება, “განახლებადი ენერგიის სწრაფი მობილიზება” გადაუდებლად აუცილებელი გახდა, რათა რუსეთის წიაღისეულ ენერგიაზე დამოკიდებულება შემცირებულიყო.
ევროკავშირის მზის ენერგიის სტრატეგიის მიხედვით, მზის ენერგია კარბონ-ნეიტრალურობის მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება, სადაც მზის თითოეული პანელი თავის წვლილს შეიტანს წიაღისეული რესურსების მოხმარებისა და საბოლოოდ, მათგან განთავისუფლებაში.
როგორ გახდა მზის პანელები ასეთი პოპულარული ასე სწრაფად?
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თითო ადამიანზე დაახლოებით ორი მზის პანელი მოდის. ნიდერლანდებში ერთ სულ მოსახლეზე 1.4 კილოვატი მზის ენერგია გამომუშავდება. მეორე ადგილზეა გერმანია, 1.2 კილოვატსაათი მზის ენერგიით ერთ სულ მოსახლეზე.
მზის პანელების ბუმი ევროპაში 2 000-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. ქვეყნებმა სპეციალური ტარიფების [feed-in tariffs] შემოტანა დაიწყეს, რომლის თანახმადაც, აბონენტს უხდიან, თუკი ის ელექტროსისტემას განახლებად ენერგიას მიჰყიდის. ამ წამოწყების პიონერები იყვნენ გერმანია, საბერძნეთი, ბელგია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი.
დასაწყისში, ტარიფების მიუხედავად, მზის ენერგიის წახალისების ეს მექანიზმი მაინც ვერ მოიცავდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიები განვითარდა და მზის ენერგიის მისაღებად საჭირო ინფრასტრუქტურის დაინსტალირების ხარჯები დაახლოებით 90%-ით შემცირდა.
მსოფლიო ენერგოკრიზისის ფონზე, 2021-2024 წლებში მზის ენერგიის გენერაცია ევროკავშირის ფარგლებში გაორმაგდა.
პროგნოზების მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მზის ენერგიის ბაზარი 2030 წლის სამიზნეებს გადააჭარბებს. Solar Power Europe-ის ბოლო ანალიზის მიხედვით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მიაღწევს ან გადააჭარბებს სამიზნეებს 2030 წლისთვის.
როგორ უნდა გახდეს მზის ენერგია ყველასთვის ხელმისაწვდომი?
და მაინც, ყველას არ აქვს მზის ენერგიის დაინსტალირებისთვის საჭირო პირველადი ინვესტიცია.
ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გაამარტივონ რეგულაციები, ფინანსურად დაეხმარონ მზის ენერგიის გენერირების მსურველ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი მცირე შემოსავლების მქონეებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები სხვადასხვაინაირად უდგება და აგვარებს ამ საკითხს.
შეღავათები მზის ენერგიის გენერაციისთვის
სულ მცირე, ცხრა ევროპული ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, მოქალაქეები უფრო ნაკლებ დამატებითი ღირებულების გადასახადს იხდიან, თუკი ისინი მზის პანელების გამომუშავებულ ენერგიას ყიდიან და პანელები აქვთ დაინსტალირებული. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო ნაკლებს იხდიან ერთი კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარების სანაცვლოდ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოქალაქეებს პირდაპირაც აფინანსებენ მზის ენერგიის გენერაციისთვის, მაგრამ ფინანსების რაოდენობა და პირობები დრამატულად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მაგალითად, უნგრეთი საკუთარ მოქალაქეებს საკმაოდ მსუყე სუბსიდიებს სთავაზობს, რაც მზის პანელების დაინსტალირების ხარჯების ორი მესამედის დაფარვას გულისხმობს ოჯახებისთვის, რომლებიც მზის ენერგიაში ჩადებენ ფინანსებს. შვედეთში არსებობს პროგრამა "Grön Teknik," რომელიც მინიმალურ ბიუროკრატიას და 20%-ის თანადაფინანსებას გულისხმობს.
მისაღები სესხები და საგადასახადო შეღავათები
ბევრი ქვეყანა და არაერთი ბანკი დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს მზის პანელების დაინსტალირებისთვის. მაგალითად, ბელგიაში, ვალონიას რეგიონში, დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს ნულპროცენტიანი სესხის აღება შეუძლიათ, თუკი მზის ენერგიას გამოიმუშავებენ.
იტალიასა და ესპანეთში ოჯახებს საშემოსავლო გადასახადი უმცირედებათ, თუკი ინვესტიციას ჩადებენ მზის ენერგიაში, გერმანიასა და შვედეთში კი თუკი ოჯახი ელექტროსისტემას განახლებად ენერგიას მიჰყიდის, ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება.
გაურკვეველი მომავალი
Solar Power Europe პროგნოზირებს, რომ 2030 წლამდე მზის ენერგიის გენერაცია გაორმაგდება.
ევროპაში სუბსიდიების პროგრამების უმეტესობას ვადა გასდის, ნაწილი კი დამთავრებულია. მზის ენერგიის გენერაციის ზრდას საიმედო ინფრასტრუქტურა სჭირდება.