ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის მთავარ ექიმ ვაივეკ მურთის ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ ალკოჰოლის მიღება, სულ მცირე, შვიდი სხვადასხვა ტიპის სიმსივნის გაჩენას უკავშირდება, მათ შორის, ძუძუს კიბოს. კონგრესის გადასაწყვეტია, ალკოჰოლის შეფუთვას შესაბამის ეტიკეტირება დაემატება თუ არა.
♦
გასულ პარასკევს ვაივეკ მურთიმ განაცხადა, რომ ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია ამ პროდუქტით გამოწვეული სიმსივნის რისკების შესახებ.
ალკოჰოლი სიმსივნის გაჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელია. ამ მიზეზით გამოწვეული სიმსივნის პრევენცია, ალკოჰოლის მიღების შემცირებით ან შეწყვეტით, შესაძლებელია.
2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კვებითი სახელმძღვანელო გაიდლაინი [U.S. Dietary Guidelines] უნდა განახლდეს და ალკოჰოლთან დაკავშირებით ცხარე დებატები მიმდინარეობს. ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ალკოჰოლის “ზომიერი მიღება” [moderate drinking] გულის შეტევებისა და ინფარქტის რისკებს ამცირებს.
ალკოჰოლის ზომიერი მიღების შესახებ მოსაზრება წლების განმავლობაში ასე მიეწოდებოდათ მოქალაქეებს. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ზოგჯერ ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი შესაძლოა სხვადასხვა სიმსივნის გაჩენის მიზეზი გახდეს.
ამჟამად ალკოჰოლის ბოთლებსა თუ თუნუქის ქილებს აწერია გაფრთხილებები ორსულობის, საჭის მართვის დროს საფრთხის და ზოგადად, ალკოჰოლის “ჯანდაცვის რისკების” შესახებ, მაგრამ მინიშნებები ზოგადია. ა.შ.შ.-ში სიმსივნეზე გაფრთხილება ალკოჰოლის ეტიკეტირებაზე ჯერ-ჯერობით აღნიშნული არ არის.
აშ.შ.-ის მთავარი ფედერალური ექიმი, ვაივეკ მურთი, აცხადებს, რომ ალკოჰოლის მიღებას პირდაპირ უკავშირდება ყოველ წელს სიმსივნეების 100 000 ახალი შემთხვევა, რომელთაგანაც 20 000 ადამიანის სიკვდილს ალკოჰოლისგან გაჩენილი სიმსივნეები იწვევს.
მურთიმ აღნიშნა, რომ ალკოჰოლის ეტიკეტირება უნდა შეიცვალოს და დაემატოს, რომ მისი მიღება ძუძუს, კუჭ-ნაწლავის და სულ მცირე, ხუთი სხვადასხვა სიმსივნის პოტენციურ გაჩენას უკავშირდება - ამას სამეცნიერო ნაშრომები ამტკიცებს.
“ბევრი ფიქრობს, რომ თუკი მცირე ოდენობით ალკოჰოლს იღებს, რაც აქამდე არსებული გაიდლაინებით იყო ერთი ჭიქა ქალისთვის და ორი - კაცისთვის, თითქოს ჯანმრთელობის და კეთილდღეობისთვის არ იყოს პრობლემა,” - თქვა ექიმმა მურთიმ ინტერვიუში.
“მონაცემები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.”
მხოლოდ კონგრესს აქვს იმის გადაწყვეტის მანდატი, დაემატება თუ არა ალკოჰოლის ქილებს და ბოთლებს ეტიკეტში ცვლილება სიმსივნეზე გაფრთხილების შესახებ, - რა რეკომენდაციაც გასცა ექიმმა მურთიმ. ისიც არაა ცხადი, მომავალ [ტრამპის] ადმინისტრაციას რა დამოკიდებულება ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ალკოჰოლს არ იღებს.
ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება რომ ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ამას აქამდე არავინ აყენებდა ეჭვის ქვეშ. მაგრამ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების წამხალისებლები - მათ შორის, მეღვინეები, ლუდის მწარმოებელები, ზოგი ექიმი და მეცნიერი - დღემდე ამბობს, რომ ალკოჰოლის მცირე ოდენობით მიღება ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკებს.
კარდიოვასკულარული დაავადებები ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის ყველაზე დიდი გამომწვევია.
ახალი სამეცნიერო კვლევები ეჭვის ქვეშ აყენებს ძველი კვლევების მეთოდოლოგიასაც და ახალ კითხვებს სვამს იმაზე, რაზეც ადრე სამეცნიერო საზოგადოებაში თანხმობა არსებობდა.
მართალია, თუკი ადამიანი ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული სიმსივნით კვდება, მაშინ დიდი დოზით მიღებასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ძუძუს, ხორხის და პირის ღრუს სიმსივნეები ალკოჰოლის მცირე დოზით მიღების შემდეგადაც შეიძლება გაჩნდეს, - განაცხადა პარასკევს ექიმმა მურთიმ.
მურთის თქმით, საბოლოოდ, ძუძუს სიმსივნის ყოველი ექვსი შემთხვევიდან ერთი ალკოჰოლის მიღებას უკავშირდება. უფრო ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის ზომიერად მიღება გულის დაავადებებს აჩენს, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის არითმიებს.
ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით ფედერალური გაიდლაინების გადახედვას ორი სამეცნიერო კვლევა დაედება საფუძვლად.
ხუთი წლის წინდელმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც 2020-2025 წლების ალკოჰოლის მიღების გაიდლაინებს დაედო საფუძვლად, აჩვენა, რომ ალკოჰოლი კარცინოგენია, მისი მიღება არაა ცხოვრების ჯანსაღი წესი. წინა გაიდლაინის საფუძველი კვლევა წესების გამკაცრების და დღიური დოზის შემცირების მომხრე იყო. კაცებისთვის, დაწესდა კიდეც მინიმუმი - 14 გრამამდე ალკოჰოლური სითხე დღეში.
როცა წინა გაიდლაინის ბოლო ვერსია დატკიცდა, კვლევის შედეგები იქ სათანადოდ არ ასახულა, რეკომენდაციები არ გამკაცრებულა: ბოლო გაიდლაინში ეწერა, რომ კაცისთვის დღეში ორი ჭიქა ალკოჰოლის დალევა მისაღებია.
მთავრობა აღიარებდა, რომ არსებობს ახალი მონაცემები, რომლებიც მიუთითებდა, რომ “რეკომენდებული დოზებით სმაც კი სხვადასხვა ტიპის სიმსივნისა თუ გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკებს ზრდის.”
მას შემდეგ კიდევ მეტი კვლევა გაჩნდა, რომლებიც ალკოჰოლური სასმელების მიღებას სიმსივნეს უკავშირებს. თუმცა, ცხადია ისიც, რომ ეტიკეტირების ცვლილებისკენ გზა რთული იქნება და დიდ აურზაურს გამოიწვევს.
ალკოჰოლზე მიმდინარე ეტიკეტირების სტანდარტი 1988 წლიდან არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს სიმსივნესა და ალკოჰოლის მიღებას შორის კავშირი ათწლეულებია, რაც დადგენილია.
ეს ფაქტი პირველად ა.შ.შ.-ის 2000 წლის კვებით გაიდლაინებში ახსენეს. 2016 წელს, მთავარი ფედერალური ექიმის ანგარიში მიუთითებდა, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება სხვადასხვა ტიპის სიმსივნის რისკებს ზრდიდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს, თუმცა, 47 ქვეყანა ვალდებულია, გარკვეული გაფრთხილებები ეწეროს ეტიკეტირებაზე. სიმსივნე ამ ეტიკეტებზე იშვიათადაა ნახსენები.
აქამდე მხოლოდ სამხრეთ კორეაში აქვთ მითითებული კომპანიებს ალკოჰოლის შეფუთვაზე ღვიძლის სიმსივნის რისკები, თუმცა, მწარმოებელს შეუძლია, სხვა ეტიკეტირებაც აირჩიოს, სადაც სიმსივნე ნახსენები არ იქნება. 2026 წელს ირლანდია შემოიღებს წესს, რომლის თანახმადაც “არსებობს პირდაპირი კავშირი ალკოჰოლის მიღებასა და მომაკვდინებელ სიმსივნეებს შორის.”
ალკოჰოლის ინდუსტრია დიდი ხანია ებრძვის ნებისმიერ ინიციატივას, სადაც ალკოჰოლის ეტიკეტირებაზე სიტყვა “სიმსივნე” იქნება ნახსენები.
მთავარი ექიმის სარეკომენდაციო ანგარიში მოიცავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს, მათ შორის ერთ გლობალურ ანალიზს, სადაც 195 ქვეყანა და 28 მილიონი ადამიანი იყო ჩართული. ანალიზში შეყვანილი ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ალკოჰოლის მაღალი დოზებით მიღება სიმსივნის გაჩენის მაღალ რისკებს უკავშირდება.
არსებობს კვლევები, რომლებიც ცალკეულ თემებზე ფოკუსირდება, მაგალითად, ძუძუსა და პირის ღრუს სიმსივნეებზე. მსგავსმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის მიღება სიმსივნის გაჩენის რისკებს 10-დან 40 პროცენტამდე ზრდიდა მათში, ვინც იღებდა ალკოჰოლს, მათთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს არ იღებდნენ.
ანგარიში აღწერს ბიოლოგიურ მექანიზმებს, რომლითაც ალკოჰოლი სიმსივნურ ცვლილებებს იწვევს, უჯრედულ დონეზე. ყველაზე აღიარებული თეორიის თანახმად, ორგანიზმში ალკოჰოლი აცეტალდეჰიდად გარდაიქმნება, ეს მეტაბოლიტი კი დნმ-ს ებმის და ანადგურებს, რის შემდეგაც უჯრედები უკონტროლოდ იზრდებიან და ავთვისებიან ქსოვილად გადაიქცევიან.
ცხოველებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მღრღნელები, რომლებსაც მეცნიერები ექსპერიმენტისთვის ეთანოლის ან აცეტალდეჰიდის შემცველ წყალს ასმევდნენ [ალკოჰოლი ორივეს შეიცავს], მთელ სხეულზე სიმსივნური ქსოვილები განუვითარდათ.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ალკოჰოლი ოქსიდაციურ სტრესს იწვევს, ორგანიზმში ანთების რისკებს ზრდის და აზიანებს დნმ-ს.
ალკოჰოლი ცვლის სისხლში ჰორმონ ესტროგენის დონესაც, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ძუძუს სიმსივნის განვითარებაში. ესტროგენი აადვილებს ისეთი კარცინოგენის ათვისებასაც, როგორიცაა თამბაქოს პროდუქტების ნაწილაკები, რომელიც პირის ღრუსა და ხორხის სიმსივნეების რისკებს ზრდის.
ექიმი ვაივეკ მურთის დრაფტ ანგარიში ერთმანეთისგან განასხვავებს ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ აბსოლუტურ და რელატიურ რისკებსაც.
მაგალითად, ქალებისთვის, რომლებიც კვირაში ერთ პორციაზე ნაკლებ ალკოჰოლს იღებენ, ძუძუს სიმსივნის განვითარების აბსოლუტური რისკი 11.3 პროცენტი აქვთ.
ეს რისკი 13.1 პროცენტამდე იზრდება მათთვის, რომლებიც დღეში ერთ პორცია ალკოჰოლს სვამს, ხოლო 15.3 პროცენტამდე მათთვის, ვინც დღეში ორ პორციად იღებს ალკოჰოლს.
კაცების შემთხვევაში, სიმსივნის განვითარების რისკები 10 პროცენტით იზრდება ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ალკოჰოლის ერთ პორციაზე ნაკლებს იღებენ კვირის განმავლობაში, 11.4 პროცენტია მათთვის, რომლებიც, საშუალოდ, ალკოჰოლის ერთ პორციას იღებენ დღეში. რისკი 13 პროცენტამდე იზრდება მათთვის, რომლებიც დღეში ორ პორცია ალკოჰოლს იღებენ.
ბევრმა ამერიკელმა არ იცის, რომ ალკოჰოლის მიღებასა და სიმსივნის გაჩენას შორის კავშირი არსებობს.
ამერიკის კიბოს ინსტიტუტის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნახევარზე ნაკლებმა ამერიკელმა არ იცოდა, რომ ალკოჰოლის მიღება სიმსივნეს უკავშირდება, მაშინ, როდესაც 89 პროცენტმა იცოდა, რომ თამბაქოს ნაწარმი პოტენციური კარცინოგენია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცერთა კორპუსის ხელმძღვანლის, ექიმი ვაივეკ მურთის ანგარიშის მიხედვით კი ალკოჰოლის მიღება სიმსივნის გამომწვევ მიზეზთა სამეულში შედის, რომლის პრევენციაც შეიძლება. დანარჩენი ორი მიზეზი თამბაქოს პროდუქტების მიღება და სიმსუქნეა.
ექიმ მურთის თქმით, სიმსივნის გაჩენის რისკი ალკოჰოლის დოზის ზრდის პარალელურად იზრდება. თითოეული ადამიანის შემთხვევაში, სიმსივნის გაჩენის რისკები განსხვავებულია და დამოკიდებულია საოჯახო ისტორიაზე, გენეტიკურ პროფილსა და იმ გარემო პირობებზე, სადაც ადამიანი ცხოვრობს.
“ვისურვებდი, მეტად სასარგებლო რჩევებიც მიგვეცა ხალხისთვის ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის “ჯადოსნურ” გზებზე,” - თქვა მან. “ერთი რამის თქმა კი ზუსტად შეიძლება: რაც ნაკლებ ალკოჰოლს მიიღებთ, სიმსივნის გაჩენის რისკებიც იკლებს.”
“თუ ინდივიდი დროგამოშვებით, რაღაც განსაკუთრებულ მოვლენებს აღნიშნავს ალკოჰოლით ან კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ თითო-ორ პორციას სვამს, რისკები ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, თუკი ადამიანი ყოველდღე იღებს ალკოჰოლს.”