ფოტო ქავერზე © ცირა გვასალია | თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, ძიუდოისტ ლაშა ბექაურისთვის ჩამორთმეულ ბოკვერთან ერთად | 27.12.2024
♦
გასული წლის 24 დეკემბერს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილით გადაადგილდება, გვერდით სავარძელზე კი ლომის ბოკვერი უზის და ეფერება.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] 2023 წლის მონაცემებით, ლომის [Panthera leo] კონსერვაციული სტატუსია “მოწყვლადი” [Vulnerable, VU]. ამ კონსერვაციული სტატუსის შემდეგაა “გადაშენების პირას მყოფი [Endangered, EN],” “კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი” [Critically Endangered, CR”], “გადაშენებული ველურ ბუნებაში” [Extinct in Wildlife, EW] და “გადაშენებული [Extinct, EX].”
საქართველოში ლომი ველურ ბუნებაში არ ბინადრობს. თბილისის ზოოპარკში შვიდი ლომი ჰყავთ და მათ ამჟამად არ ამრავლებენ, რესურსების ნაკლებობის გამო.
ლომის საზღვარზე გადაყვანას [იმპორტს, რეექსპორტს] კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” [Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora, CITES] არეგულირებს. საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების პროცესის თავიდან აცილების მიზნით, CITES 1973 წელს, ვაშინგტონში, მიიღეს. საქართველო CITES-ს 1996 წელს შეუერთდა.
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ან შემოსავლების სამსახური. წარმოშობის სერთიფიკატის გარეშე, CITES-ის დანართებში არსებული სახეობების ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ლომი CITES-ის მეორე დანართშია.
ლაშა ბექაურის გამოქვეყნებულ ვიზუალურ მასალას, სადაც ლომის ბოკვერი ჩანს, ბევრი გამოეხმაურა, მათ შორის, ცხოველების უფლებების დამცველები, აქტივისტები, ბიოლოგები, კონსერვაციონისტები.
ორი დღის შემდეგ, ბექაურმა ფეისბუქის ანგარიშზე იგივე ბოკვერის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ამჯერად თბილისის ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესა და ბოკვერთან ერთად, დგას. ფოტოს მინაწერია: “ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია.”
ლომის ბოკვერის საქართველოში შემოყვანის კანონიერებაზე აქამდე არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არც შემოსავლების სამსახურს განმარტება არ გამოუქვეყნებიათ.
2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის ზოოპარკს ვეწვიეთ და ჩამორთმეული ბოკვერის ჯანმრთელობისა მდგომარეობისა და ლეგალური სტატუსის გასაგებად დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს, ვესაუბრეთ.
როგორი იყო ბოკვერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოოპარკში შემოყვანისას?
გუშინ ცუდად იყო, გული აერია და შემდეგ გადასხმები დასჭირდა. ახლა კარგად არის. [ჯანმრთელობის] რაღაც პრობლემას ველოდით, მაგრამ რა იქნებოდა, წინასწარ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა იმ ცხოველითვის, რომელიც ჩვენთან ხვდება, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს პატრონი, ან თვითონ როგორ ჰგონია, რომ ცხოველი არის.
ჯერ არც ის ვიცით, არსებული სიმპტომები რასთან იყო დაკავშირებული, ყველა ანალიზი არ გაგვიკეთებია. არ გვყავს ტოქსიკოლოგი. დიაგნოსტიკა ცხოველებში ასე სწრაფად არ ხდება, რადგან ისინი ვერ გეუბნებიან, სად და როგორ ტკივათ.
ზუსტ დიაგნოზს, ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არც აქვს: ფაქტია, რომ ცხოველზე სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. სხვა შემთხვევაში, მას კიდევ უფრო მეტი პრობლემები დაეწყება.
ამჟამად ჩემი კაბინეტი პალატას ჰგავს - კლინიკად გადავაქციეთ. წესით, ეს ბოკვერი ახლა კლინიკაში უნდა იყოს და არა დირექტორის კაბინეტში. თუმცა, ჩვენ უფრო მეტიც გაგვიკეთებია, უფრო მძიმე პირობებშიც კი. ახალი კლინიკა თბილისის ზღვაზე შენდება და უახლოეს პერიოდში გვექნება.
საჭიროა საზოგადოების ჩართულობაც: მაგალითად, ჩვენ გვაქვს crowdfunding, რომელიც, გულახდილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგად მუშაობს.
ვოლიერს რაც შეეხება: ჩვენ არ ვიცოდით ამ ქალბატონის [ლომის ძუ ბოკვერი] არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ წინასწარ მისთვის ვოლიერი გათვალისწინებული არ გვქონდა. ჩვენ თბილისის ზღვაზე აშენებული გვაქვს დიდი კატების [ლომები, ვეფხვები, ლეოპარდები, ა.შ.] ზამთრის სადგომი, მაგრამ ეს არის მხოლოდ საზამთრო ვოლიერი, რომელიც არის ერთსართულიანი - ძალიან დიდი შენობა. იქ არის ზამთრის 16 ვოლიერი. შეგვიძლია, იქ გვყავდეს 4 ან 16 სახეობა: ეს ჩვენი გადასაწყვეტია. ახლა იძულებულები ვართ, რომ ამ ბოკვერისთვის ავაშენოთ ახალი ვოლიერი, - ჯერ პატარაა და მოვასწრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იქ დარჩება.
ამაზე ზრუნვას როდიდან იწყებთ?
ეს ბოკვერი ძალიან მალე უკვე სახიფათო ცხოველი გახდება და ზრუნვა უკვე დაწყებული გვაქვს. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს: მას უნდა ჰქონდეს დამრეცი ზედა ნაწილი, რომ ცხოველი ვერ გადმოხტეს, თავისი ელექტროღობით და ასე შემდეგ.
ჩვენ გვაქვს გეგმა: კოლექციის გეგმა, რომლის თანახმადაც გაწერილი გვაქვს, როდის, რომელი და რამდენი ცხოველი შემოვიყვანოთ. ესეც შეთანხმებულია EAZA-სთან. მაგრამ ხდება ასეთი არაერთი შემთხვევა: უბრალოდ, ამას მოჰყვა შედარებით მეტი ხმაური. ამის გარდა, ჩვენთან არის მოხვედრილი ორი მაკაკა, რომელიც ასევე კონტრაბანდისტულად იყო შემოყვანილი და ჩამორთმეული. ასე მოხვდა ჩვენთან ჟაკოც [თუთიყუშის სახეობა], ლელიანის კატები, მგლები, დათვები.
როცა დათვის ბელი მოჰყავთ, ეს ნიშნავს, რომ დედა მოკლეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია?
როცა დედა ახლოსაა, დათვის ბელის დაჭერა არც ისე ადვილია. ძალიან ხშირ შემთხვევაში, დანაშაულის დამტკიცება ძალიან ძნელი ხდება ხოლმე. არაა დასამალი, რომ ცხოველებს ასეთ დროს ბევრად უფრო ნაკლები ყურადღება ექცევათ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა საქმე გადაცემულა სასამართლოს და იქ ბრაკონიერი გამართლებულა. მაგალითად, ასე დათვი ჩამოართვეს ადამიანს. შემდეგ ამან [ბრაკონიერმა] უჩივლა და შემდეგ სასამართლომ გაამართლა ის, ვისაც დათვი ჰყავდა, - რაც კანონში წერია, რომ არ შეიძლება. შემდეგ ამან [ბრაკონიერმა] ეს დათვი ჩვენ "გვაჩუქა."
აქ ცნობიერების პრობლემაც არის: ჩვენი საზოგადოება თვლის, რომ ეს არ არის იმდენად მძიმე დანაშაული, რომ ამისთვის ადამიანი უნდა დაისაჯოს. ყველა ასე თვლის.
თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, ძიუდოისტ ლაშა ბექაურისთვის ჩამორთმეულ ლომის ბოკვერთან ერთად, საკუთარ კაბინეტში, სადაც ბოკვერის მოსავლელად პირველი დახმარების სამედიცინო ინფრასტრუქტურაა გაშლილი | ფოტო © ცირა გვასალია, კაქტუსი | 27.12.2024
როცა ცხოველი მოიყვანა, რა გითხრათ [ლაშა ბექაურმა]?
მასთან ამაზე არ მისაუბრია - ნაკლებად მაინტერესებს, რა მიზნები ამოძრავებდა. ჩვენი ამოცანაა, მივხედოთ ამ ცხოველს.
რა ასაკის შეიძლება იყოს ეს ბოკვერი?
ზუსტი ასაკი ცოტა რთული დასადგენია. ბოკვერს, შესაძლოა, ზრდაში ჩამორჩენა ჰქონდეს, მაგრამ დაახლოებით ორ თვემდეა. ჯერ-ჯერობით საწოვარათი სვამს რძეს.
შეიძლება იმის თქმა, ეს ცხოველი ადამიანს მიჩვეულია?
აბსოლუტურად ასეა - ადამიანთან მიჩვეულია. ეს ბოკვერი ტყვეობაში დაბადებულია.
ანუ მისი დედა ლომიც, სავარაუდოდ, ტყვეობაშია.
რა თქმა უნდა. რუსეთში ძალიან პოპულარულია ცხოველები ჰყავდეთ ტყვეობაში. რუსეთის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს.
პრობლემა არის საზღვარზე გადაყვანა, რომელიც უკვე შესაბამის, CITES კონვენციის, წესებს ექვემდებარება: უნდა იყოს გაცემული CITES-ის სერთიფიკატი და შემდეგ უკვე ქვეყნების გადასაწყვეტია, ლომი ჰყავდეს თუ ცისფერი ვეშაპი. ზოგ ქვეყანაში სახლშიც კი შეიძლება გყავდეს ცხოველი და ამაზე შეზღუდვა არაა.
ბევრ [საქართველოს] მეზობელ ქვეყანაში მსგავსი ცხოველებით ვაჭრობა დაშვებულია. შეიძლება არასწორია, მაგრამ კანონიერია. უამრავი ვიდეო ვრცელდება, იგივე შეიხების, - სახლში ჰყავთ ლომები, ვეფხვები. მე ვთვლი, რომ ეს არასწორია, ვისაც არ უნდა ჰყავდეს. თუ ცხოველს არ აქვს შესაბამისი ფუნქცია, ის არ უნდა იყოს ტყვეობაში.
ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკის დირექტორის კაბინეტში რეაბილიტაციას გადის | ფოტო © ცირა გვასალია, კაქტუსი | 27.12.2024
შესაძლოა, საქართველოშიც არსებობდეს კერძო ზოოპარკები: ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მან უნდა იმოქმედოს ისე, როგორც კარგმა ზოოპარკმა. ზოოპარკი არ უნდა იყოს გართობისა და შოუს მიზნით. კონსერვაცია და ცნობიერების ამაღლება არის თანამედროვე ზოოპარკების სტრატეგია და კონცეფცია.
EAZA-ს [ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაცია, The European Association of Zoos and Aquaria (EAZA] აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება: ცხოველს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფუნქცია. როდესაც ჩვენ მოგვყავს ცხოველი, ყოველთვის ვასაბუთებთ, რატომ მოგვყავს ის. ჩვენი კოლექციის გეგმაში გაწერილია, რისთვის გვჭირდება ესა თუ ის ცხოველი.
ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ ბოკვერის "ჩაბარებას." კითხვა იბადება მის კანონიერებასთან დაკავშირებით. ის რომ კანონიერი ყოფილიყო, ჩვენთან ვერ მოხვდებოდა. ყველა ცხოველი, რომელიც უკანონოდ შემოდის საქართველოში, საბოლოოდ ხვდება ჩვენთან.
ჩვენ გადმოგვცემს გარემოს დაცვის სამინისტრო, საბაჟო ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა. კერძო პირმა რომ მოიყვანოს, არ მივიღებთ და საქმის კურსში ჩავაყენებთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვატყობინებთ გარემოს დაცვის სამინსიტროს და ის წყვეტს, ვის გადააბაროს გამოძიების საქმე.
იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ეს ლომი ჩვენ არ უნდა მიგვეღო. მაშინ მაქვს კითხვა: სად უნდა წასულიყო ის? ჩვენ რომ ეს ცხოველი არ მიგვეღო, მას ექნებოდა ერთადერთი გამოსავალი: სიკვდილი. იყო შემთხვევა, როდესაც წავი მივიღეთ და ლამის დამნაშავედ გამოგვაცხადეს. მასაც რამდენიმე დღეში უკანა ფეხების ატროფია დაეწყო და და ძლივს გადავარჩინეთ: ის შესაბამისი მოვლის შედეგად გადარჩა.
გარეულ ცხოველს სჭირდება სწორედ ისეთი მოვლა, როგორიც სჭირდება კონკრეტულად გარეულ ცხოველს და არა როგორც, მაგალითად, ბავშვს. ძალიან განსხვავებულია შინაური და გარეული ცხოველის მოვლის გზებიც. ჩვენი ვეტ-ექიმები არიან კვალიფიციურები და მათ შეუძლიათ ამ ტიპის მოვლა.
ჩვენთან ცხოველი რომ ხვდება, ამით ხდება მისი ლეგალიზაცია. ეს ხდება არა ჩუმად, არამედ ოფიციალურად არის გაცხადებული და შემდეგ მათი წარმოშობის სერთიფიკატშიც ეს მითითებულია. სხვა გამოსავალი არ არსებობს.
ამ ბოკვერის შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტი შედგა გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტსა და თბილისის ზოოპარკს შორის. ამის საფუძველზე ბოკვერი გადმოგვეცემა ჩვენ. სხვანაირად ჩვენ ცხოველს საჭმელსაც ვერ მივცემთ. ამის გარეშე პრობლემები შეგვექმნება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც, მაგალითად, “ეაზასთან” [ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაცია, The European Association of Zoos and Aquaria (EAZA)].
“ეაზა” უკვე არის საქმის კურსში ამ ბოკვერთან დაკავშირებით. თბილისის ზღვის ზოოპარკი არის “ეაზას” წევრი, ძველი ზოოპარკი [კოსტავას ქუჩაზე] - წევრობის კანდიდატია. ორივე ტერიტორია თბილისის ზოოპარკის ნაწილია, მაგრამ გაყოფილია.
თბილისს ზოოპარკის ვეტერინარი სანდო ბაგათელია, რომელმაც ჩამორთმეული ბოკვერის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა და ყოველდღე უვლის ცხოველს. სანდრომ საკუთარ ფეისბუქის ანგარიშზე დაწერა სტატუსი, სადაც დეტალურად აღწერა ბოკვერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიყვანისას. მისი პოსტის თანახმად, ზოოპარკში მიყვანის მომენტში, ბოკვერს ჰქონდა “მონელების პრობლემა, ზრდაში ჩამორჩენა და რაქიტის ნიშნები. მოყვანიდან რამოდენიმე საათში დაეწყო კოლიკი. ტკივილები უფრო და უფრო პროგრესირებდა, სუნთქვა არ ურეგულირდებოდა, ქონდა ჰიპოტენზია [დაბალი არტერიული წნევა]. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კეტამინის და ლიდოკაინის ინფუზია, შუალედში შეყვანილი იქნა ანტიშოკური თერაპიისთვის სითხეები ბოლუსებად. 1 საათიანი ინტენსიური თერაპიის შემდეგ, მაჩვენებლები დაუსტაბილურდა. ანალიზები გადამოწმდა, რადგან ჰიპოტენზიის მიზეზად სეფსისი მიგვაჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდა. მეორე დღეს [ბოკვერს] ჩაუტარდა რადიოლოგიური კვლევა. დიაგნოზი საყურადღებოა: აქვს ასპირაციული პნევმონია და მომნელებელი სისტემის ანთებითი პროცესი. დავუწყეთ ხანგძლივი თერაპიული მკურნალობა. დღეის მაჩვენებლებით, მისი მდგომარეობა პოზიტიურია,” - დაწერა ზოოპარკის ვეტერინარმა 2024 წლის 31 დეკემბერს | ფოტო © ცირა გვასალია, კაქტუსი | 27.12.2024
ახლდა თუ არა ამ ბოკვერს CITES-ს სერთიფიკატი?
არ ვიცი. მე მგონია, რომ CITES-ს სერთიფიკატი რომ ჰქონოდა, ეს ბოკვერი უბრალოდ აქ არ მოხვდებოდა, რადგან ლეგალური იქნებოდა.
ლომი CITES-ის მეორე დანართშია. ასეთ დროს არ არის აუცილებელი მიმღები ქვეყნის ნებართვა, მაგრამ ექსპორტიორი ქვეყანა გასცემს ამ ნებართვას. როგორც წესი, ამოწმებენ ხოლმე, სად მიდის, რა მიზნით და ასე შემდეგ. რადგან ეს ბოკვერი თბილისის ზოოპარკში მოხვდა, სახელმწიფო უწყებების მეშვეობით, დღეისთვის მისი სტატუსი ლეგალურია. წარსული როგორი იყო, არ ვიცით.
ძალიან ბევრი ცხოველი, შესაძლოა, ისე შემოჰყავთ და იღუპება, რომ ვერც ვიგებთ. ცალკე საკითხები და პრობლემებია, როგორ ხდება მათი შემოყვანა. ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რა ბედი ეწია შემდეგ იმ ადამიანს, რომელსაც მაკაკები ან ჟაკო შემოჰყავდა საქართველოში და რომლებიც ჩვენ საბაჟოდან გადმოგვეცა.
ეს ბოკვერი, ალბათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოყვანილი არაა.
არა. სავარაუდოდ, რუსეთიდან ან შესაძლოა, ცენტრალური აზიის ან ჩვენი სხვა მეზობელი სხვა ქვეყნებიდან არის შემოყვანილი. ზოგიერთი მათგანი გამორჩეულია ცხოველების კონტრაბანდით.
ლომი [კერძო პირისგან] ჩვენთან პირველად მოხვდა, მაგრამ კანონმდებლობის სიმკაცრის მიხედვით რომ ავიღოთ, პრიმატები გაცილებით უფრო მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფებიან [კონსერვაციული სტატუსის თვალსაზრისით], ვიდრე ლომი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე პრიმატი ჩვენთან მაინც მოხვდა. ორი პატარა მაკაკა მოგვიყვანეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, საიდან მოვიდნენ ისინი. საბაჟომ გადმოგვცა.
CITES აქვს პერსონალური ცხოველების ყოლის სერთიფიკატი, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ფრინველებსაც კი CITES-ის სერთიფიკატი სჭირდება. თუკი მფლობელს ასეთი სერთიფიკატი არ აქვს, აძლევენ გარკვეულ ვადას და თუ ის წარმოადგენს CITES-ის სერთიფიკატს, ცხოველი/ფრინველი მას უბრუნდება.
ფრინველების შემთხვევაში ეს, ძირითადად, თუთიყუშებს ეხებათ. მომეტებულად ეს არის ჟაკო, რომელიც ყველაზე კარგად ლაპარაკობს. ყველა თუთიყუში, ისევე როგორც ყველა კატისებრი, CITES-ის დანართშია.
ხშირად ჩამორთმევას ექვემდებარება არა მხოლოდ ცოცხალი ცხოველი, არამედ მისგან მომზადებული ნივთები, მაგალითად, სპილოს ძვლის სამკაული. ჩვენთან ასევე შემოტანილი იყო გველისა და ნიანგის ტყავისგან დამზადებული ქალის ჩანთები, ცხოველების რქები.
საბაჟოდან გვიგზავნიან ამ ნივთების სურათებს და ჩვენ ვსაზღვრავთ, რა არის: საბაჟოს ასე ვეხმარებით. შემდეგ ჩვენ ამ შემთხვევებს არ ვადევნებთ თვალყურს: ეს ჩვენი საქმე არ არის. ამის არც დრო გვაქვს და არც კომპეტენცია.
ჩვენი კომპეტენციაა ცხოველების მოვლა ჩვენს ტერიტორიაზე. არის შემთხვევებიც, როდესაც ჩვენი ტერიტორიის გარეთაც გვიწევს სირბილი, ხან სად, ხან სად, მაგრამ ყოველთვის ამის უკან დანაშაული არ არის. მაგალითად, დაზიანებულ შველის დავეხმარეთ. იყო შემთხვევა, როდესაც შველი გადმოხტა, ფეხი დაუზიანდა და ადგილზე სჭირდებოდა დახმარება.
რაც შეეხება გამრავლებას?
გამრავლებას ვარეგულირებთ.
აი, მაგალითად, ჩვენ გვყავს შვიდი ლომი. გამრავლება გავაჩერეთ იმიტომ, რომ არ გვყოლოდა 27. არასასურველი გამრავლების შემთხვევაში დგება პრობლემა: სად წავიყვანოთ? ცხოველებს, ჭარბი რაოდენობით, შესაძლოა, ტრაგიკული მომავალი ჰქონდეთ.
ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკის დირექტორის კაბინეტში მდგარ დივანზე, გადასხმის და საჭირო მედიკამენტების მიღების შემდეგ | ფოტო © ცირა გვასალია, კაქტუსი | 27.12.2024
მტაცებლებთან ურთიერთობა არის საკმაოდ რთული, რომელიც შესაბამის ცოდნას მოითხოვს. ცხოველი სათამაშო არ არის: უნდა იცნობდე მათ ქცევას.
რაკი ამ ბოკვერის მოყვანა არ იყო თქვენი არჩევანი, მისი ფუნქცია რა იქნება?
ყველა მტაცებელი ცხოველი ჩვენთან საგანმანათლებლო ფუნქციასაა მიბმული, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ისინი, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან. ლომი ახლა საქართველოში არ ბინადრობს, თუმცა, სადღაც მე-12 საუკუნემდე ლომი საქართველოში ბინადრობდა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არაა სპარსული ლომი, მაგრამ ლომი ჩვენი სახეობაა ისევე, როგორც ვეფხვი.
ყაზახეთში დაიწყეს ვეფხვის აღდგენა. ჩვენც შეიძლება ვიმუშაოთ ვეფხვის რეინტროდუციაზე, მაგრამ ლომის რეინტროდუქციაზე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ, რადგან ლომი დიდი ხნის წინ [ცხოვრობდა საქართველოს ველურ გარემოში] და მას მერე [გარემოში] ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ გვყავს აბსოლუტურად კონსერვაციული ჯიშები, მაგალითად, ნიამორები და კავკასიური ჯიხვები.
კერძო ზოოპარკსაც გადასცემთ ხოლმე?
ზოოპარკს გააჩია: სან-დიეგოს ზოოპარკი არის კერძო ზოოპარკი. ასევე ბურგერის კერძო ზოოპარკი ჰოლანდიაში, - ერთ-ერთი ყველაზე კარგებია მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში, EAZA-ს წევრობა არის გარკვეული ხარისხის ნიშანი. ჩვენ შეიძლება მოველაპარაკოთ სხვა ზოოპარკს, მაგრამ EAZA-ს ვატყობინებთ, რა თქმა უნდა.
არსებობს ზოოპარკების მსოფლიო სტრატეგია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რას უნდა აკეთებდეს ზოოპარკი. ეს მსოფლიო ზოოპარკების ასოციაციის დოკუმენტია.
თუ რომელიმე ზოოპარკი მიიღებს ცხოველს, გავამრავლებთ, თუ არა - ვეცდებით, რომ არ გავამრავლოთ. თუმცა, ხდება გადაცდომებიც: ზოგჯერ შეიძლება ცხოველი გამრავლდეს ისეთ დროს, როცა არ ელოდები. ასეთ შემთხვევაში, ეს შენი პრობლემაა. ჩვენ, მაგალითად, აუცილებლად უნდა გადავცეთ შესაბამისი სტატუსის მქონე ცენტრებს: ზოოპარკებს, კონსერვაციულ ცენტრებს და ასე შემდეგ.
კომერციული ცხოველი ვიზიტორების მოსაზიდადაა, მაგრამ ყველა მათგანი არის ტყვეობაში დაბადებული ცხოველი, - მათ ბუნებაში არ შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდ პირობებში უნდა იყვნენ. რესურსებიც შეზღუდულია: შეუძლებელია ყველა ცხოველზე ერთნაირად კარგად იმუშაო.
რამდენია თბილისის ზოოპარკის ბიუჯეტი?
თბილისის ზოოპარკის 2024 წლის ბიუჯეტი 6,298,353 ლარი იყო, რაც თბილისის მერიის დაფინანსებაა, მცირე ნაწილი - საკუთარი შემოსავლები [1, 332,043 ლარი], რაშიც იგულისხმება იჯარა და გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავლები. 2025 წელს თბილისის მერიამ გაზარდა ზოოპარკის ბიუჯეტი და იქნება 6,670,800 ლარი, რასაც დაემატება საკუთარი შემოსავლებიც.
ჩვენთან ბილეთის ფასი ძალიან დაბალია: ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. თუ, მაგალითად, ევროპის ზოოპარკებში შესვლა 30 ევრო ღირს, ჩვენთან ღირს 4 და 2 ლარი - 1 ევროზე ცოტათი მეტი.
როდის გაიხსნება ზოოპარკი ზღვასთან?
იქ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია ჩასატარებელი და დასამთავრებელი, რომელიც დაგეგმილიც გვაქვს და მომავალ წელს უნდა გავაკეთოთ.
გახსნა მომავალ წელს მოესწრება?
ეჭვი მეპარება. თუმცა, ნაწილი, რომელიც მზადაა, შეიძლება გაიხსნას.
ჩვენი კონცეფცია არის ველური გარემოს შექმნა, არა მარტო ცხოველებისთვის, არამედ დამთვალიერებლებისთვის: ვიყენებთ ხეს იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მორებს.
უკვე აშენებულია ზოოპარკის ლომების ვოლიერი თბილისის ზღვაზე, რომელიც მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და მის საინჟინრო აგებასა და დიზაინში უფასო, ვოლუნტარისტულ, მონაწილეობას იღებს ჰოლანდიელი ინჟინერი ერიკ ფონ ვლიტი.
♦