ფოტო ქავერზე: ბერდიანსკის ქუჩა ფოთში, სადაც გაუფილტრავი კანალიზაციის არხი ზღვის სანაპიროსთან გადის | 13 ოქტომბერი, 2024 წელი | ფოტო © გვანცა სეთურიძე
ავტორი: ლანა კოკაია
- რატომ დგას ასეთი სუნი ქუჩაში? - ვეკითხები ახალგაზრდა კაცს ფოთის ცენტრში.
- იმიტომ, რომ ფოთს პატრონი არ ჰყავს, - მპასუხობს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოთში საკანალიზაციო სისტემა ერთი წლის წინ დამონტაჟდა, ქალაქის ქუჩების ნაწილში კანალიზაციის წყლები პირდაპირ ტროტუარების გასწვრივ, ღია კოლექტორებში, მიედინება. ამ შავიზღვისპირა ქალაქის ცენტრში კანალიზაციის იმდენად მძაფრი სუნი დგას, რომ ის შენობებშიც აღწევს.
კანალიზაციის ქსელი ფოთის ცენტრალურ მოედანზე | 2024 წლის 13 ოქტომბერი | ფოტო © ლანა კოკაია
ფოთს, დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდ საპორტო ქალაქს, გამართული საკანალიზაციო ქსელი დღემდე არ აქვს. ადგილობრივი მედია tspress-ის 2019 წელს გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ჩაედინება ფეკალური მასები ფართო არხებით მდინარე რიონში, იქიდან კი - პირდაპირ შავ ზღვაში.
ქალაქში წყალარინების გამოცვლა 2016 წელს დაიწყო. გეგმით ორ წელიწადში ქალაქს საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი ნაგებობა უნდა ჰქონოდა. 37 მილიონ დოლარზე ძვირ პროექტზე მუშაობა აზერბაიჯანულმა კომპანია "აზერაგრარტიკინტმა" [OJSC Azeragrartikinti] დაიწყო. დამკვეთმა, - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზერბაიჯანულ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტა - სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო.
ამის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიამ ორი ახალი ტენდერი გამოაცხადა. ერთი წყალარინების სისტემის და მეორე - გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის. ამჯერად სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერც ეს ახალი გეგმა შესრულდა.
ორივე ტენდერის ღირებულება ჯამში 135 მილიონი ლარია. სამუშაოები კი ჰოლანდიურმა Tahal Group-მა, გერმანულმა Ludwig Pfeiffer-მა და იტალირუმა Emit Group-მა გაიყვეს.
BMG-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში ფოთის 55 მილიონი ლარის წყლის გამწმენდი ნაგებობის ტენდერზე კონტრაქტორი გაკოტრდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჩავარდნილ პროექტზე დავა იწყებს. იურიდიული დავის პროცედურებისთვის კი, საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს 5.4 მილიონ ლარს გადაუხდის.
ბერდიანსკის ქუჩა ფოთში, სადაც გაუფილტრავი კანალიზაციის არხი ზღვის სანაპიროსთან გადის | 2024 წლის 13 ოქტომბერი | ფოტო © გვანცა სეთურიძე
ფოთელები გვიყვებიან, რომ ბევრ ქუჩაზე კანალიზაციის ქსელების მშენებლობა ერთი წლის წინ კი დასრულდა, მაგრამ ეს არხები ერთიან სისტემაში ჯერ კიდევ არ არის ჩართული და ამიტომ ვერც ასრულებს ფუნქციას.
"კანალიზაციის ქსელი ჯერ-ჯერობით [მხოლოდ] კორპუსებშია, ისიც ძველი გაკეთებულია, საბჭოთა პერიოდის. ქუჩებში არაა შეყვანილი. ამ ქუჩაზეც კანალიზაცია არასდროს ყოფილა. [ახლახან] დაასრულეს გაყვანა და გზის ახალი საფარიც დააგეს, მაგრამ შეერთებული არ არის. ჭა გვაქვს ჩაბეტონებული, მანქანას ვიძახებთ ხოლმე წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, რომელსაც ამოაქვს ჭიდან კანალიზაციის წყალი და მიაქვთ, ოღონდ სად, არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი ფოთელი, რომელიც დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ცხოვრობს. ეს ქალაქის ცენტრია.
ფოთელების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ქალაქში კანალიზაციის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის პერსპექტივას. ფოთში 20 ადამიანს ველაპარაკეთ ამ თემაზე, მაგრამ ყველამ უარი თქვა სახელითა და გვარით სტატიაში მოხსენიებაზე.
"საქმე იმაშია, რომ ეს ქალაქი ჭაობზეა აშენებული. წვიმის შემდეგ ბათუმი სულ რომ იტბორება, ფოთში მაქსიმუმ 15 წუთში შრება წყალი, იმიტომ, რომ სილაა ქვემოთ და გრუნტი უცებ იწოვს," - გვეუბნება ფოთში მცხოვრები კაცი.
ფოთის მერიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ვკითხეთ: რა ბედი ეწია ფოთის კანალიზაციის სისტემებში ჩადებულ ფულს? რამდენი ლარით იზარალა ბიუჯეტმა უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შედეგად? რატომ შეფერხდა კანალიზაციის სისტემაზე მიერთების პროცესი? ერთ თვეზე მეტი ხნის ლოდინისა და თხოვნის მიუხედავად, ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაგვცეს.
ფოთი არ არის გამონაკლისი: საქართველოს ბევრ ქალაქსა და დასახლებაში მოძველებული საკანალიზაციო სისტემის წყლები არ იწმინდება და პირდაპირ მდინარეებში, იქედან კი ზღვაში, ხვდება.
რაც შეეხება მძიმე ლითონებით დაბინძურებას, 2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თანახმად, ისინი ჭარბადაა ყვირილაში, მაშავერასა და კაზრეთულაში.
მდინარე ყვირილა, ჭიათურა | 2024 წლის 6 ოქტომბერი | ფოტო © ლანა კოკაია
საქართველოს ზედაპირულ წყლებს ძირითადად აბინძურებს რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის კაზრეთის სპილენძისა და ოქროს გადამამუშავებელი ქარხნები, ჭიათურის მანგანუმის საბადოები და გამამდიდრებელი საწარმო, ასევე ტყიბულის ქვანახშირის საბადოები. ეს ობიექტები წყალში მძიმე ლითონებსა და შეწონილ ნაწილაკებს უშვებენ.
64 წლის მარინა სადუნიშვილისთვის ჭიათურა მშობლიური ქალაქია. მან აქ მთელი თავისი ცხოვრება გაატარა. ის ამბობს, რომ მდინარე ყვირილას ბუნებრივი ფერის მას შემდეგ არ უნახავს, რაც ქალაქში მანგანუმის გადამუშავება დაიწყეს. საბჭოთა დროს მარინა ფაბრიკაში მუშაობდა და მანგანუმის შემცველ ნიადაგს რეცხავდა.
"შლამების მეურნეობა იყო, სპეციალური ქარხანა და შლამები უნდა დაგვეკავებინა. [მანგანუმის შემცველი მასა] ირეცხებოდა. ნარეცხს მერე ვაკავებდით და ერთი ადგილიდან მეორეში გადაგვქონდა. საბოლოოდ, შლამები სოფელ სკინდორში გროვდებოდა და შემდეგ მიჰქონდათ. მერე ეს ქარხნები დაინგრა და ახლა პირდაპირ ჩაედინება," - ამბობს მარინა სადუნიშვილი.
სამრეწველო სექტორში დაბინძურების ძირითადი წყარო სამთო-მოპოვებითი და გამამდიდრებელი საქმიანობაა. ჩამდინარე წყლები ხშირად შეიცავს მძიმე მეტალებს, ქიმიურ ნაერთებსა და ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეტალურგია, მინერალური სასუქების წარმოება და კვების ინდუსტრია. ბევრ საწარმოში თანამედროვე გადამამუშავებელი და ფილტრაციის სისტემები ჯერ კიდევ არ არის დანერგილი, რაც ხელს უშლის ჩამდინარე წყლების სათანადო გაწმენდას.
ჭიათურაში მანგანუმის მადნის მომპოვებელ კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზს" მივმართეთ კითხვებით: ასუფთავებს თუ არა კომპანია მდინარე ყვირილას სამრეწველო დაბინძურებისგან და თუ კი, როგორ იწმინდება ყვირილა მძიმე ლითონებისა და შეწონილი ნაწილაკებისგან? თუკი სუფთავდება, როდიდან და რა პერიოდულობით. პასუხები ამ და სხვა კითხვებზე არ გაგვცეს.
2023 წელს გამოქვეყნებული გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თანახმად, 2021 წელს საქართველოს ზედაპირულ წყლებში 76.2 მილიონი მ³ დაბინძურებული წყალი ჩაიღვარა, რომლის 96%-იც საყოფაცხოვრებო სექტორიდან მოდიოდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობამ 1.98 მილიონს მიაღწია [მთლიანი მოსახლეობის 53.7%[, რაც 2022 წლის მონაცემთან [1.96 მილიონი] შედარებით 1%-ით გაიზარდა.
წყარო © საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2023 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობებთან მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა 1.52 მილიონს შეადგენდა [მთლიანი მოსახლეობის 41.2%], რაც 2022 წლის მონაცემს [1.49 მილიონი] 2%-ით აღემატება.
წყარო © საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გარემოსდამცველი და ეკოლოგი კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა თბილისსა და ბათუმში, სადაც წყალარინების სისტემა შედარებით უფრო გამართულია: არის გამწმენდი ნაგებობები, მათ შორის სანიაღვრე წყლების სატუმბი ნაგებობები, კოლექტორები, მაგრამ დასძენს, რომ გაჩნდა ტექნიკური პროცესის გაუმართაობის პრობლემა.
"იქ, სადაც წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია მოხდა, ხშირ შემთხვევაში, გვაქვს ტექნიკური პროცესის გაუმართაობასთან საქმე. მაგალითად, ბათუმის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჰაერის მავნე აირების ემისიას ახდენს ატმოსფერულ ჰაერში და მძაფრი სუნი შეიგრძნობა. ეს გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის იმით, რომ ვერ ხერხდება წარმოქმნილი აირების შესაბამისი ტექნოლოგიური ციკლით დაჭერა და მათი განეიტრალება," - ამბობს კახა გუჩმანიძე.
კანალიზაციიდან შეგროვებული ნარჩენები ჩამდინარე წყლის სადგურზე უნდა შეგროვდეს, სადაც უნდა გაიფილტროს და მდინარეში, სპეციალურ ადგილებში ან საირიგაციო სისტემებში ჩაეშვას. თუმცა, საქართველოში გაუფილტრავი საკანალიზაციო წყლები დაბინძურების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყარო გაუწმენდავი ურბანული ჩამდინარე წყლებია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018-2021 წლების მონიტორინგის მონაცემებით, საქართველოს მდინარეებში ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებლად კვლავ ამონიუმის აზოტი (NH4-N) რჩება. 2021 წელს ამ ნივთიერების ნორმის გადაჭარბება დაკვირვების წერტილების 34%-ში დაფიქსირდა. 2018-2021 წლებში ამონიუმის აზოტის ზედმეტი რაოდენობა გამოვლინდა მდინარე რიონის ყველა მონიტორინგის წერტილზე, ასევე რიონის აუზის უმეტეს მდინარეში, მდინარე ენგურის აუზსა და მდინარე ხობში.
თბილისის ჩამდინარე წყლებს გარდაბნის ურბანული გამწმენდი ნაგებობა ასუფთავებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებით, მტკვარში ამონიუმის აზოტის ნორმის გადაჭარბება ვლინდება ზაჰესის, ვახუშტის ხიდისა და მეტეხის ხიდის მონაკვეთებზე, რაც მიუთითებს, რომ ზოგიერთ ადგილას საკანალიზაციო წყლები კოლექტორის გვერდის ავლით ჩაედინება.
თბილისი, მდინარე მტკვარი | 2024 წლის ნოემბერი | ფოტო © ლანა კოკაია
სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, რის გამოც ამონიუმის აზოტი და სხვა ქიმიური თუ ბიოლოგიური დამაბინძურებლები მდინარეებში ხვდება, მდინარეებიდან კი - ზღვაში ჩაედინება. ეს მდინარის ფაუნის განადგურებასა და ეკოლოგიური სტატუსის ცვლილებას იწვევს. ზოგ სოფლებში არის შამბოები, რომელიც არცთუ ისე ცუდ გამოსავლად ითვლება იმისათვის, რომ ნიადაგი ფეკალიებით არ დაბინძურდეს.
შამბოები სპეციალურად დამზადებული ორმოებია, სადაც გროვდება სახლის ან სხვა შენობის საყოფაცხოვრებო, მათ შორის, კანალიზაციის წყლები. დროდადრო საჭიროა ორმოს გაწმენდა. ეს დროებითი ან ალტერნატიული გადაწყვეტილებაა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის არარსებობის პირობებში.
საჩხერის სოფელი გორისა ერთ-ერთია საქართველოში, სადაც კანალიზაციის სისტემა არ არის, რის გამოც ადგილობრივების ნაწილი სპეციალურ მანქანას იძახებს, მანქანას კი დაბინძურებულ წყალი სხვა ადგილზე გადააქვს.
"სატუმბ მანქანას ვიძახებთ. 300 ლარი გვიჯდება, დაახლოებით. ჭიდან ამოაქვს ყველაფერი, რაც არის შიგნით დაგროვებული და მანქანას მიაქვს. სად მიაქვთ არ ვიცით," - ამბობს ელენე ზაქაშვილი.
კანალიზაციის ქსელზე მოსახლეობის რაოდენობის მიერთების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ნელი ტემპით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 9 ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა ფუნქციონირებდა - გარდაბნის, ადლიის, ქობულეთის, ჩაქვის, საჩხერის, ზუგდიდის, აბასთუმნის, ურეკის და ანაკლიის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2024 წლისთვის სამინისტრო ოპერირებას უწევს ჩამდინარე წყლების ექვს გამწმენდ ნაგებობას: აბასთუმნის, წყალტუბოს, ურეკის, ზუგდიდის, ანაკლიისა და თელავის გამწმენდი ნაგებობას, დანარჩენები კი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა [GWP] და ბათუმის წყლის მართვაშია.
"ქალაქ მარნეულსა და სოფელ გუდაურში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, ხოლო მარტვილსა და ყვარელში საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ქალაქებში ეტაპობრივად მოწესრიგდება [აშენდება] წყალარინების ქსელი და გამწმენდი ნაგებობები," - მოგვწერეს სამინისტროდან.
წყლის მდგრად მართვასთან და წყლის სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები ასახულია გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანშიც, რომლის მიხედვით, საქართველო, 44 ქულით, ბოლოდან მესამე ჯგუფის ქვეყნების რიცხვშია, სადაც წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განხორციელების მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია.
წყლის რესურსების ურბანული ჩამდინარე წყლებით და ნიტრატებით დაბინძურებისგან დაცვა ერთ-ერთია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შორის. საქართველო კანალიზაციის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კანონმდებლობის განახლებასა და წყლის გადამუშავების თანამედროვე მეთოდების დანერგვას საერთაშორისო დონორების დახმარებით ცდილობს.
მომავალში ქალაქების უმრავლესობის წყლის მთავარი მარაგი ტუალეტის წყლის გადამუშავებით მიღებული სითხე იქნება. კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე წელს, რომელიც ბაქოში გაიმართა, სინგაპურელებმა საკუთარ პავილიონში ტუალეტის წყლისგან გამოხდილი ლუდი წარმოადგინეს და მონაწილეებს სთავაზობდნენ.
"თავიდან ყველას თვალები უფართოვდებოდა," - აღნიშნა სამანთა თიანმა, ბაქოში სინგაპურის დელეგაციის წარმომადგენელმა, "ნიუ იორკ თაიმზთან" საუბარში. - "შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მათ დარწმუნებას. მეორე დღეს, მოდიან და სვამენ."
♦
მასალა შეიქმნა Journalismfund Europe-ის მხარდაჭერითა და n-ost-ის პროექტის "სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკა" ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო [BMZ]. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები დამოუკიდებელ ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა არ ასახავდეს BMZ-ის შეხედულებებს.
♦
ამ სტატიის ინგლისურენოვანი, უფრო მოკლე, ვერსია ინგლისურენოვან პლატფორმა "ევრაზიანეტზეც" გამოქვეყნდა → Georgia: Infrastructure delays amplify wastewater woes