ფოტო ქავერზე © გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ავტორი: ცირა გვასალია
♦
საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ამინდის პრონოზირების ორი ახალი რადარი დამონტაჟდა, მაგრამ მის მონაცემებს საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად იყენებენ. რადარების ლაზერული სხივებით მოგროვებული მონაცემების ცვალებადობის ლაივი ამინდის სამთავრობო ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის.
ამინდის პროგნოზის ქართული აპლიკაცია არ არსებობს. მოქალაქეები საქართველოს მოკლევადიან ამინდს ხშირად არაქართულ აპლიკაციებში ამოწმებენ.
ამინდის პროგნოზირების სამთავრობო ვებ-გვერდი meteo.gov.ge 2008 წელს დაარსდა და მას გარემოს ეროვნული სააგენტო მართავს. შექმნიდან ვებ-გვერდი შეიცვალა, ამჟამად კი მისი სატესტო ვერსია მუშაობს. “კაქტუსის” კითხვას, თუ რამდენი დღიური, წლიური და უნიკალური მომხმარებელი ჰყავს meteo.gov.ge-ს დაარსების დღიდან დღემდე, სააგენტოში ასე უპასუხეს: “საიტზე მომხმარებლების შესაბამისი მთვლელი დაყენებული არ არის.”
“Meteo.gov.ge საშინელებაა. მე, მაგალითად, მხოლოდ Yr.no-ს ვენდობი. ყველაზე უკეთეს პროგნოზს ეგ მთავაზობს ხოლმე,” - გვითხრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა. სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობისას, მას თვითონ აქვს ნანახი, როგორ მუშაობდა სამინისტროს სხვადასხვა სააგენტო გარემოს შესახებ მონაცემების მოგროვებაზე. - “თან, რომ ვიცი, გარემოს ეროვნულ სააგენტოში რა team [გუნდი] მუშაობს და რა ტექნოლოგიებით… ჯერ ჰაერის დაბინძურებას ხომ ზომავენ გადასარევად და მერე ამინდს პროგნოზირებენ კიდევ სიზუსტით!”
საწინააღმდეგო გვითხრა ნინო კახიშვილმა meteo.gov.ge-ზე: “ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებით, თბილისში ქარის სიჩქარეს თითქმის 100%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს.”
Meteo.gov.ge-ის ქვედა განყოფილებაში ჩაშენებულია მეორე, მაგრამ შინაარსობრივად დაუკავშირებელი, სამთავრობო ვებ-გვერდის - air.gov.ge-ის კოდიც. Air.gov.ge-ის რუკაზე მონიშნულია საქართველოს მხოლოდ სამი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ამ ქალაქების ორ მეტეოროლოგიურ მონაცემს გვაჩვენებს: ქარის სიჩქარესა და ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურას.
რადარების შეძენისა და დაინსტალირების ხარჯები
ამინდის პროგნოზირების ორი ახალი რადარი გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2020 წლიდან აქვს. იქამდე სააგენტო ამინდის პროგნოზირებისთვის საქაერონავიგაციისა და “დელტას” რადარების მონაცემებს იყენებდა. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” ერთ რადარს ფლობს [მოდელია METEOR 735 CDP 10]. “დელტას” რადარი სიღნაღშია დაინსტალირებული და სეტყვასაშიში პროცესების მონაცემებს აგროვებს.
ორი ახალი რადარიდან ერთი ქუთაისშია დაინსტალირებული, რომელიც საქართველოს ამერიკის მთავრობამ აჩუქა. მისი ღირებულება 2,882,534.33 ლარია. მეორე - კიკეთის რადარი საქართველოს მთავრობამ საკუთარი ხარჯებით იყიდა. მისი ღირებულება 4,244,746.62 ლარია.
რადარის პროგრამა Rainbow გარემოს ეროვნულ სააგენტოს 183,348.00 ლარი დაუჯდა, ხოლო ლიცენზია - 219,422.33 ლარი.
ორივე რადარის საგარანტიო ვადა ორი წელია, რაც უკვე გასულია.
ორივე რადარის შეძენა, დაინსტალირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა გარემოს ეროვნულ სააგენტოს 9,047,305.40 ლარი დაუჯდა. ეს მათი შეძენა-დაინსტალირებისთვის საჭირო ერთჯერადი ბიუჯეტი იყო. რადარებს ასევე სჭირდებათ ყოველწლიური ხარჯებიც.
რადარების წლიური ოპერირების ღირებულება
2024 წელს ქუთაისის რადარის ექსპლუატაციის წლიური ხარჯი 180 384 ლარი იყო, ხოლო კიკეთის რადარის - 45 250 ლარი. ხარჯებში იგულისხმება რადარების დაცვა და ინტერნეტითა და გენერატორების საწვავით უზრუნველყოფა.
კიკეთის ჰიდრომეტეოროლოგიური რადარი, 2022 წელი | ფოტო © გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში არ იყო ახსნილი, რატომ არის ორი იდენტური რადარის წლიურ ექსპლუატაციაში ამხელა ფინანსური სხვაობა. წერილების სახით მიღებული პასუხების დასაზუსტებლად “კაქტუსმა” ამ საკითხებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში კომპეტენტურ პირთან ინტერვიუ მოითხოვა, რაზეც თანხმობა აქამდე არ მიუღია.
როგორ შეირჩა რადარების დაინსტალირების ადგილები?
გარემოს ეროვნულ საგენტოში “კაქტუსს” წერილობით უპასუხეს, რომ მეტეოროლოგიური რადარების განთავსების ადგილების შერჩევისას ორი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი.
პირველი - შერჩეული ადგილი უნდა უზრუნველყოფდეს რადარის პირდაპირი ხედვის შესაძლებლად მაქსიმალურად დიდ და ფართო არეალს და მეორე - შერჩეულ ადგილზე უნდა არსებობდეს რადარამდე მისასვლელი გზა, ახლოს იყოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ობიექტი და მარტივი იყოს რადარის უსაფრთხოების დაცვა.
სწორედ ეს კრიტერიუმებია გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ორი მეტეოროლოგიური რადარის განთავსების ადგილების განსაზღვრის კვლევის პროცესში. კვლევის შედეგად, რადარების განთავსების პოტენციური ადგილების ე.წ. Beam Blockage Analysis-ის და ინფრასტრუქტურული და დაცვის შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე, რადარების განსათავსებელ ადგილებად განისაზღვრა ქუთაისის და თბილისის მიმდებარე ტერიტორიები.
ქუთაისის რადარი ზღვის დონიდან 114 მეტრზე, ხოლო კიკეთის რადარი კი ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს.
მარცხნივ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, შუაში - ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და ოთარ შამუგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კიკეთის მეტეოროლოგიური რადარის გახსნაზე | 19/04/2022 | ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რა როლი ჰქონდა ქუთაისის რადარს შოვის სტიქიური მოვლენის პროგნოზირებაში?
შოვის მრავალკომპონენტიანი ბუნებრივი სტიქიის პროგნოზირებაში რადარებს მხოლოდ ნაწილობრივი როლი ჰქონდათ. რადარს მხოლოდ მოკლევადიანი ამინდის - ნალექის [მაგალითად, წვიმა მილიმეტრობით წამში] წინასწარმეტყველება შეეძლო და არა სხვა მოვლენების, რომელთა ერთობლიობამაც შოვის სტიქია განაპირობა.
წვიმა ერთ-ერთი მათგანი იყო. ქუთაისის მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებით, შოვი-გლოლას მიდამოებში საშუალო ინტენსივობის წვიმა [2023 წლის] 2 აგვისტოს საღამოს, 16:20 საათზე დაიწყო. დაახლოებით 20 წუთში წვიმა გაძლიერდა [სუსტი სეტყვის თანხლებით] და შეწყდა 19:15-ზე. 22:10 საათზე წვიმა, ზომიერი ინტენსივობით, განახლდა და გაგრძელდა 3 აგვისტოს დაახლოებით 00:10 საათამდე. შემდეგ, დღის განმავლობაში, გლოლაში უნალექო ამინდი იყო.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობის გაფრთხილება, არსებული ინფრასტრუქტურით [ქუთაისის რადარი და ჰიდროლოგიური სადგური] მოგროვებული მონაცემების საფუძველზეც კი, დააგვიანა.
შოვში, მყინვარ თბილისადან მყინვარული ნაშალის ჩამოშლის შემდეგ, მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე [15:15 PM] ჩამოვიდა და გაიშალა სოფელ გლოლაში.
სააგენტომ იმ დღეს გამაფრთხილებელი პოსტი ღვარცოფული ნაკადის კოტეჯებამდე მოსვლამდე 16 წუთით ადრე [15:09 PM] გამოაქვეყნა. ამ პოსტში ონის მუნიციპალიტეტი საერთოდ არ იყო ნახსენები.
რადარების პროგრამული უზრუნველყოფა
ახალი რადარების პროგრამული უზრუნველყოფისთვის IRIS გამოიყენება. მანამდე სააგენტოს ნაყიდი ჰქონდა პროგრამული უზრუნველყოფა Rainbow, რომელიც „დელტას” კუთვნილებაში არსებული გერმანული წარმოების რადარების მონაცემების ინტერპრეტაციისთვის გამოიყენებოდა.
რადარის მონაცემების ინტერპრეტირება და ვიზუალიზაცია ამჟამად ვებ-პლატფორმაზე - IRIS Focus-ზე ხდება, ხოლო სისტემა იმართება მიმღებიდან, ე.წ. სერვერიდან, რომელთანაც წვდომა შეზღუდულია და მხოლოდ ოპერატორს აქვს მასთან მუშაობის უფლება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, რადარების პროგრამული უზრუნველყოფისთვის, IRIS პროგრამისთვის გამოიყენება ხუთი მძლავრი კომპიუტერი [ვორკსთეიშენი], ხოლო Rainbow-სთვის - ერთი. "კაქტუსმა" გარემოს ეროვნული სააგენტოსგან ამ კომპიუტერების მოდელების შესახებ უფრო დეტალური მონაცემები მოითხოვა, მაგრამ სააგენტომ რადარების კომპიუტერების შესახებ დეტალები არ გაუზიარა.
რადარების მოდელები
რადარი მოდელით WRM200 გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფინურ კომპანია “ვაისალასგან” 2020 წლის 18 დეკემბერს, 937,459,90 ევროდ შეიძინა.
საქართველოში დაინსტალირებული ორივე ახალი რადარის მოდელი იდენტურია, ორმაგი პოლარიზაციის C-band ტიპისაა და მოკლე დროის განმავლობაში, მაღალი სიზუსტით, იძლევა ამინდის პროგნოზს, 6 საათის წინსწრებით.
ქუთაისისა და კიკეთის მეტეოროლოგიური რადარების დაფარვის გეოგრაფიული არეალი: 200 კილომეტრი. რადარების დაფარვის არეალები ერთმანეთსაც ედება, ფარავს ჩრდილოეთით რუსეთის, სამხრეთით კი სომხეთის, აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილსაც და შავ ზღვაშიც იჭრება | რუკა © გარემოს ეროვნული სააგენტო
რადარების მწარმოებელ კომპანია “ვაისალაში” გვითხრეს, რომ ამ მოდელის რადარი, ლაზერული სხივების საშუალებით აღიქვამს ნალექების წერტილებს, ღრუბლების შეგროვების ადგილებსა და მათ მოძრაობას, ასევე ქარის სიჩქარესა და სიძლიერეს. რაკი რადარი WRM200 ორმაგი პოლარიზებისაა, ის ერთმანეთისგან განასხვავებს ისეთ ნალექებს, როგორებიცაა წვიმა, სეტყვა და თოვლი, ასევე აღიქვამს ისეთ არამეტეოროლოგიურ ობიექტებს, როგორებიცაა მწერები, წყლის შეგუბებები თუ ზღვის ტალღები.
“WRM200 [Weather Radar Model] ზუსტი და თანამედროვეა, და ის “ვაისალას” ერთ-ერთი ყველაზე ფასეული პროდუქტია, რასაც მომხმარებელს დღემდე სთავაზობს,” - გვითხრა კატრი კოპონენმა, “ვაისალას” საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, “ვაისალას” სხვა და ზომით უფრო პატარა რადარებიც აქვს, მაგალითად, X-band weather radar WRS400, მაგრამ ეს რადარი შედარებით მცირე არეალს ფარავს. კატრის თქმით, C-band რადარები უფრო დიდია და მეტ არეალს ფარავს, მაგრამ მათაც აქვთ შეზღუდვები, როგორც ნებისმიერი სხვა მოდელის რადარს.
“მაგალითად, თუ რადარს არეალის აღქმაში ხელს უშლის მის წინ მდგარი მაღალი შენობები, ხეები და მიწა, მის ლაზერულ სხივებს სამიზნე ობიექტების ზუსტად აღქმა გაუჭირდება. X-band რადარები, გარკვეულწილად, ავსებენ C-band რადარების შეზღუდვებს და ერთად ქმნიან მთლიანობას, რათა ერთმანეთის ნაკლოვანებები შეავსონ,”- გვითხრა კატრიმ.
როცა საუბარია ამინდის პროგნოზირების ინფრასტრუქტურაზე, კატრის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია პროდუქტის გამძლეობა, სიზუსტე და დაბალი საოპერაციო ხარჯები, ვიდრე მათი პირველადი შესყიდვის ღირებულება.
რა აკლია ამინდის სრულყოფილ პროგნოზირებას საქართველოში დღეს?
რადარები მოკლევადიანი ამინდის განსაზღვრის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ საშუალო და გრძელვადიანი ამინდის პროგნოზირება უფრო რთული პროცესია და ამაში მხოლოდ რადარი არ მონაწილეობს.
რადარის გარდა, საჭიროა სხვა ტექნოლოგიებით დაკვირვება და გლობალურ მოდელში ჩასმა, რომელსაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შექმნილ ამინდის პროგნოზის გლობალურ მოდელს ყველა ქვეყანა, ინდივიდუალურად, თავისი რადარით, მეტეოსაგუშაგოებით, მეტეოსადგურებით, აზუსტებს და აკორექტირებს.
“ჩვენ, სულ მალე, აეროზონდებსაც გავუშვებთ, რაც ძალიან გააუმჯობესებს ჩვენს პროგნოზს. აეროზონდით, ანუ ბუშტით, ატმოსფროში უშვებ სენსორს, რომელიც 30 კილომეტრზე, ზემოთ, ადის და 30 მეტრის რადიუსით იძლევა [სენსორულ] მონაცემებს ქარის სიჩქარის, წნევის და ღრუბლების გადაადგილების შესახებ, რაც გააუმჯობესებს ჩვენს მოდელს,” – გვითხრა ვასილ გედევანიშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ეს [გაუმჯობესება] იყოს მცირედი და დიდად ვერავინ შეამჩნიოს, მაგრამ ეს მონაცემები მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 2 ივნისს გამოაცხადა ტენდერი, სადაც Vaisala-სა და Campbell-ის დატალოგერების ინტეგრირების სერვისის ყიდვა სურდა. ღირებულება იყო 3 660 000 ლარი. ტენდერი ეხებოდა საინფორმაციო სისტემას [ე.წ. ICT], რომელიც კრებს რადარის, მეტეოსაგუშაგოს, მეტეოსადგურის, წყლის დონის მზომის მოგროვებულ მონაცემებს, ამუშავებს მათ და განსაზღვრავს საფრთხეების დონეებს.
ტენდერი არ შედგა.
სააგენტომ, პირდაპირი მოლაპარაკებით, გააფორმა ხელშეკრულება ქართულ კომპანია “ელკოსთან”, რომელიც ფინეთის მეტეო-ინსტიტუტთან ითანამშრომლებს.
ვასილ გედევანიშვილის თქმით, საქართველო მიიღებს გაუმჯობესებულ ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინებების აპლიკაციას, დაახლოებით ისეთს, როგორიცაა ფინური აპლიკაცია - FMI Weather, სადაც ამინდის პროგნოზი, გაფრთხილებები და საფრთხის დონეები არის აღნიშნული.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 მეტეო-device არის დაინსტალირებული. გედევანიშვილის თქმით, სააგენტო 50 ახალ სადგურს დაამატებს და მათ რაოდენობას 300-მდე გაზრდის. სწორედ ამ 300 მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების გადამუშავებას შეძლებს სააგენტო ამ პროექტის შედეგად.
საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამინდის პროგნოზირებისთვის საჭიროა სხვა ინფრასტრუქტურაც: მეტეოროლოგიური სადგურები, როგორც ავტომატური, ასევე არაავტომატური. ამ სადგურების მიღებული მონაცემები შემდეგ ამინდის გლობალურ მოდელებში შეჰყავთ, სადაც შესაბამისი სიზუსტით, ადგენენ საშუალოვადიან და გრძელვადიან ამინდის პროგნოზებს, რაც საჭიროა გადაწყვეტილებების მისაღებად სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში, მოსავლის დაცვის მიზნით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ვასილ გედევანიშვილის თქმით, საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ამინდის მონაცემების მიღებისა და ერთიან სისტემაში შეტანის ეროვნული პროტოკოლი.
“თითოეული მონაცემი ერთიან სისტემაში სწორად უნდა შევიდეს. შემდეგ უნდა დაინერგოს მათი გადამუშავების და ანალიზის სისტემა,” გვითხრა ვასილ გედევანიშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში. - “ერთ წელიწადში, ჩვენ აქ, [ჰიტრომეტეოროლოგიის] სამსახურში, ერთ დიდ მონიტორზე, გვექნება მონაცემი მთელ საქართველოში არსებული ყველა ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობიდან და ამის ანალიზი იქნება შესაძლებელი. ასე დაიხვეწება ამინდის პროგნოზირებაც და დაინერგება ადრეული შეტყობინების სისტემა.”
სხვა საერთაშორისო მონაცემები ამინდზე
გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ამინდის პროგნოზირებისთვის, დაკვირვების ეროვნული მონაცემების გარდა, სხვადასხვა სინოპტიკური ცენტრებიდან მიღებულ სხვადასხვა მოდელებით: GFS [ამერიკის შეერთებული შტატები], UKMO [ინგლისი], ICON, GEM [გერმანია], JMA [იაპონია] დათვლილ სინოპტიკურ პროდუქტებს იყენებენ.
"ამ ცენტრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრიდან [The European Centre for Medium-Range Weather Forecasts, ECMWF] მიღებული სინოპტიკური პროდუქტები, რამაც უზრუნველყო მის მიერ შექმნილი პროდუქციის სრულყოფილად, უსასყიდლოდ, მოწოდება," - გვითხრეს სააგენტოში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ეროვნული ცენტრის წევრი 2021 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] მხარდაჭერით, გახდა.