2024-11-18

  • თოვლზე დაკვირვების ინფრასტრუქტურა - რა იციან რეგიონებში?
  • ფოტო ქავერზე: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

    ავტორი: ინდირა ევგენიძე

    საქართველოს ზოგ რეგიონში თოვლი ბევრად უფრო ადრე მოდის, ვიდრე აქამდე მოდიოდა, ზოგან - უფრო გვიან. საჭიროების მიუხედავად, არც ერთ რეგიონულ მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ ჰყავს კლიმატის ცვლილების თემაზე მომუშავე ცალკე დეპარტამენტი და შესაბამისი სპეციალისტები. კლიმატის საკითხებზე მომუშავე ადამიანების მოკითხვისას, რეგიონულ მუნიციპალიტეტებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ან ჯანდაცვის დეპარტამენტში გვამისამართებდნენ.

    რაკი საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე ცოდნის დეფიციტია და მმართველი პარტია როგორც ცენტრალურად, ასევე რეგიონულად, მის გადაუდებელ საჭიროებას ვერ აცნობიერებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არასრული წარმოდგენა აქვთ იმ ჰიდრომეტეოროლოგიურ ინფრასტრუქტურაზეც, რომელიც მათ ტერიტორიაზეა დამონტაჟებული, როგორც ახალი, ასევე საბჭოთა დროის და მათ მიერ მოპოვებული მონაცემების ამოცნობა და გამოყენება უჭირთ. 

    კლიმატური მონაცემების მოგროვება და მისი კომუნიკაციის როლი მუნიციპალიტეტებთან გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, რომელიც საქართველოში დამონტაჟებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ინფრასტრუქტურას ინახავს და მართავს.

    ზვავს თოვლი იწვევს. ზამთრის დადგომასთან ერთად, ზვავი ერთ-ერთი ყველაზე დამაზარალებელი სტიქიაა. 2021 წლიდან, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] პროექტის - Multi Hazard Early Warning ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თოვლის მზომი 10 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟა. ახალი სადგურების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს: სააგენტოსა და ზოგ მუნიციპალიტეტს შორის ახალ ინფრასტრუქტურაზე ნაკლები კომუნიკაციაა. 


     

    კლიმატის ცვლილება - ადრეული თოვლი 

    ხულოში  თოვლი წელს 22 სექტემბერს მოვიდა.

    “ამ ასაკში [მსგავსი რამ] არ მახსოვს,” - უთხრა “ბათუმელებს” 70 წლის იოსებ მარკოიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა. ადრეულმა თოვლმა მოგლიჯა ხეები და დაამტვრია ხის ტოტები. ხულოში მოსავლის აღება მოსახლეობის ნაწილმა მოასწრო, ნაწილმა - ვერა. 

    “ძალიან ბევრ ადგილას კარტოფილი ვერ აიღეს, - დაათოვა,” - თქვა იოსებ მარკოიძემ. 

    23 ოქტომბერს დიდმა თოვლმა ხულოში სასმელი წყლის მაგისტრალიც დააზიანა. 

    ზვავისგან დაზიანებული სასმელი წყლის მილი ხულოში | 23/10/2024 | ფოტო  © ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

     

    დიდი თოვლი აფერხებს გადაადგილებასაც. თუკი თოვლს ქარიც ერთვის, დგება ქარბუქი და მცირდება გზებზე ხილვადობა. 

    “რთული მეტეოროლოგიური პირობების [თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა] გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,” - ასეთი პოსტი გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე, მიმდინარე წლის 5 ნოემბერს და ორი დღის შემდეგაც. 

    დიდთოვლობა ხულოში | 5/11/2024 | ფოტო © ხულოს მუნიციპალიტეტის მერია


     

    ზვავის სტიქიის რუკა საქართველოში 

    თოვლი ატმოსფერული ნალექია, რომელიც ბუნებრივი სტიქიის - ზვავის, ხოლო ქართან ერთად - ქარბუქის, საფრთხეს ზრდის. ზვავის საშიშროება განსაკუთრებით დიდია მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან აჭარაში, გურიასა და იმერეთში. 

     

    ზვავის საფრთხის რუკა. წყარო: საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების საფრთხეებისა და რისკების რუკა © CENN/ITC, 2012

     

    რა არის თოვლის მზომი და რისთვის არის ის საჭირო?

    თოვლის მზომი მოწყობილობა იგივე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურია, რომელსაც, სხვა სენსორებთან ერთად, თოვლის სენსორიც აქვს. 

    ჰიდრომეტეროლოგიური სადგურები, მწარმოებლიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსხვავდება. მათ უმეტესობას აქვს ქარის სიჩქარისა და მიმართულების, ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობისა და თოვლის სენსორები.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში დამონტაჟებული 250-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურიდან 41-ს აქვს თოვლის სენსორი. მიმდინარე წლის აგვისტოს “კაქტუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ვასილ გედევანიშვილმა, თქვა, რომ ამ წლის ბოლომდე, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების რაოდენობა საქართველოში 300-მდე გაიზრდება. ამ ინტერვიუში არ დაზუსტებულა, რამდენ ახალ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურს ექნება თოვლის სენსორი.


     

    ძველი და ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები

    ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების ნაწილი ახალია - ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეძენილი და დამონტაჟებული, ან ძველი, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი, მაგრამ მუშა მდგომარეობაში. 

    ძველი სადგურების უმეტესობას, რასაც სააგენტო “საგუშაგოს” ეძახის, სჭირდება ადამიანის მომსახურება, ახლების ნაწილი კი - ავტომატურია. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, თოვლსაზომი ახალი ავტომატური სადგურები აღჭურვილია ულტრაბგერითი და ლაზერული ტიპის სენსორებით, რაც თოვლის საფარის სიმაღლეს სანტიმეტრობით ზომავს. თოვლის საფარის სიმაღლეზე მონაცემს სადგური ექვს საათში ერთხელ იძლევა.

    არაავტომატური სადგურები და საგუშაგოები ოდნავ უფრო განსხვავებულად  მუშაობს: იძლევა მონაცემებს თოვლის საფარით შემოგარენის დაფარულობასა [ბალებში] და თოვლის საფარის სიმაღლეზე [სმ]. საფარის სიმაღლეზე დაკვირვება წარმოებს სამი სპეციალური ხის ლარტყის საშუალებით [სიგრძე - 180 ან 130 სმ, სიგანე - 6 სმ, სისქე - 2.5 სმ, დანაყოფის ფასი - 1 სმ], რომლებიც განთავსებულია მოედნის შერჩეულ ადგილებზე. 

    “თოვლით დაფარულობა ფასდება ვიზუალურად, დაკვირვების მოედნის მეათედ წილებში. არაავტომატურ სადგურებზე/საგუშაგოებზე თოვლის მახასიათებლებზე დაკვირვება წარმოებს დღე-ღამეში ერთხელ, გრინვიჩის დროით, დაახლოებით 3 საათისთვის,” - წერია პასუხში, რომელიც “კაქტუსს” გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაუზიარა.

    ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური ბახმაროში, თოვლის სენსორით. მოწყობილობის მწარმოებელია ფინური კომპანია “ვაისალა” | ფოტო © “კაქტუსი,” 2019 

    ზამთრის დადგომასთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ზვავის საფრთხეები იმატებს. ჩვენ 7 ყველაზე მაღალმთიან და ზვავსაშიშ მუნიციპალიტეტს ვკითხეთ, აქვთ თუ არა მათ თოვლის მზომი სადგურები და რა ზომებს მიმართავენ ზვავის რისკის შესამცირებლად.


     

    ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია

    იმის გასაგებად, თუ რა ინფორმაცია აქვთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში თოვლის მზომ სადგურებზე და როგორ ემზადებიან ზვავისთვის, “კაქტუსმა” შვიდი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი აირჩია. გამოსაკითხი მუნიციპალიტეტები აირჩა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოვლენილი 45 მოწყვლადი თემიდან. აღშნული 45 თემი მრავლობითი [ერთდროულად რამდენიმე] სტიქიის საფრთხის წინაშეა, მაგრამ UNDP-ის მიერ “კაქტუსისთვის” გაზიარებულ ინფორმაციაში არაა დაზუსტებული, 45 მოწყვლადი თემიდან რომელს კონკრეტულად რომელი სტიქიის ან სტიტიქების მიმართ აქვს საფრთხე და რისკი. რუკა “გეოგრაფიკმა” შეადგინა. 

    რუკიდან გამომდინარე, წერილები გავაგზავნეთ: ონის, ხულოს, ოზურგეთის, ამბროლაურის, მესტიის, შუახევისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში. წერილების გაგზავნის შემდეგ, მუნიციპალიტეტებში დავრეკეთ, სატელეფონო გამოკითხვისთვის. მესტიის, ხულოს, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ თოვლის მზომი სადგურები არ აქვთ. 

    საწინააღმდეგოს ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმადაც, ზემოთხსენებული მუნიციპალიტეტებიდან, ოზურგეთისა და შუახევის გარდა, ყველგან დგას თოვლისმზომი მოწყობილობა, მინიმუმ ერთი. 

    შუახევი | 21 ოქტომბერი 2024 წელი | ფოტო © შუახევის მუნიციპალიტეტის მერია


     

    შუახევის მუნიციპალიტეტის პასუხი 

    წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაძემ, თავად დაგვირეკა კითხვებით: “თოვლის მზომ სადგურში რას გულისხმობთ? მაგისთანა არაფერი გვაქვს რაიონში. საქართველოში არსებობს? ზვავსაწინააღმდეგო სისტემა რა არის?”

    აღნიშნული წერილობითაც დაადასტურა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ. 

     

    მესტიის მუნიციპალიტეტის პასუხი 

    უშგულში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ერთი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დგას, რომელესაც თოვლის სენსორიც აქვს. ამის შესახებ მესტიის მერიაში პასუხისმგებელ პირს ინფორმაცია არ ჰქონდა.

    მესტიის მერიაში გვითხრეს, რომ 2023 წელს დამთავრდა მესტიის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირველადი მნიშვნელობის საზვავე უბნების დადგენისა და ზვავების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

    “პროექტი ითვალისწინებს ზვავების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში არსებულ საზვავე უბნების შესწავლას და საფრთხეების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელებას,” - მოგვწერა მესტიის მერიამ 2024 წლის მარტში. მაშინ მერია პროექტის დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სხვადასხვა სამინისტროსთან. 

    დაწყებული პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, “კაქტუსი” მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურული სამსახურის უფროსს, ლალი გულედანს კვლავ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, დაუკავშირდა. 

    “ეს ასე ადვილად წარსამართი პროცესი არ არის, მილიონობით ლარზეა  საუბარი. ძალიან დიდი მუშაობა დაგვჭირდება მთავრობასთან, რომ ეს თანხა გამოინახოს. მოლაპარაკებები მთავრობასთან კარგად მიდის, უმოკლეს დროში გამოვაცხადებთ ტენდერს და ეტაპობრივად დაიწყება განხორციელება, რადგან ერთიანად ამხელა პროექტს ჩვენ ვერავინ დაგვიფინანსებს,” - განაცხადა გულედანმა.

    ლალი გულედანის თქმით, სამოქმედო გეგმის შესრულება, მინიმუმ, 31 მილიონი ლარი დაჯდება. პროექტი მოიცავს ადრეულ შეტყობინებასაც და ზვავსაწინააღმდეგო ბადეებს ან კედლებსაც, თუმცა მან სრულფასოვნად ვერ აღწერა ზვავსაწინააღდმეგო სისტემის სრული ჯაჭვი და დასძინა, რომ როდესაც პროექტი ტენდერზე გავა, ყველა დოკუმენტი იქ იქნება წარდგენილი. 

    კითხვაზე, თუ რა ტექნიკურ დავალებას გულისხმობს ტენდერი, ლალი გულედანმა გვიპასუხა:

    “ძალიან დიდი მოცულობის მასალაა, ვერ გაგიგზავნით. როცა ტენდერზე გამოქვეყნდება, ეტაპობრივად აიტვირთება მასალები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.”

    რაც შეეხება, თოვლისმზომ სადგურებს, გულედანის თქმით, მთელს საქართველოში მოიძია და ვერსად ვერ ნახა, ასევე, მისი თქმით, “მესტიის მუნიციპალიტეტში თოვლისმზომი სადგურები არ არსებობს”.

    ამის საწინააღმდეგო ინფორმაცია მოგვაწოდა გარემოს ეროვნულმა სააგენტოს. სააგენტოს თქმით, უშგულში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ერთი ავტომატური ჰოდრომეტეოროლოგიური სადგურია დამონტაჟებული, რომელიც თოვლის სენსორსაც მოიცავს. ლალი გულედანმა ამის შესახებ არ იცოდა. 

     

    ონის მუნიციპალიტეტის პასუხი 

    ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ერთი ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო დგას - ძველი სტილის სადგური, რომელსაც ადამიანის მომსახურება სჭირდება. ამის შესახებ ონის მერიაში იცოდნენ, მაგრამ დეტალური ინფორმაცია მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ არ ჰქონდათ.

    ონის მუნიციპალიტეტშიც არ ჰყავთ გარემოსდაცვითი ან კლიმატის ცვლილების მიმართულებით მომუშავე ცალკე სამსახური. სატელეფონო გასაუბრისთვის ონის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ გრძელიშვილთან, დაგვაკავშირეს.

    “სადგურები, საიდანაც, ზოგადად, მეტეოროლოგიურ ინფორმაციას აგროვებენ, ვიცი, რომ არის. უშუალოდ მხოლოდ თოვლის მზომი არის თუ არა, ზუსტად ვერ გეტყვით, - არ ვიცი. რომ იყოს, ალბათ, მეცოდინებოდა,” - გვითხრა გრძელიშვილმა.

    მისივე თქმით, დიდთოვლიანი ტერიტორიები არის ონის მუნიციპალიტეტში და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ეს იცვლება.

    “გლობალურ დათბობის პირობებში, თოვლის სიხშირემ იკლო. თუ 15 წლის წინ ნოემბერში იწყებოდა თოვა და გაზაფხულამდე გრძელდებოდა, ახლა თოვა იანვარში იწყება. ნალექი თოვლის ნაცვლად თქეშის, ძლიერი წვიმის, სეტყვის სახით მოდის, რაც უფრო საშიში გახდა, ვიდრე დიდთოვლობა. 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, წელიწადში 4-5 ჯერ მაინც ხდება ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობა, ღვარცოფი და ასე შემდეგ. ადრე ასე არ იყო. ზვავების რაოდენობაც შემცირდა, თუმცა არის მონაკვეთები, სადაც კვლავ ვითარდება, მაგალითად საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე ნაქერალას უღელტეხილზე, შოვისკენ, სადაც კომუნისტების მიერ შექმნილი ზვავსაწინააღმდეგო ბევრი გვირაბი გვხვდება”. 

     

    ხულოს მუნიციპალიტეტის პასუხი

    2024 წლის 6 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზვავს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

    ხულოს მუნიციპალიტეტში, ონის მსგავსად, ერთი ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო დგას - ძველი სტილის სადგური, რომელსაც ადამიანის მომსახურება სჭირდება. ამის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში არ იცოდნენ.

    “კაქტუსმა” სცადა ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა. ჯამბულატ მელაძე, რომელიც ადრე ხულოს მუნიციპალიტეტის  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის უფროსი იყო და რომელსაც ჩვენ ვესაუბრებოდით ადრეული შეტყობინებების სისტემებზე სტატიის წერისას, ამჟამად, 1 წლის ვადით, მერის მოვალეობის შემსრულებელია, რადგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, წინა მერი, ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი გახდა. 

    ახალ რესპონდენტთან ხულოს მერიის პრესსამსახურმა, დაპირების მიუხედავად, არ დაგვაკავშირა.

    დიდთოვლობა ხულოში | 21/10/2024 წელი | ფოტო  © ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

     

    ხულოს მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ მუნიციპალიტეტში არც თოვლის მზომი სადგურია და არც ზვავსაწიმააღმდეგო სისტემაა მოწყობილი. 

    “დამატებით, გაცნობებთ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მერია რეგულარულად იღებს ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, მოსალოდნელი ძლიერი ნალექის - წყალდიდობის, წყალმოვარდნების, სეტყვის, ძლიერი ქარისა და ჰაერის ტემპერატურის შესახებ, რის შესაბამისად მუნიციპალიტეტი ატარებს საჭირო ღონისძიებებს”, - მოგვწერეს ხულოს მერიიდან.

    ეს ეწინააღმდეგება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. სააგენტოს თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტში დგას ერთი მეტეოსაგუშაგო. 

     

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პასუხი

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვა რეგიონული მუნიციპალიტეტების მსგავსად, ერთი ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო დგას - ძველი სტილის სადგური, რომელსაც ადამიანის მომსახურება სჭირდება, რომელიც თოვლის პარამეტრებსაც ზომავს. ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არ იცოდნენ.

    ამბროლაურის მერია 10 სამუშაო დღეზე მეტხანს ამზადებდა მცდარ პასუხს, რომელიც ეწინააღმდეგება გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხს.


    ძლიერი თოვა ამბროლაურში | 5/11/2024| ფოტო © ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია

     

    საჩხერის მუნიციპალიტეტის პასუხი

    საჩხერის მუნიციპალიტეტი იყო ერთადერთი გამონაკლისი შვიდ მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც მოგვწერა, რომ “საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ, არის მეტეოროლოგიური საგუშაგო, სადაც ყოველდღიურად ხდება ატმოსფერული ნალექების, მათ შორის, თოვლის საფარის სიმაღლის შესახებ ინფორმაციის აღება და გადაცემა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს მეტეოროლოგიური საგუშაგო.”

    წერილობით კითხვაში ჩვენ საჩხერის მუნიციპალიტეტს, ისევე როგორც ყველას, ისიც ვკითხეთ, ვისი წარმოებულია მათ მუნიციპალიტეტში დაინსტალირებული ინფრასტრუქტურა და რა მოდელია ის. მუნიციპალიტეტიდან გვიპასუხეს, რომ ასე დეტალურად სადგურის მონაცემები არ ჰქონდათ, მაგრამ დააზუსტეს, რომ სხვა თოვლის მზომი სადგური მუნიციპალიტეტში არ დგას და არც ზვავსაწინააღმდეგოდ რაიმე ტიპის ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.