აზერბაიჯანი წელს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას მასპინძლობს. მისი ეკონომიკა თითქმის მთლიანად წიაღისეული რესურსების გაყიდვაზეა დამოკიდებული, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მომატების მთავარი გამომწვევია.
კლიმატის ცვლილების წლევანდელი კონფერენეცია - COP 29 განსაკუთრებულად რთულად მიმდინარეობს, კლიმატის სფეროში მიმდინარე ქაოსისა და დემოკრატიის დონის კლების ფონზე, არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნების სავალალო შედეგების გათვალისწინებით.
ეს განსაკუთრებით თვალნათელია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს გარეუბანში, სადაც კლიმატის კონფერენეციას ავტოკრატიული მთავრობების მეთაურები წარმოადგენენ, რომელთა ეკონომიკა, უმეტესწილად, სწორედ წიაღისული რესურსების ექსპორტზეა ჩამოკიდებული.
რატომ ან როგორ გახდა ასეთი ქვეყანა კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის მასპინძელი?
მასპინძელი ქვეყნის არჩევა კონფერენციის მხარდამჭერის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის [გაერო] პროტოკოლის მიხედვით ხდება. ეს პროტოკოლი, თავისი სისუსტეებით, მარტივად გამოიყენა სათავისოდ რუსეთმა, რომელიც თავად არის ავტოკრატიული პეტროსახელმწიფო.
ტრადიციის მიხედვით, კლიმატის ცვლილების კონფერენციამ დედამიწის ყველა რეგიონი უნდა მოიცვას. გადაწყდა, რომ COP 29 წელს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის რომელიმე ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აერთიანებს. გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კონსენსუსის საფუძველზე - როცა არც ერთი ქვეყანა არ ეწინააღმდეგება არჩეულ კანდიდატს.
აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში შედის რუსეთიც. თვეების განმავლობაში მწვავე დისკუსიის შემდეგ, რუსეთმა კონფერენციის მასპინძლად დაბლოკა ყველა სახელმწიფო, რომელმაც დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ასე დაედოთ ვეტო COP-29-ის ისეთ პოტენციურ კანდიდატ მასპინძელ ქვეყნებს, როგორებიცაა ბულგარეთი, სლოვაკეთი და მოლდოვა.
ასე დარჩნენ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის პირისპირ - ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტი აქვთ.
გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა, ძალის გამოყენებით, მთიან ყარაბაღში მაცხოვრებლები აიძულა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ - გასული წლის შემოდგომის მოვლენები ყარაბაღის დიდხნიანი კონფლიქტის ერთ-ერთი ბოლო გამწვავება იყო. ათობით ათასი ეთინიკურად სომეხი გამოექცა კონფლიქტს მთიანი ყარაბაღიდან. სამხედრო კონფლიქტი შარშან აზერბაიჯანმა წამოიწყო.
გასაგები მიზეზების გამო, არსებობდა საფუძველი, რომ ორივე ქვეყანა ვეტოს დაადებდა ერთმანეთს, რომ არც ერთს არ ემასპინძლა კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციისთვის.
რუსეთი აქაც ჩაერია: მხარეები დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩართო. ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, აზერბაიჯანმა სომხეთს 32 სამხედრო ტყვე დაუბრუნა. სომხეთი უკვე აღარ იყო წინააღმდეგი, რომ წლევანდელი COP 29 ბაქოში ჩატარებულიყო.
აზერბაიჯანს ერთ წელზე ნაკლები დრო ჰქონდა მოსამზადებლად [რომელიც სხვა მასპინძლებთან შედარებით მცირე იყო], მაგრამ მაინც მოახერხა შეეკრიბა გუნდი, რომელიც შეძლებდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული დიპლომატიური შეხვედრისთვის ემასპინძლა.
მოლაპარაკებების ხელმძღვანელობა აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს, მუხტარ ბაბაევს, ჩაბარდა. ბაბაევმა თვითონვე აღიარა, რომ ეს როლი არ იქნებოდა მარტივი. “ჩვენ მწვანე ტრანზიციის დიდი გამოცდილება არ გვაქვს,” თქვა მან ივლისში მიცემულ ინტერვიუში. აზერბაიჯანში მოპოვებული ნავთობისა და გაზის უმეტესობა ექსპორტზე გადის.
წიაღისეულ რესურსებს ვაკე ადგილას მოიპოვებენ, - COP 29-ის ივენთიდან თვალის გაწვდენაზე, სპორტულ მოედანთან ახლოს, რომელიც ბაქოს გარეუბანშია. ბაქოში 2-დან 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქალაქი წიაღისეული რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლით არის აშენებულიც და განახლებულიც. სწორედ ამ შემოსავლების წყალობით გახდა ქალაქი შედარებით ფართო შესაძლებლობების მქონე. ბაქოს ეს ნაწილი მასპინძლობს ფორმულა 1-ის ჩემპიონატის გრან პრისაც. ქუჩები სწრაფმავალი მანქანებისთვის სამოძრაო ინფრასტრუქტურით კარგად არის აღჭურვილი.
სტადიონთან ახლოს, უზარმაზარ მიწახაპიებს ნიადაგიდან ნავთობი ამოაქვთ. დღე და ღამე, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა აქ მეთანს გამოყოფს ატმოსფეროში, რომელიც სათბურის ეფექტის მქონე აირია. კასპიის ზღვაშიც არის ნავთობის ამოღების პლატფორმები.
წიაღისეული რესურსის უმეტესი ნაწილი, დიდი მილებით, აზერბაიჯანიდან ევროპისკენ მიემართება. მართალია, ევროკავშირმა ბანკებს წიაღისეული რესურსების ამოღების პროექტების დაფინანსება აუკრძალა, მაგრამ ახლა იმედი აქვს, რომ მილსადენების პროექტების გაფართოებას სხვა საფინანსო ინსტიტუტები გააგრძელებენ.
“მართალია, წელს აზერბაიჯანი უცნაურად გახდა კლიმატის ცვლილების კონფერენციის მასპინძელი,” - ამბობს დეივიდ ვოსკოუ, World Resources Institute-ის კლიმატის ექსპერტი, და აგრძელებს, რომ “იქ ყოფნა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წიაღისეულ რესურსებზე მოთხოვნა, კლიმატის კრიზისის შუაგულში, უნდა შემცირდეს და საბოლოოდ, შეწყდეს.”