2024-10-18

  • უფასო ვაქცინაცია დაგვიანებით, მაგრამ დღეს, დაიწყო
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა [NCDC] ინფლუენზას [უფრო ცნობილი, როგორც “გრიპი”] წინააღმდეგ ვაქცინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა დღეს, 18 ოქტომბერს, დაიწყო.

    წერილის მიხედვით, რომელიც NCDC-მ “კაქტუსს” გაუზიარა, ცენტრმა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების 200 000 დოზა სეზონური "გრიპის" საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა INFLUVAC შეიძინა.

    ვაქცინები საქართველოში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შემოვიდა და თბილისისა და რეგიონების კლინიკებში გადანაწილდა.

    4 ნოემბრიდან ვაქცინის მიღების საშუალება ექნება 6 თვის ასაკიდან ნებისმიერ პირს. ვაქცინაცია გაგრძელდება ქვეყანაში მარაგის ამოწურვამდე.


    ვის ეკუთვნის უფასო ვაქცინები?

     

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას, 11 ოქტომბრის ბრძანებით, უფასო ვაქცინები ეკუთვნით რამდენიმე ქრონიკული მდგომარეობის მქონე პირებს, ორსულებს, 60+ ასაკის პირებს და სოციალურ სახლებში მცხოვრებ ბენეფიციარებს [ბრძანება და რისკ-ჯგუფების დეტალური სია იხილეთ აქ].

    ვაქცინები თბილისისა და რეგიონების კლინიკებში გადანაწილდა. კლინიკების სია ნახეთ აქ. 


    ამ სეზონზე ყველაზე მეტად გავრცელებული ინფექციები

    NCDC-ის მიხედვით, მე-40 კალენდარულ კვირაში საქართველოში ცირკულირებდა: რინოვირუსი [Rhino] - 30.5%; კორონავირუსი [CoV] – 19.4%, მეტაპნევმოვირუსი [HMPV A/B] – 22.2%; ბოკავირუსი [Hbov] – 2.7%; მიკოპლაზმა პნევმონია [Mpneu] – 8.3%, ენტეროვირუსი [EV] – 11.1% და ადენოვირუსი [AV] – 11.1%.

    მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წილი გავრცელებულ ინფექციებს შორის 19 %-ზე მეტია, მის წინააღმდეგ ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში შეწყდა. 

    NCDC-ის ცხელ ხაზზე “კაქტუსს” უთხრეს, რომ “კორონავირუსი არსად წასულა,” მაგრამ, მათი თქმით, ამ ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამა იმიტომ შეწყდა, რომ კორონავირუსი “ჩვეულებრივი,” მარტივად სამართავი, ინფექცია გახდა.