2024-10-16

  • 2020 წლიდან საქართველოში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები იმატებს
  • Cover ილუსტრაცია: სოფი დათიშვილი 

    მონაცემების თანახმად, რომელიც “კაქტუსმა” საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან [NCDC] მიიღო, ბოლო ოთხი წელია, საქართველოში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები იმატებს. 

     

    მონაცემების შეზღუდვები

    მიღებული სტატისტიკა მოიცავს 2015 წლიდან 2024 წლის სექტემბრამდე მონაცემებს. ამ პერიოდში საქართველოში გავრცელებულ სიმსივნეებზე მონაცემების მოგროვების წესები შეიცვალა: 2020 წელს საქართველოში ეგრეთ წოდებულიკიბოს პოპულაციური რეგისტრი დაინერგა, სიმსივნეების ახალი შემთხვევების მონაცემების მოგროვების წესები გაუმჯობესდა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს მიუახლოვდა. შესაბამისად, 2015 წლიდან 2020 წლამდე და 2020 წლის შემდეგ მოგროვებული მონაცემები ხარისხობრივად განსხვავდება. 


    სტატისტიკა

    NCDC-ისგან მიღებული მონაცემებით, 2015 წლიდან 2024 წლის 9 სექტემბრამდე, საქართველოში ჯამურად 18 376 ქალს გამოუვლინდა ძუძუს სხვადასხვა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნე.

    2015 წელს საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევის ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა - 2076 ახალი შემთხვევა. რადგან 2015 წელს მონაცემები სხვანაირად გროვდებოდა, ვიდრე მოგვიანებით, ამ წელს ყველაზე დიდი მაჩვენებლის მხოლოდ ერთი მოვლენით ახსნა ან 2020 წლის შემდეგ მოგროვებულ მონაცემებთან მისი პირდაპირი შედარება სამეცნიერო უზუსტობაა.

    2016 წლიდან, ძუძუს სიმსივნის ახალი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 100 ერთეულით იზრდებოდა ან მცირდებოდა, ან შედარებით სტაბილური იყო [2017-2018 წლებში]. ახალი შემთხვევების რაოდენობის აღმასვლა 2020 წლიდან დაიწყო.

    სტატისტიკა წლებისა და ახალი შემთხვევების მიხედვით:

    2015 წელი - 2076 

    2016 წელი - 1909 

    2017 წელი - 1855 

    2018 წელი - 1832 

    2019 წელი - 1926 

    2020 წელი - 1775 

    2021 წელი - 1870 

    2022 წელი - 1958 

    2023 წელი - 2028 

    2024 წლის 9 სექტემბრამდე - 1147 

     

    რეგიონული ჩაშლა

    “კაქტუსს” ეს მონაცემები რეგიონების მიხედვით არ გამოუთხოვია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ხშირად რეგიონულ ცენტრებში ან თბილისში მიდიან დიაგნოსტიკისთვის, ადგილობრივი სერვისების ნაკლებობის გამო, სიმსივნის გავრცელების რეგიონული ჩაშლა, შესაძლოა, მოიცავდეს უზუსტობებს. 

     

    შესაძლო მიზეზები

    სპეციალისტების თქმით, ზოგჯერ სიმსივნეების ახალი შემთხვევების სტატისტიკური მატება გამოვლენის მატებასა და გაუმჯობესებულ დიაგნოსტირებასაც უკავშირდება.
     
    კონკრეტულ ადამიანში ძუძუს სიმსივნის გაჩენის მიზეზის დადგენა, უმეტეს შემთხვევებში, ვერ ხერხდება. მეცნიერებმა მიაკვლიეს რამდენიმე ზოგად მიზეზს, რომელიც ძუძუს სიმსივნის გაჩენის რისკებს ზრდის. მათ შორისაა ჰორმონული დისბალანსი, ცხოვრების წესი, კვებითი ჩვევები, ალკოჰოლის მიღება და გარემო პირობები.  
     
    რიგი მოვლენები უცნობი რჩება. მაგალითად, უცნობია, რატომ არასოდეს უჩნდება სიმსივნე ზოგ ისეთ ინდივიდს, რომელსაც მისი მაღალი რისკები აქვს და უჩნდება სხვას, რომელსაც შედარებით დაბალი რისკები ჰქონდა.
     
     

    რისკ-ფაქტორები

    მეცნიერები გამოყოფენ ძუძუს სიმსივნის გაჩენის შესაძლო, ზოგად, რისკ-ფაქტორებს:

    • ძუძუს სიმსივნის ოჯახური ისტორია;
    • ატიპიური ჰიპერპლაზია ან სხვა მსგავსი მოვლენები ძუძუს ქსოვილში;
    • მენსტრუალური, თვიური, ციკლის ადრეულ პერიოდში [12 წლამდე] დაწყება;
    • მენოპაუზის გვიან [55 წლის შემდეგ] დადგომა;
    • მჭიდრო სტრუქტურის ძუძუ;
    • ალკოჰოლის მიღება;
    • პირველი შვილის ფიზიოლოგიურად გაჩენა 30 წლის შემდეგ;
    • შვილის ფიზიოლოგიურად არგაჩენა;
    • მენოპაუზის დროს ჰორმონალური მკურნალობა;
    • ჭარბი წონა;
    • რადიაციული დასხივება.
     
    ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი მას აუცილებლად განაპირობებს ან გააჩენს.