2024-07-09

  • თინათინ მაღედანი: არ გავიგუდებით
  • საქართველოს ქალაქ რუსთავში ხელშესახები ცვლილების მომტან ორ გარემოსდაცვით ორგანიზაციას - “გავიგუდეთ” და “ეკო ცენტრი” ერთი და იგივე ხელმძღვანელი ჰყავს - თინათინ მაღედანი. 

    თინათინის სამუშაო ოფისის ვიტრინიდან საქართველოსა და ევროკავშირის დიდი დროშები ჩანს. შესვლისთანავე მწვანე ფერები სჭარბობს და მარტივი გამოსაცნობია ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები: გარემოს დაცვა, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი და პლასტიკის ნარჩენების შეგროვება ქვემო ქართლში. 

    თინათინ მაღედანი ოფისში, რუსთავში |  10 | 05 | 2024 | ფოტო © კაქტუსი

     

    მწვანე ყუთზე, რომელსაც პროდუქციის გადამუშავების უწყვეტი ციკლის უნივერსალური, - ბრუნვადი, - სიმბოლო ახატია, აწერია -  “გამიზიარე შეფასება,” “შემომთავაზე იდეა”.   

    შეგროვებული პლასტიკი ოფისის საკუჭნაოში. “ეკოცენტრი” ქვემო ქართლის მასშტაბით პლასტიკის ნარჩენებს სამშაბათსა და ხუთშაბათს იბარებს, 15:00 საათიდან 19:30 საათამდე, რომელსაც შემდგომ პლასტიკის გადამამუშავებელ კომპანიას გადასცემს. მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, ეკო-ცენტრმა 3,5 ტონამდე პლასტმასა შეაგროვა | 10 | 05 | 2024 | ფოტო © კაქტუსი

     

    ოფისის კარიდან მარცხნივ გამოფენილია მაღალი რეზოლუციით გადაღებული ფოტოები და მყარ სტენდზეა მიმაგრებული. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ ამოდიოდა რუსთავში მომუშავე ქარხნების მილებიდან სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლის შემცველი აირები სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეს” დაარსებამდე და მისი არსებობის საწყის წლებში. 

    ფოტოების დიდი ნაწილი ორგანიზაციის შექმნის დროს: 2018 წლის გაზაფხულიდან 2020 წლებშის შუალედშია გადაღებული. სხვადასხვა მხრიდან ზეწოლის შემდეგ, რუსთავში მომუშავე კომპანიებმა, რომელთა რიცხვი მუდმივად იცვლება, მეტი ინვესტიცია ჩადეს ფილტრების ყიდვასა და თვითმონიტორინგის სისტემის ამუშავებაში.

    “გავიგუდეთის” ექვსწლიანი მუშაობის შედეგად, რუსთავში რომ უკეთესი ჰაერი იყოს, ამჟამად უფრო მეტად არის ჩართული პროცესის სამი ძირითადი მონაწილე: რუსთავში მომუშავე საწარმოები, თვით რუსთაველები და ამ პროცესის პირდაპირი მაკონტროლებელი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, - რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ მომუშავე სახელმწიფო უწყებაა.

    კომპანიების მილებიდან ამომავალ სხვადასხვა ფერის აირებს დღესაც ნახავთ რუსთავის ინდუსტიულ ნაწილში, განსაკუთრებით ღამით. ასეთი ფოტოები აქტიურად ზიარდება “გავიგუდეს” ფეისბუქ გვერდზე, მაგრამ მათი მუშაობის შედეგად დამდგარი ცვლილების საჩვენებლად, “გავიგუდეს” გუნდი ხშირად იყენებს ძველ ფოტოებს საწარმოებში ტურების დროს, ვიზიტორებს ძველსა და მიმდინარე მდგომარეობას ადარებინებს, რათა მისცეს ცვლილებების რწმენა და აქტიურობისა და თანამონაწილეობისკენ წაახალისოს. 

    თინათინ მაღედანი, “გავიგუდეთ” ამჟამინდელი ხელმძღვანელი და “ეკო ცენტრის” დამფუძნებელი, რუსთავის ოფისში | 10 | 05 | 2024 ფოტო ©  კაქტუსი


    სწორედ ამ კვამლებიდან ამომავალი ქიმიურად საშიში თუ ფიზიკურად მყარი ნაწილაკებით გაჯერებული გაზების სიჭარბე გახდა ორგანიზაციის სახელის - “გავიგუდეთ” მამოძრავებელი და მამოტივირებელი ნიკოლოზ მუსერიძისთვის, რომელმაც ეს სამოქალაქო მოძრაობა 2018 წლის მაისში შექმნა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. 

    მაშინ “გავიგუდეთ” სრულიად მოხალისეობრივი იყო - იდეისთვის მომუშავე არც ერთი აქტივისტი ფულად ანაზღაურებას არ იღებდა. 

     


    ბავშვობა

    “მშობლები გვეუნებოდნენ: “თქვენი ნიშნები არ გვაინტერესებს, თუკი არ იქნებით კარგი ადამიანები და კარგი ქართველები.” კარგ ქართველობაში კარგი მოქალაქეობა და შენი ქვეყნის მსახურება იგულისხმებოდა. 

    რუსთავის კერძო სკოლაში დავდიოდი, სადაც კლასი პატარა იყო: თუ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში 30-40 მოსწავლე დადიოდა, კერძო სკოლა “რეცაში”, ერთ კლასში, 13-14 ბავშვი ვიყავით. პატარა სკოლაა, დღემდე მხოლოდ 200-მდე მოსწავლე ჰყავთ. 

    პატარაობიდანვე დავდიოდით ლაშქრობებზე, გავდიოდით ბუნებაში. ერთი რაღაც რომ გადაგეგდო იქაც კი, სადაც უკვე ეყარა ნაგავი, ამას დიდი რეაქცია მოჰყვებოდა მასწავლებლებისა და დირექტორის მხრიდან. 

    ჩვენთან არ ისჯებოდა თავისუფალი აზრის გამოხატვა, არ გვქონდა უნიფორმები. ამან განაპირობა ის, რომ ის, რაც ვიღაცისთვის, შესაძლოა, გამბედაობა ყოფილიყო, ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა. 


     

    პრივილეგიები თუ მშობლების პრიორიტეტი?

    მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში დავდიოდი, მე არ ვარ შეძლებული ოჯახიდან. 2 000 წელს, პირველ კლასში რომ შევედი, სკოლის თვიური გადასახადი 15 დოლარი იყო. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო ჩემი ოჯახისთვის. მერე ჩემი ძმაც მიიყვანეს და ფინანსურად საკმაო დატვირთვა იყო ოჯახისთვის. 

    Რაღაც ეტაპზე მიმაჩნია, რომ ეს პრივილეგიაც იყო, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტების ამბავიცაა: შესაძლოა, ჩემს მშობლებს ერთი ფეხსაცმლით ეარათ 10 წელი, მაგრამ გადაეხადათ გადასახადი ჩვენი განათლებისთვის. 

    ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ემიგრაცია არასოდეს განმიხილავს, ქვეყანაში შექმნილი ნებისმიერი სიტუაციის მიუხედავად, ისაა, რომ იმ დროს იმდენი რამე მოიკლეს ჩემმა მშობლებმა ჩემთვის და ახლა რანაირად უნდა მივატოვო ისინი, ამდენი რამის შემდეგ?!

    არ მემეტება ჩემს მშობლებთან ურთიერთობა დისტანციურობისთვის: წელიწადში ერთხელ ვნახო ან ქოლებით და ზარებით შემოვიფარგლო. ესეც კი პრივილეგიაა, რომ გქონდეს არჩევანი, დარჩე ქვეყანაში. ზოგი ისეა წასული, 10-15 წელი მხოლოდ ვიდეო-ზარებით ჰყავთ ნანახი მშობლებს და შვილებს ერთმანეთი. 


     

    დედა და სხვა ქალები

    12 წლის ვიქნებოდი. კარგად მახსოვს, ჩვენი კორპუსის უკან მწვანე ზონა იყო. ეს მიწები გაასხვისეს, უნდა აეშენებინათ ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი. ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. დედაჩემი, სხვა ქალებთან ერთად, ამ ბრძოლის ინიციატორი იყო. 

    ბრძოლის შედეგად, იქ ერთიანი დიდი, ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი არ აშენდა. დედაჩემმა მაშინ, სხვა ქალებთან ერთად, ნაწილობრივ გაიმარჯვა. 

    დედაჩემი ეკონომისტია პროფესიით - არ არის დაკავშირებული მისი განათლება თემატურად გარემოს დაცვასთან. ზოგჯერ, როცა ვიბრძვი და რისკებს ხედავს, მეუბნება: “ზედმეტი ხომ არ მომივიდა შენთან მიმართებით?!”. იცის, რომ ბევრ რამეში იყო ჩემთვის მაგალითი.

    როცა რაღაც საფრთხეები იყო, დაცვასავით დამყვებოდა გვერდით და დღემდე ჩემთვის ყველაზე დიდი თანამებრძოლი ჩემი ოჯახია. განსაკუთრებით ვამაყობ იმ აქტივისტებით, რომლებსაც ოჯახი არ უდგას გვერდით და მაინც იბრძვიან. წარმომიდგენია, ეს რა რთულია.  


     

    თბილისსა და რუსთავს შორის

    რუსთავს დაახლოებით 30 000-მდე ადამიანისთვის მხოლოდ “საძილე” ფუნქცია აქვს - აქ დროს ვერ ვატარებთ. ყოველდღე, 30 000-მდე ადამიანი მიდის და უკან ბრუნდება თბილისიდან  [როცა ტრანსპორტის თემას ითვლიდნენ, მაშინ გამოიანგარიშეს და იქედან მაქვს ეს მონაცემები]. 

    ეს არის რუსთაველების ყველაზე აქტიური, სრულწლოვანი, შრომისუნარიანი ნაწილი და ქალაქს აკლდება ეს ადამიანები ყოველდღე, რაც არ უნდა ახლოს იყოს დედაქალაქი თბილისი. 

    წასვლა-წამოსვლაზეც აუარებელ დროს ხარჯავ. მე მახსოვს, ხანდახან, დილის 7:30-ზე წასული, 21:00-ზე მოვრჩენილვარ სამსახურში და შემდეგ ორი საათი ვმდგარვარ მარშუტკის რიგში, ქარში, სიცივეში და დაღლილობისგან ტირილამდეც კი მივსულვარ. 

    სახლში რომ შედიხარ 10:00 ან 11:00 საათზე, რომელ სამოქალაქო აქტივიზმში უნდა ჩაერთო? ამიტომ ვამბობ, რომ ქალაქს აკლდება ამ ხალხის რესურსი: უკვე ენერგია და დრო აღარ რჩება არაფრისთვის. 


     

    საჯარო სამსახური და თავისუფლება 

    Ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორი იყო, თუმცა, მალევე გადავედი საჯარო სექტორში.

    თავდაპირველად, დაახლოებით 5-7 წელი ვაპირებდი მემუშავა არასამთავრობო სექტორში, დამეგროვებინა გამოცდილება. მაშინაც არასამთავრობო სექტორს ვხედავდი ძალიან დიდი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობად. 

    პარტიის გავლით საჯარო სამსახურში ვერ ვხედავდი ჩემს თავს ვერასდროს. ჩემს თავს კი ვხედავდი სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ კონკრეტულ დეპარტამენტში. მე policy-ის ტიპი ვარ. ზუსტად არ ვიცოდი, რა მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაზე პოლიტიკური ცვლილების მოხდენა მინდოდა. 

    იტალიაში, როცა უნივერსიტეტიდან ბოლო გამოცდას ვწერდი, ვნახე ვაკანსია ეკონომიკის სამინისტროში, გავაგზავნე და სულ ვხუმრობ ხოლმე, რომ ფაქტობრივად, აეროპორტიდან დავიწყე მუშაობა. 

    საჯარო სამსახური წელიწადი და ორი თვე ვიმუშავე. საჯარო სექტორი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის, მაგრამ ჩემი წარმოდგენა, რომ შიგნიდან შემეძლო რაღაც ცვლილებები, არ აღმოჩნდა ისეთი რეალობა იმ კონკრეტულ პოზიციაზე. 

    მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საჯარო სამსახურში  მომუშავე ადამიანებს: იქ ძალიან ბევრი რამ დავინახე, როგორც კარგი, ასევე ცუდი, მაგრამ მივხვდი, რომ იმ პოზიციაზე მე ვერ ვვითარდებოდი. მივხვდი, რომ ჩემთვის სამყოფი თავისუფლება არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცაზე მზღუდავდნენ: აქციებზეც დავდიოდი ჩვეულებრივად. 

    ისე, ერთხელ, ხუმრობით გადამიკრეს: ხომ არ გავიწყდება, რომ მთავრობისთვის მუშაობო? ამაზე ვუპასუხე, რომ მე ვმუშაობდი არა მთავრობისთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის. არაფერი უთქვამთ. 2018 წელი იყო. 

     

    აქტივიზმი

    მე როდესაც “გავიგუდეში” ჩავერთე, წონაშიც კი დავიკელი ამ რეჟიმის გამო, რომ შემძლებოდა სრულ განაკვეთზე მუშაობა და თან აქტივიზმი. ვერ ვასწრებდი უკვე წესიერად კვებასაც კი.

    ზოგადად, ბრძოლებს მარტივად არ ვენდობი: სულ მაინტერესებს, ვინაა მის უკან, რა დგას, ნამდვილად გულწრფელია თუ არა ის ხალხი და ასე შემდეგ. როცა მოვიკითხე, ვინ იდგა “გავიგუდეს” უკან, ვინ აკეთებდა ამ მოძრაობას, მითხრეს, რომ “რეცელი” არისო. მე ნიკას [იგულისხმება ნიკოლოზ მუსერიძე] არ ვიცნობდი, ის ათი წლით ჩემზე დიდია - შესაბამისად, მან რომ დაამთავრა სკოლა, მე ახალი შესული ვიყავი. იმ ფაქტმა, რომ ნიკაც “რეცელი” იყო, ჩემთვის ავტომატურად განაპირობა ნდობა: ერთი ღირებულებებით რახან ვართ გაზრდილებით, ეს ადამიანი, წესით, გულწრფელი უდა ყოფილიყო. ასე შედგა ჩვენი ურთიერთობა: რომ ჩავერთე, იყო 2019 წლის 3 ნოემბერი, - პირველად მივედი “გავიგუდეს” აქციაზე. 

    ჩემი ქალაქისთვის რამე უნდა გავაკეთო, ჩემო ვალი მოვიხადო, - ასე ვფიქრობდი. ეს ვალის შეგრძნება რატომ მაქვს? ჩემი საყვარელი ადამიანების 90% ცხოვრობს ამ ქალაქში. 

    ნიკა საწარმოებთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა და მან უფრო ადრე შეამჩნია გამონაბოლქვი, ვიდრე მე. [საბჭოთა ეკონომიკური კოლფასის შემდეგ,] რუსთავში 2007-2008 წლიდან გააქტიურდა ისევ წამოება: დაიწყო წარმოების ახალი ეტაპი. ნიკა საწარმოებთან ახლოს ცხოვრობდა და ამჩნევდა დაბინძურებას. ჩემი კორპუსიდან კი ეს არ აღიქმებოდა ასე - ბავშვობაში გამონაბოლქვს ვერ ვხედავდით. 

    პირველად, 2019 წელს რომ წავაწყდი ამ ქარხნის ფოტოს, იმდენად უცნაური იყო, რომ ვერ დავიჯერე, fake მეგონა. ეს “გავიგუდეს” პროფაილ ფოტო დღემდე იგივეა: ოთხი მილიდან ყავისფერი გამონაბოლქვი ამოდის. 

    “გავიგუდეთის” პირველი პროფილის ფოტო ფეისბუქზე. ფოტოზე ჩანს საწარმო შპს “რუსელოისი” | ფოტო ©  “გავიგუდეთ,” 2018 წელი

     

    ახლო მეგობარმა გააზიარა ის პოსტი, რომელიც მე ვნახე და შევიცხადე. საერთოდ ასე გავიგე “გავიგუდეს” შესახებ. ვიფიქრე, როგორ არის ეს რუსთავი, რადგან მეგონა, რომ 90-იანების შემდეგ, რაც საწარმოები დაიხურა, გამონაბოლქვების პრობლემა აღარ გვქონდა რუსთავში. 

    პირველად “გავიგუდეს” გვერდზე შევედი, დაახლოებით 6-7 საათი ვსქროლე შეუწყვეტლივ, - მგონი, მარტო წყალი დავლიე ამ 7 საათის განმავლობაში. თავიდან ვერ გავიგე: კომუნიკაცია ჩემთვის არ იყო მთლად გასაგები ამ ფეისბუქ გვერდიდან: 77%-იანი დაბინძურებაზე იყო საუბარი, PM-ებს ახსენებდნენ და ესენი რა იყო, ვერ გავიგე. 

    გავხსენი ვორდის დოკუმენტი და დავიწყე ამოწერა, რა გავიგე და რა ვერ გავიგე, რას გავაუმჯობესებდი ამ კომუნიკაციაში და ამ ჩემი ვორდის დოკუმენტით მივედი “გავიგუდეში”. 

    მაშინ “ბიოლის ფონდის” მწვანე აკადემიის” კურსდამთავრებული ვიყავი და ფონდს ჰქონდა გამოცხადებული პაწაწინა კონკურსი კვლევითი დოკუმენტის მომზადებაზე. Ვიფიქრე, “გავიგუდესთვის” გავაკეთებდი მსგავს დოკუმენტს, რომ რაც მე ვერ გავიგე ფეიჯზე, ის გასაგებად დამეწერა და მოძრაობისთვის დამედო რაღაც ფორმის სამუშაო დოკუმენტი. როცა მოქალაქეს კითხვა ექნებოდა, პირდაპირ ამ დოკუმენტზე მიუთითებდნენ და გავუმარტივებდი კომუნიკაციას. 

    მაგრამ ეს ჩვენი კომუნიკაციის დოკუმენტი არ აღმოჩნდა პირველი პრიორიტეტის საკითხი: ბევრი სასწრაფო საჭიროება გამოიკვეთა. ნელ-ნელა, პოსტებით და საინფორმაციო ნაწილით, შევავსეთ და გავაგრძლეთ აქტივობები: შეხვედრები მოსახლეობასთან, - პირისპირ კომუნიკაციის ფორმატზე გადავედით. 

    2020 წლამდე ყველაფერი ფინანსდებოდა საკუთარი ჯიბიდან, როდესაც პირველი პროექტები დავიწყეთ: გავაკეთეთ მოგზაურობები რუსთავიდან თბილისში, მიგვყავდა მოსახლეობა უფასოდ და გზაში ველაპარაკებოდით ჰაერის დაბინძურებაზე, მიგვყავდა საწარმოო ზონაში ტურებზე, ვაკეთებდით საჯარო შეხვედრებს და ხელფასი არ გაგვიწერია პროექტებში. თავიდანვე დონორები გვეუბნებოდნენ, აუცილებლად გაგვეთვალისწინებინა ხელფასები პროექტში, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობდით.


     

    უხელფასოდ

    თავიდან ვთანხმდებოდით იმაზე, რომ არ გვინდოდა ორგანიზაციად ჩამოყალიბება, - გვინდოდა სახალხო მოძრაობით მიღწეული შედეგი. 

    დღემდე, ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ ჩვენ ეს ვცადეთ, მაგრამ “გავიგუდეთ” ვერ გადარჩებოდა, 2020 წელს ჩვენ დონორების დაფინანსება რომ არ გვქონოდა. თავიდან ვცადეთ, რომ ამ დონორულ დაფინანსებაშიც ხელფასები არ აგვეღო და ალტრუიზმის მაგალითები გვეჩვენებინა, მაგრამ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ეს გრძელვადიანად არ გამოდის, თუ მდიდარი არ ხარ.

    ვცადე ეგეც: რამდენიმეათასიანი დანაზოგი მქონდა და ამოვწურე ფაქტობრივად. მერე მივხვდი, რომ აქ თუ ხელფასს არ ავიღებდი, სხვაგან უნდა მემუშავა და ამისთვის დრო არ დამრჩებოდა. 

    მე როგორც კი ვცადე სრულგანაკვეთიანი სამსახური და სრულგანაკვეთიანი აქტივიზმი ერთდროულად, მივხვდი, რომ ეგ ჩემი ჯანმრთელობისთვის გრძლევადიანად შეუძლებელი იყო. 


     

    მხოლოდ ერთი წელი

    “გავიგუდეში” ერთი წელი მინდოდა დარჩენა. მერე ვფიქრობდი, რომ ვიღაც სხვა გამოჩნდებოდა, სხვა გააგრძელებდა და მე ჩემი ვალი მოხდილი მექნებოდა. არ გამოჩნდა ისეთი არავინ, ვისაც გადავაბარებდი ამ საქმეს. რაღაც ეტაპზე, “მომიწიაც” ჰქვია ამ ყველაფერს - დარჩენა მომიწია.

    2021 წელს მე “ეკო ცენტრი” დავაარსე და ვაპირებდი აკადემიური ფორმატით გამეგრძელებინა “გავიგუდეს” მხარდაჭერა “ეკო ცენტრიდან:” დამეორგანიზებინა ტრენინგები, სამოქალაქო შეხვედრები და რუსთავისა და ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის, და როგორც “ეკო ცენტრის” წარმომადგენელს, გამეძლიერებინა “გავიგუდეთ.” 

    “ეკო ცენტრი” სულ 2 თვის დარეგისტრირებული მქონდა ნიკა [მუსერიძე] მოძრაობიდან რომ წავიდა. ამიტომ, პირველი წელიწადნახევარი, რასაც ვაკეთებდით, იყო მხოლოდ “გავიგუდეს” საჭიროებებიდან გამომდინარე და მასზე მორგებული. ეს დრო ძალიან გადამწყვეტი იყო: ამ დროს შევიდა ძალაში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის ცვლილებები პაკეტი. და კი, კანონი იყო, მაგრამ თუ მის აღსრულებას თვალი არავინ მიადევნა, მაშინ უკვე ის ბრძოლა წყალში ჩაყრილი იყო. 

    ჩიხური მდგომარეობა შემექმნა: აბა, რას ვაკეთებ? არავინ არ ჩანს, ვინც ამას გადაიბარებს და ისიც წყალში იყრება, რაც აქამდე გაკეთდა? მაგ მომენტში მეც საკმაოდ გადაღლილი ვიყავი, ემოციურადაც, ენერგიის კუთხითაც, მაგრამ ისეთი მომენტი იყო: 

    ან არაფერი, ან უნდა გავაგრძელო. გავაგრძელე. სხვათა შორის დღეს “გავიგუდეთ” 6 წლის გახდა. 

    თინათინ მაღედანი რუსთავის პარკში, ქანდაკებასთან “გავიგუდეთ.” ფოტო © კაქტუსი 


    ეს ქანდაკება ძალიან მიყვარს. წლების მერე, ჩემს შვილთან ერთად რომ გავისეირნებ ჩემს საყვარელ პარკში, როგორც ხალხის გამარჯვების სიმბოლოს, ისე მინდა რომ შევხედო. 

    ახლა ჩემთვის ეს მნიშვნელობა აქვს - ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ პირსა და ცხვირზე ხელის აფარება გვიწევს და ეს იმიტომ, რომ ხმას სათანადოდ არ ვიღებთ - პირზე ხელი გვაქვს აფარებული. 

    ქანდაკება “გავიგუდეთ” რუსთავის პარკში | Მოქანდაკე: ვალერიან ჯიქია, რომელიც რუსთაველია | ფოტო © კაქტუსი

     

    აქცია მონაცემების მოსაპოვებლად - მინისტრების რეაქციები

    ჩემი დაბადების დღე იყო - 2020 წლის 14 თებერვალი. საღამოს საათებში გარემოს დაცვის სამინისტროში გახლდით, შეხვედრაზე. ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პირდაპირ და გულწრფელად გვითხრა, რომ თქვენ რომ არ გეხმაურათ და არ აგეტეხათ საუბარი ამ თემაზე, ჩვენ რუსთავს და ჰაერის დაბინძურებას ძალიან დიდხანს არ მივაქცევდით ყუდაღებას, იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვა პრობლემა გვაქვსო. 

    [ლევან დავითაშვილი ამჟამად ორ მნიშვნელოვან თანამდებობას ერთდროულად იკავებს: ის არის საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.]

    ამაზე ჩემი პასუხი იყო, რომ ხმაურს არ მოვაკლებდით. ამავე დღეს მინისტრისგან, ჩემი თხოვნის საპასუხოდ, მივიღეთ დაპირება, რომ სანერგე მეურნეობისგან ნერგებს გადმოსცემდნენ რუსთავს და ასეც მოიქცნენ. პირობის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობისთვის და ნდობის წარმოშობისთვის.

    რატომ დაგვჭირდა 2022 წლის 5 ივნისის აქცია, როცა კანონმდებლობა უკვე შესული იყო ძალაში?!

    “წერილი მინისტრს” - ასეთი აქტივობა გვქონდა. წერილი გავუგზავნეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს - ჯერ ლევან დავითაშვილს, შემდეგ კი - ოთარ შამუგიას [მიმდინარე მინისტრი]. 

    როცა ჩვენს წერილს არ უპასუხეს, ოცმა მოქალაქემაც გაგზავნა იდენტური წერილი. ვითხოვდით გეგმა-გრაფიკს, რომელი საწარმო როდის დაამონტაჟებდა ფილტრაციისა და თვითმონიტორნგის სისტემას.

    ექვსი თვის განმავლობაში პასუხი არ გამოგვიგზავნეს. როდესაც აქცია დავაანონსეთ, 5 მოთხოვნა გვქონდა, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ გეგმა-გრაფიკის გაზიარება. 

    ვერ აღგიწერ, ელემენტარული მონაცემების მიღებაში რამხელა რესურსის დახარჯვა დაგვჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ პასუხი: დოკუმენტის მიღებას დასჭირდა აქცია.

     

    გადააქციე პლასტმასა ხედ

    ბოლო წლებში გამწვანების თემა დავუკავშირეთ ნარჩენების მართვას: ნერგებს მოსახლეობას პლასტმასას და ქაღალდის ნარჩენებში ვუცვლით. ამ გზით ვცდილობთ თან ნარჩენები შევამციროთ და თან ქალაქი გავამწვანოთ.

    საბოლოო ჯამში, რუსთავის მასშტაბით, დარგული გვაქვს: ელდარის ფიჭვი, ჭალის მუხა, ნეკერჩხალი, კედარი, იფანი, თელა.
     
    ჯამში 1 000-ზე მეტი ხე დავრგეთ, რომელთა უმრავლესობისთვის მოწყობილი გვაქვს წვეთოვანი სარწყავი სისტემა. შემოდგომას ვგეგმავთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენაში და ამაში ჩავრთოთ მოსახლეობაც, რადგან თავის დროზე, ენერგეტიკული კრიზისის გამო, სწორედ მოსახლეობამ გაჩეხა ჭალის ტყე. ახლა დროა, ჩვენვე აღვადგინოთ.

    ერთი საპნის ხისა [მარცხნივ] და ელდარის ფიჭვების ხეების ნერგების ნაწილი, რომელიც მოსახლეობას, 2 ტონა პლასტმასას შეგროვების სანაცვლოდ, გადაეცა | 2024 წლის აპრილი | ფოტო © თინათინ მაღედანი

     

     

    “ძალიან ბევრნი”

    მაშინ, გარედან, რეალურად, ჩანდა, რომ ვიყავით ძალიან ბევრნი. მეც ასე მოვედი: მეგონა, რომ 20 ადამიანი მაინც იყო ჩართული და მე რაღაც ჩემი პატარა როლი უნდა შემესრულებინა. რეალურად, რომ მივედი, 3-4 ადამიანი იყო ჩართული. ნიკა იყო ყველაზე მეტად ჩართული, ყოველდღიურ რეჟიმში. 

    2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, ცდილობდნენ, ჩვენთვის პარტიული [თან სხვადასხვა პარტიის] იარლიყიც მიეკერებინათ. ამის პასუხად, დავიწყეთ ხაზგასმა, ვინ მართავდა “გავიგუდეთს” და დეპუტატობის 6-ვე კანდიდატი დავპატიჟეთ საწარმოო ზონაში ტურზე. ამის და ზოგადად, მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის შედეგად, ყველა მიხვდა, რომ ჩვენ “არავისი არ ვართ.” 



     

    ამჟამად რამდენნი?

    ხშირად, ჩვენივე ინტერესის დასაკმაყოფილებლად, შეხვედრაზე ვეკითხებოდით ხალხს, თუ, მათი აზრით და ფეისბუქის აქტივობიდან გამომდინარე, რამდენნი ვართ. 30-ზე ნაკლები არასოდეს დაუსახელებიათ და უთქვამთ ასზე მეტიც.  

    ამჟამად ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულნი ვართ ოთხნი. გვყავს მოხალისე და სტაჟიორი. გვაქვს პროგრამა 100+100. 100 მოხალისეობრივ საათზე გავცემთ სერთიფიკატს და შემდეგ უკვე გვაქვს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა. ორმა გაიარა მოხალისეობის ეტაპი და ახლა არიან სტაჟიორები. თან ვცდილობთ, რუსთაველები ჩავრთოთ ამ ყველაფერში. 

    ეს 100 საათი, შესაძლოა, შეასრულონ ერთი წლის განმავლობაში - ინტენსიური არ არის და მათ განრიგზეა მორგებული. 

    ღია ვართ ახალი ადამიანის მისაღებად - მეც ასე გამოვჩნდი “გავიგუდეში.” სწორედ ამიტომ გვაქვს ეს პროგრამა, რომ სიღრმისეულად ჩაიხედონ ამ საკითხებში და შემდეგ იქნებ თავიანთი თავი დაინახონ ამ ყველაფერში? თან, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის ეს არის დამატებითი და ხშირად პირველი სამუშაო გამოცდილება. 

    Მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან ცოტანი ვართ ჩართული, უამრავი მოქალაქე გვიჭერს მხარს. Ამ მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვიდოდა,



    არის თუ არა დადებითი ევოლუცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობაში?

    ორგვარად შეიძლება შევაფასოთ.

    კი, ნამდვილად არ ჰყავთ იმდენი კადრი და ტექნიკა, რამდენიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუ 2021, 2022 ან 2023 წელს იყო შესაძლებელი მეტი ინსპექტირება, წინა წლებთან შედარებით, იქამდე რატომ არ იყო შესაძლებელი?

    პოლიტიკური ნება არ იყო. ამჟამინდელი მეტი პოლიტიკური ნება განაპირობა მოქალაქეების ზეწოლამ. თუმცა, ამ ნების ნაკლებობა ისევ ბევრ რამეში იგრძნობა.

    რუსთავში, წინა წლებთან შედარებით, ინსპექტირების რაოდენობა გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო შესული ზარების რაოდენობამ, რადგან მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო რეკვები. 153 ცხელი ხაზი რუსთავში არავინ იცოდა და ჩვენ ვართ მაგის რეკლამა.


     

    ღამით მუშაობა

    ვცდილობთ, მაქსიმალურად ყველა საწარმოს ჰქონდეს დამონტაჟებული ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა იმიტომ, რომ ჩვენ თავიდან დავიწყეთ ბრძოლა იმისთვის, რომ საწარმოებს ფილტრები დაემონტაჟებინათ, რომელიც კანონით ისედაც სავალდებულო იყო, მაგრამ არავინ იყო მომთხოვნი და თითქმის არავინ ასრულებდა.

    რაღაც ეტაპზე, საწარმოებმა “მოქნილობა” გამოიჩინეს და ღამე დაიწყეს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობა, რომ ეს ყველაფერი შესამჩნევი არ ყოფილიყო, და ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.

    ეს ახლაც გრძლდება: არაერთი ცემენტის საწარმოს ღამით მუშაობის ფოტოებს გვიგზავნიან. ღამის საათებში განსაკუთრებით უმატებენ გაფრქვევას და იმდენად არაა ხილვადი. და, რა თქმა უნდა, ზედამხედველობის დეპარტამენტი ღამით არ დადის, თუ ვინმემ სპეციალურად არ დარეკა და ინსპექტირება არ მოითხოვა. 


    რამდენი საწარმოა ამჟამად რუსთავში?

    დაახლოებითი რაოდენობა იგივე რჩება: 50-მდე საწარმოა რუსთავში.

    არსებული საწარმოების ნაწილი წარმადობას ზრდის: ვთქვათ, თუ აწარმოებდა 1 000 ტონა არმატურას, შემდეგ 2 000-ზე გადავიდა. ასეთ დროს საბოლოოდ გაფრქვეული ნივთიერებების რაოდენობაც ორმაგდება. რამდენიმე ახალი საწარმოც გაიხსნა. 

    ეს რომ მანამდე მომხდარიყო, ვიდრე ჩვენ საქმიანობას დავიწყებდით, საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა. ახლა რაღაც მაინც კონტროლდება. 

     

    თვითმონიტორინგის ვალდებულება 

    ყველა საწარმოს არ ეხება. სენსორები 15-დან 13-ს აქვს დამონტაჟებული. 

    2021 წელს სამ შინაარსობრივად შესაბამის კანონში შევიდა ცვლილება, კანონებში - “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”, “გარემოს დაცვის შესახებ” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” - გაიზარდა ჯარიმები დარღვევებისთვის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან საწარმოებს ჰქონდეთ მოტივაცია, თანხები ჩადონ მოდერნიზაციაში, გადაიარაღებაში და არა ჯარიმები იხადონ.

    თვითმონიტორონგის ფარგლებში, საწარმოების ნაწილს სენსორის დამონტაჟება დაევალა.

    სენსორი, ავტომატურ რეჟიმში, გადასცემს მონაცემებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და თუკი გადაჭარბებაა, მაკონტროლებელი ავტომატურად ხედავს ამ ინფორმაციას.

    სენსორი შემკრები მილის ზემოთაა მოთავსებული. შესაბამისად, თუ სათანადოდ არ შეიკრიბა ეს გაფრქვევები და მილამდე არ მივიდა, სენსორი მას ვერ აღიქვამს. ესაა ერთ-ერთი გამოწვევა: შემკრები ნაგებობები ბოლომდე კრებენ თუ არა გაფრქვევებს ორგანიზებულად, არ ვიცით. თუკი აირები არ შეიკრიბა სათანადოდ და არ ავიდა მილამდე, სენსორი სიგნალს სათანადო მონაცემით ვერ გადასცემს დეპარტამენტს. 

    არაორგანიზებული გაფრქვევები შიგნით კარგად გასაკონტროლებელია. ეჭვი გვაქვს, რომ შიგნით ასეთი გაფრქვევები ხდება და ინსპექტირებები არის ჩასატარებელი, სათანადო ოდენობით. ასევე არ ვარ დარწმუნებული, საკმარისია თუ არა იმ ნივთიერებების გაკონტროლება, რაც ამ კონკრეტული რეგულაციის ფარგლებში საწარმოებს ევალებათ. დამაბინძურებლები საწარმოების მიხედვით განსხვავდება და სპეციფიურია.

    ადრე საწარმოები ყველა ღიობიდან ბოლავდა და ახლა სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია. 

     

    ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები: ისევ ფონური 

    ამჟამად რუსთავში ორი სადგური გვაქვს, ორივე ფონური. [ფონური ისეთი სადგურია, რომელიც დამაბინძურებელ წყაროსთან/წყაროებთან ახლოს არ დგას.] 

    ჩვენ სამრეწველო სადგურსაც ვითხოვდით, რომელიც საწარმოსთან ახლოს კიდევ უფრო კარგად გაზომავდა ჰაერის ხარისხს. სამრეწველო სადგური დაიდგმება 2025 წლის ბოლოს, სოფელ თაზაქენდში.

    თაზაქენდი ოფიციალურად გარდაბანს ეკუთვნის, მაგრამ არის ყველაზე ახლო დასახლება სამრეწველო ზონასთან. იმ შედეგებს ძალიან ველოდებით. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და რეალურ ინფორმაციას მოგვცემს ეგ. 

    იქ ძალიან ახლოს ცხოვრობს მოსახლეობა და მათ ჯანმრთელობაზე ეს როგორ აისახება, ამას კარგად აჩვენებდა. სამრეწველო სადგურთან ახლოს რა ხდება, ეგ ცალკე ამბავია. ფონური სადგურიც კი კატასტროფულ მაჩვენებელს აჩვენებდა. 


     

    ახალი ფონური სადგურის ლოკაცია - გამწვანებულ ადგილას

    სიმართლე გითხრათ, არ ვეთანხმებით ამ კონკრეტულ ლოკაციას.

    თავის დროზე, როცა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გზამკვლევი - roadmap - გაკეთდა, გვითხრეს, რომ უცხოელი ექსპერტის ჩართულობით შეიქმნა ეს გზამკვლევი. 

    მისი გახსნის პრეზენტაციაზე ვიყავი და ჩემი კითხვა იყო, როგორ შეირჩა ეს ადგილი. რუსთავის მე-20 სკოლის ეზო არ არის მთავარი გზის პირას და იქ, მაგალითად, აზოტის დიოქსიდი ყოველთვის იქნება ნორმაში. 

    როცა იმ კონკრეტულმა ექსპერტმა ის კონკრეტული ადგილმდებარეობა შეიტანა გზამკვლევში, მაშინ ის ადგილი იყო ხრიოკი: ბალახიც კი იწვებოდა იქ ივნისის თვეში, ისეთი მოშიშვლებული იყო. უდაბნო იყო იქ და ამტვერების დონეც სხვა იყო. 

    Მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ 2020 წელს ხეები დავრგეთ, მიკროკლიმატი შეიცვალა, ღია გრუნტი აღარ არის - 5-10 წელში ეგ ტერიტორია ტყესავით იქნება. ახალი სადგური დგას გზიდან მოფარებით, მას შენობები და სკოლა ეფარება.

    ახალი სადგურისთვის ეს ადგილი თუ ვალიდური იყო 2020 წლამდე, რამდენად ვალიდურია ახლა? ეს კითხვა ისევ მაქვს. 

    ♦