2024-07-07

  • სომხეთი ახალი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს
  • სომხური მედია-გამოცემა “ჰეთქი” წერს, რომ ახალი ატომური ელექტროსადგურის ღირებულება დაახლოებით 3-5 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი უნდა იყოს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულნი არიან ევროპული კომპანიები, მაგრამ რუსული კომპანია “როსატომიც.”
     
    “როსატომის” წარმომადგენელი შარშან სომხეთს დადგმული 1 000 -1 200 მეგავატი სიმძლავრის ერთი ატომური რეაქტორის აშენებას სთავაზობდა.
    სომეხი დარგის ექსპერტების ნაწილის თქმით, ქვეყანას ამ სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგური არ სჭირდება, უფრო პირიქით - ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის მართვა ახალი თავსატეხი იქნება ქვეყნისთვის.
     
    ატომური ენერგია განახლებადი ენერგიის წყაროა და კლიმატმეგობრულად ითვლება, თუმცა ის საშიშია ბირთვული ნარჩენების გამო. სომხეთის კონტექსტში, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საფრთხილოა მიწისძვრის საფრთხის გამოც. 1988 წელს, სპიტაკში, მეწამორის რეაქტორის სიახლოვეს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა და 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
     
    სწორედ ამ წელს, სეისმური საფრთხეების გამო, მეწამორის ატომური ელექტროსადგური გამორთეს და ის მხოლოდ 1995 წელს ჩართეს ისევ, სომხეთში არსებული ენერგოკრიზისის გამო.
     
     

    ევროკავშირი და ატომური ენერგია

    ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, კლიმატის ცვლილების საფრთხეებისა და ატმოსფერულ ჰაერში სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოყოფის შემცირების მიზნით, წიაღისეული რესურსებისგან [გაზი, ნავთობი, ქვანახშირი] უარის თქმას და სრულად განახლებად ენერგიაზე გადასვლას აპირებენ.
     
    2050 წლისთვის, ევროკავშირი სრულიად ნახშირბადნეიტრალური უნდა იყოს - სათბურის ეფექტის მქონე არც ერთი გაზი არ უნდა გამოიყოფოდეს და დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მზარდი მატების ტენდენციის შემცირებაში საკუთარი დადებითი როლი უნდა შეიტანოს.
     
    ატომური ენერგიის საკითხი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ აქტუალური რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა - მას შემდეგ, რაც ევროპამ უარი თქვა რუსულ გაზზე და კლიმატის ცვლილების საფრთხეების გამო ენერგეტიკაში წიაღისეული რესურსების მოხმარების შემცირებას გეგმავს.

    "ყველამ იცის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ატომური ენერგიის ათვისებაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ვონ დერ ლეიენმა ატომური ენერგიის სამიტზე, მიმდინარე წლის 21 მარტს. - "მაგრამ მე აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა, ქვეყნები, რომლებიც ღია არიან ატომური ენერგიის წარმოების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარებით, ატომურ ენერგიას სუფთა ენერგიაზე გადასვლაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ახლებურად შეხედა ატომურ ენერგიას და მის შესაძლო დადებით როლს სუფთა ენერგიისკენ მიმავალ რთულ გზაზე. 

    რაშია მისი როლი უფრო კონკრეტულად? - პირველ რიგში იმაში, რომ კლიმატის ცვლილების კუთხით აღებულ ვალდებულებებს და მიზნებს მივაღწიოთ. მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ ჰიდროენერგიის შემდეგ, ის მსოფლიოში რიგით მეორე ენერგიის ფორმაა, რომლის წარმოებისას ემისიები დაბალია. 

    მეორე საკითხია ენერგოდამოუკიდებლობა - ქვეყნებს უკვე აღარ უნდათ იმპორტირებულ წიაღისეულ რესურსებზე დამოკიდებულება. 

    მესამე მიზეზია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება - ატომურ ენერგიას შეუძლია საიმედო და სტაბილური ფასების შეთავაზება და შენარჩუნება," - განაცხადა  ვონ დერ ლეიენმა. 

     

    ახალი ტექნოლოგიები ბირთვული ენერგიის ათვისებაში

    “ბოლო დავალება არის ინოვაცია: ბირთვული ენერგიის ათვისების სფეროში ახალი ტექნოლოგიები ძალიან დინამიური სფეროა,” - აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის სამიტზე. - “მათ შორისაა პატარა, მოდულარული, რეაქტორები.”

    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღწერით, პატარა, მოდულარული, რეაქტორების [Small modular reactors (SMRs)] დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 300 მეგავატია და მათ დაბალი ემისიის მქონე ენერგიის წარმოების პოტენციალი აქვთ.

    ახალი თაობის მოდულარული რეაქტორები უფრო უსაფრთხოცაა: ისინი ადამიანზე ნაკლებად არის დამოკიდებული, უფრო დაბალია რადიოაქტიური გამოსხივებით დაბინძურების რისკები და ასეთის შემთხვევაშიც კი, მასშტაბები შედარებით დაბალია. 

    თუკი ავარიული სიტუაცია შეიქმნა, ისინი ავტომატურად ირთვებიან - ადამიანის ჩარევა აქაც არაა საჭირო.

    ახალი თაობის პატარა რეაქტორებს ასევე ნაკლები საწვავი სჭირდებათ, ვიდრე ძველ, დიდ რეაქტორებს. ახალ რეაქტორებს ყოველ 3-დან 7 წელიწადში ერთხელ სჭირდება საწვავის გამოცვლა, ტრადიციულ რეაქტორებს კი უფრო ხშირად - 1-დან 2 წელში ერთხელ. 

    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ პატარა, მოდულარულ, რეაქტორს, საწვავის შევსების გარეშე, 30 წლამდე მუშაობაც კი შეუძლია.

     

    პატარა რეაქტორების როლი ენერგიის ჰიბრიდულად გამომუშავებაში

    მცირე ზომის ბირთვული რეაქტორები ენერგიის ისეთ წყაროებს წარმოადგენენ, რომლებიც მოთხოვნისამებრ გამოიმუშავებენ ენერგიას - მათ შეუძლიათ გამომუშავების მორგება ელექტროენერგიის მოთხოვნილების შესაბამისად. 

    ბატარეების გარეშე, ქარი და მზე ენერგიის არასტაბილური წყაროებია, რომელთა გამომუშავება ამინდსა და დღის კონკრეტულ მონაკვეთზეა  დამოკიდებული.

    ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღწერს, რომ მოდულარული პატარა რეაქტორები შეიძლება დაწყვილდეს ენერგიის სხვა წყაროებთან, - მზესა და ქართან - ჰიბრიდულ ენერგეტიკულ სისტემაში.

    ამ დადებითი მახასიათებლების გამო, მოდულარულმა პატარა რეაქტორებმა შეიძლება საკვანძო როლი შეასრულონ სუფთა ენერგიის მიღებისკენ მიმავალ, და გარდამავალ, რთულ გლობალურ პროცესში, ამავდროულად, დაეხმარონ ქვეყნებს მდგრადი განვითარების მიზნების  [Sustainable Development GoalsSDGs] განხორციელებაში.

    მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის - ენერგიაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის, - SDG 7-ის, - მიღწევის მცდელობებმა თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, მაგრამ ხარვეზები კვლავაც არსებობს. განახლებადი ენერგიის წყაროების მოპოვების ტექნოლოგიებისა და პატარა მოდულარული რეაქტორების დაწყვილებაც შეიძლება ენერგიაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მისაღწევად.