2024-06-13

  • კლიმატის მწვანე ფონდის მდორედ მიმდინარე პროექტი საქართველოში
  • მნიშვნელოვანი დათქმა: სტატია, რომელიც საქართველოში კლიმატზე ყველაზე დიდი პროექტის - Multi-Hazard Early Warningშეფასებაა, განახლებადია, ახალი მონაცემების მოპოვების ან/და პასუხისმგებელი პირებისგან წერილობითი ან სატელეფონო კომენტარების/მოსაზრებების მიღების შესაბამისად. სტატიაში მოცემული ყველა მოსაზრება დასაბუთებულია კვალიციფიური წყაროებით. რადგან პროექტი მრავალკომპონენტიანი და ცვალებადია, ზოგი მონაცემი, რომელიც ამჟამად სტატიაშია მოცემული, შესაძლოა, მოძველებული იყოს იმ ღია წყაროებიდან გამომდინარე, რასაც ძირითადად სტატია ეყრდნობა, რაც არ გამორიცხავს ისეთი სიახლეების არსებობას, რომელიც ამჟამად საჯარო არაა პროექტის მმართველი ორგანიზაციის - გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] - გამჭვირვალობის გვერდზე, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს კონფიდენციალურად.

     

    მეექვსე წელია მდორედ და არაეფექტიანად მიმდინარეობს პროექტი Multi-Hazard Early Warning, რომლის შედეგადაც საქართველო ამ დროისთვის უფრო მეტად მომზადებული, აღჭურვილი, ინსტიტუციურად და ციფრულად გამართული უნდა ყოფილიყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი სტიქიური პროცესების მიმართ, ვიდრე ის დღეს არის. 

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი ბუნებრივი კატასტროფა განვითარდა, მათ შორის ყველაზე მძლავრი და რთული - რაჭაში, შოვში, შემდეგ - გურიაში, იმერეთსა და აჭარაში, რომლის გამოც ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები, ქალები და ტურისტები.  

    მიმდინარე წლის 26 ივნისს ქარბორბალა ამოვარდა კახეთში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის გვერდით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "სტიქიის შედეგად გადახდილია [ალავერდის მონასტრის] გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა."

    ძლიერმა ქარმა ალავერდის მონასტრის გუმბათს თუნუქის საფარი მოხადა © ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო | 27|06|2024

     
     
    ალავერდის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაში ეს ძეგლი სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, რომლებიც XI-XVIII საუკუნებს შორისაა აგებული, მათ შორისაა წმინდა გიორგის ტაძარი, სამრეკლო, პალატი, გალავანი, სასახლე, მარანი, აბანო და კარიბჭე.
     
    ადამიანური სიცოცხლის დანაკარგისა და კულტურულად ღირებული ნაგებობების დაზიანების გარდა, სხვადასხვა მასშტაბების სტიქიებმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები, წალეკა საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებლად უვარგისი გახადა კონკრეტული ადგილები და გააჩინა ახალი ეკომირანტები.
     
    უხვი ნალექები აზიანებს თბილისსაც: წვიმების შემდეგ, სანიაღვრე სისტემების გაუსუფთავებლობის და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, იტბორება ქუჩები, სარდაფები, ზიანდება მოქალაქეების ქონება.
     
    პროექტის Multi-Hazard Early Warning დამთავრების შემდეგ, ადრეული შეტყობინების სისტემაში რამდენიმე სააგენტო, სამინისტრო და ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს ჩართული, მუდმივად იყვნენ კოორდინაციაში ერთმანეთთან და ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ და დაიცვან ქონება და ინფრასტრუქტურა.
     
    სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური მოწყობა, რომლებმაც ჩამოთვლილი აქტივობები უნდა აღასრულონ, ჯერ-ჯერობით სუსტია და საქართველოში გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებს კარგად ვერ უმკლავდება. 

     

    ამინდის პროგნოზი პოსტ-ფაქტუმ

    12 ივნისს გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორმა ამინდის პროგნოზის შესახებ პოსტი დაარედაქტირა. თავდაპირველ პოსტში, რომელიც 12 ივნისის 17:24 წუთზე გამოქვეყნდა სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე, სეტყვა იყო ნახსენები, როგორც საფრთხე, ხოლო ლოკაცია - დედაქალაქი თბილისი, მაგრამ არ იყო ნახსენები კახეთი, სადაც მოგვიანებით მოხდა სეტყვა.
     
     
    სქრინი © " Cactus | კაქტუსი" 
     
     
    12 ივნისის 18:51 საათზე, პოსტი გამოაქვეყნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმაც, ფოტოების თანხლებით, სადაც ჩანდა სეტყვისგან დაყრილი, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრი, სფერული ფორმის ყინულები.
     
     
    ფოტო © კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
     
     
    "ასეთი სეტყვა არ მახსოვს, ისე გადაუარა ამ ზომის ყინულმა სოფლებს", - დაწერა კარლომ ფეისბუქის საკუთარ ანგარიშზე, იყალთოდან [თელავის მუნიციპალიტეტი]. 
     
    თელავის მუნიციპალიტეტში აგრომეტეოროლოგიური სადგური არ დგას. 
     
    12 ივნისის 19:17-ზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორმა მოკლე და ზოგადი პოსტი ამინდის პროგნოზზე დაარედაქტირა და კახეთი დაამატა, როგორც სეტყვის, ასევე წყალმოვარდნებისა და მეწყერ-ღვარცოფის საფრთხის ზონა.
     
    "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 12 ივნისს, საღამოს თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - რუისპირი, იყალთო და ვარდისუბანი - დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და მნიშვნელოვნად დააზიანა ვენახები, ხილის ბაღები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები.
     
    ეს ის რეგიონებია საქართველოში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მოჰყავთ ხილი, ბოსტნეული და ყურძენი.
     
    აგრომეტეოროლოგიური სადგური არის ინფრასტრუქტურა, რომელიც სისტემატურად აკვირდება ამინდს და აღნუსხავს მის ზეგავლენას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აგრომეტეოროლოგიურ სადგურში მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებენ ყველა ჰიდრომეტეოლოგიური სადგურებისათვის დადგენილი საერთო პროგრამით, ზომავენ ნიადაგის ტენიანობას, ტემპერატურას, მზის რადიაციას, ქარის სიჩქარეს, ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურას, აკვირდებიან სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას, განსაზღვრავენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სახეებსა და მათი ჩატარების ვადებს. 
     
    გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომელიც სააგენტომ "კაქტუსს" მიმდინარე წლის 19 მარტს გაუზიარა, საქართველოში შვიდი [7] აგრომეტეოროლოგიური სადგური დგას, მათ შორის, ერთი კახეთში, დანარჩენი კი - შიდა ქართლში. 
     
    კახეთის რეგიონიდან - მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ხოლო შიდა ქართლის რეგიონიდან - ქარელში, სკრაში, შინდისში, ქიწნისში, ზერტსა და ქვემო შაქშაქეთში [ფცა].


     

    "მსოფლიო ბანკის" ანგარიში საქართველოში ამინდის პროგნოზირებაზე

    “მსოფლიო ბანკის” ანგარიშის მიხედვით, "წყალდიდობის მონიტორინგს და მეტეოროლოგიური დაკვირვებების წარმოებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც მე-19 საუკუნის შუა პერიოდში იღებს სათავეს. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი [GHMD] იყო და კვლავაც წარმოადგენს ქვეყანაში საზოგადოებისთვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის, შეტყობინებების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის წყაროს.

    1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის ნგრევამ საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური მომსახურების მიწოდება შეაფერხა, რასაც მოჰყვა დაკვირვების ტრადიციული ქსელების მოშლა და [დასავლეთ ევროპის ქვეყნების ჰიდრომეტეოროლოგიური უწყებების მიერ მიწოდებული მომსახურებისაგან განსხვავებით] სამუშაო პროცესში მოძველებული და არაეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება. 

    მაგალითად, GHMD-ს არ შეუძლია მსოფლიოს წამყვანი ცენტრებისგან ციფრული ფორმით ხელმისაწვდომი ამინდის პროგნოზის საუკეთესო გამოყენება სინოპტიკური და კლიმატური საორიენტაციო პროგნოზების მოსამზადებლად მოძველებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის გამო. მას არ აქვს წვდომა საკმარის დაკვირვებებთან და ინსტრუმენტებთან, რომლებიც საჭიროა პროგნოზების შესადგენად ექვს საათზე ნაკლები დროის შუალედისთვის (მიმდინარე ამინდის პროგნოზი), რაც აუცილებელია ნიაღვრის, ღვარცოფის და მეწყრის პროგნოზირებისთვის. მისი ჰიდროლოგიური მომსახურება ემყარება გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაცემებს და მეთოდოლოგიებს."

     

    არასრული გაფრთხილება ამინდზე

    ჰოდრომეტეოროლოგიურ მონაცემებს საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო აგროვებს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია რამაზ ჭითანავა.

     "ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი გაფრთხილების გამართული სისტემა, ე.წ. რადარული დაკვირვებები აუცილებელია", - უთხრა "ნეტგაზეთს" რამაზ ჭითანავამ 2015 წლის 18 ივნისს, 13 ივნისს თბილისში, ვერეს ადიდების გამო, მომხდარი სტიქიის შემდეგ. - "1990 წლამდე საქართველოში  საბჭოთა რადარები არსებობდა, თუმცა ამჟამად ჩვენ ასეთი რადარი არ გაგვაჩნია. ეს რადარი იძლევა იმის საშუალებას, რომ უწყვეტ რეჟიმში სივრცეში დაინახოს სინოპტიკოსმა ვითარება. მინიმუმ, 150-200 კილომეტრის რადიუსში ხედავს ღრუბლის წარმოშობის მთელ ფიზიკას: როგორია ღრუბელი, მისი სიმაღლე, გადაადგილების სიჩქარე, მიმართულება. სინოპტიკოსს ეს აძლევს საშუალებას, რომ ძალიან დიდი წინსწრებით არა, მაგრამ დაახლოებით 2 საათით ადრე თქვას ზუსტად, რა ნალექი შეიძლება გამოიწვიოს ღრუბელმა. 2 საათით ადრე მიღებული სიგნალი და გაფრთხილებაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია ჩვენ ჯერ არ გვაქვს, ის ძალიან ძვირია… ერთი რადარი დაახლოებით 2 მილიონი ევრო ღირს."

    საქართველოში ამჟამად ორი რადარი დგას, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. გაუგებარია, ორი რადარის არსებობის შემთხვევაში, რატომ არის ამინდის პროგნოზირება ასეთი სუსტი: არაზუსტი და დაგვიანებული. 

    გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც ორ ახალ რადარს მართავს, ამინდის პროგნოზზე შეტყობინებას ან აგვიანებს, ან პოსტი ზოგადი და არაფრისმომცემია: მოიცავს უხვი ნალექების არა კონკრეტულ ლოკაციებს [ქუჩას, თემს, მუნიციპალიტეტს], არამედ იშვიათ შემთხვევებში, მთლიან რეგიონს, რაც საკმარისი არ არის დაუყოვნებლივი გადაწყვეტილების მისაღებად. 

    2024 წლის 30 მაისს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რასაც თან ერთვოდა სეტყვა და გრიგალი. დაიტბორა ქუჩები, წაიქცა ხეები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პოსტი ნალექის მოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში [19:27 PM] გამოაქვეყნა. პოსტის ქვეშ მოქალაქეები წერდნენ, რომ სააგენტომ რეაგირება დააგვიანა. 

    - რა ოპერატიულობაა! - დაწერა ელი ნადიბაიძემ.

    - ვხედავთ, რავი, - აღნიშნა ნინი აზნარაშვილმა სააგენტოს პოსტზე. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი პოსტი 30 მაისს,  როცა პოსტი წვიმის მოსვლის შემდეგ გამოქვეყნდა


     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი SMS-ები

    შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სწრაფი რეაგირების სამსახური ერთ-ერთი საჯარო უწყებაა, რომელიც ადრეული გაფრთხილების სისტემაში ჩართული უნდა იყოს. მისი როლი და ბიუჯეტი გაწერილია პროექტში Multi-Hazard Early Warning

    თუკი უხვი ნალექებია მოსალოდნელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას - ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის, - SMS-ებს უგზავნის. ისევე, როგორც სააგენტოს შემთხვევაში, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაში წერია, კონკრეტულად სად გაუარესდება ამინდი ან რა უნდა ქნას SMS-ის მიმღებმა მოქალაქემ. 

    ასეთი ტიპის მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ერთადერთი მონაცემია დაზუსტებული: ამინდის გაუარესების თარიღი. კონკრეტული დრო და ლოკაციები დაზუსტებული არაა, რეგიონების დონეზეც კი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინება მოქალაქეებს, როცა ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

     

    როდის გააფრთხილა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის შესახებ საზოგადოება?

    შარშან, 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი ბუნებრივი სტიქიური მოვლენა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მრავალკომპონენტიანი იყო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარ სტიქიებს შორის. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამაფრთხილებელი პოსტი მაშინაც დააგვიანა.

    შოვში, მყინვარ თბილისადან მყინვარული ნაშალის ჩამოშლის შემდეგ, მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე [15:15 PM] ჩამოვიდა და გაიშალა სოფელ გლოლაში. სააგენტომ იმ დღეს გამაფრთხილებელი პოსტი ღვარცოფული ნაკადის კოტეჯებამდე მოსვლამდე 16 წუთით ადრე [15:09 PM] გამოაქვეყნა. 

    ამ პოსტში ონის მუნიციპალიტეტი საერთოდ არ იყო ნახსენები.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი პოსტის გამოქვეყნების დრო შოვის ბუნებრივი კატასტროფის დღეს


    ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდეშელმა, უარი გვითხრა სატელეფონო ინტერვიუზე და წერილობითი კომუნიკაცია არჩია. სერგო ხიდეშელის წერილობითი პასუხით კი შოვში მომხდარი ტრაგედიის დღეს მოვლენების ზუსტი ქრონოლოგიური აღდგენა შეუძლებელია. 

    მოთხოვნის მიუხედავად, საპასუხო წერილში არ წერია, რომელ საათსა და წუთზე შევიდა მერიაში პირველი ზარი მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, ვინ დაურეკა მერს და ჰქონდა თუ არა საკმარისი დრო ადამიანების ევაკუაციისთვის. 

    ონის მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციების მართვის დამტკიცებული გეგმა არც ახლა აქვს. 

    “შოვის შემდეგ არ მახსოვს, რომ მსგავსი გეგმა გაკეთებულიყოს,” - უთხრა “კაქტუსს ალექსანდრე კერვალიშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა. - “ზეპირად ვერ ვიხსენებ და ვერ მოგატყუებთ, გვაქვს თუ არა მსგავსი დოკუმენტი.”

    კითხვაზე, ემახსოვრებოდა თუ არა მსგავსი დოკუმენტის შესახებ, თუკი ბოლო თვეების განმავლობაში მისი განხილვა იყო ონის საკრებულოში, ალექსანდრე კერვალიშვილმა გვიპასუხა: “ცუდად არ გამიგოთ და ვერ აღვიდგინე.” 

    აპირებს თუ არა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მსგავსი გეგმის განხილვის დაწყებას უახლოეს მომავალში, კერვალიშვილმა გვითხრა:

    “ზოგადი მეხსიერებით, რამდენიმე დოკუმენტი მახსოვს, რომლებიც საკმაოდ დიდტანიანი იყო, კლიმატის ცვლილებას ეხებოდა და მიღებული გვაქვს, ოღონდ ადრე წლებში, მაგრამ არ მახსოვს, ეს ევაკუაციის გეგმა იყო თუ არა. გეგმა, ზოგადი, გვაქვს. წერილი მოგვწერეთ, მოვიძიებთ, კარგად ჩამოვყალობდებით და ასე გიპასუხებთ, უფრო დარწმუნებით.” 


     

    მუნიციპალიტეტები და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები

    გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, სამუშაო ვერსიის ამა თუ იმ ფორმით, მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტს აქვს [თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი, აბაშა, სენაკი, სამტრედია და ხობი]. მათ ნაწილს გეგმა დამტკიცებული აქვს, ნაწილს - არა. 

    რეგიონული მუნიციპალიტეტების საგანგებო სიტუაციების ყველა გეგმა, რომლებიც ამჟამად ძალაშია შესული, გასულ წელს არის დამტკიცებული, ნაწილი შოვის სტიქიამდე, ერთი კი - შოვის შემდეგ.

    UNDP თბილისის მერიასაც დაეხმარა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დოკუმენტის მომზადებაში. “კაქტუსი” მერიიდან პასუხის მიღებისთანავე გაცნობებთ, დაამტკიცა თუ არა ეს გეგმა საქართველოს დედაქალაქის საკრებულომ. 

    “რა არის მუნიციპალიტეტის როლი ადრეული შეტყობინებების ჯაჭვში? - ჩვენ ამის არც ფინანსური რესურსი გვექნება, არც პროფესიონალი კადრები, რომ დავგეგმოთ. ამას, ალბათ, გარემოს დაცვამ უნდა მიაქციოს ყურადღება - მე ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს გაწვდით,” - გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, პაატა ქათამაძემ.

    ყოფილა ან არის თუ არა შუახევის მუნიციპალიტეტში სენსორული სისტემა, ან მეტეოროლოგიური სადგური, ან ამინდის პროგნოზირების სხვა ტექნოლოგია, პაატა ქათამაძემ გვიპასუხა, რომ არ იცოდა.

    სატელეფონო კომენტარებისა ან მოსაზრების გამოთქმისგან უარს გვეუნებოდა მუნიციპალიტეტის უმეტესობა. ყველა მათგანმა, ინტერვიუს ნაცვლად, საჯარო ინფორმაციის წერილის დაწერა გვთხოვა.

    11 მუნიციპალიტეტიდან ხუთმა  [ბაღდათი, ხულო, ქედა,  ცაგერი, ახმეტა] მოგვწერა, რომ საევაკუაციო გეგმა არ აქვს შემუშავებული, ონის, ლანჩხუთის, დუშეთის და სხვა მუნიციპალიტეტმა ამ კითხვას საერთოდ არ უპასუხა. 

    მათმა ნაწილმა პირდაპირი პასუხისგან შეიკავა თავი და “კი” ან “არას” ნაცვლად, მოგვწერეს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეტყობინებისთანავე გადიან სტიქიის ზონაში და მოსახლეობა საჭიროებისამებრ გაჰყავთ უსაფრთხო ადგილზე. 

    "წინასწარმა კვლევებმა გამოავლინა, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები და ცნობიერება ადრეული გაფრთხილების სისტემის მიმართ საკმაოდ შეზღუდულია", - აღნიშნულია წერილში, რომელიც ამ საკითზე UNDP-ის თბილისის ოფისიდან მიიღო "კაქტუსმა." - "ამის გათვალისწინებით, UNDP-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა მუნიციპალიტეტების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამის პარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.


     

    პროექტი Multi-Hazard Early Warning

    პროექტი Multi-Hazard Early Warning 2018 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და კლიმატის თემაზე არსებულ სხვა პროექტებთან შედარებით ყველაზე დიდია საქართველოში. 

    პროექტის Scaling up Multi-Hazard Early Warning and the Use of Climate Information in  Georgia ბიუჯეტი და ტაიმლაინი © UNDP Transparency Portal, screen shot  

    პროექტი, გარე ექსპერტების შეფასებით, დასახული მიზნების აღსრულებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. დაწყებიდან დღემდე, ის არაერთხელ შეიცვალა: ახალი დონორი დაემატა, ერთ-ერთი კომპონენტი გადავადდა, შემდეგ ის კომპონენტი დასრულდა და საბოლოოდ, პროექტის ეფექტურად აღსრულება გართულდა. 

    პროექტის Multi-Hazard Early Warning კორექტირებული ბიუჯეტი, რომელსაც გასულ წელს, საქართველოს მთავრობის მხრიდან, ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ხოლო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს [Swiss Agency for Development and Cooperation, SDC] მხრიდან - ანნა ჩერნიშევამ. 


    პროექტს ამჟამად ოთხი დონორი ჰყავს, რომელთა შორისაა საქართველოს მთავრობა. ოთხი დონორისა და შესაბამისი კომპონენტების გამო, გარე შემფასებლების აზრით, პროექტის მართვა გაძნელდა: ოთხივე კომპონენტს სხვადასხვა დედლაინი და შესრულების სპეციფიკა ახლავს, ზოგჯერ დავალებების შინაარსი ერთმანეთს ფარავს და ეფექტურობა  დაბალია. 

    პროექტის ერთი კომპონენტი, რომლის დონორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოა, უფასოდ გადავადდა [no-cost extension] და მიმდინარე წლის მაისში დამთავრდა.

    პროექტის მეორე, უფრო დიდი, კომპონენტი, რომლის დონორი კლიმატის მწვანე ფონდია [GCF], დამოუკიდებელი შემფასებლების აზრით, ასევე შეფერხებით მიმდინარეობს. პროექტის გუნდის შეხვედრა მის უფასო გადავადებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის აპრილში შედგა, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გახანგრძლივდება თუ არა ის უფასოდ. 

    Screenshot © UNDP Transparency Portal 

     

     

    პროექტის ბიუჯეტი და დონორები

    პროექტს Multi Hazard Early Warning ამჟამად, სახელმწიფო თანამონაწილეობის გარდა, სამი დონორი ჰყავს. მათ შორის ყველაზე დიდი კლიმატის მწვანე ფონდია. ბოლო შესწორებით, პროექტის ღირებულება 74,334,622 ა.შ.შ. დოლარია. 

    მათგან კლიმატის მწვანე ფონდის კონტრიბუცია 28,239,024 ა.შ.შ. დოლარია, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენონტოს [SDC] - 5 000 000 ა.შ.შ. დოლარი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს SiDA-ის - 4 000 000 ა.შ.შ. დოლარი, გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] - 42 000, ხოლო საქართველოს მთავრობის [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯამურად] - 38,239,024 ა.შ.შ. დოლარი.

    აქამდე ამ პროექტიდან, მხოლოდ კლიმატის მწვანე ფონდიდან, 15,739,957 ა.შ.შ. დოლარია დახარჯული. 



     

    ჩამორჩენა დროსა და ეფექტურობაში

    გარე ექსპერტებმა, პროექტის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს კომპონენტი გააანალიზეს, რაც 2022 წლის 30 აპრილს გამოქვეყნდა და 13 რეკომენდაციას მოიცავს. არაეფექტური მუშაობის, ჩამორჩენებისა და კოორდინაციის ნაკლებობის გამო, პროექტის ამ კომპონენტის 12-18-თვიანი უფასო გახანგრძლივების რეკომენდაცია გაიცა, რაზეც პროექტის ჯგუფი დათანხმდა. 

    რეკომენდაციის ყველაზე განმეორებადი შენიშვნა იყო მეტი “ეფექტურობა.”

    “შეზღუდული დროის გათვალისწინებით, უნდა განვითარდეს მეცნიერებაზე დაფუძნებული, სტანდარტიზებული და შეთანხმებული, მრავალჯერადი, საფრთხეების რუკის შეფასების მეთოდოლოგია. იმისათვის, რომ ეროვნულმა ინსტიტუციებმა შეძლონ მსგავსი რუკებისა და რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შექმნა და განხორციელება, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას,”- წერია შეფასებაში.

    რეკომენდაციაში ასევე წერია, რომ მსგავსი სისტემების შექმნასთან ერთად, უნდა შეიქმნას შესაბამისი ჩარჩო-კანონები და ლეგალური ბაზა, რომელიც განსაზღვრავს რისკის რუკებისა და რისკების შეფასებისა და მონაცემების დახარისხების ცხად სტრუქტურას.

    ამ რთული ამოცანების გადასაჭრელად, გარე, დამოუკიდებელი, რეკომენდატორების თქმით, საჭიროა გაძლიერდეს ამ დავალებების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება. შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი კი, მათი აზრით, სწრაფად და კომპაქტურად უნდა გადაწყდეს. 

    ასევე აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ინსტიტუციური ვალდებულებები, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოვალეობების “ერთმანეთისთვის გადაბრალებას” - წერია რეკომენდაციაში. იმისათვის კი, რომ პროექტის შედეგები ხელშესახები იყოს, უნდა დატრენინდგნენ შესაბამისი ინსტიტუციების თანამშრომლები. 

    Screenshot © UNDP Transparency Portal


    კიდევ ერთ შეფასებაში, რომელიც პროექტ Multi Hazard Early Warning მეორე კომპონენტს ეხება, რომლის დონორი “კლიმატის მწვანე ფონდია,” 2022 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ პროექტს აკლია მოქმედების სიცხადე, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა და მკაფიო დედლაინები. 

    ამონარიდი შეფასებიდან: “უნდა შეიქმნას დედლაინებით განსაზღვრული სამუშაო რუკა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის დროულად შესრულებას და შედეგზე იქნება ორიენტირებული.”

    Screenshot © UNDP Transparency Portal



    ამასთან ერთად, შემფასებლების თქმით, უნდა შეიქმნას სამოქმედო თაიმლაინი, რომელსაც პროექტის განხორციელებისა და ხარჯვის პროცესში მკაცრი განრიგი ექნება, რომელიც მალევე გამოკვეთს გაუთვალისწინებელ პრობლემებს და დასახავს მათი გადაწყვეტის სწრაფ და რეალისტურ გზებს. 

     

    პროექტის გუნდის პასუხი შემფასებელს

    პროექტის გუნდი მხოლოდ ნაწილობრივ დაეთანხმა ამ შეფასებებს.

    გუნდის შეფასებით, პროექტს დამატებით პრობლემას უქმნის ის ფაქტი, რომ მასში სამი დონორი მონაწილეობს [GCF, SDC და SIDA, რომელიც პროექტს მოგვიანებით შეურთდა], ყველა დონორს რეპორტინგის სხვადასხვა წესი და დედლაინი აქვს და საბოლოო შეფასებისა და ანგარიშგების ერთ დროსა და დოკუმენტში მოქცევა შეუძლებელია.

    Screenshot © UNDP Transparency Portal


    პროექტის მენეჯმენტის აზრით, პროექტის ასე შეფასება არ არის მოსახერხებელი და ზუსტი, რადგან მას ჰყავს სხვადასხვა დონორი, აქვს რამდენიმე კომპონენტი, სხვადასხვა დედლაინი; პროექტის ყველა კომპონენტი სხვადასხვა დროს მთავრდება [მაგალითად, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს [SDC] კომპონენტის დედლაინი უსწრებს კლიმატის მწვანე ფონდის [GCF] დედლაინს].  

     

     

    კონფიდენციალური კონტრაქტები

    UNDP-ის გამჭვირვალობის გვერდზე გამოქვეყნებული ღია მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 28 თებერვლიდან 2024 წლის 30 იანვრამდე, პროქტის Multi Hazard Early Warning ქართულ და არაქართულ კომპანიებთან და ინდივიდუალურ პირებთან ასამდე კონტრაქტი გაფორმდა. 

    UNDP-ის საქართველოს ოფისთან ორჯერ კომუნიკაციის მიუხედავად, “კაქტუსმა” ზუსტი პასუხი ვერ მიიღო კითხვაზე, ზუსტად რამდენი კონტრაქტი გაფორმდა აქამდე ამ პროექტის ფარგლებში.

    გამჭვირვალობის გვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტების ჯამური რაოდენობა ამჟამად 100-ზე მეტია, მაგრამ გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისში “კაქტუსს” უთხრეს, რომ ტექნიკური დაჯამება არ ასახავს რეალურ სურათს: ზოგი კონტრაქტი გადავადდა და შესაძლოა, ერთ პირთან ან ორგანიზაციასთან გაფორმებული კონტრაქტი საჯარო სიაში ორჯერ ან მეტჯერ იყოს გამოქვეყნებული.

    კონტრაქტების ასლები გაეროს განვითარების პროგრამის პოლიტიკიდან გამომდინარე, კონფიდენციალურია - გვითხრა გაეროს განვითარების პროგრამის ანალიტიკოსმა აბდულ რიზამ, UNDP-ის ნიუ იორკის ოფისიდან. აბდულ რიზას თქმით, გაეროს განვითარების პროგრამას ინფორმაციის გამჟღავნების პოლიტიკა აქვს, რომლის მიხედვითაც პირველ დანართში ჩამოთვლილი დოკუმენტები საჯაროა ან შესაძლოა, გახდეს საჯარო, გამოთხოვნის შემდეგ [თუკი ისინი უკვე არაა გამოქვეყნებული UNDP-ის გამჭვირვალობის გვერდზე]. 

    ამავე პოლიტიკის მიხედვით, გამონაკლისები ამ პოლიტიკის მეოთხე სექციის ქვეშ ექცევა. გამონაკლის კატეგორიაში შედის “სპეციფიური სიტუაციები, მგრძნობიარე ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მდგომარეობით არის განპირობებული და კონფიდენციალურობას უნდა დაექვემდებაროს.”

    “მოთხოვნიდან გამომდინარე, ეროვნულმა ოფისმა, შესაძლოა, მოგაწოდოთ კონტრაქტების დეტალები,” - აღნიშნა პასუხში რიზამ.

    UNDP-ის თბილისის ოფისმა კონტრაქტების ასლები “კაქტუსს” არ გაუზიარა, პოტენციურად “სენსიტიური” მონაცემების დაშტრიხვის პირობებით, მაგალითად, მხოლოდ სახელების დატოვებისა და ფინანსური ინფორმაციის ამოკლების პირობებითაც კი.

    “კონტრაქტების ღირებულება და მათ შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე გასაჯაროებულია ღია წყაროებში, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] გამჭვირვალობის პორტალზე: open.undp.org,” - წერია პასუხში, რომელიც ამასთან დაკავშირებით “კაქტუსმა” მიიღო.

    UNDP გამჭვირვალობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემები კონტრაქტებზე მხოლოდ ნაწილობრივია და სრულ სურათს არ ასახავს. 


     

    დროებით გამქრალი მონაცემები 

    მას შემდეგ, - რაც “კაქტუსმა” Multi Hazard Early Warning-ის შესახებ დამატებითი მონაცემები მოითხოვა ნიუ-იორკის ოფისიდან [2024 წლის 4 მარტი], - UNDP-ის გამჭვირვალობის პორტალის გრაფიდან - Purchase Orders - მონაცემები დროებით გაქრა. 

    ეკრანის ანაბეჭდი, სადაც შესაბამისი გრაფა ცარიელია, აღებულია მიმდინარე წლის 25 მარტს © კაქტუსი, Screenshot | UNDP Transparency Portal


    გამქრალი მონაცემების შესახებ აბდულ რიზამ გვიპასუხა, რომ პორტალს, სავარაუდოდ, დროებითი ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და ჯგუფი მის გამოსასწორებლად მუშაობდა. რიზამ დააზუსტა, რომ UNDP-ის გამჭვირვალობის გვერდის ადმინ პანელებზე ეროვნულ [მაგალითად, თბილისის] ოფისებს ხელი არ მიუწვდებათ.

    “[ეროვნულ ოფისებს] არ შეუძლიათ პორტალზე მონაცემების რედაქტირება ან წაშლა. [გამჭვირვალობის პორტალი] ცენტრალურად, სათავო ოფისიდან, იმართება,” - მოგვწერა რიზამ მიმდინარე წლის 25 მარტს.

    მას შემდეგ, რაც აბდულ რიზასთან პორტალის მონაცემები მოვიკითხეთ, - 25 მარტის დილას, - UNDP-ის გამჭვირვალობის გვერდზე  ამავე დღის ბოლომდე პროექტის შესახებ მონაცემები ისევ აღდგა იმავე ფორმით, როგორც ის გაქრობამდე იყო. 


     

    რას გვეუბნება ღია მონაცემები კონტრაქტებზე?

    ამჟამად  UNDP-ის გამჭვირვალობის პორტალზე, რომელიც, როგორც აბდულ რიზამ გვითხრა, ნიუ იორკიდან იმართება და რედაქტირდება, კონტრაქტების შესახებ მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივია. 

    გამჭვირვალობის პორტალზე ხელმისაწვდომია კონტრაქტების ნომრები, კონტრაქტორების ნაწილის სახელები, მომსახურების მოკლე შინაარსი, ერთი თარიღი [სავარაუდოდ, ხელმოწერის დღის] და კონტრაქტის ღირებულება. გრაფაში “Date”, სავარაუდოდ, მოცემულია კონტრაქტის ხელმოწერის თარიღი, მაგრამ არ არის მოცემული მისი ამოწურვის დრო.

    ეკრანის ანაბეჭდი აღებულია მიმდინარე წლის 2 აპრილს Screenshot ©  კაქტუსი, UNDP Transparency Portal



     

    კონტრაქტორები, რომელთა სახელები საჯაროა

    ინდივიდუალური პირების ან კომპანიების ნაწილის სახელი საჯაროა. 

    მათ შორისაა ჯონ ბრანტ ჩეტერტონი [John Brant Chatterton] და ქართული საკონსულტაციო კომპანია “გეოგრაფიკი” [GeoGraphic LLC], ასევე რამდენიმე კომერციული კომპანია და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციები, მათ შორის CRRC - არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ.

    UNDP-ის თბილისის ოფისის ინფორმაციით, ჯონ ბრანტ ჩეტერტონთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 82 850 ა.შ.შ. დოლარია. ჯონ ბრანტ ჩატერტონის საკონტრაქტო ვალდებულებაში 13 ანგარიშის მომზადება შედის. აქედან 10 ანგარიში მზად არის, ხოლო დარჩენილი სამი -  ამჟამად მზადდება. UNDP-ის თბილისის ოფისის პასუხში არ იყო დაზუსტებული, როდის დასრულდება დანარჩენი სამი ანგარიში. 

    ამ პროექტზე UNDP-ის თბილისის ოფისთან ე-მეილით კომუნიკაციის დროს, ერთ-ერთი წერილის მიხედვით, ჩეტერტონის ანგარიშების მოცულობა 56 მეგაბაიტია და სურვილის შემთხვევაში, მას მოგვაწოდებდნენ, მეორე წერილის მიხედვით კი - ჩატერტონის მიერ მომზადებული ანგარიშები "შიდა სამუშაო დოკუმენტებია და გასაჯაროებას არ ექვემდებარება".  

     

    "გეოგრაფიკი" | GeoGraphic LLC

    გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი" [UNDP-ის გამჭვირვალობის პორტალზე მოხსენიებული, როგორც GeoGraphic LLC] საქართველოში 1998 წლიდან მუშაობს, ამ პროექტის ერთ-ერთი კონტრაქტორია. UNDP-ის თბილისისი ოფისის განცხადებით, GeoGraphic LLC-თან კონტრაქტის საერთო ღირებულება 171,400 ა.შ.შ. დოლარია და ის 2024 წლის ივნისში დასრულდება. 

    პროექტის ფარგლებში „გეოგრაფიკი“ სოციო-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასებისა [მათ შორის მონაცემთა მოგროვება, მონაცემთა ბაზის შექმნა, ალგორითმების დაწერა] და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში რისკის რუკების გამზადების მიზნით დაიქირავეს. 

    UNDP-ის თბილისის ოფისის თქმით, „გეოგრაფიკს“ სამუშაო ჯერ არ დაუსრულებია. 


     

    ახალი ტექნოლოგიები - ტესტირების რეჟიმში

    გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში გვითხრეს, რომ ახლადნაყიდი ტექნოლოგია ჯერ კიდევ სრულად არ არის დამონტაჟებული. ის ნაწილი, რომელიც დამონტაჟებულია, ტესტირების რეჟიმშია. 

    ამჟამად, როცა გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას ამინდის პროგნოზს აცნობს, წყაროდ meteo.gov.ge-ს უთითებს. Meteo.gov.ge-ზე არ არის ინტეგრირებული ახლადნაყიდი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებისა თუ მდინარის მზომების, ასევე აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მოგროვებული მონაცემები და არ არის საჯარო მოქალაქეებისთვის. 

     

    რა გაკეთდა აქამდე?

    UNDP-ის თბილისის ოფისის თქმით:

    • 2021 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის [ECMWF] წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.

    • ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით.

    • საქართველოში უკვე არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონიტორინგის სადგურებს დაემატა 89 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რის შედეგადაც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სიზუსტე. პროგრამის დასრულებამდე დამატებით დაგეგმილია 50 სადგურის დამონტაჟება.

    • სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური, აქედან 7 დამონტაჟებულია.

    • 11 მეწყრულ უბანზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები.

    • შეძენილია და დამონტაჟებულია მონიტორინგის სადგურების საინტეგრაციო და მონაცემების მართვის და შეფასების პროგრამა Trimble 4D.

    • მიმდინარეობს აგრომეტეოროლოგიური საკონსულტაციო სერვისების შემუშავება ფერმერებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის. მიმდინარეობს ახალი საექსტენციო პაკეტის შემუშავება საპილოტე რეგიონებისთვის [კახეთი და შიდა ქართლი]. თანამედროვე საექსტენციო პაკეტი საპილოტე რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლებისთვის, რაც გულისხმობს ამინდის გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს დაავადებების პრევენციისა და ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის.

    • ამინდის პროგნოზირების გლობალური და ადგილობრივი მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი. მიმდინარეობს ამინდის რიცხვითი მოდელების გაუმჯობესება და მონაცემების მომზადება პროგნოზირების პლატფორმებისთვის. გარდა ამისა, გაძლიერდა გარემოს ეროვნული სააგენტოს IT შესაძლებლობები [ძლიერი i5 და i9 კომპიუტერები და სერვერები].

    • შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების [წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ძლიერი ქარი, სეტყვა, გვალვა] შეფასებისა და მოდელირებისთვის.

    • UNDP-ის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა აღნიშნული საფრთხეების რუკები 10 მდინარის აუზისთვის [კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი, იორი, ალაზანი, ხრამი-ქცია].

    • ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მტკვრის აუზის საფრთხის რუკებზე.

    • მრავლობითი საფრთხის რუკები ძლიერი ქარისთვის, სეტყვისთვის, წყალდიდობისთვის, ზვავისთვის, გვალვისთვის და მეწყერისთვის მომზადდა 4 მდინარის აუზებისთვის: სუფსა, ნატანები, კინტრიში, ხობისწყალი. მიმდინარეობს ამ მდინარეებზე რისკების შეფასება შესაბამისი მეთოდოლოგიით, რაც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მორგებულია საქართველოს კონტექსტს.

    • დაწყებულია მუშაობა აუზის დონეზე საფრთხეების რისკის მართვის გეგმების შემუშავების კუთხით, რომელიც ეფუძნება UNDP-ის მხარდაჭერით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ საფრთხის რუკებს, პროექტის ფარგლებში შემუშავებულ რისკების რუკებს და მოიცავს აუზის ფარგლებში ფართომასშტაბიანი სტრუქტურული ღონისძიებების შერჩევას რისკის ქვეშ მყოფი მსხვილმასშტაბიანი პრიორიტეტული ტერიტორიებისთვის. დღეისათვის მზადდება საფრთხეების რისკის მართვის გეგმები 4 მდინარის აუზებისთვის.

    • მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო პორტალის შემუშავება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე, კერძოდ საფრთხეებისა და რისკების რუკებზე. ამ ეტაპზე, პორტალი ტესტირების რეჟიმშია. მისი დანერგვა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.

    • გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა საფრთხეების [წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ძლიერი ქარი, სეტყვა, გვალვა] პროგნოზირების პლატფორმების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. დღეისთვის, 5 მდინარის აუზებისთვის უკვე შემუშავებულია ჰიდროლოგიური და ჰიდრავლიკური მოდელები, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს. ასეთივე სამუშაო მიმდინარეობს 3 სხვა აუზისთვის. ასევე დაწყებულია მუშაობა სხვა საფრთხეების პროგნოზირების სისტემების მეთოდოლოგიისა და მიდგომების შემუშავების კუთხით.

    • შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 10 მუნიციპალიტეტისთვის [თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი, აბაშა, სენაკი, სამტრედია, ხობი].

    • გრძელდება აღნიშნული გეგმის მომზადება თბილისისთვის.

    • საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება.

    • კლიმატური საფრთხეების რუკებზე და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სათემო ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა. პროგრამა ითვალისწინებს 100 თემის გამოვლენას. ამ ეტაპზე გამოვლენილია 45 მოწყვლადი თემი, სადაც მიმდინარეობს რისკის მართვის გეგმების შემუშავება და პრიორიტეტული ღონისძიების გატარება, მათ შორის არა-სტრუქტურული ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება [მაგ: აგროსატყეო ღონისძიებები, ჭალის ტყეების განაშენიანება, კალაპოტების გაწმენდა, ა.შ.]. მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.

    • მთლიანი ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 9 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

    • მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და განვითარება. სხვადასხვა უწყების შესაბამისი დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხორციელდება ტრენინგების ციკლი პროგნოზირებაში, საფრთხეების შეფასებაში, მოდელირებასა და სხვა საკითხებში.

    • გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრთან ერთად, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიარა 6,000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 110-ზე მეტი ახლაგაზრდა ჩაერთო მწვანე ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“. პროგრამას ჰყავს ახალგაზრდა მოხალისეთა გუნდიც, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. პროექტში ჩართული ახალგაზრდები ხშირად იღებენ მსოფლიო კამპანიებში მონაწილეობას და საერთაშორისო დონეზეც საუბრობენ საქართველოს გამოცდილებაზე კლიმატური გამოწვევების ჭრილში. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სათემო ფორუმები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაციისთვის. ამჟამად პროგრამას ჰყავს 64 სტიპენდიანტი. იმართება ყოველწლიური კონკურსები სათემო ორგანიზაციებისთვის, სკოლებისთვისა და საბავშვო ბაღებისთვის.

     

     

    რუკების შექმნის მეთოდოლოგიები

    საქართველოში სხვადასხვა ბუნებრივი საფრთხისა და რისკების მოდელირებისა და რუკების შექმნის მეთოდოლოგია უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. მეთოდოლოგია მოიცავს შვიდი [7] კლიმატური საფრთხის [წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ძლიერი ქარი, სეტყვა, გვალვა] შეფასებას საქართველოს 100 თემში. 

    გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში  გვითხრეს, რომ “მრავლობითი საფრთხეების რუკა სრულიად ახალი მიდგომაა მსოფლიო მასშტაბით. დღეისთვის, ასეთი რუკების შემუშავებისთვის არ არსებობს არც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის [WMO] სტანდარტები და არც შესაბამისი ევროდირექტივები.”

    შესაბამისად, მსგავსი რუკები კონკრეტულად საქართველოზე მორგებული, საერთაშორისო ექსპერტებმა მოამზადეს, მაგრამ წერილში არ იყო დაზუსტებული მათი სახელები. 

     

    მრავლობითი საფრთხით გამოწვეული კატასტროფის მართვის პორტალი

    გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში გვითხრეს, რომ შეიქმნა მრავლობითი საფრთხეების რისკების რუკის ვერსია, რომელიც ამჟამად ქლაუდზეა ატვირთული და სატესტო რეჟიმშია. 

    ამ პორტალმა უნდა გააერთიანოს საქართველოს ას თემსა და 11 მდინარის აუზის ფარგლებში შეფასებული მრავლობითი საფრთხეებისა და რისკების მონაცემები, რომელიც სხვადასხვა იქნება სხვადასხვა ლოკაციის მიხედვით და რომელიც, სამომავლოდ, პასუხისმგებელი სამინისტროებისა და სააგენტოების საგზაო რუკა უნდა გახდეს ბუნებრივი კატასტროფების დროს ზიანის მაქსიმალურად შემცირებისთვის. ამ პორტალის მართვაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    "პორტალის მიგრაცია შ.ს.ს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სერვერზე დაგეგმილია 2024 წლის ბოლომდე", - გვითხრეს UNDP-ის თბილისის ოფისში.


     

    კოორდინაცია სამთავრობო უწყებებს შორის

    რამდენად შეძლებს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ქვეუწყება გამოიყენოს მრავლობითი რისკების რუკები და არის თუ არა მზად იქ აღწერილი გამოწვევების აღსასრულებლად, ასევე შეძენილი ტექნოლოგიების მოვლა-პატრონობისა და საჭიროდ გამოყენებისთვის?

    არ არსებობს უწყებებს შორის თანამშრომლობის კანონით დადგენილი წესი.

    ანგარიშის მიხედვით, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ მოამზადა, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი საფრთხისა და რისკების მონაცემთა მომზადება-­გაზიარებისათვის, რათა ეს პროცესები ეყრდნობოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს.

    UNDP-ის რეკომენდაციით, უნდა შეიქმნას ტექნიკური რეგლამენტი, განისაზღვროს სხვადასხვა დაწესებულების როლი და პასუხისმგებლობა, ჩამოყალიბდეს თანამშრომლობა ინფორმაციის ურთიერთგასაზიარებლად.

    ტექნიკური რეგლამენტის შესასრულებლად, რომლის შექმნაც სასურველია, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს პასუხისმგებელ დაწესებულებათა დებულებებში [NEA, EMS, სხვა უწყებები და ორგანიზაციები, რომლებიც ვალდებულნი არიან, შეაგროვონ და ერთმანეთში გაცვალონ მო­ნაცემები].

     

     

    ინფორმაცია “კლიმატის მწვანე ფონდის” ვებ-გვერდზე

    შეფასების მიხედვით, რომელიც თვით “კლიმატის მწვანე ფონდის” ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული პროექტზე Scaling-up Multi-Hazard Early Warning System and the Use of Climate Information in Georgia, ორი გარე შემფასებლის აზრით, რომლთა შრომა ონლაინ კვლევასა და 40 ინტერვიუ/დისკუსიას მოიცავდა, პროექტის მიმდინარეობა “ზომიერად დამაკმაყოფილებელია [moderately satisfactory]”. 

    აქტივობა, რომელსაც ამ შეფასებით ყველაზე მაღალი რისკები ახლავს, არის პროექტის ის ნაწილი, სადაც კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული და რომელიც დაფუძნებულია ადრეული შეტყობინების სისტემების აწყობასა და რისკების შემცირებაში ლოკალური თემებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობის განვითარებაზე. 

    “კლიმატის მწვანე ფონდის” გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი გამოწვევაა საჯარო უწყებებში შეზღუდული ადამიანური და ტექნიკური რესურსები, გახანგრძლივებული ტენდერები და მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა. 
     
     

    პროექტის სამომავლო მდგრადობა

    UNDP-ის თბილისის ოფისის თქმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლიმატური პროგრამის მონაწილე და ძირითადი მიმღები მხარეა, მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი კი არის პროგრამის ეროვნული დირექტორი [National Programme Director] საქართველოს მხრიდან. ეროვნული დირექტორი პასუხისმგებელია მთლიანი პროგრამის კოორდინაციაზე.

    UNDP-ის თბილისის ოფისში გვითხრეს, რომ გაეროს რეგულაციების მიხედვით, ნინო თანდილაშვილი ამ კონკრეტული მოვალეობის აღსრულებისთვის ცალკე ანაზღაურებას არ იღებს. 

    “კაქტუსი” სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუსთვის დაუკავშირდა ნინო თანდილაშვილს, შემდეგი საკითხების გასარკვევად: პროექტის დასრულების შემდეგ, შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა - ყველა შესაბამისი სამინისტრო, სააგენტო და მუნიციპალიტეტი მისი მდგრადობის შენარჩუნებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას და რთული სამუშაოების კოორდინირებულ აღსრულებას. თანდილაშვილმა პირისპირ ან სატელეფონო ინტერვიუზე უარი განაცხადა და კითხვების ელექტრონული მეილით გაგზავნა გვთხოვა. 

    პირდაპირი ინტერვიუს შესაძლებლობის გამორიცხვის შემდეგ, ნინო თანდილაშვილსა და მის თანაშემწეს, ნატო იოსელიანს, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დავუსვით წერილობითი კითხვა პროექტის მთლიან ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის წილის - 38,239,024 ა.შ.შ. დოლარის ხარჯვის შესახებ და მოვითხოვეთ ამ ბიუჯეტის ფარგლებში დაქირავებული ადამიანების სახელები, ასევე მათი კონტრაქტების ასლები. 

    "გაეროს განვითარების პროგრამა არ განკარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას და არ ფლობს ინფორმაციას 38,249,024 აშშ დოლარის ფარგლებში გაფორმებული კონტრაქტების შესახებ. თანადაფინანსება წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების საქმიანობას, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის განხორციელებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს," - გვიპასუხეს UNDP-ის თბილისის ოფისში.
     
     

     

    როგორ დაიხარჯა ამ პროექტის თანხმები აქამდე საჯარო უწყებებში?

    25 ივნისს “კაქტუსმა” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დაგვიანებით [10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ] მიიღო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიხარჯა აქამდე პროექტის Multi Hazard Early Warning-ზე კონკრეტულად ამ სამინისტროს გამოყოფილი ბიუჯეტი.

    სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2023 წლებში პროექტზე “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” 11,811,387.00 ა.შ.შ. დოლარი დაიხარჯა. 

    ეს ბიუჯეტი გადანაწილებული იყო ამ სამინისტროს ორ საქვეუწყებო დაწესებულებაში: გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. 

    ამ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ორმა საქვეუწყებო დასეწებულებამ ასზე მეტი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტორების სახელები “კაქტუსისთვის” არ გაუზიარებიათ. “კაქტუსს” სამინისტროდან ეს ხელშეკრულებები დაშტრიხული სახით გაუზიარეს, სადაც არ ჩანს დაქირავებული პირის სახელები და ჰონორარების ოდენობა. ხელშეკრულებათა ნაწილში შევიდა ცვლილებები, ძირითადად, მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს სხვადასხვა დირექტორმა [თამარ ფიცხელაური, ანდრო ასლანიშვილი, თეიმურაზ მთივლიშვილი და ვასილ გედევანიშვილი], ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამ პროექტის ფარგლებში, 34 შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით დაიქირავა ინდივიდები. 

    გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ამ პროექტის ფარგლებში, 2019-2024 წლებში 90-ზე მეტი ხელშეკრულება გააფორმა. 

    ამ ხელშეკრულებებიდან კონტრაქტების ნაწილის აღწერილობაა “არამუდმივი ამოცანების შემსულებელი” საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელთა პოზიცია დასახელებულია ასე, მაგალითად: “აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კოორდინატორი”.  2023-2024 წლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მხრიდან გაფორმებულია 27 ასეთი ტიპის ხელშეკრულება პირებთან, რომელთა მოვალეობებია მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილებაზე და ადგილობრივი თემის მზაობაზე ცნობიერების ამაღლების კოორდინაცია.

     

    ფინანსური კომპენსაციები ბუნებრივ სტიქიებზე

    მიმდინარე წლის 10 აპრილს “კაქტუსმა” საქართველოს მთავრობისგან გამოითხოვა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის ფულადი კომპენსაცია გაიცა საქართველოში ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად.

    ეს წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სხვადასხვა უწყებაში გადაამისამართა, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. 

    იმავე დღეს, იგივე შინაარსის წერილი გავაგზავნეთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

    არც ერთი უწყებიდან ეს მონაცემი “კაქტუსს” აქამდე არ მიუღია.

    შარშან, შოვის სტიქიის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობა თითო გარდაცვლილზე დაახლოებით 20 000 ლარს გამოყოფდა.

    "გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, - თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით", - დააზუსტა ღარიბაშვილმა შარშან, 15 სექტემბერს, შოვის მოვლენიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ. 

     

     

    → სტატია ნაწილია პროექტისა, რომელიც საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და ბელორუსში სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკის განვითარებას გულისხმობს. "კაქტუსი", ამ პროექტის ფარგლებში, კლიმატის ცვლილების საკითხებს აშუქებს საქართველოში. პროექტის მხარდამჭერია გერმანული მედია-ორგანიზაცია n-ost, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს გავლით.

    →  The following publication was produced as part of the n-ost project Online journalism, in-depth, which is funded by the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development [BMZ]. The views expressed in these publications are those of the independent authors and do not necessarily reflect those of the BMZ.