2024-05-26

  • გაზაფხულის უხვნალექიანობა - 2024 - განახლებადი
  • უხვი ნალექების გამო, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და ქონება დააზიანა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მდინარეებზე წყლის დონე იკლებს და ხვალიდან უხვი ნალექები მოსალოდნელი არ არის.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდინარე ვერეზე. 

    ვერე ღვარცოფული მდინარეა სვანიძის ქუჩის მონაკვეთთან. ამჟამად იქ მდგარი ერთი ნალექმზომის მიხედვით, რომლის შედეგები meteo.gov.ge-ზეა გამოქვეყნებული და ლაივში იცვლება, ვერეს დონე კალაპოტში 228 სანტიმენტრია [20:30], რაც “სასიგნალო” ნიშნულია. “სასიგნალო” ნიშნული ვერესთვის 210 სანტიმენტრიდან იწყება, “საშიში” ნიშნული კი ამ მდინარისთვის 260 სანტიმეტრია.

    წყარო: meteo.gov.ge | დრო: 26 მაისი, 20:30 

     

    ერთ საათში, მდინარე ვერეზე ოდნავ დაიკლო წყლის დონემ და ამჟამად [21:26] 221 სანტიმეტრია, რაც ჯერ კიდევ "სასიგნალო" ნიშანია.

    Meteo.gov.ge-ის მიხედვით, ამჟამად [21:26]  "სასიგნალო" ნიშნულია მდინარე ენგურზეც, ხაიშთან - 390 სანტიმეტრი. ენგურისთვის ხაიშთან "სასიგნალო" ნიშანი 320 სანტიმეტრიდან იწყება, ხოლო "საშიში" 500 სანტიმეტრია.

    წყარო: meteo.gov.ge | დრო: 26 მაისი, 21:30 

     

    22:14 საათის მდგომარეობით, "სასიგნალო" ნიშნულები აქვთ შემდეგ მდინარეებს: მტკვარს [მიმდინარე - 210 სანტიმეტრი;  "სასიგნალო ნიშანი" - 180 სმ] ხერთვისთან და თეთრ არაგვს [მიმდინარე - 143; "სასიგნალო ნიშანი" - 140]. 

     

    გასული 12 საათი

    გასულ ღამეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ, შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მილიმეტრს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მილიმეტრს მიაღწია. 

    უხვი ნალექის  გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში  დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც  მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა მოქალაქე, რომელიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში,  მდინარე ქციაში არსებულ კუნძულზე იმყოფებოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გასვლას.

    სქრინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოდან.

     

    დაიტბორა დევნილების დასახლებაც წეროვანში, ასევე სხვადასხვა ლოკაცია თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში.

     

    ღვარცოფული მდინარეები საქართველოში

    მიმდინარე წლის 16 მაისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ "კაქტუსს" გაუზიარა მონაცემები, რომლის თანახმადაც საქართველოში 15 ღვარცოფული მდინარეა:

    1. მდინარე გუბაზეული ნაბეღლავთან;
    2. მდინარე ბჟუჟა გომში;
    3. მდინარე ბჟუჟა ოზურგეთში;
    4. მდინარე ბაგებისხევი თბილისში;
    5. მდინარე ვერე თბილისში, სვანიძის ქუჩაზე;
    6. მდინარე დურუჯი ყვარელში;
    7. მდინარე მესტიაჭალა მესტიაში;
    8. მდინარე კინტრიში კოხში;
    9. მდინარე ჭანჭახი სოფელ გლოლასთან;
    10. მდინარე ლუხუნისწყალი ურავში;
    11. მდინარე აკავრეთა მერისთან;
    12. მდინარე მაგანა მაგანასთან;
    13. მდინარე ჩხერი სტეფანწმინდასთან;
    14. მდინარე ტანა ატენთან;
    15. მდინარე ჩაქვისწყალი ჩაქვთან.

     

    ღვარცოფული მდინარეები უხვნალექიანობის პერიოდში ბუნებრივი კატასტროფების რისკებს ზრდის.

    ყველა ღვარცოფული მდინარის ლაივ ცვალებადი მონაცემი meteo.gov.ge-ის ჰიდროლოგიურ განყოფილებაში მოცემული არ არის.

    მოიმატებს თუ არა მდინარის კალაპოტში წყლის დონე, დიდწილად დამოკიდებულია ნალექებზე, ხოლო ბუნებრივი კატასტროფის მომატებული საფრთხე, სხვა ფაქტორებთან ერთად, მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობაზეც.

    ტერმინი „ღვარცოფი“ ნიშნავს ხანმოკლე მოქმედი მთის ნაკადს, ნაყარი მასალის დიდი [60-70%-მდე საერთო მოცულობიდან] რაოდენობის შემცველობით და ხასიათდება წარმოშობის მოულოდნელობით, მოძრაობის დიდი სიჩქარითა და მნიშვნელოვანი დამანგრეველი ძალით. ღვარცოფულ ნაკადს, დინების მიმართულებით, ახასიათებს პულსაციური რეჟიმი, რომელიც დაკავშირებულია მოძრაობის პროცესში ჩახერგილი ადგილების შექმნასთან.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ბოლო 12 საათის განმავლობაში უხვი ნალექები იყო შიდა ქართლსა და კახეთში, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.