2024-03-10

  • Journal of Hydrometeorology: ნალექების ეროვნული მონაცემების შედარება სატელიტების მონაცემებთან საქართველოში
  • საქართველოსნაირ ქვეყნებში 1989 წლის - საბჭოთა კავშირის დაშლის - შემდეგ ამინდის პროგნოზირების მონიტორინგის ქსელი მოიშალა და ახლით სრულად აქამდე არ ჩანაცვლებულა. ამჟამად საქართველოში საკმარისი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური არ მუშაობს.

    წყლის რესურსების მონაცემების სრულყოფილი ანალიზი ამჟამად ქვეყანაში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და კავკასიაში, მდინარეების შეფასების დროს, ხშირად ძველი, საბჭოთა დროს შეგროვებული, მონაცემები გამოიყენება. 

    სტატიის Regional precipitation regimes and evaluation of national precipitation datasets against satellite-based precipitation estimates, Republic of Georgia ავტორებმა, რომლის მთავარი ავტორი ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილია, ძველი ქართული მონაცემები მდინარეებსა და ნალექებზე [საქართველოს წყლის ეროვნული ბალანსი Water Balance of Georgia, WBG,] შეადარეს სატელიტური და თანამედროვე სისტემების მიერ მოპოვებულ მონაცემებს.

    საქართველოს წყლის ეროვნულ ბალანსში მოცემული მონაცემები ავტორებმა სატელიტების მიერ, 1981-2021 წლებს შორის მოგროვებული ნალექების მონაცემებს შეადარეს, რომლის ფარგლებში სატელიტურ სადგურ Climate Hazards Group Infrared Precipitation [CHIRPS]-ისა და CHIRPS + ატმოსფერული ნალექმზომი ქსელის მონაცემების [dense rain gauge network] კომბინაცია გააერთიანეს, მეტ-ნაკლებად სრული სურათის მისაღებად. 

    ავტორების თქმით, დასავლეთ საქართველოში ზღვისპირეთთან სიახლოვე უფრო მეტ ნალექს ნიშნავდა, ვიდრე ზღვის დონიდან სიმაღლეზე ყოფნა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მეტი ნალექი პოზიტიურ კორელაციაში იყო ზღვის დონიდან სიმაღლესთან.

    ოთხი ჰიდროელექტროსადგური [ლახამი 1, ლახამი 2, ხელრა, იფარი], რომლებიც WBG-ის მიხედვით ერთსა და იმავე ჰიდროლოგიურ რეგიონში მდებარეობს, უფრო ნაკლებს [∼37%] გამოიმუშავებდა, ვიდრე პროგნოზირებული იყო. 

    ეს, დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ ჰიდროელექტროსადურები, რომელთა პროექტირებაც “საქართველოს წყლის ბალანსის” საფუძველზე მოხდა, არასწორია, ან | და შესასწავლია სხვა ფაქტორები, რომელთა გამოც მათი უმეტესობა უფრო ნაკლები სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დაგეგმილი იყო. 

    ავტორები ასკვნიან, რომ 1) “საქართველოს წყლის ბალანსი” ზუსტად არ ასახავს კავშირს | კორელაციას ზღვის სანაპიროდან სიმაღლესა და ნალექიანობას შორის და 2)  ატმოსფერული ნალექის მახასიათებლების ზუსტი ანალიზისათვის და მისი ზემოქმედების დადგენისათვის ჰიდროენერგეტიკაზე, გარემოსა და წყლის რესურსების მდგრად მართვაზე, აუცილებელია, დამატებითი ნალექმზომი სადგურის ინტეგრირების საფუძველზე, დამუშავდეს სატელიტური მონაცემები.