2024-02-23

  • სასიკვდილო წყალქვეშა ბგერები შავ ზღვაში
  • დელფინების გამორიყვების ახალი ტალღა შავ ზღვაში

    2022 წლის გაზაფხულიდან, შავი ზღვის ქვეყნების სანაპიროებთან რეგულარულად პოულობენ გამორიყულ დელფინებს. საზღვაო ბიოლოგებისა და ეკოლოგებისთვის ეს უჩვეულო მოვლენა არ არის, მაგრამ არა ამ რაოდენობით და არა მსგავსი ტიპის დაზიანებებით. 

    დელფინების მასობრივი გამორიყვები რუსეთის უკრაინაში შეჭრას დროში ემთხვევა. ბიოლოგები შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან იმ ჰიპოთეზის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ვეშაპისნაირების მასობრივ გამორიყვებს ომის დროს წყალქვეშა სამხედრო საომარი საშუალებების გამოცემული მძლავრი ბგერითი ტალღები იწვევს.  

    ჰიპოთეზის დამტკიცებას სამეცნიერო მტკიცებულებების მოგროვება, სტატისტიკური მონაცემები და წლები დასჭირდება. ამიტომ მეცნიერები ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს მალე არ ელოდებიან.

    ნათია კოპალიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და დავით დეკანოიძე, ამავე უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, შავი ზღვის ქვეყნების იმ მეცნიერებს შორის არიან, რომლებიც ამ მოვლენას სწავლობენ და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, შესაბამის მონაცემებს აგროვებენ.

     

     

    ერთი გამორიყული დელფინი საქართველოში 

    2022 წლის ივნისში დავით დეკანოიძე, თავის სტუდენტებთან ერთად, ფოთში, სანაპიროს დასათვალიერებლად იყო გასული, როდესაც გამორიყული ზღვის ღორი [დელფინის საქართველოში გავრცელებული სამი სახეობიდან ერთ-ერთი] იპოვა და მისი თავიდან შიდა ყური ამოიღო. 

    დელფინის შიდა ყური აქამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში, ფორმალინის სხნარში, ინახება. სხვა, მსგავსი, სინჯების მოგროვების შემდეგ, დავითმა ისინი იტალიაში, უკრანელ კოლეგასთან, უნდა გააგზავნოს, მათი დაღუპვის უფრო ზუსტი მიზეზების დასადგენად.

    “ამ ინდივიდის შემთხვევაში, ერთადერთი, რაც ზუსტად გამოირიცხა, არის თანჭერა, რადგან მას სხეულზე ბადის ნაჭდევი არ ჰქონდა. ამ ინდივიდს არც ვიზუალური დაკვირვებით ეტყობოდა, რომ რამე დაავადება გადაიტანა. ცხიმის სისქეც საკმაოდ ნორმალური იყო, - ანუ არ შიმშილობდა, იმუნიტეტი დასუსტებული არ ჰქონდა,” - ამბობს დავითი. - “ამიტომ უფრო დარწმუნებით გადავწყვიტე ამეღო შიდა ყური, რადგან სწორედ შიდა ყურის პრობლემები შესაძლოა ყოფილიყო მისი დაღუპვის მიზეზი.”


     

    დელფინის შიდა ყური და წყალქვეშა ხმაური 

    კბილებიანი ვეშაპები [პოპულარულ ენაზე ცნობილი, როგორც დელფინები] ექოლოკაციაზე არიან დამოკიდებულნი. ისინი თვალებით ვერ ხედავენ და როგორც ღამურები, ბგერების საშუალებით გადაადგილდებიან. 

    ზღვის ღორის შიდა ყურის ძვალი, შენახული ფორმალინში. სინჯი აიღეს ფოთში, გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის, გამორიყული დელფინის თავიდან. აღების დრო: 2022 წლის ივნისი. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 

     

    გარემოში ორიენტაციისთვის ვეშაპები ბგერებს წარმოქმნიან. ბგერა წყალში წინ გაიჭრება, რამე ზედაპიზე აირეკლება და უკან ბრუნდება. უკან დაბრუნებულ ბგერას ძუძუმწოვარი ყბების ცხიმოვანი ბალიშების საშუალებით იღებს.

    დელფინის თავის ტვინსა და გარემოდან მომავალ ხმოვან ინფორმაციას შორის მედიატორი შიდა ყურია. სწორედ დელფინის შიდა ყური გადასცემს იმპულსებს თავის ტვინს, შემდგომი ინტერპრეტაციისა და რეაგირებისთვის. 

    “ბგერების საშუალებით ‘ხედავს’ და აღიქვამს გარემოს დელფინი,” - ამბობს დავით დეკანოიძე. - “ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ყურის გამართული მუშაობა. მისი დაზიანების შემთხვევაში, დელფინი ხდება ‘ბრმა:’ ვეღარ ნადირობს, ვეღარ ორიენტირებს გარემოში. შეიძლება, ისეთ ადგილას შევიდეს, საიდანაც ვერც გამოაგნოს და დაიღუპოს.”

    ამიტომაც გადაწყვიტეს შავი ზღვის ქვეყნების მეცნიერებმა, რომ გამორიყული დელფინების შიდა ყური შეეგროვებინათ. 

    მკვლევარი დავით დეკანოიძე, ზღვის ღორის შიდა ყურის ძვლის პრეპარატით ხელში, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფოთთან, გამორიყული დელფინის თავიდან, აიღო | ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 

     

    დელფინების დაღუპვის განსაკუთრებული შემთხვევები უკრაინაში 

    2022 წლის 27 მარტს, ივან რუსევმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, რომელიც უკრაინის ქალაქ ოდესაში ტუზლის ეროვნული პარკის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელია, მესენჯერით უჩვეულო ფოტო მიიღო.

    შავი ზღვის სანაპიროს ინსპექტორი, ივან პლაჩკოვი, კოლეგას მკვდარი დელფინის ფოტოს უგზავნიდა. პატრულირების დროს ზღვაში გამორიყულ ცხოველებს ადრეც ნახულობდნენ, მაგრამ ეს უჩვეულო შემთხვევა იყო: დელფინს სხეულზე ბადის ნაჭდევი არ ეტყობოდა, რაც, გამორიყვის დროს, საკმაოდ ხშირი მოვლენაა. 

    “ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც ახალი მოვლენა იდგა ამ ყველაფრის უკან,”- იხსენებს ივან რუსევი.

    მალე პლაჩკოვი ომში გაიწვიეს. ორი თვის შემდეგ ის, ბახმუტში, სამხედრო მისიის შესრულების დროს, დაიკარგა. 

    63 წლის მეცნიერმა ივან რუსევმა მთელი ცხოვრება ოდესაში გაატარა. 2015 წლიდან, ის ტუზლევის ეროვნულ პარკში გადავიდა საცხოვრებლად. პარკი რეგიონული ცენტრიდან 150 კილომეტრით არის დაშორებული. ომსა და დაღუპულ დელფინებზე საუბრის დროს, ივანს ეროვნულ პარკში მცხოვრები თხები და რამდენიმე კატა რიგ-რიგობით უახლოვდებოდა. მეცნიერს ერთი ვირიც ჰყავს. სწორედ ეს ვირი დაეხმარა მას ომის შემდეგ დაღუპული დიდი დელფინების ხერხემლების ზღვიდან ნაპირზე ამოტანაში.

    ივან რუსევის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შავ ზღვაში 50 000 დელფინი დაიღუპა. რუსევი პირველი იყო ზღვის ეკოლოგთა შორის, რომელმაც ეს მონაცემი ხმამაღლა დაასახელა და ამით მსოფლიო მედიის ყურადღების მიპყრობაც შეძლო. სენსაციასთან ერთად, სკეპტიკოსებისგან ბევრი კითხვა ისმოდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიტანა მან ეს კონკრეტული მაჩვენებელი. ბევრი მეცნიერი, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებში ამ თემაზე მუშაობს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, რუსევს არ ეთანხმება. 

    “გამორიყული დელფინები არ აჩვენებს ცხოველთა სიკვდილიანობის რეალურ მაჩვენებელს. მათი ნაწილი ზღვის ფსკერზე იძირება, რადგან ფილტვები წყლით ევსებათ. მხოლოდ მათი ნაწილი გამოდის ნაპირზე, რომლებსაც ტალღები აატივტივებს. ჩემმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დაასკვნეს, რომ დაღუპული დელფინების მხოლოდ 6-8% გამოაქვს ტალღებს ნაპირზე. ჩვენ დავითვალეთ დელფინების რაოდენობა, რომლებიც 2022 წელს გამოირიყა და ამ მონაცემზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ჯამში დაღუპულია 50 000 დელფინი,” - ამბობს ივან რუსევი.

    Іван Русєв показує скелет дельфіна, якого знайшли на березі Чорного моря (фото Мар’яни Вербовської)

    ივან რუსევი შავი ზღვის უკრაინის სანაპირო ზოლზე ნაპოვნი დელფინის ხერხემლით ხელში. ფოტო © მარიანა ვერბოვსკა

     

    დელფინების დანაკარგის ამ რაოდენობას ეთანხმება უკრაინელი და პოლონელი მეცნიერების ნაწილი. გასული წლის გაზაფხულზე, მათ სტატია გამოაქვეყნეს ჟურნალ Biology Letters-ში, სადაც აღნიშნეს, რომ “2022 წლის თებერვლიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში 37 500-დან 48 000-მდე ვეშაპისნაირი დაიღუპა შავ ზღვაში.”

    ავტორები აზუსტებენ: მათი ნაშრომი სოციალური მეცნიერებაა და შესაძლოა, არ იყენებდეს გამოთვლის ზუსტ სამცნიერო მეთოდებს, მაგრამ ისინი არსებულ ტრენდებზე მიანიშნებენ. ეს მიდგომაც მნიშვნელოვანია, რადგან მიმდინარე ტენდენციებს ასახავს, რომელმაც, შესაძლოა, მომავალში სამეცნიერო ჰიპოთეზას დაუდოს საფუძველი. სამეცნიერო დასკვნების მიღებას წლების შრომა და დაკვირვება, ასევე ვალიდური სინჯებისა და სტატისტიკური მონაცემების მოგროვება სჭირდება.

    მეორე ბიოლოგი, რომელმაც ბევრი იცის უკრაინაში დელფინების შესახებ, უდავოდ არის პაველ გოლდინი. 

    გოლდინი ვეშაპისნაირებს 25 წელია სწავლობს. ოკუპაციამდე ის ყირიმში ცხოვრობდა, შემდეგ კი ჩერნივიციში გადავიდა. ამჟამად პაველი კიევში, შმალჰაუზენის სახელობის ზოოლოგიის ინსტიტუტსა და ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მუშაობს.

    პაველ გოლდინი, ივან რუსევისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ფრთხილია და თითოეული მონაცემის დასახელებას სამეცნიერო სიზუსტით უდგება. ის უარს ამბობს ომის შემდეგ დაღუპული დელფინების რაოდენობის დასახელებაზე. პაველს სჯერა, რომ კითხვა “რატომ” [დაიღუპნენ ვეშაპისნაირები] უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “რამდენი.” 

    “უკრაინაში ამჟამად მხოლოდ მე და ჩემი სტუდენტები ვიკვლევთ ვეშაპისნაირების გამორიყვის პროცესს. ჩვენ ყირიმიდანაც ვიღებთ მონაცემებს, ოდესიდანაც და თვალყურს ვადევნებთ სოციალურ მედიას. მხოლოდ იმ შემთხვევებს ვაგდებთ სათვალავში, რომლებსაც ავთენტური და გადამოწმებული ფოტოები ახლავს; ფოტოების გარეშე გამოქვეყნებული პოსტები ჩვენთვის სანდო არ არის,” - ამბობს მეცნიერი.

    “ბევრ სცენარს განვიხილავთ. როგორც ხედავთ, ისინი ომს უკავშირდება. როგორც მეცნიერები, ვცდილობთ, მთელ სამყაროს დავანახოთ: ომი ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს,” - ამბობს გოლდინი.

    პაველ გოლდინი გაღიზიანებას ვერ მალავს, როცა ეუბნებიან, რომ სამეცნიერო კვლევებს წლები სჭირდება და რუსეთის აგრესიის ეკოსისტემაზე გავლენის დამტკიცება გვიანდება. 

    მცირე პაუზის შემდეგ, პაველი ომის დროს მეცნიერების მუშაობაში არსებულ სირთულეებს აღწერს: “არსებული ჰიპოთეზის დამტკიცება სხვადასხვა დამაბინძურებლის სტანდარტიზებული ნიმუშების აღებასა და შესაბამის ლაბორატორიებში მათ გადამოწმებას გულისხმობს. არც ერთია მარტივად ხელმისაწვდომი რესურსი და არც - მეორე.” 

     

    შავი ზღვის საქართველოს ნაწილი ვეშაპისნაირებისთვის

    “რა თქმა უნდა, ბგერითი შეწუხება გაიზარდა შავ ზღვაში, მაგრამ  სტრესის შედეგები ასე უცებ არ აისახება ვეშაპისნაირების ჯანმრთელობაზე,” - ამბობს ნათია კოპალიანი, ბიოლოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. - ”ჩვენც, ადამიანებს, გვაქვს რაღაც სტრესი, რაც იმ წუთში არ ვლინდება. მაგალითად, არ დამემართება რაღაცის კიბო სტრესის შემდეგ უცაბედად, მაგრამ გავა დრო და გადატანილი უსიამოვნო მოვლენა, შესაძლოა, ჩემს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების გაჩენის მიზეზი გახდეს.” 

    ნათიას სამუშაო კაბინეტში, ილიაუნიში, სხვა ძუძუმწოვრების ფოტოებსა და პოსტერებს შორის დელფინების გამოსახულებები დომინირებს.

    "ახლა მეცინება კიდეც, მაგრამ მე-6 კლასში ჩამოვაყალიბე ჩემი თეორია ადამიანის წარმოშობის შესახებ დელფინებიდან. ამ თეორიას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვამუშავებდი და ჩემს მოსაზრებებს სქელტანიან ბლოკნოტში ვიწერდი, რომელსაც ზემოდან ეხატა დელფინი," - ამბობს ნათია კოპალიანი.

    ნათია ერთ ლეპტოპსა და ერთ სტაციონარულ კომპიუტერში შენახული უამრავი ფოლდერიდან ერთ-ერთ პრეზენტაციას ირჩევს და მაჩვენებს, სადაც 2020-2021 წლებს შორის შეგროვებული აკუსტიკური სიგნალების შესახებ რუკაა მოცემული. ამ რუკაზე შავი ზღვის ქვეყნებს შორის საქართველო დელფინების ჯგუფების სიუხვით ერთ-ერთ ცხელ წერტილად არის მონიშნული.

    ვეშაპისნაირების გამოცემული ბგერების აკუსტიკური პიკები საქართველოსა [ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი] და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების სანაპიროებთან  | საავტორო/ინტელექტუალური უფლება შინაარსზე © პროფესორი ნათია კოპალიანი 

     

    “ვეშაპისნაირებისთვის ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, - შავი ზღვის ჩვენს ნაწილს ვგულისხმობ, იმიტომ, რომ ისინი აქ იზამთრებენ,” - ამბობს ნათია. - “ როცა რთული პირობებია ჩრდილოეთ ნაწილში, აქ მოდიან, - კავკასიონი მათ ცივი დინებებისგან იცავს. აქ უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, ქაფშიაც აქ იზამთრებს. ქაფშიები ვეშაპისნაირების დიდი ნაწილის პრიორიტეტული მსხვერპლია. არ იქნება ქაფშია - არც იქნებიან ეგენიც.”

    ვეშაპისნაირების გამოზამთრების ცხელი წერტილები - თურქეთი და საქართველო. შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა, როგორც დელფინებისთვის სასურველი გამოსაზამთრებელი ეკოსტისტემა | საავტორო/ინტელექტუალური უფლება შინაარსზე © პროფესორი ნათია კოპალიანი 

     

    რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის პირველი ნიშნები შავ ზღვის ვეშაპისნაირებზე უკვე არსებობს, მაგრამ პროფესორი ნათია კოპალიანი უკრაინელი კოლეგის, პაველ გოლდინის, დამოკიდებულებას იზიარებს ამ საკითხზე: ადრეული დასკვნების გამოტანისგან ან მოსაზრების გამოთქმისგან თავს იკავებს.

    “გახანგრძლივებული  ბგერითი შეწუხება იმოქმედებს  შავი ზღვის ვეშაპისნაირების ექოლოკაციის უნარზე - ამაზე უამრავი ლიტერატურული წყარო არსებობს,” - ამბობს ნათია. - “ამ ეტაპზე, არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რომ ვიმსჯელოთ მის  შედეგებზე: შედეგების მიღებას წლები დასჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მონაცემები მოვაგროვოთ: რეინჯერებს, ნაცნობებს, მეგობრებს, ვინც სანაპიროების გარშემო ცხოვრობს, ვთხოვთ, რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია გამორიყული დელფინების შესახებ.”

    ნათია კოპალიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი, უნივერსიტეტის სამუშაო კაბინეტში. დელფინის ეს წყალქვეშა ფოტო ჟურნალ National Geographic-ისთვის მომზადებული სტატიისთვის გადაიღეს. NG-ში გამოქვეყნებული სტატია ვეშაპისნაირების შესწავლის საქმეში ნათიას სამეცნიერო საქმიანობას ეხება. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 14.11.2023

     

    შავ ზღვაში ვეშაპისნაირების შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი ახალი ტექნოლოგიაა, დაახლოებით 60 სანტიმეტრი სიგრძის მოწყობილობა - პოდი, რომელიც წყლის ქვეშ ვეშაპისნაირთა და გემების ბგერებს იწერს. პოდს ზღვის სიღრმეში დებენ და წყლის ზედაპირზე დასაფიქსირებლად, ტივტივით ამაგრებენ. 

    აღმოსავლეთ ევროპელ მეცნიერებს ამ ტექნიკით ინგლისელი მეცნიერი ნიკ ტრეგენზა ეხმარება, რომელიც შოტლანდიის სენ ენდრიუს უნივერსიტეტში მუშაობს. ის უფასოდ აწვდის ხმის ჩამწერ მოწყობილობას კოლეგებს, ერთი მხრივ, სამეცნიერო მონაცემების მოგროვებისა და მეორეს მხრივ, საკუთარი კომპანია Qevonia Limited-ის წარმოებული მოწყობილობის პრატიკაში გამოსაცდელად და დასახვეწად. 

    საქართველოს აკვატორიის შესასწავლად ნათია კოპალიანს ოთხი ასეთი პოდი გადმოეცა. ორი მათგანი, სხვადასხვა დროს, ფოთში მოიპარეს და ამჟამად მეცნიერს მონაცემების მოსაგროვებლად მხოლოდ ორი პოდი აქვს.

    2021 წლის გაზაფხულზე, - მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში დამაგრებულმა პოდმა გაბმული ხმა ჩაიწერა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. 

    ნათია კოპალიანს უკრაინელმა კოლეგამ, პაველ გოლდინმა უთხრა, რომ ეს ხმა ძალიან ჰგავდა წყალქვეშა საომარი ნავის სონარს. თვითონ პაველ გოლდინი უკრაინაში მსგავს პოდს ვერ იყენებს: მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, უკრაინელ მეცნიერებს უჭირთ მონაცემების მოგროვება, რადგან გადაადგილება მათთვის უსაფრთხო აღარ არის. 

     

     

    უკრაინის პროკურატურა რუსეთის წინააღმდეგ ეკოციდის საქმის წამოწყებას გეგმავს

    პაველ გოლდინი ოდესის რეგიონალურ პროკურატურას ეკოციდის საქმის შედგენაში ეხმარება. ამ კრიმინალურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რუსეთის წყალქვეშა სამხედრო აგრესიის გავლენა შავი ზღვის ვეშაპისნაირებზე.

    სამართალდამცავებმა ამ საქმის წარმოება 2022 წლის ზაფხულში დაიწყეს. ქეისის აღწერის დროს მათ პარალელები გაავლეს ფართომასშტაბიან ეკოციდთან სპარსეთის ყურეში, რომლის დროსაც, 1991 წელს, ერაყელმა სამხედროებმა ქუვეითში ნავთობის ჭაბურღილები ააფეთქეს. 

    ეს პირველი მაგალითი იყო, რომელიც გაერომ განიხილა და რომლის გამოც აგრესორმა გარემოს დაზიანებისთვის პასუხი აგო. გაეროს კომპენსაციის კომისიამ ყველა პრეტენზია განიხილა, სამხედრო შეჭრის შედეგად ქუვეითისთვის მიყენებულ ზარალზე. ერაყის არმიის მოქმედებით დაზარალებულ ადამიანებსაც და ორგანიზაციებსაც შეეძლოთ გადახდების მიღება.

    უკრაინის პროკურატურამ ამ გამოძიებისთვის პაველ გოლდინს დაუძახა, ცხოველებზე ნეკროფსიის ჩასატარებლად. ერთი წლის განმავლოვაში პაველმა 9 დელფინს ჩაუტარა ნეკროფსია, არაერთი პათოლოგიური ნიშანი აღმოაჩინა და შემდგომი ანალიზებისთვის 100-ზე მეტი ნიმუში აიღო. ეს ნიმუშები იტალიაში, პადუას უნივერსიტეტში გააგზავნეს, ხოლო მათგან დამატებით დელფინის შიდა ყური გერმანიაში, ჰანოვერის უნივერსიტეტში გააგზავნეს. 

    დაღუპვის მიზეზის დასადგენად, პაველ გოლდინი დაღუპულ დელფინს კვეთს. ოდესა, 2022 წელი

     

    “თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ მე და ჩემი კოლეგები შევთანხმდით, რომ ამ ანალიზების შედეგები სრული ციკლის დასრულებამდე არ გამოვაცხადოთ. შედეგები მალე ვერ გაანალიზდება, რადგან ჩვენი პრიორიტეტი მონაცემების სრულყოფილი შეგროვება და ინტერპრეტაციაა. როცა ყველაფერი გვექნება, ამას პრესას აუცილებლად შევატყობინებთ,” - ამბობს გოლდინი.

    მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი და სრულყოფილი იქნება სამეცნიერო მტკიცებულებები, მით მეტი შანსია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დელფინების დაღუპვა შავ ზღვაში დაკვალიფიცირდეს, როგორც ეკოციდი. 

     

    კვლევები  მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება

    პაველ გოლდინის ერთ-ერთი სტუდენტი, კარინა ვიშნიაკოვა, ყირიმიდანაა. 2022 წლის თებერვალს კარინა ოდესიდან იტალიაში, სემინარზე, გაემგზავრა. მისი წასვლიდან მალევე მის ქვეყანაში ომი დაიწყო და იტალიელმა კოლეგებმა მას პადუას უნივერსიტეტში დარჩენა და სამსახური შესთავაზეს. კარინამ მიიღო ეს შეთავაზება, მაგრამ მაშინ არც კი აცნობიერებდა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, აღმოჩნდა. 

    ზღვის ძუძუმწოვრების დაავადებებების შესწავლის თვალსაზრისით, პადუას უნივერსიტეტი იტალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია. კარინას იტალიაში წასვლიდან რამდენიმე კვირაში, შავი ზღვის სანაპიროებზე დაღუპული დელფინები იპოვეს. კარინას იტალიელი კოლეგები კი ომის ვითარებაში მყოფი ქვეყნის მეცნიერს დასთანხმდნენ, რომ დაღუპული ცხოველების მონაცემები გაეანალიზებინათ, თუკი კარინა მათ მიღებას შეძლებდა.

    უკრაინელი მეცნიერი  კარინა ვიშნიაკოვა, რომელიც ამჟამად იტალიაში, ქალაქ პადუაში, მუშაობს, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით დელფინების სინჯებს აგროვებს და აანალიზებს.  ფოტო © მაქს კოზმენკო

     

    “კოლეგების თანხმობის მიუხედავად, მაინც არ იყო მარტივი პროცესი,”- ამბობს კარინა. -”ჩვენი ვეშაპისნაირები CITES-ის კონვენციით [კონვენცია "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" | Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora] არიან დაცულები. ეს ნიშნავს, რომ სპეციალური ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ უკრაინიდან აღებული სინჯების ექსპორტი მოხდეს სხვა ქვეყანაში.”

    რაკი მეცნიერები ამ სინჯებს დიდ გადამტან კომპანიებს არ ანდობდნენ, კარინამ გადაწყვიტა, გაყინული სინჯები უკრაინიდან იტალიაში თვითონ წაეღო. 

    “ჩერნივციდან რუმინეთში მანქანით ვიმგზავრე. მესაზღვრეებისთვის იმის ახსნა მომიწია, რა მიმქონდა და სად,” - ამბობს კარინა.

    კარინამ სინჯების გადასატანად სტიროპოლის ყუთები და ბატარეებზე მომუშავე მაცივრები გამოიყენა. მისი წაღებული სინჯები ჯერ პადუას უნივერსიტეტში ჩავიდა, შემდეგ კი ისინი გერმანიაში გააგზავნეს. მართალია, პირველი სინჯები 2022 წლის ზაფხულში გააგზავნეს, მათგან მიღებული შედეგები ჯერ კიდევ არაა გამოქვეყნებული რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში.

    “ზოგი სინჯის ანალიზს თვეები სჭირდება. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცნიერები სხვა პროექტებზეც მუშაობენ და ლაბორატორიებში რიგებია,” - ხსნის პროცესს ვიშნიაკოვა. - “ჯერ არ გვაქვს საბოლოო შედეგები, რომ ისინი საბოლოო ანგარიშში ავსახოთ. როცა საქმე მეცნიერებას ეხება, უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ზუსტი, რომ ომსა და ვეშაპისნაირების დაღუპვას შორის კავშირი დავადგინოთ.”

    სამეცნიერო პასუხების მოლოდინში, კარინა ვიშნიაკოვასა და პაველ გოლდინს სჯერათ, რომ მნიშვნელოვანია უკვე დაიწყოს მუშაობა ვეშაპისნაირების პოპულაციის აღდგენაზე, როცა ომი დასრულდება. მეცნიერები თვლიან, რომ დელფინები ბადეში რომ არ მოჰყვნენ, - რაც შავ ზღვაში მათი დაღუპვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია - კარგი იქნებოდა მეტი დაცული ტერიტორიის შექმნა, სადაც თევზაობა აიკრძალება.

    ერთ-ერთი ოფციაა ხმის დამხშობი აპარატურის მონტაჟიც, რომელიც ამჟამად ბულგარეთსა და თურქეთში იცდება.

     

    რას ამბობენ ბიოლოგები შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებიდან? 

    “ომის დაწყებიდან მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში, [თურქმა] მეცნიერებმა თურქეთის აკვატორიაში 80 გამორიყული დელფინი იპოვეს, რომელიც ‘განსაკუთრებული მატებაა.’ ჩვეულებრივ სიტუაციაში, ასეთი შემთხვევები იშვიათია,” - გვიპასუხეს თურქული საზღვაო ორგანიზაცია TUDAV-დან, ამ სტატიაზე მუშაობისას.

    “გასულ წელს, ბულგარეთის სანაპიროზე 20 მკვდარი დელფინი გამოირიყა, რომლებიც ზღვის დინებას მოჰყვა. ამავე დროს, მდინარე როპოტამოს დელტაში ოთხი დელფინი დაიღუპა. მათი დაღუპვა პირდაპირ უკავშირდება სამხედრო ოპერაციებს, რადგან მათი სხეული დამწვარი იყო და კანზე იარები ჰქონდათ,” - გვითხრა ბიოლოგმა ატანას რუსევმა, რომელიც ბულგარული კამპანია “Save the Dolphins"-ის აქტივისტიცაა.

    რუმინელი ბიოლოგებიც ეთანხმებიან მათი კოლეგების მოსაზრებებსა და დასკვნებს. 

    “ჩვენმა გუნდმა 9 ვეშაპისნაირი გაკვეთა 2022 წლის თებერვალსა და 2023 წლის სექტემბერს შორის. პრესიდან, სხვადასხვა ანგარიშიდან, ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით, რომ რუმინეთის სანაპიროსთან 170-180 შემთხვევა აღირიცხა გამორიყვის,”- გვითხრა რუმინელმა ბიოლოგმა რავზან პოპესკუმ. “ბევრ მათგანს ბადის ნაჭდევები ჰქონდა, მაგრამ ზოგს დამწვრობისა და სხვა მსგავსი ტიპის დაზიანების კვალიც აღენიშნებოდა, რამაც, საბოლოოდ, მათი სიკვდილი გამოიწვია."

    რავზან პოპესკუს თქმით, დელფინების ნაწილი რუმინეთში გამორიყვის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, “აგონიაში.”

    “ხუთი დელფინის შემთხვევაში, პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვიპოვეთ დელფინების დაღუპვასა და შავ ზღვაში სამხედრო საქმიანობას შორის. ამ დელფინებს ჰქონდათ დამწვრობები, აღარ შეეძლოთ ნავიგაცია და კვება, რომლის გამოც ნუტრიციული დეფიციტი შეექმნათ, რომელიც სიცოცხლეთან შეუთავსებელი იყო. ასეთი დაზიანებები მაღალი სიხშირის ბგერებს უკავშირდება, რომლებიც დაკავშირებულია აფეთქებებთან და სამხედრო სონარებთან,” - გვითხრა რავზან პოპესკუმ. 

     

     

    დელფინებზე მონაცემების შეგროვების პრობლემა საქართველოში

    ვეშაპისნაირებზე მონაცემების მოგროვება გართულდა საქართველოშიც.

    სანაპიროს დალაგების დროს გამორიყულ დელფინს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იღებენ და მიაქვთ: ან ნაგავსაყრელზე, ან სხვაგან. მეცნიერებმა არაერთი ტრენინგი ჩაუტარეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და სთხოვეს, რომ თუკი დაღუპულ დელფინს სანაპიროზე იპოვნიან, დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათ, რომ ჯერ კიდევ ახალდაღუპულ ცხოველს ჩაუსწრონ, რომ მისგან აღებული სინჯები სამეცნიეროდ ვალიდური იყოს. 

    აფალინას [ვეშაპისნაირების ერთ-ერთი სახეობა] ყბის ძვალი და თავის ქალა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ინახება | ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023

     

    იდეალურ შემთხვევაში, დელფინის პოვნისას, დასუფთავების სამსახურმა ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს/გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა მიაწოდოს, სამინისტრომ კი - ბიოლოგებს, - სპეციალური გეგმაა შედგენილი, სადაც გაწერილია, რა როგორ უნდა მოხდეს. 

    "რატომღაც, აქამდე ეს სისტემა ვერ აეწყო," - ამბობს ქართველი ბიოლოგი დავით დეკანოიძე და ფოთიდან აღებული ზღვის ღორის შიდა ყურს ეკოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის თაროზე ათავსებს. "ალბათ, სურვილის ნაკლებობაა. სისტემა რომ აწყობილი იყოს, ის მეცნიერებს კვალიფიციური მონაცემების მოგროვებაში დაგვეხმარებოდა."

    იტალიაში, უკრაინელ კოლეგასთან, კარინა ვიშნიაკოვასთან, დავითი ამ ერთ სინჯს ჯერ არ აგზავნის. არც გაგზავნის ზუსტი დრო იცის. სამეცნიერო მნიშვნელობას ერთი ვალიდური სინჯი მხოლოდ მაშინ შეიძენს, როდესაც ის ბევრი მსგავსი სინჯის სტატისტიკური ნაწილი გახდება და ტენდენციის გამოკვეთაში დაეხმარება მას და მის კოლეგებს შავი ზღვის ქვეყნებიდან, სადაც ისინი, ომის პირობებშიც კი, აგრძელებენ ვეშაპისნაირებზე ზრუნვას. 

     

    სტატიის ავტორები არიან მარიანა ვერბოვსკა და ცირა გვასალია. სტატია მომზადდა ევროპის ჟურნალისტიკის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით | This article was developed with the support of Journalism Fund Europe.

     

    მარიანა ვერბოვსკა არის უკრაინელი გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გამშუქებელი ჟურნალისტი. მას ამ მიმართულებით არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

    ცირა გვასალია არის პლატფორმა “კაქტუსის” თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი. “კაქტუსის” ერთ-ერთი მიზანია გარემოს დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ, ასევე დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება