2024-02-16

  • ეთიკა და ქცევის წესები “კაქტუსისთვის” მომუშავე ჟურნალისტებისთვის
  • “კაქტუსი” ეძებს სანდო, სამეცნიერო ინფორმაციას ჯანმრთელობისა და გარემოს დაბინძურების შესახებ საერთაშორისო წყაროებზე, თარგმნის მას ქართულ ენაზე, რათა გლობალური ცოდნა ხელმისაწვდომი იყოს იმ ქართველი მკითხველისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, სამეცნიერო იდეებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის პოპულარიზაციის მიზნით. 

    სანდო სამეცნიერო წყაროების თარგმნასთან ერთად, “კაქტუსი” შესაბამის მონაცემებს ითხოვს საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან, რათა მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო აღმოჩენებს ქართული კონტექსტი მოუძებნოს, აღმოაჩინოს მსგავსება თუ განსხვავება და წარუდგინის ის ქართველ მკითხველს. 

    ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, “კაქტუსი” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართულენოვანი წყარო იყო საქართველოში, რომელიც თავს უყრიდა ყველაზე სანდო სამეცნიერო წყაროებს და თარგმნიდა მათ ქართულ ენაზე. ამ დროს შეიქმნა განახლებადი ინფორმაცია როგორც COVID-19 ვაქცინების გლობალურ მარაგებსა და წარმოებაზე, ასევე სამკურნალო საშუალებებზე და საქართველოში ვაქცინების მარაგებსა და სხვადასხვა მიზეზით გამოუყენებელი/გადაყრილი COVID-19 ვაქცინების შესახებ. “კაქტუსის” წყაროებს და მოპოვებულ მონაცემებს იყენებდნენ როგორც ტელევიზიები, ასევე ელექტრონული მედია. 

    2018 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, “კაქტუსმა” გააშუქა ისეთი თემები, როგორებიცაა ძუძუს მოკვეთის [მასტექტომიის] გავლენა ქალების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და მათი ინფორმირებულობის დონე საქართველოში, ე.წ. “კლუბური ნარკოტიკების” შესახებ ცნობიერება ქართველ ახალგაზრდებში და მათი მიღების გავლენა ჯანმრთელობაზე; გარემოს დაბინძურების გავლენა ქალთა ჯანმრთელობაზე და მსგავს საკითხებზე. სხვადასხვა დროს, “კაქტუსის” ფინანსურ მხარდამჭერთა შორის იყვნენ/არიან ქალთა ფონდი საქართველოში, ღია საზოგადოების ფონდი, USAID, გერმანული მედია-ორგანიზაცია n-ost, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და ევროპის ჟურნალისტიკის ფონდი [Journalism Fund Europe]. 

    “კაქტუსი” აგრძელებს გლობალური და ლოკალური მონაცემებისა და სამეცნიერო ფაქტების მოგროვებას ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაბინძურების შესახებ, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და საჭირო ცვლილებების პროვოცირების მიზნით. საქართველოში გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები ძალიან ნაკლულია - ღარიბი ქვეყნისთვის ხარისხიანი მონაცემების მოგროვება ჯერ კიდევ არაა აქტუალური, ან პრიორიტეტული. მოსახლეობაში დაბალი ცნობიერებისა და სხვა სასიცოცხლო პრობლემების მოუგვარებლობის გამო, მათი გააქტიურება ყოვნდება.

    “კაქტუსის” მიზანია, გლობალური, საუკეთესო გამოცდილების ჩვენებით, ლოკალურად, მკითხველის გავლით, მოსთხოვოს მთავრობას სამთავრობო მონაცემების უკეთ მოგროვებასა და გაციფრულებაში მეტი ინვესტიციის ჩადება, სამომავლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფის მიზნით.


     

    ქცევის წესები და ძირითადი სამუშაო პრინციპები 

    “კაქტუსს,” ისევე, როგორც სხვა ეთიკურ მედიას, გააჩნია ქცევის წესები და ანგარიშვალდებულება ჟურნალიზმის პროფესიისა და საკუთარი მკითხველის მიმართ.

    “კაქტუსი” მოიპოვებს ინფორმაციას ღია თუ დახურული წყაროებიდან, მონაცემებს საჯარო უწყებებიდან თუ საერთაშორისო წყაროებიდან, გამოქვეყნებამდე საფუძვლიანად ეცნობა მათ და წარუდგენს საკუთარ მკითხველს, პირველწყაროსა და მტკიცებულების სახით. 

    “კაქტუსის” სტატიები და სოციალური მედიის პოსტები ყოველთვის მოიცავს ინფორმაციის წყაროებს, უმეტესად ლინკების სახით. ლინკები ყოველთვის აღებულია სანდო სამეცნიერო თუ სხვა ტიპის წყაროებიდან, მათ შორის, საჯარო უწყებების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული და გამოთხოვნილი მონაცემებიდან. 

    ყველა წყარო, რაც ინტერნეტში, განსაკუთრებით ქართულ ენაზე, არსებობს, “კაქტუსისთვის” სანდო არ არის. მაგალითად, “კაქტუსი” პირდაპირ წყაროდ არასოდეს უთითებს “ვიკიპედიას” - თავისუფალ ონლაინ ენციკლოპედიას. “ვიკიპედიას” “კაქტუსი” იყენებს მხოლოდ სხვა წყაროების სანახავად, როგორც მონაცემების ფასეულ, აგრეგირებულ ფორმას და ყოველთვის ჩაშლილად ეცნობა მის ქვე-წყაროებს, რომელთა შორის ასევე არაერთი შეცდომაში შემყვანი წყაროც გვხვდება. საბოლოოდ მხოლოდ გაფილტრულ, ორიგინალურ ლინკს უთითებს ინფორმაციის წყაროდ, თუკი ის სანდო და ვალიდურია.

    “კაქტუსი” ცდილობს, თავი აარიდოს სპეკულაციებს, სუბიექტური მოსაზრებების გამოთქმას, მაგრამ ასეთის გამოქვეყნების იშვიათ შემთხვევაში, ცდილობს დაასაბუთოს ყველა წინადადება თუ მოსაზრება. ქართულ წყაროებთან ერთად, “კაქტუსი” აქტიურად აცნობს ქართველ მკითხველს საერთაშორისო სამცნიერო წყაროებსა და მაღალ სტანდარტებზე მომუშავე მედიას და ასეთ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, ყოველთვის უთითებს პირველწყაროს იმ წესებით, როგორც ეს დადგენილი აქვს ორიგინალ შემქმნელს.

    “კაქტუსისთვის” და მისი ავტორებისთვის მიუღებელია პლაგიატი - სხვისი შრომის ციტირების ან ავტორთან შეთანხმების გარეშე გადმოღება. 

    “კაქტუსის” პროექტებში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის მიუღებელია ფინანსური სარგებლიანობის მიღება საკუთარი წყაროებიდან. იგივე ეხება ჟურნალისტის ურთიერთობას პოლიტიკოსებთან და მაღალი თანამდებობის პირებთან. თანამშრომლები ინარჩუნებენ პროფესიონალურ და პროფესიულ დისტანციას, არ მიდიან ძვირადღირებულ ვახშმებზე დაინტერესებულ მხარეებთან და არ იღებენ მათგან საჩუქრებს. 

    “კაქტუსის” თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია საზოგადოებაში. ჟურნალისტი ცდილობს იყოს მიუკერძოებელი და ღია გონებით მიუდგეს თემას, რომელსაც აშუქებს და ცდილობს, თავი შეიკავოს მასზე საჯარო მოსაზრების გამოთქმისგან, თუკი ის დასაბუთებული არ არის. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი იმ თემაზე, რომელსაც ესა თუ ის ჟურნალისტი აშუქებს, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ჟურნალისტის საჯაროდ გამოთქმული აზრი ყოველთვის ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებად და გაზომვად ფაქტებს.

    “კაქტუსისთვის,” როგორც მედიისთვის, რომელიც აცნობიერებს ახალი მედიის ძალას მომავლის ჟურნალისტიკაში, მნიშვნელოვანია ნდობა და რეპუტაცია, ასევე ის, თუ როგორ ჩანს მისი სახელი საზოგადოებაში. თანამშრომლები, ყველა შესაძლო მექანიზმით, თავს არიდებენ ინტერესთა კონფლიქტს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებთან და ღია თუ კონფიდენციალურ წყაროებთან. 

    “კაქტუსი” არასოდეს იმეორებს პირდაპირ სხვა მედიის თუ პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ის თვითონ ცდილობს იყოს ორიგინალური მონაცემის მომპოვებელი, მაგრამ თუკი ისარგებლებს სხვა მედიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თუ მონაცემს, ყოველთვის უთითებს პირველწყაროს, ლინკის ან სხვა ტიპის მითითების სახით.

    როგორც ხანგრძლივვადიან თემებზე მომუშავე მედია, “კაქტუსი” ცდილობს შესაბამისი ადამიანების - წყაროების პოვნას და მათთან პროფესიონალური ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. ასეთ წყაროებთან ურთიერთობა ხშირად არაფორმალურ გარემოში, არაფორმალურ შეხვედრებსაც გულისხმობს, რა დროსაც მათთან ფამილარულ ურთიერთობაში გადასვლის რისკები არსებობს. მსგავსი ვითარებების მართვა და კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავირიდოთ ინფორმაციის წყაროებთან მეტისმეტი ფაქტობრივი დაახლოება ან ის, თუ როგორც ჩანს საზოგადოებაში მსგავსი ურთიერთობები. საქმიანი ურთიერთობების შესაბამის ჩარჩოებში მოქცევა და კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და “კაქტუსის” უფროსი თაობის მენეჯმენტი მას განსაკუთრებულად უფრთხილდება და გადასცემს ახალი თაობის ჟურნალისტებს თუ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებს. კონტრაქტის გაფორმებამდე, მენეჯმენტი/რედაქცია ესაუბრება მათ მსგავს თემებზე და მხოლოდ შესაბამისი შეთანხმების შემდეგ აფორმებს მათთან საქმიან ხელშეკრულებებს. 

    ინფორმაციის წყაროებთან რომანტიული ან ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება აჩენს საზოგადოებრივ მოსაზრებას მიკერძოებულობასა და არაპროფესიონალიზმზე. თუკი თემაზე მუშაობისას ასეთი რამ მაინც მოხდა, ჟურნალისტი ვალდებულია მასზე ზემდგომ რედაქტორს გაუზიაროს ეს გამოცდილება და იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. ხშირად, ასეთ დროს, ჟურნალისტი აღარ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას ან წყვეტს იმ კონკრეტულ წყაროსთან ურთიერთობას და მის საქმეს აგრძელებს სხვა ჟურნალისტი, მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით. 

    მკითხველისა და საზოგადოების მიმართ გამჭვირვალობა “კაქტუსისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია. “კაქტუსს” აქამდე არ ჰქონია ბიზნესთან ურთიერთობა, მათი პროდუქციის ვებ-გვერდზე რეკლამის სახით განთავსების კუთხით. მომავალში, ამ კუთხით განვითარების შემთხვევაში, ბიზნეს მასალების მომზადების და გამოქვეყნების შემთხვევაში, მასალა აუცილებლად განთავსდება სექციის ქვეშ “რეკლამა.”

     

    პრიორიტეტული თემები და იდეები 

    მიუხედავად საზოგადოებასა და მეცნიერებაში არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, არის საკითხები, რომელთა მიმართაც “კაქტუსს” საკუთარი ცხადი დამოკიდებულება გააჩნია, რომელთა გაშუქება მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ფუძემდებლური საზრისია.

    კლიმატის ცვლილება, დედამიწაზე ტემპერატურის მატება და ამინდის ექსტრემალური მოვლენები რეალურია და ის ადამიანის მიერ გამოწვეული და დაჩქარებული მოვლენაა, რომელიც შესაბამის სამეცნიერო მონაცემებს ეყრდნობა. ეს დამოკიდებულება მაქსიმალურად არის დაცლილი სუბიექტურობისგან. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებაზე საუბრის დროს “კაქტუსი” ყოველ ჯერზე წარმოუდგენს მკითხველს ამ მტკიცებულებებს და თავს არ ახვევს მკითხველს მას, როგორც იდეოლოგიას.

    კლიმატის ცვლილების თუ სხვა გლობალური მოვლენების გაშუქების დროს, "კაქტუსისთვის" ამოსავალი წყაროებია ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ადმინისტრაცია [NASA] და იქ გამოქვეყნებული ვიზუალური თუ შინაარსობრივი მასალა, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, გაეროს კლიმატის ცვლილების მეცნიერთა მთავრობათაშორისი პანელის ანგარიშები, მათ შორის ისინი, რომლებიც ასახავენ საქართველოს მდგომარეობას. საქართველოს შემთხვევაში, სადაც გარემოზე მონაცემების მოგროვების კუთხით მნიშვნელოვანი ჩავარდნაა და სამომავლო მოდელების შექმნის შეზღუდვებია, ეს საკითხი "კაქტუსისთვის" ცალკე გაშუქების, კვლევის და მუდმივი მონიტორინგის თემაა, პრინციპით: მოცემულ მომენტში მტკიცებულებების არარსებობა მოვლენების არარსებობას არ ნიშნავს. მონაცემთა უწყვეტი მოპოვება გადამწყვეტია.

    გარემოს დაბინძურება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ამაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია. “კაქტუსი” ცდილობს მოაგროვოს შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებები და მონაცემები როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ და გააცნოს ის ქართველ მკითხველს. ამ მიზნით, "კაქტუსმა" ათეულობით აკადემიური მასალა თარგმნა ინგლისურიდან ქართულად, ქართველი მკითხველისთვის მათი წარდგენისა და მეტი დამაჯერებლობის მიზნით.

    ვაქცინაცია-იმუნიზაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევაა მედიცინაში. მისი გამოყენება ადამიანების დასაცავად და ადამიანის იმუნიტეტისთვის ახალი პათოგენების გასაცნობად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქრონიკული მდგომარეობების მქონე მოქალაქეებისთვის და ხანდაზმულებისთვის. “კაქტუსი” მხარს უჭერს ამ სამედიცინო ჩარევას, ღიად მოუწოდებს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ და აცნობიერებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მის უდიდეს როლს. სამედიცინო საკითხების გაშუქების დროს "კაქტუსის" ძირითადი წყარო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა

    იგივე ეხება სიმსივნის პრევენციის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად. "კაქტუსი" თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან, მონაწილეობას იღებს სიმსივნის პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და აშუქებს სახელმწიფო პროგრამებსა თუ ინდივიდუალურ ინიციატივებს, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის შენარჩუნების, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.