2024-02-02

  • რატომ გამოირიყნენ დელფინები უკრაინის ომის შემდეგ? - ინტერვიუ მეცნიერთან
  • ბიოლოგები შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან იმის დამტკიცებას ცდილობენ, გამოიწვია თუ არა ვეშაპისნაირების მასობრივი გამორიყვა რუსეთ-უკრაინის ომის დროს წყალქვეშა სამხედრო ნავების გამოცემულმა მძლავრმა ბგერითმა სტრესებმა.  

    მკვლევარებს შორის არიან ქართველი და უკრაინელი მეცნიერებიც. დავით დეკანოიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, ერთ-ერთი მათგანია. 

    2022 წლის ივნისში, ომის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ, სტუდენტებთან ველზე ყოფნის დროს, დავითმა ფოთთან ახლოს გამორიყული ერთი ცალი ზღვის ღორი [ვეშაპისნაირების ერთ-ერთი სახეობა] იპოვა, შემდგომი კვლევისთვის მისი შიდა ყური აიღო და ფორმალინის ხსნარში შეინახა. ეს სინჯი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში, პლასტმასის გამჭვირვალე, ლურჯსახურავიან, სინჯარაში ინახება.

    მსგავსი სინჯების უფრო დიდი რაოდენობით შეგროვების შემდეგ, დავითმა ისინი იტალიაში უნდა გააგზავნოს, სადაც წარმოშობით უკრაინელი მეცნიერი, უკვე ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ, უფრო დეტალურად შეისწავლის, იყო თუ არა დაზიანებული ამ და სხვა დელფინების შიდა ყური.

    დელფინის შიდა ყური, უმეტესად, წყალქვეშ მძლავრი ბგერითი ტალღებით ზიანდება. რაკი ასეთი მძლავრი და შემაწუხებელი წყალქვეშა ბგერითი ტალღები შავ ზღვაში ნაკლებად წამოიშობა, დელფინების ყურის დაზიანების ომთან დაკავშირება საკმაოდ მაღალი რწმუნებით შეიძლება. 

    მეცნიერებს ამ ეტაპზე აქვთ ჰიპოთეზა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დელფინების დიდი რაოდენობით გამორიყვა სწორედ რუსეთის შავი ზღვის ქვეშ სამხედრო იარაღებმა გამოწვია.

    ეს ჰიპოთეზა მეტი მონაცემებით უნდა დამტკიცდეს. მონაცემების [დაღუპული დელფინების შიდა ყურის] შეგროვება ნელი და რთული პროცესია, ამიტომ მეცნიერები ამ კითხვაზე სწრაფ პასუხს არ ელოდებიან.

    თუკი ჰიპოთეზა დადასტურდა, რომელსაც წლები დასჭირდება, შავი ზღვის ვეშაპისნაირების შემსწავლელი მეცნიერები დელფინების გამორიყვასა და უკრაინის ომის დროს რუსეთის წყალქვეშა სამხედრო იარაღების გამოყენებას შორის, მაღალი რწმუნებით, კავშირის დადგენას შეძლებენ. 

    მიმდინარე კვლევის დეტალები თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა, დავით დეკანოიძემ, გაგვიზიარა.

    მკვლევარი დავით დეკანოიძე, ზღვის ღორის შიდა ყურის ძვლის პრეპარატით ხელში, რომელიც მან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფოთთან, გამორიყული დელფინის თავიდან, აიღო. პრეპარატი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში ინახება, სამომავლოდ კი, უფრო დეტალური კვლევისთვის, მისი გაგზავნა იტალიაში იგეგმება. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 



    რამდენი სახის ვეშაპისნაირი გვხვდება შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში?

    საქართველოში სამი სახეობის დელფინები გვხვდება: ზღვის ღორი [სიგრძით 1.6 - 1.7 სანტიმეტრი,  მაქსიმალურად 2.20 - რაც გვინახავს ჩვეთან], აფალინა - ყველაზე დიდი [3 მეტრამდე - ისინი, რომლებიც ბათუმის დელფინარიუმში ჰყავთ] და თეთრგვერდა, რომელსაც ქვიშის საათისებრი, თეთრი ლაქა აქვს და ამიტომ ჰქვია თეთრგვერდა. 

    აფალინა და თეთრგვერდა გაცილებით ახლოს არიან ერთმანეთთან ნათესაობრივად, ვიდრე ზღვის ღორი.


    რა არის მოთავსებული სინჯარაში?

    ეს არის ზღვის ღორის შიდა ყურის ძვლები. 

    როგორც მოგეხსენებათ, დელფინებს კარგად ესმით, - საკმაოდ ვოკალურები არიან და მუდმივად გამოსცემენ ხმებს. დელფინებს არ აქვთ გარეგანი ყური - ნიჟარა, რაც, მაგალითად, აქვს ადამიანს - ეს მათი ანატომიური განვითარებიდან ევოლუციურად ამოვარდნილია. 

    დელფინებს ვიბრაციის საშუალებით ესმით, რადგან ისინი წყალში ცხოვრობენ. წყალში ბგერები უფრო სწრაფად და კარგად გადაიცემა, ვიდრე, მაგალითად, ჰაერში.

    ვეშაპისნაირებმა, ადაპტაციის პროცესში, ასეთი ევოლუცია შეიძინეს: მათ ყბებში არსებული ცხიმოვანი ბალიშების საშუალებით “ესმით”, რითაც ვიბრაციებს გრძნობენ. ეს ვირბაციები შიდა ყურს გადაეცემა. შიდა ყური არის სწორედ ის ორგანო, რომელიც აღიქვამს იმპულსებს და თავის ტვინს მიაწოდებს მათ, შემდგომი ინტერპრეტაციისთვის. 

    აფალინას [ვეშაპისნაირების ერთ-ერთი სახეობა] ყბის ძვალი და თავის ქალა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ინახება. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 


    ეს არის აფალინას ყბის ძვალი და თავის ქალა. ქვედა ყბაში ცხიმოვანი ბალიშებია, - ცხიმით ამოვსებული ნაწილი. ცხიმოვანი ბალიში ვიბრაციებს პირდაპირ შიდა ყურს გადასცემს, რომელიც შემდეგ თავის ტვინს გადასცემს იმპულსებს. 

    კოლხია ყურის შიდა ნაწილია, რომელსაც ლოკოკინას ფორმა აქვს. აქედან - შიდა ყურიდან - გამოდიან ნეირონები, რომლებსაც თავის ტვინამდე მიაქვთ გარედან მოწოდებული ინფორმაცია. 

     

    რამდენად განვითარებული თავის ტვინი აქვთ ვეშაპისნაირებს?

    ვეშაპისნაირებს თავის ტვინი საკმაოდ განვითარებული აქვთ. 

     

    ზომით რამხელა?

    თუკი ძუძუმწოვრის ინტელექტზე ვსაუბრობთ, თავის ტვინის ზომას მნიშვნელობა სხეულთან თანაფარდობით აქვს. ამ კრიტერიუმით, ვეშაპისნაირებს საკმაოდ დიდი ზომის თავის ტვინი აქვთ. 

    მათი თავის ტვინის ქერქი საკმაოდ დანაოჭებულიცაა. ამის გამო და არა მხოლოდ ამიტომ, ითვლება, რომ ვეშაპისნაირები საკმაოდ მაღალ-ინტელექტუალური ცხოველები არიან. 


     

    რა შეიცვალა შავი ზღვის ვეშაპისნაირებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ?

    როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, თურქეთში დაახლოებით ორმოცამდე თეთრგვერდა დელფინი გამოირიყა. ამის შემდეგ, შავი ზღვის ქვეყნის მეცნიერებმა, დავსხედით და მოვითათბირეთ, რომ ამაზე გვემსჯელა და კვლევები დაგვეწყო.

    გამოირიყა გემსაწინააღმდეგო მინებიც: ბულგარეთში, თურქეთში, ერთი ცალი საქართველოშიც, თუ არ ვცდები. გემსაწინააღმდეგო საშუალება ზღარბის ფორმის, ეკლიანი, მინაა: მოწყობილობა, რომლსაც, გემი რომ დაეჯახება, ფეთქდება. 

    დელფინები უფრო ბულგარეთში, რუმინეთსა და თურქეთში გამოირიყა, ჩვენთან ნაკლებად.

    შავ ზღვას რუკაზე რომ შეხედოთ, მთავარი დინება საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდაა, - სწორედ ამიტომ მოხდა ეს, სავარაუდოდ. ანუ, უკრაინაში მომხდარ მოვლენებზე ასე უნდა “დაარტყას” წრე და მოხვდეს ჩვენთან. ესაა შავი ზღვის დიდი დინების მიმართულება, რომლის შიგნით არის კიდევ რამდენიმე ქვე-დინება, მაგრამ მასა დიდ დინებას მიჰყვება და პატარა დინებებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. 


     

    რა მნიშვნელობა აქვს ყურსა და ბგერას დელფინის გადარჩენისთვის?

    კბილებიანი ვეშაპები [უფრო ცნობილი, როგორც დელფინი] ექოლოკაციაზე არიან დამოკიდებულები. ისინი თვალებით ვერ ხედავენ და როგორც ღამურები, ბგერების საშუალებით მოძრაობენ. 

    ვეშაპები წარმოქმნიან ბგერებს. ბგერა წინ გაიჭრება, რამე ზედაპიზე აირეკლება და უკან ბრუნდება. სწორედ ამ ყბების ცხიმოვანი ბალიშების საშუალებით იღებს დელფინი უკან ბგერას და გადასცემს თავის ტვინს, იმპულსების სახით. 

    სწორედ ამ ბგერების საშუალებით “ხედავს”, აღიქვამს გარემოს დელფინი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ყურის გამართული მუშაობა. მისი დაზიანების შემთხვევაში, დელფინი ხდება “ბრმა:” ვეღარ ნადირობს, ვეღარ ორიენტირებს გარემოში. 


     

    კიდევ სხვა რა შემთხვევებში შეიძლება დაზიანდეს დელფინის შიდა ყური?

    შიდა ყურის დაზიანება ნავთობისა და გაზის სამძებრო სამუშაოების დროსაც ხდება: ბგერა წარმოიშვება, მიდის დაბლა, ზედაპირს დაეჯახება და როცა უკან ბრუნდება, სენსორი აღიქვამს. ამ წარმოქმნილი ტალღის დროსაც ზიანდება შიდა ყური, ბგერის წნევის სიმძლავრით. 

    რადგან ვეშაპისნაირებისთვის ბგერა ყველაფერია - რომ “დაინახოს,” იკონტაქტოს თავისნაირებთან, მოიპოვოს საკვები, ბგერის აღქმის დაკარგვის შემდეგ ის ვერ ორიენტირედება, თუკი ყური დაუზიანდა. ყურის დაზიანების შემდეგ, დელფინი შეიძლება ისეთ ადგილას შევიდეს, საიდანაც უკან ვეღარ გამოაღწიოს, მოკვდეს და გამოირიყოს. 

    ამ მიზეზებით, შიდა ყურის დაზიანების შემდეგ, ცხოველი მალევე იღუპება. ამიტომაც გადავწყვიტეთ შავი ზღვის ქვეყნების მეცნიერებმა, შეგვეგროვებინა გამორიყული დელფინების შიდა ყური.

    ზღვის ღორის შიდა ყურის ძვალი, შენახული ფორმალინში. სინჯი აიღეს ფოთში, გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის, გამორიყული დელფინის თავიდან. აღების დრო: 2022 წლის ივნისი. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 


     

    ამ სინჯის აღების ისტორია და აღების პროცედურებზე მოგვიყევით. 

    გვინდოდა გაგვეგო, ჰქონდა თუ არა თურქეთში გამორიყვას კავშირი რუსეთ-უკრაინის ომთან, რადგან ეს ჯგუფური [ორმოცამდე დელფინის] გამორიყვა იყო, რაც მასობრივ გამორიყვად ითვლება და სავარაუდოდ, ერთი მიზეზი აქვს.

    რაღაც კონკრეტული მიზეზი უნდა ყოფილიყო ამის უკან: ან ინფექციური დაავადება, ან სხვა ფაქტორი. მასიური გამორიყვა ახასიათებთ ვირუსებსაც: მორბილივირუსს, მაგალითად. 

    გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა აფეთქებები მასობრივი გამორიყვის მიზეზი და შიდა ყურის დაზიანება იყო ან არის თუ არა პირდაპირ კორელაციაში ომთან. ეს ვალიდური ჰიპოთეზაა და ვაპირებთ, რომ ეს ჰიპოთეზა გადავამოწმოთ, მაგრამ - აქ არის კიდევ ერთი დიდი “მაგრამ” - ძალიან რთულია ვალიდური სინჯების აღება.

    შიდა ყურის სინჯის აღების დროს გამორიყული დელფინი უნდა იყოს რაც შეიძლება ახალი: დაახლოებით 24-48 საათის დაღუპული, მაქსიმუმ. უფრო ძველი შიდა ყური საკვლევად არ გამოდგება. 

    შიდა ყურის ნეირონები მისი სიკვდილის შემდეგ საკმაოდ მალე ზიანდება. აქ კი მნიშვნელოვანია ყურის სტრუქტურის ერთიანობა განისაზღვროს იმიტომ, რომ მას, შემდეგი შესწავლის მიზნით, ელექტრონული მიკროსკოპით ათვალიერებენ და ამით საზღვრავენ, რამდენად დაზიანებულია შიდა ყური. 

    დავით დეკანოიძე, ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტში, ზღვის ღორის შიდა ყურის პრეპარატთან და სინათლის მიკროსკოპებს შორის. ამ ლაბორატორიაში ვეშაპისნაირების და სხვა სახეობების ათობით მუდმივი პრეპარატი ინახება. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 


    ვალიდური სინჯის აღება რთული პროცედურაა: ყველა გამორიყულის შიდა ყურს ვერ აიღებ და სამეცნიერო მიზნებით ვერ გამოიყენებ.

    ჩვენ შემუშავებული გვაქვს გამორიყული დელფინიდან სინჯის აღების პროტოკოლი. ამ პროტოკოლის მიხედვით, დელფინის გახრწნის ხუთი სტადია გვაქვს აღწერილი: პირველ სტადიაში ძუძუმწოვარი არის ახალი გამორიყული. შენარჩუნებული აქვს თვალის ფერი - ამღვრეული არაა, კანი არ სძვრება. სწორედ პირველი ხარისხის დელიფიდან ხდება მხოლოდ შიდა ყურის აღება, შემდგომი შემოწმებისთვის. ხრწნის მეორე ეტაპზე სინჯი ვალიდური არაა.

     

    თქვენს აღებულ ვალიდურ სინჯზე მოგვიყევით.

    სტუდენტებთან ერთად ვიყავი დასავლეთ საქართველოში, პრაქტიკული გასვლა გვქონდა და ვიპოვეთ გამორიყული ზღვის ღორი. ასეთის პოვნა ყოველთვის შემთხვევით ხდება: როდესაც სტუდენტებთან ერთად ვარ, მანქანით დავდივართ სანაპიროზე და გამორიყულ დელფინებს ვეძებთ. როდესაც ვნახე ეს დელფინი, სტუდენტებისთვის უნდა ამეხსნა, ნეკროფსია როგორ ხდება, რომ გაგვერკვია, რით იყო დაღუპული: თანჭერა, გარკვეული დაავადებები თუ ასე შემდეგ.

    როდესაც გაკვეთა დავიწყე, მომეჩვენა, რომ ცხოველი არ იყო ბოლომდე ცივი და ამიტომ ჩავთვალე, რომ შესაძლოა, ყოფილიყო ახალი: მთლად ახალიც არ იყო, მაგრამ თვალი არ ჰქონდა შემღვრეული, კანი არ სძვრებოდა. ჩანდა, რომ ნაპირზე არ იყო დიდხანს ნამყოფი. 

    ორგანოებიც, გაკვეთის შემდეგ, საკმაოდ ახლად გამოიყურებოდა: ხრწნა არ ჰქონდათ დაწყებული. ავიღე სხვადასხვა ორგანოს სინჯები, ასევე მასალები გენეტიკური ანალიზებისთვის.

    შემდეგ ცალკე ავიღე თავი, წამოვიღე უნივერსიტეტის ბაზაზე და  სტუდენტების თანდასწრებით, შიდა ყური აქ ამოვიღე. 


     

    რა სითხეშია ჩადებული შიდა ყური?

    ეს არის ფორმალინი - ფიქსაციისთვის ფორმალინს ვიყენებთ. სხვა არაფერი სჭირდება. შემდეგ ყური იჭრება და ელექტრონულ მიკროსკოპში ანალიზდება მისი ნაწილები: იყო თუ არა ისინი დაზიანებული. 


     

    ვიცით თუ არა ამ ინდივიდის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი?

    სიკვდილის სავარაუდო მიზეზი არ ვიცით, რადგან გლობალურად, დაახლოებით გამორიყვის 50% შემთხვევაში გამორიყვის მიზეზი დაუდგენელი რჩება. 

    სტანდარტულად, დაღუპული დელფინიდან ვიღებთ ქსოვილებს შემდეგი ორგანოებიდან: თავის ტვინი, გული, ღვიძლი, თირკმლები. შემდეგ ამ ანათლებს დაავადებებზე ვამოწმებთ. საბოლოოდ კი, ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, მუდმივ პრეპარატებს ვამზადებთ.


    ახლა რა ეტაპზეა ამ პრეპარატის გამოკვლევა? თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას?

    არა, ჩვენ არ ვაკეთებთ. უკრაინელი კოლეგის სტუდენტი იტალიაში მუშაობს. იქ სწავლობენ შიდა ყურს დეტალურად და ალბათ, გავუგზავნით და უკვე ის გოგო დაამუშავებს და გაირკვევა, ხმოვანი დაზიანება ჰქონდა თუ არა ამ ინდივიდს. 

    ჯერ-ჯერობით ვართ იმ ეტაპზე, რომ მონაცემებს ვაგროვებთ. ამ პერიოდამდე მხოლოდ ერთი ყურის აღება მოვახერხეთ საქართველოში, რადგან, როგორც ზემოთ აღვწერე - სინჯების აღება ძალიან რთულია. 

     

    როდის აპირებთ ამ პრეპარატის გაგზავნას  იტალიაში?

    ჯერ არ ვიცით. რაღაც ეტაპზე, როცა მოგროვდება სინჯების გარკვეული რაოდენობა, გავაგზავნით.

    გვჭირდება გარკვეული რაოდენობა, რომ იმ გოგომ დაიწყოს მუშაობა, რომ ნახოს ცვალებადობა, სიხშირეები. საჭიროა სხვადასხვა დროს გამორიყული დელფინები შეადაროს ერთმანეთს, რათა დადასტურდეს, რომ სწორედ ხმოვანმა დაზიანებამ გამოიწვია ამათი დაღუპვა. თუკი დადასტურდა, რომ ყური დაზიანებული იყო, დელფინის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი ომი იქნება, რადგან ჩვენს სანაპიროებზე არ მიმდინარეობს განსაკუთრებული სხვა რამე ქმედებები, რომ ყურის დაზიანება რამე სხვა მოვლენას მივაწეროთ.


    რამე სხვა ფაქტორი გამოირიცხა ამ ინდივიდის შემთხვევაში?

    ამ ინდივიდის შემთხვევაში, ერთადერთი, რაც ზუსტად გამოირიცხა, არის თანჭერა, რადგან ბადის ნაჭდევი არ ეტყობოდა სხეულზე. ამ ინდივიდს არც ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობოდა, რომ რამე დაავადება ჰქონდა. ცხიმის სისქეც საკმაოდ ნორმალური ჰქონდა, - ანუ არ შიმშილობდა, იმუნიტეტი დასუსტებული არ ჰქონდა. ამიტომ უფრო დარწმუნებით გადავწყვიტე ამეღო შიდა ყური, რადგან შიდა ყურის პრობლემები შესაძლოა რომ ყოფილიყო მისი დაღუპვის მიზეზი. 

     

    რას ელოდებით ამ მონაცემებისგან?

    თუ შიდა ყური იქნება დაზიანებული, ეს დაზიანება მიებმება ომს და წყალქვეშა ნავებს, და ასე დაუკავშირდება ომს. თუ ბევრ ქვეყანაში მოგროვდება მსგავსი მონაცემები, და ბევრი ასეთი დაზიანებაა შავი ზღვი ქვეყნებში, მაშინ ჩვენი პირვანდელი ჰიპოთეზა დადასტურდება. 

     

    რატომ არის რთული დელფინის ვალიდური სინჯის პოვნა და აღება? 

    როცა დელფინი კვდება, ის მალევე არ ირიყება: გარკვეული პერიოდი ის წყალში ტივტივებს. თუ მოუწევს ხრწნის პირველი ეტაპი, ვიღებთ სინჯს. თუ ხრწნის სხვა ეტაპია, მაშინ სინჯის აღებას აზრი არ აქვს: შიგნით ნერვული უჯრედები იქნება დაშლილი, სტრუქტურა დაზიანებული და ტყუილი მატერიალური ხარჯია. 

    დავით დეკანოიძე, ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტში, ზღვის ღორის შიდა ყურის ძვალს სინათლის მიკროსკოპში ამოწმებს. ფოტო © კაქტუსი, ცირა გვასალია | 12.12.2023 

    ახლა განსაკუთრებით  გართულდა: სანაპიროს დალაგების დროს გამორიყულ დელფინს იღებენ და მიაქვთ: ან ნაგავზე, ან სადღაც - არ ვიცი, სად. ძალიან ბევრჯერ გვქონდა ტრენინგი ამასთან დაკავშირებით: დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ვის, როგორ უნდა შეატყობინონ, თუკი დაღუპულ დელფინს სანაპიროზე იპოვნიან. 

    იდეალურ შემთხვევაში, დასუფთავების სამსახურმა უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინსიტროს, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეგვატყობინოს ჩვენ, - სპეციალური გეგმაა შედგენილი და ამ გეგმაშია გაწერილი, რა და როგორ უნდა მოხდეს. 

    რატომღაც, აქამდე ვერ მოხდა ამ სისტემის აწყობა. ალბათ, ძირითადად, სურვილის ნაკლებობაა. სისტემა რომ აწყობილი იყოს, ეს მეცნიერებს კვალიფიციური მონაცემების მოგროვებაში დაგვეხმარებოდა.

     

     

    დავით დეკანოიძეს ესაუბრა ცირა გვასალია, პლატფორმა “კაქტუსის” თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი. 

    დამოუკიდებელი მედია-პლატფორმა “კაქტუსის” ერთ-ერთი მიზანია გარემოს დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ მიმართულებით საერთაშორისო კვლევების ქართულ ენაზე თარგმნა-გავრცელება და საქართველოში გარემოსდაცვითი მონაცემების მოგროვების პრაქტიკის კვლევა.