2023-11-03

  • თავის ტვინი - ორგაზმის დირიჟორი
  • თავის ტვინის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები - ნეიროვიზუალიზაცია ორგაზმის დროს

    დაახლოებით ორი დეკადის წინ, ორმა სამედიცინო-ტექნოლოგიურმა გარღვევამ, რომელთა ფართოდ ცნობილი აკრომინებია PET [პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია] და fMRI [ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია] - მოგვცა საშუალება, თავის ტვინის სინქრონული მუშაობის ერთიანი სურათი გვენახა რეალურ დროში ისე, რომ ადამიანის დაძინება საჭირო არაა. ასეთი რამ პირველად მოხდა ისტორიაში და ამ ტექნოლოგიებმა თავის ტვინის ფუნქციონირების შესწავლის ყველა სხვა იქამდე არსებულ საშუალებას აჯობა. 

    ამერიკელმა ნეირომეცნიერებმა, რატჯერსის უნივერსიტეტის პროფესორებმა - ბარი კომისარუკმა და ბევერლი უაიფლმა, რომლებიც ადამიანის სექსუალურობის ბიოლოგიურ თავისებურებებს სწავლობენ, ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, fMRI გამოიყენეს იმის გამოსაკვლევად, თუ თავის ტვინის რა უბნები აღიგზნება სექსუალური წერტილების სტიმულირების დროს. 

    კვლევის დროს კომისარუკმა და უაიფლმა იმის გადამოწმებაც გადაწყვიტეს, ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის სტიმულირების დროს ვაგუსის ნერვი თავის ტვინის გარკვეულ უბნებს გადასცემდა სიგნალებს თუ არა. კომისარუკსა და უაიფლს იმის გაგებაც უნდოდათ, თავის ტვინის განკერძოებული ტრაქტის ბირთვი [nucleus of the solitary tract, NTS] აქტიურდებოდა თუ არა  ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის სტიმულირების დროს ისეთ ადამიანებში, რომლებსაც ზურგის ტვინი დაზიანებული ჰქონდათ. 

    ფუნქციურმა მაგნიტო-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ თავის ტვინის განკერძოებული ტრაქტის ბირთვი აქტიურდება ხსენებული ზონების სტიმულირების დროს, რითაც ეს ჰიპოთეზა დამტკიცდა. ექსპერიმენტის დროს ქალები თვითონ ასტიმულირებდნენ ვაგინასა და საშვილოსნოს ყელს. მათი ნაწილი ორგაზმს აღწევდა, ხოლო ამ დროს, სინქრონულად, მათ თავის ტვინის ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია [fMRI] უტარდებოდათ ორგაზმამდე, უშუალოდ ორგაზმის მიღწევის მომენტში და მის შემდეგ [Komisaruk, Whipple, Crawford, et al., 2002; Whipple & Komisaruk, 2002; Komisaruk, Whipple, Crawford, et al., 2004; Komisaruk & Whipple, 2005].

    ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის სტიმულირების დროს თავის ტვინის სხვა ნაწილებიც სტიმულირდება: ჰიპოთალამუსი, ლიმბური სისტემა [მათ შორის, ამიგდალა, ჰიპოკამპი, სარტყლისებრი ქერქი, კუნძულის ქერქი] და ნეოკორტექსი, ბაზალური ბირთვები და ნათხემი, ასევე თავის ტვინის ღეროს ქვედა ნაწილი. 

    ბევრი სხვა კვლევა არსებობს, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები თავის ტვინს აკვირდებოდნენ ორგაზმული აღზგნების დროს, როგორც კაცებში, ასევე ქალებში.

    რთულია ამ კვლევებიდან განზოგადებული აზრის გამოტანა, რადგან კვლევის მეთოდები და გზები მნიშვნელოვნად განსხვავდება: არ არსებობს სტანდარტული კრიტერიუმი თავის ტვინის აქტივაციის დონესთან დაკავშირებით; განსხვავდება თავის ტვინის მუშაობის ჩაწერის ან აღწერის მეთოდები, - ზოგი გამოსახულება უფრო მკვეთრი და ზუსტია და ზოგი - უფრო სუსტი და ბუნდოვანი და არათანაბრად წამოაჩენს თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებსაც მეცნიერები იკვლევენ.

    მიუხედავად ამ შეზღუდვებისა და კვლევების მეთოდოლოგიების მრავალფეროვნებისა, არსებული ტექნოლოგიებით დაკვირვებიდან საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება, რომელთა მოპოვება წინა წლების ტექნოლოგიების საშუალებით არ იყო შესაძლებელი. 

    რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალური აღგზნებისა და ორგაზმის დროს თავის ტვინის დოფამინის მწარმოებელი და “დამაჯილდოებელი” [reward] უბანიც აქტიურდება. fMRI კვლევები აჩვენებს, რომ ქალებში ორგაზმის მიღწევის დროს აქტიურდება მიმდებარე ბირთვები [nucleus accumbens] [Komisaruk, Whipple, Crawford, et al., 2004]. სხვა მეცნიერების [Holstege et al., 2003] PET კვლევითაც დამტკიცდა, რომ თავის ტვინის უბანი [mesodiencephalic area] აქტიურდება კაცების ორგაზმის დროს. 

    ორგაზმის და ადამიანის სექსუალობის შემსწავლელმა მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიები ბოლომდე გამოიყენეს და თავის ტვინის ის უბნები გამოკვეთეს, რომლებიც ორგაზმის დროს აქტიურდება. აქამდე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული პასუხები არ არის სრული და ახალ კითხვებს აჩენს. 

    რა უნდა გავიგოთ მიღებული პასუხებიდან? თავის ტვინის ამ უბნებს რა კონკრეტული დამსახურება აქვთ ორგაზმის წარმოებაში და როგორ? ან რატომ? რით არიან ისინი სხვებთან უპირატესნი? მეცნიერებს კი მოსწონთ მოვლენების სინქრონული ვიზუალიზაცია, მაგრამ რომელ უფრო დიდ კითხვებზე იძლევა პასუხებს ეს კვლევები?

    შესაძლოა, ასეც დავსვათ კითხვა: რა პასუხები მიიღეს სხვა მეცნიერებმა თავის ტვინის იგივე უბნების სხვა მიზნებით [ტკივილის წარმოშობის მექანიზმის] შესწავლის შემდეგ? 

     

    ტკივილისა და სიამოვნების ნეიროფიზიოლოგიური ერთიანობა

    მაგალითად, ვიცით, რომ თავის ტვინის ქერქი ორგაზმის დროს აქტიურდება, მაგრამ ტკივილის შემსწავლელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტკივილის დროსაც სწორედ ქერქი აქტიურდება [ანუ, ორგაზმისა და ტკივილის დროს ერთი და იგივე უბანი აქტიურდება]. 

    როგორ ან რატომ ხდება ისე, რომ ამ ორ, სრულიად სხვადასხვა, შეგრძნებაზე თავის ტვინის ერთი და იგივე უბანი რეაგირებს? შეიძლება იმის დაშვება, რომ ამ ერთ უბანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად გადმოსცეს ორი სხვადასხვა ტიპის შეგრძნება, რადგან მათ ერთი რამ აერთიანებთ - ემოციური გამოხატულების სიმძაფრე და ძალა, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი? 

    რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ თავის ტვინის ერთი უბანი ორ სხვადასხვა ტიპის შეგრძნებაზე იყოს პასუხისმგებელი - ტკივილსა და სიამოვნებაზე. თუ ჩვენ გავიგებთ ორგაზმზე პასუხისმგებელი უბნების სხვა ფუნქციებსაც, მთელი მათი მრავალფეროვნებით, საბოლოო ჯამში, მეცნიერება იმ კითხვაზეც გასცემს პასუხს, რატომ არის ორგაზმული შეგრძნებები ასეთი კომპლექსური და წინააღმდეგობრივი. 

    რაში შეიძლება გამოვიყენოთ ნეიროვიზუალიზაცია, როგორც ტექნიკა, თუკი მეტი გვეცოდინება თავის ტვინის სხვადასხვა უბნების როლსა და ფუნქციებზე ორგაზმული შეგრძნების წარმოქმნის საქმეში? ან საბოლოოდ, იქნებ უფრო მეტი გავიგოთ სიამოვნებაზე, ტკივილზე, სენსორულ აღქმებზე, მეხსიერებასა და ფიქრებზე? სხვა სიტყვებით, ეს კვლევები მეცნიერების უფრო წინმავალი მცდელობაა, მეტი გაიგოს ადამიანის მრავალფეროვან ცნობიერ გამოცდილებებზე. 

    სექსი და ტკივილი ერთანეთთან დაკავშირებული, თითქოს ერთიდან მეორეში გარდამავალი, მოვლენებია. პენეტრაციისა და მასტურბაციის დროს, თუკი ორგაზმი დგება, სახის გამომეტყველება თითქოს ტკივილს, დაჭიმულობას, შეჭმუხნას, მსუბუქი კრუნჩვის მსგავს მიმიკებს იწვევს - ეს რეაქცია ერთგვაროვანი და მხოლოდ "დადებითი" ნამდვილად არ არის. კუნთების რეაქცია ორგამზე ერთმნიშვნელოვნად ესთეტიურიც არ არის - ის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გარდამავალია. კუნთების მოძრაობა სიმძაფრისა და სიხშირის პიკს აღწევს, შემდეგ კი ეშვება და გარდაუვალ სიმშვიდეში გადადის.

    პენეტრაცია | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

     
    ამ მოვლენამ მეცნიერებს უბიძგა, რომ მეტი შეესწავლათ თავის ტვინის იმ რეგიონზე, რომელიც აქტიურდება როგორც ტკივილის სტიმულაციის, ასევე გენიტალური სტიმულაციის დროს. მეცნიერებმა - A.K.P. Jones et al [1991] შენიშნეს, რომ ტკივილის გამომწვევი სტიმულაციის დროს თავის ტვინის წინა სარტყლის [anterior cingulate region] რეგიონი გააქტიურდა, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თავის ტვინის ეს ნაწილი ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი “ტკივილის, ტანჯვის” კომპონენტზე რთული ორგაზმული მოვლენის დროს. ასევე ცნობილია, რომ თავის ტვინის წინა სარტყელი ქალებში ორგაზმის დროსაც აქტიურდება.
     
    რაკი თავის ტვინის წინა სარტყელი ცენტრალური ნერვული სისტემის დიდი და მრავალკომპონენტიანი ნაწილია, მეცნიერებს არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, ტკივილი და ორგაზმი იწვევს თუ არა ერთი და იმავე ნეირონების გააქტიურებას ამ რეგიონში. შესაბამისად, მეცნიერების ნაწილს აქვს ცდუნება, სწორედ ასე იფიქრონ - ეს ჰიპოთეზა დაუშვან.
     

    შესაძლოა, არის კიდევაც სპეციალური რეგიონი თავის ტვინის წინა სარტყელში, რომელიც ქმნის მოტორულ ემოციურ გამოხატულებას [emotion, რომელშიც სიტყვასიტყვით იგულისხმება “გარე ორგანოს მოძრაობა”] და შედეგად ტკივილი და ორგაზმი მიიღება, რომლებიც სრულიად განსხვავებული შეგრძნებებია [feelings]. ალბათ და წესით, თავის ტვინის ერთ რეგიონში არსებული ცალ-ცალკე ნეირონები უნდა წარმოქმნიდნენ ისეთ განსხვავებულ შეგრძნებებს, როგორებიცაა ტკივილის შეგრძნება და ორგაზმის შეგრძნება, თუმცა, შესაძლოა, ნეირონების ეს წყება თავის ტვინის წინა სარტყლის რეგიონშია და ისინი მოტორული გამოხატულების ერთსა და იმავე ელემენტს წარმოქმნიან.

    მთავარია გზა და ტრაექტორია, რომლითაც თავის ტვინიდან ტკივილი და ორგაზმი პერიფერიულ ნერვულ სისტემამდე აღწევს - სპინო-თალამური ტრაქტი - ზურგის ტვინსა და თავის ტვინს შორის გადებული ხიდია და შესაბამის სიგნალებს ატარებს. ეს მწვავე აღგზნებას იწვევს და ააქტიურებს მოტორული კონტოლის ნაწილს - წინა სარტყლისებრ ქერქს [anterior cingulate cortex].

    კრიტიკული კითხვა ისაა - სად იყოფა ტკივილისა და სიამოვნების გზები ნერვულ დონეზე? სად არიან სასიამოვნო შეგრძნებებით დამაჯილდოებელი და ტკივილის მომტანი ნეირონები? რამდენად ახლოს ან შორს არიან ისინი ერთმანეთისგან?

    საკითხებს, რომლებიც ზემოთ წამოვწიეთ, და რომელიც  ტკივილისა და სიამოვნების მომტან ნეირონებს შორის განსხვავებას ეხება, მივყავართ ნეირომეცნიერების მნიშვნელოვან კითხვამდე: ჩვენი თავის ტვინის რომელი ნეირონები წარმოქმნის სხვადასხვა ხარისხისა და ტიპის შეგრძნებებს, წარმოდგენებს, რასაც განვიცდით? რატომ არის ტკივილი ასეთი ცუდი შეგრძნება და სიამოვნება - ბედნიერებისა და აღმაფრენის მომტანი? 

    ამ კითხვებზე პასუხი ნეირომეცნიერების წმინდა გრაალია, და ორგაზმის კვლევა თანდათან გვცემს ამ კითხვებზე პასუხსაც, თვით ორგაზმის ფენომენის შესწავლის პროცესში, და როგორც მისი სხვა დადებითი გვერდითი ეფექტი მეცნიერებისა და ცოდნის წინსვლისთვის.

     

    ნერვული სისტემის როლი ორგაზმის მიღწევაში

    ნერვული ქსელი, რომელიც ორგაზმის დროს აქტიურდება, გვცემს კიდეც პასუხებს კითხვებზე ორგანიზმის საბაზისო ფიზიოლოგიურ მექანიზმთან დაკავშირებით.

    თეძო-მუცლის დიდი ნერვი [the pelvic nerve] წვრილად ვრცელდება და იქსაქსება ვაგინას, საშვილონოს, სწორ ნაწლავსა და საშარდე ბუშტს შორის და ჯეროვნად ამდიდრებს მათ ნერვული დაბოლოებებით [Komisaruk, Adler & Hutchinson, 1972; Peters, Kristal & Komisaruk, 1987; Berkeley at al., 1990]. 

    ვაგინალური სტიმულირების დროს, ამ ნერვის გააქტიურება ორგაზმს იწვევს, ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ თეძო-მუცლის დიდი ნერვის სტიმულირება ორგაზმს იწვევს ქალებშიც და კაცებშიც. 

    ქალებში სწორი ნაწლავის სტიმულირება, კლიტორის, ვაგინის და საშვილოსნოს ყელის სტიმულირებასთან ერთად, ორგაზმის ხარისხს ამაღლებს - მას უფრო რთულს, მრავალფეროვანს, მძაფრსა და საბოლოოდ, ბევრად უფრო ყოვლისმომცველს ხდის.

    ერთმა კაცმა აღწერა, რომ ათი წლის განმავლობაში სექსუალური და ეაკულაციის შემდგომი ორგაზმის მსგავს შეგრძნებას განიცდიდა ყოველი დეფეკაციის დროს, რასაც თან ახლდა პულსის აჩქარება და ბოლოს, დიდი დაღლისგან გათავისუფლების მსგავსი შეგრძნება მოჰყვებოდა [Van der Schoot & Ypma, 2002]. 

    კაცებში ჰიპოგასტრიული ნერვის გავლით, პროსტატიდან მომავალი საიმოვნების შეგრძნება ეაკულაციის დროს აღწევს ორგაზმულ პიკს. ეს კი დამტკიცებულია იმით, რომ პროსტექტომიის [პროსტატის მოკვეთა] შემდეგ ორგაზმის ხარისხი მცირდება [Koeman, et al., 1996]. 

    ჰიპოგასტრიული ნერვი საშვილოსნოდან ან მისი ყელიდან აწვდის ინფორმაციას თავის ტვინს [Bonica, 1967; Peters, Kristal & Komisaruk 1987; Berkeley et al., 1990; Guiliano & Julia-Guilloteau, 2006; Hoyt, 2006]. 

    თეძო-მუცლის დიდი ნერვის გააქტიურება G წერტილის | Spot [ქალის “პროსტატის ჯირკვალი”] სტიმულაციის დროსაც ხდება. ამ დროს, ზოგი ქალის გამოცდილებით, ხდება “ქალური ეაკულაცია,” რომლის დროსაც ორგაზმის “მომყოლი” სითხე საშარდე მილის საშუალებით ვაგინიდან გამოიყოფა [Perry & Whipple, 1981; Ladas, Whipple & Perry, 1982, 2005].

    თავის ტვინი - ორგაზმის დირიჟორი | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | შავი ტუში, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

     

    ძუძუს ან კერტების სტიმულირების დროს ორგაზმული შეგრძნებები, სავარაუდოდ, დაახლოებით იმავე მექანიზმით ხდება, როგორც გენიტალიების სტიმულირების დროს [Komisaruk & Whipple, 2000]: ნეირონების ჯგუფის საშუალებით, თავის ტვინი იღებს ინფორმაციას სტიმულირების შესახებ და შესაბამისად რეაგირებს. უფრო კონკრეტულად, თავის ტვინში არსებობს ნეირონების კლასტერი, რომელიც ჰიპოთალამუსის [თავის ტვინის ერთ-ერთი ნაწილი] პარავენტრიკულურ, ნეიროსეკრეციულ ბირთვს წარმოადგენს. ეს ნეირონები აწარმოებენ და გამოყოფენ ოქსიტოცინს, “ნეიროჰორმონს” [ნეიროჰორმონს იმიტომ ვეძახით, რომ მას ნერვული სისტემა აწარმოებს და არა ენდოკრინული სისტემა] სისხლში, თავის ტვინსა და ზურგის ტვინში - ეს ხდება ძუძუს ან კერტის, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოსა და საშარდე სისტემასთან ახლოს მყოფი ორგანოების სტიმულაციის დროს. 

    ძუძუს წოვების დროს მიოეპითელური უჯრედები იკუმშება. ამ უჯრედებს შორის მოქცეულია სარძევე ჯირკვალი. როცა, ოქსიტოცინის მოქმედების გავლენით, უჯრედები იკუმშება, ქალის ძუძუში ძალაუნებურად გამომუშავდება და გამოიყოფა რძე. ოქსიტოცინს პარალელურად შარდის ბუშტის მომჭერი კუნთის კუმშვის გამოწვევა შეუძლია.

    ბავშვის გაჩენის დროს, საშარდე სისტემის კუნთების კუმშვა ბავშვს საშვილოსნოდან გარეთ გამოდევნის, ეს პროცესი კი ასევე ასტიმულირებს თეძო-მუცლის ნერვის სენსორულ ქსოვილებს. ეს სიგნალი, ზურგის ტვინის გავლით, თავის ტვინის ჰიპოთალამუსის პარავენტრიკულურ ბირთვს გადაეცემა - საჭიროა, რომ ორგანიზმში მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად, სისხლში ოქსიტოცინი გამოიყოს. ამ პროცესთა ერთობლიობას “ფერგიუსონის რეფლექსს” ეძახიან [J.K.Ferguson, 1941]. 

    ჩვილის დაბადების დროს ოქსიტოცინის გამოყოფა ასევე ძუძუში რძის გამოყოფას ასტიმულირებს, რომ დედებმა ჩვილი ძუძუთი გამოკვებონ. 

    ორგაზმის დროს თავის ტვინის ჰიპოთალამუსის პარავენტრიკულური ბირთვი აქტიურდება [Komisaruk, Whipple, Crawford, et al., 2004]. 

    როგორც ავტორები - Ladas, Whipple, და Perry [1982, 2005] აღწერენ, ორგაზმის მგრძნობიარობის ხარისხი დამოკიდებულია იმაზეც, თუ რომელი პერიფერიული სექსუალური ნაწილის სტიმულირება ხდება. 

    განსხვავებული ორგაზმული შეგრძნებები, რომლებიც კლიტორის, ვაგინისა და საშვილოსნოს ყელის სტიმულირებას უკავშირდება და ახლავს თან, მაღალი ალბათობით, ორგანიზმის სხვადასხვა რეგიონიდან, - სხვადასხვა ნერვიდან - მიღებულ, და შესაბამისად განსხვავებულ, ნერვულ იმპულსებს უკავშირდება.  

    კლიტორი, ძირითადად, პუდენდალის ნერვით არის დაქსელილი, ვაგინა - თეძო-მუცლის ნერვით, ხოლო საშვილოსნოს ყელი - ჰიპოგასტრიული, თეძო-მუცლისა და ვაგუსის ნერვით. 

    ნერვული სისტემის ერთიანობა, ორგაზმული შეგრძნებების წარმოქმნის დროს | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | შავი ტუში, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა 

     

    მაშინ, როცა ორგანიზმის თითოეული ამ რეგიონის ცალ-ცალკე სტიმულირებას ორგაზმული [სხვადასხვა ტიპის] შეგრძნების გამოწვევა შეუძლია, სამივე რეგიონის კომბინირებული, ერთდროული სტიმულაცია უფრო მრავალფეროვანი და შერეული შეგრძნებების კომბინაციას იძლევა [I. Singer, 1973; Ladas et al., 1982, 2005].

     
     
     
     
     ძირითადი სამეცნიერო წყარო: "ორგაზმის მეცნიერება", ბარი კომისარუკი, კარლოს ბეიერ-ფლორესი და ბევერლი უაიფლი; ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობა → The Science of Orgasm
     
     პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".