2023-10-21

  • ხეებსაც აქვთ სოციალური კავშირები
  • ტყის სიღრმეში, გამხმარ ფოთლებზე მიმავალი ერთადერთი სულიერის ფეხი ხმა უჩინარდება და სიჩუმე ისადგურებს. პიტერ ვოლებენი, ბოლოსდაბოლოს, პოულობს იმას, რასაც ამდენი ხანი ეძებდა: ტოტებით ერთმანეთზე გადაბმული წიფლების ვარჯს.  

    “ეს ხეები მეგობრები არიან,” ამბობს და ნაცრისფერი ცის ფონზე, წიფლის უფოთლო კენწეროებს თვალი რომ შეავლოს, კისერს უკან ხრის. “ხედავ, სინათლის ადგილს უტოვებენ ერთმანეთს? სქელი ტოტები ერთმანეთის ტერიტორიას ბოლომდე არასოდეს ჩრდილავენ. ზოგჯერ ხეების ასეთი წყვილი ფესვებით იმდენად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ ერთი რომ ხმება, მეორეც მას მიჰყვება,” - ამბობს პიტერი და უფრო ბებერ ხეებს  მაჩვენებს, რომლებსაც, ადამიანებივით, ასაკთან ერთად, კანზე კოჟრები გაუჩნდათ.

    პიტერ ვოლებენი, 51 წლის მაღალი, მუდამ წელში გამართული რეინჯერი თვითონაც იმ ერთ-ერთი წიფლის ხეს ჰგავს, რომელსაც ასე რუდუნებით უვლის. პიტერი გერმანიაში ცნობილი გახდა, როგორც მწერალი - გერმანიაში ხომ ტყეებზე ზრუნვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამ ხალხის ცნობიერებაში ტყე ყველგან ფიგურირებს: ზღაპრებში, მე-20 საუკუნის ფილოსოფიაში, ნაცისტების იდეოლოგიაში და ყველაფერთან ერთად, ხე თანამედროვე გარემოსდაცვითი მოძრაობის მთავარი სიმბოლოცაა.

    მაშ შემდეგ, რაც 2016 წლის მაისში პიტერ ვოლებენმა  წიგნი ხეების დაფარული ცხოვრება: როგორ ურთიერთობენ ხეები - აღმოჩენები მათი საიდუმლო ცხოვრებიდან” გამოაქვეყნა, ტყეები ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. წიგნი ბესტსელერების ტოპ-სიაში მოექცა, ვოლებენი კი მას მერე  სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ტყეში. მეცნიერი ცდილობს, საზოგადოებაში ხეებზე შექმნილი ხატები დაანგრიოს და ხალხს ხეების ფუნქცია გადაააზრებინოს.  

    ხეები მხოლოდ ‘ორგანული რობოტები’ არ არიანო, ამბობს მეცნიერი, რომლებსაც საზოგადოება ისე უყურებს, როგორც საგნებს, რომლებიც გარემოში სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადს გამოყოფენ.  

    თავის მკითხველსა და თოქ-შოუს მაყურებელს პიტერი რთულ სამეცნიერო ინფორმაციასა და საკუთარი დაკვირვებების შედეგს შედარებით მარტივი, ანთროპოგენული ენით გადასცემს. სინამდვილეში, ბიოლოგებმა უკვე დიდი ხანია იციან ის, რასაც რეინჯერი ისევ და ისევ ახსენებს ყველას - ხეები, რომლებიც ტყის ეკოლოგიაში არსებობენ,  სოციალური არსებები არიან. მათ შეუძლიათ თვლა, სწავლა და მახსოვრობაც კი აქვთ; ისინი მეზობელ ხეებთან ურთიერთობენ.

    ხეებს ხიფათის შესახებ განგაშის გავრცელებაში სოკოებიც ეხმარებიან: ელექტრონულ სიგნალებს სწორედ მათი საშუალებით ავრცელებენ “ტყის ქსელში” [Wood Wide Web]; უკვე დიდი ხნის წინ მოჭრილი ხეების მორებს კი  გლუკოზის შემცველ სითხეს აწვდიან, რომ მათ საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლე შეუნარჩუნონ. თუმც, ამ უკანასკნელის მიზეზი ბიოლოგებისთვის დღემდე უცნობია.   

    “ამ წიგნით, პიტერმა სამუდამოდ შეცვალა ჩემი აზრი ხეებზე,” მომწერა ელექტრონული მეილით პოპულარული თოქ-შოუს ავტორმა მარკუს ლანძმა. “ყოველთვის, როდესაც ტყეში ვსეირნობ, პიტერის წიგნზე და მის აღმოჩენებზე ვფიქრობ.”

    გერმანელ ბიოლოგებს მოსწონთ პიტერის მცდელობა: ტყის მცველი წარმატებით ახერხებს მნიშვნელოვან საკითხებზე სახალხო ყურადღების მიქცევას.

    თუმცა, ზოგი მას ლექსიკას უწუნებს: ბოლოგების ნაწილი ამბობს, რომ ხეებს შორის ურთიერთობის აღსანიშნავად სიტყვა ‘ლაპარაკი’ გადაჭარბებულია; მათი აზრით, სიტყვა ‘კომუნიკაციის’ გამოყენება უფრო მართებული იქნებოდა.

    პიტერის წარმატების საიდუმლო კი სწორედ ასეთი ლექსიკის გამოყენებაშია.  “მე ძალიან ადამიანურ ენას ვიყენებ. სამეცნიერო ენა ემოციებისგან დაცლილია და ხალხს არ ესმის.  როცა ვამბობ ‘ხეები თავიანთ შვილებს კვებავენ,’ ყველას ზუსტად ესმის, რასაც ვგულისხმობ.”

    ამჟამად პიტერის წიგნი “შპიგელის” ბესტსელერების სიის თავშია. წიგნის 320 000 ეგზემპლარი უკვე გაიყიდა და 19 ქვეყანაში უნდა თარგმნონ.  “ამ წლის ყველაზე წარმატებული წიგნია,” ამბობს დენის შეკი, გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსი, რომელსაც პიტერის წერის სტილი მოსწონს; კრიტიკოსის აზრით, პიტერს აშკარად გამოსდის მკითხველში ბავშვური, მძაფრი ცნობისმოყვარეობის გამოღვიძება და მკითხველის ჩათრევა.  

    კრიტიკოს შეკის აზრით, “ხეების საიდუმლო ცხოვრების” პოპულარობის საიდუმლო სხვა რამეშიც მდგომარეობს. ხეებზე არანაკლებ, წიგნი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას აღწერს, რომელიც მთელ თავის დროს კომპიუტერის წინ ატარებს და ბუნებაზე ინფორმაციას სწორედ იქ ეცნობა და არა რეალურად, ველზე გასვლით და გადამოწმებით.

    “არსებობს მოსაზრება, რომ გერმანელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ტყეების მიმართ, მაგრამ ეს კლიშეა,” ამბობს შეკი.  “მართალია, გვყავს გმირები ‘ჰანსელი და გრეტელი,’ და ისიც მართალია, რომ თუ ქორწინებაში არ გაგიმართლა, გულის გადასაყოლებლად ტყეში გადიხარ ცოტა ხნით.  მაგრამ არ მგონია, რომ ცალკე აღებულ გერმანელს ტყე უფრო მეტად უყვარდეს, ვიდრე შვედს, ნორვეგიელს თუ ფინელს.”

    ტყეებისადმე პიტერ ვოლებენის სიყვარული ბავშვობიდან მოდის. ბავშვობა 1960-70-იანი წლების ბონში გაატარა; ეს ქალაქი მაშინ დასავლეთ გერმანის დედაქალაქი იყო. პიტერი ბავშვობაში ობობებსა და კუებს ზრდიდა და გარეთ ყოფნა და თამაში სამი და-ძმიდან ყველაზე მეტად უყვარდა.  ცოტა რომ წამოიზარდა, სკოლაშიც ახალგაზრდა, მემარცხენე მასწავლებლები შეხვდა, რომლებიც სულ გარემოს დაბინძურებაზე ელაპარაკებოდნენ მოსწავლეებს. პიტერმა გადაწყვიტა, რომ დედამიწისთვის დახმარება მისი მისია იყო.  

    ამის შემდეგ, სატყეო მენეჯმენტი ისწავლა და 1987 წელს სახელმწიფო სატყეო ადმინისტრაციის რაინლენდ-პალატინატში დაიწყო მუშაობა.  შემდეგ, როგორც ახალგაზრდა მეტყევეს, ეიფელის რეგიონში 3,000 აკრი ტყე ებარა, რომელიც ქალაქ კოლონიდან ერთი საათის სავალზეა.

    ერთხელ, იქვე ძველი ხეები მოჭრა და მორებს ინსექტიციდები შეასხურა.  მოგვიანებით მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა.

    “ვიფიქრე: რას ვაკეთებ? მე ხომ რაღაც მოვსპე.”

    პიტერმა ხეების ქცევაზე ლიტერატურას მიმართა - უნივერსიტეტში ამაზე ბევრი არაფერი უსწავლია - და აღმოაჩინა, რომ ბუნებაში ხეები უფრო სოციალურად იქცეოდნენ, ვიდრე ინდივიდუალურად. ერთად მუშაობდნენ, ქსელურად მოქმედებდნენ, რესურსებს ერთმანეთს უზიარებდნენ.  ასე უფრო ძლიერები იყვნენ.

    გერმანიაში ტყეების ყველაზე გავრცელებული სახეობა ე.წ. პლანტაციური ტყეებია. ასეთი ტიპის ტყეებში, ხეებს შორის სივრცე არსებობს.  ასეთი განლაგება შუქის ნაკადის შემოსვლას და ხეების სწრაფ ზრდას უწყობს ხელს. თუმცა, ეკოლოგები ამბობენ, რომ ხეებს შორის მანძილი თუ უფრო დიდია, ვიდრე ეს ეკოლოგიურად აუცილებელია, ხეების კავშირი ირღვევა, ქსელი იშლება და მათ სირთულეების მიმართ ნაკლებად მედეგს ხდის.

    პიტერ ვოლებენმა მეტყევეობის ალტერნატიული მოდელების ძიება დაიწყო.  შვეიცარიასა და გერმანიაში რამდენიმე კერძო სატყეო მეურნეობას ესტუმრა და მოხიბლული დარჩა.  “მაგათ ნამდვილად უფრო ხშირი ტყე და მრავალწლიანი ხეები ჰქონდათ,” ამბობს ის.

    “თავიანთ ტყეებს უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობოდნენ, ვიდრე ჩვენ და მათ მიერ წარმოებული ტყე უფრო ძვირფასიც იყო.  მათ ტყეში გახარებული ორი ხე ერთ მანქანას იყიდის. ჩვენი [გერმანიის] ორი ხე კი მხოლოდ პიცის საჭმელად თუ გეყოფა.”

    2002 წელს, პიტერ ვოლებენმა ტყეში ცალკე სექცია გამოყო და “ტყის საჭირისუფლო” დაარქვა.  ჭირისუფლებს 200 წლის ხის ძირში თავიანთი საყვარელი ნათესავის ფერფლის დაკრძალვა და პატარა სამახსოვრო დაფის დადგმაც შეეძლოთ.  ეს პროექტი ფინანსურად მომგებიანი გამოდგა, თუმცა ზოგს მისი არამართლმადიდებლური მხარე არ მოეწონა.

    ვოლებენი უფრო შორსაც წავიდა: მძიმე ტექნიკის ტყეში შეშვების აკრძალვა და ცხენებით ჩანაცვლება უნდოდა, მაგრამ ეს იდეა წარმატებით ვერ დასრულდა.

    ათწლიანი ბრძოლის და არაერთი მარცხის შემდეგ, პიტერმა საჯარო სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა.  ჯერ ოჯახს დაელაპარაკა - პიტერს ცოლი და ორი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახური დიდ სოციალურ უსაფრთოხებას ჰპირდებოდა, მაინც სამსახურის დატოვება გადაწყვიტა.

    “ვიფიქრე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემივე ხელებით, იმას ვერ გავაკეთებდი, რასაც არ ვეთანხმები.”

    ოჯახი შვედეთში ემიგრაციას აპირებდა, მაგრამ ყველაფერი პიტერის სასიკეთოდ შემობრუნდა.  მუნიციპალიტეტმა შანსი გამოიყენა: სამთავრობო სატყეო დეპარტამენტთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ახალ მმართველად პირდაპირ ვოლებენი დაიქირავეს.  პიტერმა მძიმე ტექნიკის ნაცვლად ტყეში ცხენები შეიყვანა, ინსექტიციდების გამოყენება საერთოდ აკრძალა და ექსპერიმენტის სახით, ტყეების უფრო ველურად გაზრდის პრაქტიკა დანერგა.  

    ორ წელში, ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო: ტყე წამგებიანობიდან მომგებიანი გახდა, ნაწილობრივ ძვირადღირებული მანქანებისა და ქიმიკატების აკრძალვის ხარჯზე.   

    წარმატების მიუხედავად, 2009 წელს ვოლებენს პანიკური შეტევები დაეწყო. “ვფიქრობდი, ‘მხოლოდ 20 წელი დამრჩა და ჯერ კიდევ რამდენი რამ დარჩა გასაკეთებელი.” პიტერმა დეპრესიისა და გადაღლილობის მკურნალობა დაიწყო. მალე უკეთ გახდა. 

    “ვისწავლე, რომ იმით უნდა ვიყო კმაყოფილი, რაც აქამდე გავაკეთე. როცა საქმე ტყეს ეხება, შედეგს 200-300 წლის შემდეგ იღებ.  გავიაზრე, რომ ყველა შედეგს მე ვერ მოვესწრებოდი და ასეა ყველა.”

    ამ დროს დაწერა წიგნი - ხალხს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

    “მეტყევეებისგან გამეგო, რომ თუ ხე კითხვის ნიშანივით დაკლაკნილი და ულამაზოა, ის გამოუსადეგარია, რადგან მისგან შემოსავალს ვერ იღებ,” ამბობს პიტერი. “პირველად, როდესაც ასეთი რამ გავიგე, გამიკვირდა. ვინც ამას ამბობდა, დაამატებდა ხოლმე, ‘ხეს რომ თავი დავანებო, არც ჩემი ცხოვრება მიდიოდა სულ სწორი გზით.’ მეც შევიცვალე ბევრ რამეზე აზრი ამ ხმის განმავლობაში,” - ამბობს ვოლებენი. 

     

     

    ♦ ამ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია German Forest Ranger Finds that Trees Have Social Networks too ამერიკულ გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმზის” 2016 წლის 29 იანვარს გამოქვეყნდა