2023-10-18

  • ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური დამონტაჟდა
  • 14 ოქტომბერს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ რუსთავში ახალი ავტომატური სადგური შეემატა. ახალი სადგური მეორე იქნება ქალაქ რუსთავისთვის.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ამბების გვერდზე არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რა მისამართზე დამონტაჟდა ახალი სადგური. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს [Sida] პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში დამონტაჟდა.

    ჰაერის ხარისხის მზომი მეორე ავტომატური სადგური რუსთავში მეოცე საჯარო სკოლის ეზოში დამონტაჟდა, მეგობრობის გამზირის #35-ში. 

    "ეს ფონური სადგურია - გზისპირა დაბინძურებას ის ვერ დააფიქსირებს. თან ახალი სადგური დამონტაჟდა, ასე თუ ისე, გამწვანებულ ტერიტორიაზე, კორპუსებს შორის და მანდ დიდი დაბინძურება არაა. თუმცა, ადგილი ევროპელმა ექსპერტმა შეარჩია. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ [ადგილი] სათანადოდ არის შერჩეული", - უთხრა "კაქტუსს" თინათინ მაღედანმა, მოძრაობა "გავიგუდეს" აქტივისტმა, რომელიც ქალაქ რუსთავში სუფთა ჰაერს ითხოვს.

    რუსთავში ჰაერის ხარისხის მზომი სხვა სადგური ბათუმის ქუჩა #19-შია დამონტაჟებული, რომელიც საწარმოო არეალისგან შორსაა. მოძრაობა "გავიგუდეთ" ითხოვდა, რომ მეორე სადგური საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს ყოფილიყო დამონტაჟებული, რათა, ერთი მხრივ, ფონური სადგურის მონაცემები მას შედარებოდა და მეორე მხრივ, უფრო მეტად აესახა ქალაქ რუსთავში ჰაერის მდგომარეობა, საწარმოო დაბინძურების მეტად ასახვის მიზნით.

    თინათინ მაღედანის თქმით, კიდევ ერთი სადგური დაიდგმება თაზაქენდში, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტშია, მაგრამ ქალაქ რუსთავთან და ინდუსტრიულ ნაწილთან უფრო ახლოს იქნება.

    "რაც არის აუცილებელი, რადგან დავინახოთ, როგორია საწარმო ადგილის ახლოს არსებული დაბინძურება", - ამბობს თინათინ მაღედანი.

    რუსთავის ახალი სადგურის მონაცემები ჯერ არ არის ინტეგრირებული ჰაერის ხარისხის პორტალის სისტემაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სადგურიდან მიღებული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge, თუმცა, ახალი სადგურის ონლაინ სისტემასთან ინტეგრირების კონკრეტული თარიღი 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ახალ ამბებში არ იყო დაზუსტებული.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება. სააგენტოს ახალ ამბებში არც ის იყო დაზუსტებული, სად დამონტაჟდება ახალი ავტომატური სადგურები.

    www.air.gov.ge-ის მიხედვით, 14 ოქტომბრამდე  საქართველოში შვიდი ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა, მათგან ოთხი თბილისში, თითო - რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. ბოლო წლის განმავლობაში მათი ნაწილი შეფერხებით მუშაობდა.

    მეორე სადგური რუსთავში რიგით მერვეა საქართველოში მომუშავე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებს შორის.

     

     

    თემატური მასალები:

     რუსთავი - კორელაცია სასუნთქი სისტემის დაავადებებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის

    ► როგორ აზიანებს სისხლის მიმოქცევის სისტემას ჰაერის დაბინძურება რუსთავში?