ეკატერინე ლოლუა, პროექტ "ორგაზმის" თანაავტორი, ილუსტრატორი, გვიყვება:
"ბავშვობიდან მომწონდა ხატვა და გონებაში რაც ხდებოდა ამის გრაფიკულად გადმოცემა.
Სექსი ყოველთვის მეესთეტიურებოდა და ეს ესთეტიკა, რომელიც დეტალებშია, ნახატებში გადმომქონდა. ეს თითქოს მეამბოხე ხასიათის ერთგვარი გამოხატვა იყო.
მაშინ, ალბათ, 13-15 წლის ასაკში, ამ ხიბლში ვიყავი. “რას ხატავს ეს ბავშვი”, - რაღაც ამგვარი რეაქციის გამოწვევა მინდოდა. ამის თავისუფლებაც მქონდა. ამ პერიოდიდან მხოლოდ რამდენიმე ნახატი შემომრჩა, დანარჩენი, რემონტის დროს, შემთხვევით, გადავაყოლეთ ნაგავს.
Შემდეგ მოდის ის ფაზა ცხოვრებაში, სადაც ბევრ ცუდ გამოცდილებას აგროვებ - არ მინდა, რომ ძალიან ჩავშალოთ ეს თემა: ის პერიოდი იყო, როცა ქალისგან სექსის ხატვა, ამაზე საუბარიც კი, მიუღებელი იყო. Ნებისმიერი ნათქვამი, ნახატი და ნაბიჯი განსჯის, ზოგჯერ საერთოდაც შემოტევისა და თავდასხმის მიზეზიც ხდება. ამან მაიძულა დავფიქრებულიყავი, სექსი, საერთოდ, კარგია თუ ცუდი - Სექსმა ძველი, წარმოსახვითი, ესთეტიკა დაკარგა.
შემდეგ ვიფიქრე, რომ სხვისი საუბარი და ქმედებები არ უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ რაღაც კარგი შემძულებოდა. კონკრეტული ცუდი იქვე უნდა დარჩეს და ამის გამო არ უნდა შეიძულო ის, რამაც, შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში სიამოვნება მოგიტანოს. Რაღაც პერიოდის შემდეგ, სექსი ჩემთვის ცხოვრების ძალიან ჩვეულებრივ კომპონენტად იქცა.
მშობიარობამდე.
მშობიარობის შემდეგ კი, იყო ორგაზმული დისფუნქციის ეპიზოდი, რამაც გამოიწვია ის, რომ სექსის ჩემეული, ადრეული, ესთეტიკა მხოლოდ გონებაში დარჩა. მინდოდა, ეს ყველაფერი სადღაც რაღაცით გადმომეცა და გამეზიარებინა. და ხატვა დავიწყე.
სექს-სათამაშო | ილუსტრატორი: ეკატერინე ლოლუა | ფანქარი, ქაღალდი
© კაქტუსი | Cactus
ადრე ვახატავდი მხოლოდ გრაფიკას - გრაფიკა მაინც არარეალისტურია. და მაინც მქონდა ის არასრულყოფილების შეგრძნება, რომ რეალისტურ დეტალებს ვერ გადმოვცემდი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა და მინდოდა, ზუსტად ისე გადმომეცა, როგორც არის.
დავიწყე ზუსტად ამ დეტალების ხატვა, ჩრდილების ტექნიკის სწავლა, რომ სივრცული ნახატები შემექმნა, და სწორედ ეს სენტიმენტები გადმომეტანა ფურცელზე. მგონი, ნორმალურად გამომივიდა. ტექნიკური, სამხატვრო კუთხით განათლება არანაირი არ მაქვს.
რამდენიმე ნახატში თითები არ გამომივიდა და ეს ძალიან განვიცადე. არადა, თითების განლაგებაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვამჯობინე აქაც ჩემით მიმეგნო ტექნიკისთვის, იმდენად ჩემი მინდოდა ყოფილიყო და არა სხვისი კოპირება.
ბოლოს ჩემი ტექნოლოგია დავამუღამე: ვიღებდი ფოტოს იმ რაკურსში, რაშიც მინდოდა ნახატი და ფოტოდან ვიხატავდი. რამდენიმე ესკიზს ვაკეთებდი იმისთვის, რომ რაღაც სიზუსტე დამეჭირა.
და მერე, უკვე ნახატში ჩავსვი ის დეტალები, რაც მანამდე ცალკე ელემენტებად მქონდა “ჩასკეჩილი”.
Ჩემი ნახატების მთავარი ელემენტები სხეულის ის ნაწილებია, რომელიც, სხეულის ჩვეულებრივი ელემენტებია, თუმცა, ჩემს თაობაში განსაკუთრებით დემონიზებული იყო: აუცილებლად დასაფარი, ან აუცილებლად გარკვეულ სტანდარტში უნდა ჩამჯდარიყო. სხვა შემთხვევაში, მახინჯია და არ ვარგა, არ უნდა გამოგეჩინა, მისი არსებობაც უნდა დაგევიწყებინა. მაგრამ ჩემთვის ესთეტიური იყო. ამის გამო დავიწყე ამ დეტალებზე ფოკუსირებული ნახატების შესრულება.
რა არის სექსი?
დავიწყოთ იმით, რომ რეპროდუქციული დანიშნულება აქვს, სხვა თუ არაფერი - სხვაგვარად გადავშენდებოდით.
არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიტყოდი - უდიდესი - ადგილი უჭირავს სიამოვნებას.
ხარისხიანი სექსი ცხოვრების ხარისხზეც დადებითად მოქმედებს. თუნდაც ის, რასაც ზემოთ ვამბობდი, რომ რაღაც პერიოდით დისფუნქციამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ცხოვრების ხარისხზე და გამოიწვია ის, რომ მომინდა სადმე, რამენაირად, გადმომეცა ეს ყველაფერი და გამეზიარებინა - ხატვის ფორმით.
სამწუხაროდ, ორსულობასა და მშობიარობაზეც ძალიან ბევრ რამეს ადევს ტაბუ, - შესაძლოა, ასე პირდაპირ და ღიად არა, მაგრამ ადევს.
ორსულობა-მშობიარობა რომ გავიხსენო, ბევრი კითხვა მქონდა, რომელზეც პასუხებს ქართულ რესურსებში ვერ ვპოულობდი. Შესაძლოა, უცხო ენების მცოდნე ადამიანებისთვის ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება არ წარმოადგენდეს პრობლემას, თუმცა მივხვდი, რომ ბევრისთვის შესაძლოა ეს პრობლემა იყოს - სრული ინფორმაციული ვაკუუმია.
მქონდა შემთხვევა, როცა არალიცენზირებული წამალი დამინიშნეს ორსულობის დროს - ის, რასაც არ ჰქონდა სამედიცინო ტესტირების ბოლო ფაზა გავლილი და საშიში იყო, მით უმეტეს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. Სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე წამლების ბაზაში გადამოწმება, რადგან სახელი არ მეცნო.
წარმომიდგენია, ვისთვისაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, რა რთულია გაერკვეს, რა ზიანს აყენებს საკუთარ თავს ექიმებისთვის ბრმად მინდობით.
მშობიარობის შემდეგ მოდის სულ ის ზეწოლა, რომ ამხელა ბედნიერება გეწვია, ბავშვი გყავს და შენ მეასეხარისხოვანი ხდები. იმ დისფუნქციებს, რაც შეიძლება არასწორად წარმართულმა მშობიარობამ ან მკურნალობამ გამოიწვიოს, პრაქტიკულად გადადადის ახალნამშობიარები ქალის კისერზე და თან დანაშაულის გრძნობას გიღვივებენ.
- რას ჰქვია, შენ შენს თავს უფლებას აძლევ, რომ საკუთარ თავზე იფიქრო, როცა ბავშვი გყავს მისახედი?!
საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემები გადალახულია, თუმცა, ძალიან ბევრი უსიამოვნო მომენტი მეც გავიარე.
Რა არის ორგაზმი?
ორგაზმი ჩემთვის არის ეიფორია, ადრენალინი, ფრიქცია და სიახლოვე. Საბოლოო ჯამში უდიდესი სიამოვნება.
ანორგაზმიის დროს ერთ-ერთი გამოსავალია, რომ უბრალოდ არ კონცენტრირდე ორგაზმზე და პროცესით მიიღო სიამოვნება. ამ დროს, თუ საკმარისად მოდუნდები, შესაძლოა ორგამზი სრულიად მოულოდნელად განიცადო, რადგან ორგაზმის მაპროვოცირებელი მეტწილად თავის ტვინია და არა ფრიქცია.
ძალიან მინდა, ვინც ჩვენს სტატიებსა და ილუსტრაციებს გაეცნობა, სამედიცინო დონეზე გაიგოს ორგაზმის როლი.
ორგაზმი და სექსი თითქოს არ არის დემონიზებული, თითქოს არ ადევს ტაბუ, მაგრამ რეალურად არის და ბევრი მითი არსებობს.
ამას ემატება ისიც, რომ ინტერნეტშიც ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამას იჯერებენ და დაახლოებით იმ დონის მარაზმში ვვარდებით, რაც იყო ვაგინის სოდით გამორეცხვები, კონტრაცეფციის ვანდალური წესები და ასე შემდეგ.
Როგორ აღვიქვათ Საკუთარი სხეულის სილამაზე და როგორ მივიღოთ ის?!
Ხშირად საკუთარი სხეულის მიუღებლობა ხდება იმის მიზეზი, რომ ვერ იხსნები სექსში ისე, როგორც საჭიროა, რამაც ასევე შეიძლება ორგაზმის დისფუნქციამდე მიგვიყვანოს. ამიტომ მაქვს ჩემს ნახატებში ამ დეტალებზე კონცენტრაცია: მინდოდა, რომ ამ კონკრეტული ნაწილების ესთეტიკა მეჩვენებინა და ადამიანებს დავხმარებოდი, რომ მიეღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან.
თუ მთლიანობაში ვერ იღებ შენს თავს, შენს წარმოსახვაში დეტალებად უნდა დაშალო საკუთარი სხეული. Ძალადობის შემდეგ ხშირად გვხვდება საკუთარი სხეულის მიუღებლობა. ამ დროს ხელახლა უნდა შეიყვარო შენი თავი და დაფიქრედე, რა გიყვარს შენში და რა - არა.
ძალიან პრიმიტიულად რომ აღვწეროთ: სიტყვაზე, გაღიზიანებს ყველაფერი საკუთარ თავში და არ მოგწონს. სარკეში იყურები და ეს არაა ის, ვინც გინდა, რომ დაინახო. მიუღებლობა გაქვს.
მერე, რასაც ხედავ, იმას შლი დეტალებად: მაგალითად, თითები მისაღებია თუ არა. მოგწონს თუ არა შენი ფეხები. ფეხებიც შეიძლება დაყო, თუნდაც, მუხლებად, წვივებად და კოჭებად. ზურგიდან უფრო ლამაზი ხარ თუ წინიდან? ცოტა წაიმუშაო და მიიღო შენი დეტალები. Ბოლოს მიდიხარ იქამდე, რომ იმდენი დეტალი მოგწონს შენს თავში, ან მინიმუმ, არ გაღიზიანებს.
საბოლოო ჯამში, არა გიშავს და შეიძლება, კარგიც კი ხარ."