2023-10-15

  • ორგაზმი - ცირა გვასალია, პროექტის თანაავტორი
  • "როდესაც ეკატერინე ლოლუას, პროექტის ილუსტრატორს, სახლში პირველად ვეწვიე, მაშინვე თვალში მომხვდა და დამამახსოვრდა მისი, რაღაც თვალსაზრისით, დაუმუშავებელი, raw, მაგრამ მეორე მხრივ, საინტერესო მოხაზულობები და სილუეტები, რომლებიც, ძირითადად, ადამიანის სხეულის ახლო ხედებს აღწერდა.

    ეკა გაუკვალავ ლაბირინთებში დადიოდა, სადაც, შესაძლოა, არაერთი ეკალი ერჭობოდა კიდეც, მაგრამ ტკივილსა და სიამოვნებას, ტრავმებსა და ცნობისმოყვარეობას შორის მაინც გაბედულად მოძრაობდა. ეკას რამდენიმე ასეთი ბლოკნოტი ჰქონდა, მათი ნაწილი - საკმაოდ ძველიც. თითქოს არც აქცევდა სათანადო ყურადღებას მათ, და საკუთარ ნიჭსა და მისწრაფებას ამ მიმართულებით.

    ნახატების უმეტესობა ადამიანის სხეულის ახლო ხედები იყო. მათი სიმარტივე, შავ-თეთრი ფერები, ერთგვარი მინიმალიზმი, - რომელიც ძალიან მიყვარს - ტუშით ან ფანქრით ქაღალდზე დატანილი, სხეულზე მისი საბაზისო ცნობისმოყვარეობის გაბედული გამოსახვა იყო.

    იმის გათვალისწინებით, რომ ეკას ამ კუთხით პროფესიული განათლება მიღებული არ აქვს, ნახატები განსაკუთრებით ძვირფასი უნდა ყოფილიყო მისთვის, და გახდა ჩემთვისაც.

    ამ ვიზუალურმა ჩანაწერებმა ჩემს ცნობიერებაში ამოატივტივა წიგნი, რომელიც 2017 წელს გამოვიწერე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - “ორგაზმის მეცნიერება”, რომელსაც მაშინ ზერელედ გადავავლე თვალი და დროის უქონლობის გამო, კარგა ხნით თაროზე შემოვდე, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც საფუძვლიანად მივუბრუნდებოდი.

    ეკას შევთავაზე, რომ ორივე, ჩვენი განსხვავებული, მაგრამ ამავე დროს მსგავსი, ინტერესების ფარგლებში, ცოტა “წინ და გაბედულად წავსულიყავით” ერთად და გვეცადა შემდეგი იდეის განხორციელება:

    მე ორგაზმზე მეცნიერული ნაშრომის გარკვეული ნაწილები მეთარგმნა, მისთვის გამეზიარებინა, ხოლო ეკას - ტექსტები “დაეხატა”, მისთვის საინტერესო საკითხების გრაფიკული ინტერპრეტაცია შეესრულებინა, სადაც, რა თქმა უნდა, მას სრული თავისუფლება ექნებოდა.

    ასეც შევთანხმდით.

    ეკა ხატავდა, მე ვკითხულობდი “ორგაზმის მეცნიერებას”. დროდადრო ერთმანეთს ვუცვლიდით შედეგებს "გუგლ-დოკით", ლაივში ვარედაქტირებდით ერთმანეთის ნაშრომებს, მოგვწონდა და ვაგრძელებდით.


    პროექტის ავტორები: ეკატერინე ლოლუა, მარცხნივ  და ცირა გვასალია |  

    ფოტო: ნოდარ ლადარია | 17 | 06 | 2023  © კაქტუსი | Cactus

     

    მე ვცდილობდი გამეგო ორგაზმის სამედიცინო დეტალები, ზოგჯერ ექიმ მეგობრებს აზრებს ვეკითხებოდი, თუკი ნევროლოგიის ლაბირინთებში “ავიხლართებოდი”. 

    ასე მომივიდა მეილზე არაერთი ნაშრომი, PDF ფაილებისა თუ ელექტრონული წიგნების სახით, სადაც ჩვენი ორგანიზმის პროპორციულად ერთ-ერთი ყველაზე პატარა, მაგრამ ფუნქციურად ყველაზე დატვირთული, სტრუქტურულად განსხვავებული, სასიცოცხლო ორგანოს - თავის ტვინის - ცალკეული ნაწილების აღწერები, მათი ლათინური და ინგლისური სახელების ქართული თარგმანები იყო მოცემული. 

    თავის ტვინის ფუნქციონირების “ხლართები” და კვანძები ბოლომდე არ გამიხსნია და ჯერ-ჯერობით არც ყველა ლაბირინთში შევსულვარ - თუმცა, საბაზისო წარმოდგენა შემექმნა იმაზე, როგორ "აორგანიზებს" ორგაზმს თავის ტვინი, როგორ ანაწილებს ფუნქციებს ნერვულ სისტემებს შორის, იყენებს შესაბამის კუნთებს და ანიჭებს სხეულს ამ უდიდესი უნარის აღსრულების შესაძლებლობას. 

    სასაცილო იქნება იმის თქმა, რომ ყველაფერი გავიგე ორგაზმის ნევროლოგიურ საფუძვლებზე, ან თუნდაც მივუახლოვდი მას - ეს გაგების პირველი მცდელობებია, სადაც, ბუნებრივია, თავიდან იქნება უამრავი შეცდომა. 

    მიზანი უფრო ამბიციურია - სხვებსაც გავუზიარო და გადავცე შთაგონება, მივცე მეტი სითამამის მოტივაცია, - დაიწყონ საკუთარი თავით, საკუთარი სხეულით, მისი დეტალების თუ შორი ხედების შესწავლით, მასთან მეტად დაახლოებით, ზოგჯერ დისტანცირებითაც, მისი ობიექტური შეფასების მცდელობით, გამოიყენონ მისი უსაზღვრო შესაძლებლობები უკეთესი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, მოუსმინონ მხოლოდ საკუთარ თავს და არ დაემორჩილონ მასთან დაკავშირებულ, თავს მოხვეულ და სამეცნიეროდ უზუსტო, მოსაზრებებს”, - ცირა გვასალია, პროექტის თანაავტორი და სამეცნიერო ჟურნალისტი.

     

     

     
     
     პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".