2024-07-27

  • კავკასიონის მყინვარები დნება. საქართველო მზად არ არის
  • ქავერ ფოტო: მყინვარწვერის იალაღები | 24/06/2024 | ფოტო  © სოფიო ძიგუა, “კაქტუსისთვის”

    სტატიის ავტორები: სოფიო ძიგუა და ცირა გვასალია

     

    მიუხედავად იმისა, რომ კავკასიონის მყინვარები დნება და შარშან საქართველოში, შოვში, მრავალკომპონენტიანი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, დღემდე საქართველოს მყინვარები არ არის საკმარისად შესწავლილი და ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთი მყინვარის ხეობაშია დამონტაჟებული.

    ონის მერიას, სადაც ერთი წლის წინ, მყინვარული ღვარცოფი ჩამოვიდა, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა დამტკიცებული არ აქვს. მერიაში “კაქტუსს” უთხრეს, რომ “მიმდინარეობს მუშაობა და დასრულებული ვერსია იქნება 1 ოქტომბრისთვის.”

     

    ბუნებაზე დამკვირვებელი ბერი, როგორც ძველი დროის 112

    ყაზბეგში თუ ოდესმე ყოფილხართ და ადგილობრივ თემთან - მოხევეებთან -  გისაუბრიათ, თქვენი კომუნიკაცია, ალბათ, არასდროს დასრულებულა ისე, რომ  მათთან ერთად, ერთხელ მაინც, არ შეგეხედათ  მყინვარწვერისთვის, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სამხედრო გზის გვერდითაა აღმართული. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5 054 მეტრია, მწვერვალი კი თოვლ- ყინულოვანი საბურველით არის დაფარული.  

    მყინვარწვერი - ვულკანური წარმოშობის მწვერვალი. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ კი - მარადიული თოვლი. მყინვარწვერიდან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, გერგეთი, დევდორაკი და სხვა | 24/06/2024 | ©  სოფიო ძიგუა, “კაქტუსისთვის”

     

    მოხევეები კავკასიონის მაღალი მწვერვალებით განსაკუთრებით ამაყობენ და მათზე ბევრ ლეგენდას ჰყვებიან. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც საკუთარი სახელის გამხელა არ ისურვა, ამბავი მოჰყვა, სადაც მთავარი მოქმედი პირი ადგილობრივი ბერია, რომელმაც მოსახლეობა სტიქიას გადაარჩინა.

    მისი მონაყოლის შინაარსი ემთხვევა ეთნოლოგიური ნაშრომის ერთ ეპიზოდს, რომელიც გამომცემლობა “მერიდიანში” 2018 წელს გამოქვეყნდა. 

    “ხალხში დაცული გადმოცემის მიხედვით, სტეფანწმინდელებს ძველად ყუროს დავაკებაზე უცხოვრიათ. ყოფილა ვინმე ღრუბელა ფიცხელაური, რომელიც დაქვრივების შემდეგ, სტეფანეს სახელით, ბერად შემდგარა. ჯერ ბეთლემში უღვაწია, შემდეგ - ყუროს გამოქვაბულში. აქ ხალხს მისთვის “წითელი ეკლესია” აუშენებია. ერთ დღეს ყუროდან, ნიაღვრის გამო, ტალახი წამოსულა. სტეფანე ბერი გარეთ გამოსულა, კოშკში შესულა და ხალხის გასაფრთხილებლად, ზარების რეკვა აუტეხია. სოფელსაც დროზე მოუსწრია გახიზვნა. მოვარდნილ ტალახს სოფელი წაულეკავს. ამის გამო ხალხს სოფელი დღევანდელი დაბის ადგილას გაუშენებია  და ბერის საპატივცემულოდ, სტეფანწმინდა უწოდებია,” - წერია ნაშრომში “შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა [ეთნოლოგიური ძიებანი],” რომლის ავტორები არიან ნინო ღამბაშიძე და ქეთევან ალავერდაშვილი.  

    ზარების რეკვა, რომელიც მაშინ ბერმა განგაშისთვის გამოიყენა, ადრეული გაფრთხილების ძველებური ვერსიაა, რომლის როლსაც დღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება ასრულებს.

    ზარი - დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთით, ელიას მთის აღმართზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. უნალექო ამინდში ამ ლოკაციიდან კარგად ჩანს მყინვარწვერი, მწვერვალი ყურო და ჩამქრალი ვულკანი ქაბარჯინა | 20/07/2024 |  © სოფიო ძიგუა “კაქტუსისთვის”

     

    თანამედროვე საქართველოს მოქალაქე 112-დან პერიოდულად იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების შესახებ. 

    საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის ამინდზე ინფორმაციის წყარო გარემოს ეროვნული სააგენტოა, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემებს აგროვებს საქართველოში და საშიში ნიშნულის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ატყობინებს, 112-იდან კი მოსახლეობა, ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებს, ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით.

     

    მყინვარი მოიტანს წყალს, მისი დნობა - ღვარცოფს

    ყაზბეგელი მოხევეები ტურისტებს ეუბნებიან, რომ თუ მყინვარები დადნება, გაქრება მათი იდენტობა. 

    სასიცოცხლო რესურსიც: სასმელი წყალი.

    მყინვარწვერი მდინარე ჩხერის სათავეშია. იგი სოფელ გერგეტისა და მიმდებარე დასახლებისთვის [დაბა სტეფანწმინდის ნაწილისთვის] სასმელი წყლის მნიშვნელოვანი რესურსია.

    სასმელი წყლის პლასტიკის რეზერვუარი, რომლის წყაროც მყინვარწვერია. მყინვარწვერის თავი ფოტოზე, მარცხნივ, თეთრად მოჩანს | 24/06/2024 | ფოტო ©  სოფიო ძიგუა “კაქტუსისთვის”

     

    ტურიზმთან ერთად, ხევისთვის მეცხვარეობაც ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული, დარგია. ამიტომ სწორედ მწყემსებმა იციან ყველაზე კარგად, უსაფრთხოდ, სად უნდა დაბანაკდნენ. ისინი ჰყვებიან, რომ დარიალში, - იქ, სადაც ორი  მდინარე, - დევდორაკი და თერგი, - ერთმანეთს ერთვის, ძველ დროს ცხვარს არასდროს აჩერებდნენ, ვინაიდან მდინარე დევდორაკს რომ ღვარცოფული მოვარდნა ახასიათებს, მწყემსებისთვის ოდითგანვე ცნობილია. 

    ამის ყველაზე  თვალსაჩინო მაგალითი უზარმაზარი ქვის ლოდებია, რომლებიც დევდორაკს სხვადასხვა პერიოდში აქ ჩამოუტანია.

    ქვა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, 1832 წლის დევდორაკის სტიქიური პროცესების შედეგად აღმოჩნდა მდინარე თერგის ხეობაში, ზემო ლარსთან. ფოტო © დიმიტრი ერმაკოვი   

     

    დევდორაკის მყინვარის მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებებიდან, ცნობილია 1776, 1778, 1785, 1808, 1817, 1832, 2007, 2014, 2016 წლების სტიქიური პროცესები

    მყინვარები სასმელი წყლის რეზერვუარებია.

    მაგრამ, სარგებელთან ერთად, მათ საფრთხეც მოაქვთ: გაზაფხულზე განსაკუთრებით ააქტიურებენ იმ მდინარეებს, რომლებიც უშულოდ მათი კალთებიდან ჩამოედინება. ნატანი მასალა მყინვარებიდან გამომდინარე სწრაფ, დაქანებულ მდინარეებს ჩამოაქვთ, მოულოდნელად იწევენ ათეულობით მეტრით მაღლა, აღწევენ ხიდებამდე, ანგრევენ ან აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ტბორავენ ადგილობრივ ტერიტორიას, იტაცებენ ადამიანებს, სახნავ-სათეს მიწებს და ანგრევენ საცხოვრებელ სახლებს.

    ასეთი მოვლენები დამატებითი ხარჯია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვისაც: თუკი მათ საჭირო და საკმარისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა უწევთ კომპენსაციისთვის თუ დანგრეული სახლების ასაშენებლად.

    სწორედ ამიტომაა საჭირო ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების სისტემები, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიისა და ადამიანთა ჯგუფის კოორდინირებული მუშაობის ჯაჭვია, რომელიც, თუკი კარგად მუშაობს, ამცირებს ბუნებრივი სტიქიებით გამოწვეულ მსხვერპლსა და ხარჯებს. 

     

    ადრეული შეტყობინების სისტემა დევდორაკის ხეობაში 

    საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთადერთ მყინვარულ ხეობაშია დამონტაჟებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დევდორაკის ხეობაში.

    ამას ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, რომ ამალი-დევდორაკის განგაშის სისტემის გარდა, მსგავსი სისტემა სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით არ აქვს. განგაშის Ბოლო სიგნალი დევდორაკის ადრეული შეტყობინების სისტემამ 2024 წლის 6 ივნისს გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათთან 2024 წლის 6 ივლისს, დილით  შევიდა სასიგნალო შეტყობინება  დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალიდან” მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს.

    სტიქიური პროცესები დევდორაკის ხეობაში | 23/06/2016 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო

     

    დევდორაკთან ახლოს როგორც ადრეული შეტყობინების, ასევე განაგაშის შეტყობინების სისტემა ორ ლოკაციაზე 2016 წელს დამონტაჟდა.

     

    დევდორაკის ადრეული შეტყობინების ტექნიკური მახასიათებლები

    სატესტო დამონტაჟების შემდეგ ორთვალიანი კამერა ყოველ ორ საათში ერთხელ უღებდა ფოტოს მყინვარწვერსა და მყინვარს. ხელსაწყო მზის ენერგიაზე მუშაობდა და მონაცემებს რადიოსიხშირის საშუალებით აგზავნიდა. კამერის გადაღებული ფოტოები გარემოს ეროვნული სააგენტოს სერვერის ბაზაზე გროვდებოდა. ფოტოების გარკვეული ოდენობა სპეციალისტებს საშუალებას აძლევდა, დაენახათ მყინვარის მდგომარეობის დინამიკა, რაც, დაბალი ალბათობით, სტიქიის საფრთხის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლეოდა.

    ტექნოლოგიების დამონტაჟების მეორე ლოკაცია მდინარეების - ამალისა და დევდორაკის - შეერთების ადგილას იყო. მდინარეების კალაპოტის ზემოთ გადაჭიმული იყო საბაგირო სისტემა, რომელზეც დამონტაჟებული იყო ორი ერთეული წყლის დონის მზომი რადარი და ორი ერთეული ფოტო-რეგისტრატორი. 

    გაჭიმული ბაგირები მდინარეებზე - ამალი და დევდორაკი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად, კომპანიიდან GEOTEST AG., ადრეული შეტყობინების სისტემა ზღვის დონიდან 1 800 და 3 300 მეტრ სიმაღლეზე, სატესტო რეჟიმში, დაამონტაჟეს | 23/10/2016 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო

     

    სენსორები მდინარის კალაპოტში შვეულად იყო ჩაკიდული და წყლის დონის მატების შემთხვევაში, რადიოსიხშირის გამოყენებით, დაუყოვნებლივ გზავნიდა განგაშის სიგნალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემაში.

    სენსორის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ბაგირზე ჩამოკიდებული იყო ბუნებრივი ქვები, რომლებიც 50 კილოგრამი ძალის რყევაზე იყო გათვლილი და სტიქიური პროცესების დროს განგაშის სისტემას ამოქმედებდა. ხელსაწყოები 220 ვოლტ ელექტროენერგიაზე მუშაობდნენ, რეზერვად კი მძლავრ აკუმულატორს იყენებდნენ, ხოლო აკულუმულატორის გამოლევის შემთხვევაში, კვების წყაროდ დიზელ-გენერატორიც ჰქონდათ. 

    გარემოს ეროვნული Სააგენტოს ცნობით, სისტემა გამართულად ფუნქციონირებს და მისი დამონტაჟებიდან, 2016 წლიდან დღემდე, განგაშის სისტემა  2-ჯერ გააქტიურდა, 2017 წლის 14 აგვისტოს და 2024 წლის 6 ივნისს.

     

    ადრეული შეტყობინების სისტემები ქვეყნის მასშტაბით 

    ჯერ კიდევ 2012-2016 წლის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის უკვე დანერგილი უნდა ყოფილიყო ადრეული გაფრთხილების სისტემები. რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით? 

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რომელიც ამჟამად ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, 2018 წელს ამბობდა, რომ “2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება.” 

    2024 წლის ივლისის მდგომარეობით, მინისტრის ეს პირობა არ შესრულებულა.

    სტატიის მიხედვით კი, რომელიც “კაქტუსმა” ორი თვის წინ გამოაქვეყნა, ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების სისტემები, დევდორაკის გარდა, სხვა მყინვარებთან არ არის დამონტაჟებული, ჰიდრომეტეოროლოგიური ტექნოლოგიების მხოლოდ ნაწილია  ნაყიდი და სატესტო რეჟიმში მუშაობს, ხოლო ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობიერება ადრეული შეტყობინების სისტემებზე დაბალია.

     

    ახალი პროექტი მყინვარული ხეობების შესასწავლად და ისევ ძველი კონტრაქტორები

    მიმდინარე წლის 28 ივნისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროექტი დააანონსა, რომლის მიზანია საქართველოს მყინვარულ ხეობებში საფრთხეების შესწავლა.

    გიორგი გოცირიძემ, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ "გეოგრაფიკის" დამფუძნებელმა, დაგვიდასტურა, რომ საქართველოში მყინვარული ხეობების შესწავლის პროექტში ჩართულია. 

    გიორგი გოცირიძის კომპანია “გეოგრაფიკი” ასევე არის საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე სიდიდით მეორე პროექტის - “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში | Multi-Hazard Early Warning” - კონტრაქტორი, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] მართავს. 

    ამ პროექტში  “გეოგრაფიკის” კონტრაქტის საერთო ღირებულება 171,400 ა.შ.შ. დოლარი იყო. გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში “კაქტუსს” უთხრეს, რომ “გეოგრაფიკის” კონტრაქტი, Multi-Hazard Early Warning -თან წელს, ივნისში დასრულდა. 

     

    გარემოს ეროვნული სააგენტო, შვეიცარიელი ექსპერტები და ახალი პროექტის გაურკვეველი დეტალები

    შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG.-ის სპეციალისტებთან გარემოს ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან თანამშრომლობს. GEOTEST AG.-თან სააგენტომ თანამშრომლობა განაახლა შარშანაც, შოვის სტიქიის შემდეგ.  

    2024 წლის 16 თებერვალს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა GEOTEST AG.-ის სპეციალისტების შესრულებული მოსაზრება რაჭის კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შესახებ. GEOTEST AG.-ის მოსაზრებები და სიმულირების შედეგები, ძირითადად, ეთანხმებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს შესრულებულ შინაარსობრივ ანგარიშს. გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ გაუსაჯაროებია, რამდენი გადაუხადა ამ ანგარიშში GEOTEST AG.-ს.

    ამავე ანგარიშში კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოში მყინვარული ხეობები შეუსწავლელია, რაც გამოსასწორებელია. მყინვარული ხეობების შესწავლის ახალ პროექტში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ისევ GEOTEST AG. აიყვანა, - თვეების წინ მათივე შექმნილი ანგარიშის რეკომენდაციების საფუძველზე. 

    მყინვარული ხეობების შესწავლის პროექტის ღირებულება 700 920  ევროა. ეს ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. ხელშეკრულება სააგენტოსა და GEOTEST AG.-ს შორის მიმდინარე წლის 2 მაისს გაფორმდა. 

     

    მყინვარები დნება

    კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციის შედეგად, 2000-2020 წლის  პერიოდის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 20 წლის განმავლობში, მთლიანად კავკასიონის მყინვარის ფართობი შემცირებულია 23 %-ით, რაც, მეცნიერების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობის გაქრობის საფრთხეს ქმნის.

    როგორც  გლა­ცი­ო­ლო­გი, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ლევან ტიელიძე, აღნიშნავს, მომატებული დნობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ზაფხულის ტემპერატურის მატება და ზამთრის ნალექების კლებაა, ასევე საჰარის უდაბნოს მტვერი, რომელიც ბოლო ათწლეულებში კავკასიონის მყინვარებზე არაერთხელ დაილექა.

    „დღესდღეობით მყინვარები ინტენსიურად დნება მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში. დნობის განსაკუთრებულად მაღალი ტენდენციები 2000-იანი წლების შემდეგ შეინიშნება. მაგალითად, კავკასიონის მყინვარებმა ამ პერიოდში 320 კვადრატული კილომეტრი ყინულის საფარი დაკარგა. შედარებისთვის, ეს იგივეა, რაც აბაშის რაიონის ფართობი დასავლეთ საქართველოში. მოცულობა რომ გამოვიანგარიშოთ, ეს იქნება დაახლოებით 13 კუბური კილომეტრი ყინული, რაც დააახლოებით 11 გეგატონა წყლის ეკვივალენტია.”

    ლევან ტიელიძე პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ მყინვარების დნობის შეჩერების შანსები, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მინიმალურია. 

     

    ბოლო 3 ყველაზე მძლავრი მყინვარული სტიქიური მოვლენა საქართველოში

    მყინვარის დნობასთან არის დაკავშირებული გასულ წელს, 2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მომხდარი სტიქია, რომელსაც  32 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შოვში მყინვარ „თბილისას“ დასავლეთ ფერდობზე კლდეზვავური მასის ჩამოსვლის შედეგები მეცნიერებმა გლაციალური ღვარცოფით გამოწვეულ შემთხვევად  შეაფასეს.

    2019 წლის 25 ივლისის გლაციალური ღვარცოფი წამოვიდა სვანეთშიც, მდინარე მესტიაჭალის აუზში. მომხდარ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, მათ შორის, მდინარემ წაიღო ადგილობრივების კუთვნილი ავტომანქანები, დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“, რამდენიმე ნაგებობა დაინგრა და მწყობრიდან გამოვიდა წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალიც. 

    ლევან ტიელიძის თქმით, მოვლენა დაკავშირებული იყო „მურყვამის“ მყინვარის გლაციალურ ღვარცოფთან მესტიაჭალის ხეობაში. მურყვამი დაკიდებული მყინვარია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში

    ასევე მყინვარული ზვავის შედეგი იყო დევდორაკის ტრაგედიაც - 2014 წლის 17 მაისს, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან, კლდოვან-ყინულოვანი მასა ჩამოიშალა. სტიქიამ მაშინ 7 ადამიანი იმსხვერპლა  [ადგილობრივების თქმით, მსხვერპლი აღემატება ოფიციალურ მონაცემებს].

    ჩამოთვლილი სამი მყინვარიდან, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე დევდორაკს, თავისი კატასტროფული მასშტაბებით, პირველ ადგილზე აყენებს და ვარაუდობს, რომ მომავალში მყინვარული სტიქიები კიდევ უფრო გახშირდება.

    „დევდორაკი, ალბათ, პირველ ადგილზეა თავისი კატასტროფული მასშტაბებით. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან დაწყებული, ამ მყინვარზე არაერთი გლაციალური ღვარცოფია დაფიქსირებული. მათგან ყველაზე გრანდიოზული 1832 წლის სტიქია იყო. “თბილისას“ მყინვარზე მსგავსი კატასტროფა მანამდე არასდროს დაფიქსირებულა და სამწუხაროა, რომ ასეთი მასშტაბის გლაციალური ღვარცოფი გამოვლინდა. დიდი ალბათობით, მომავალში მყინვარული სტიქიები კიდევ უფრო გახშირდება.”

     

    მყინვარების კონტროლი

    მყინვარებზე მონიტორინგი, ძირითადად, როგორც საველე გასვლების, ცოცხალი მონიტორინგის, ასევე დისტანციური ზონდირების [მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები] და ციფრული სიმაღლებრივი მოდელების, Digital Elevation Model (DEM)] გამოყენებით ხდება. 

    “ბოლო პერიოდში, გახშირებული მყინვარული სტიქიების შედეგად, განვითარებულ ქვეყნებში ასევე ფართოდაა დანერგილი ადრეული შეტყობინების სისტემებიც.” - აღნიშნავს “კაქტუსთან” საუბარში ლევან ტიელიძე.

    მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიხედვით,  კლიმატის ცვლილების შედეგად გახშირებული სტიქიური მოვლენების ფონზე, მოახლოებული ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, როგორიცაა ქარიშხალი, წყალდიდობა, ცუნამი და ა.შ., ადრეულმა გაფრთხილებამ, მხოლოდ 24 საათით ადრეც, შეიძლება  ზიანი 30%-ით შეამციროს.  

    საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო არის სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია მყინვარების მონიტორინგზე. შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების გამო, საქართველოში მხოლოდ ერთი - დევდორაკის - მყინვარული ხეობაა მეტ-ნაკლებად შესწავლილი და მიმდინარეობს მასზე მონიტორინგი. 

    სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  ამ ეტაპზე, გარემოს ეროვნული სააგენტო, "მყინვარების მასის ბალანსის" დადგენის კუთხით კვლევას არ აწარმოებს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალისტები "ყოველწლიურად" სწავლობენ მყინვარებს, როგორც ადგილზე გასვლით, ასევე გლობალური ღია მონაცემებით, რომელიც საჯაროა ყველასთვის.

    წერილის მიხედვით, რომელიც საჯარო ინფორმაციის სახით მივიღეთ, "მყინვარების დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენებით მუშავდება Landsat 8-ის, Sentinel 2-ის მაღალი გარჩევადობის ორთოფოტები. სააგენტოს სპეციალისტები იყენებენ „მიწისპირა ყინულების გლობალური გაზომვები კოსმოსიდან“ [Global Land Ice Measurements from Space – GLIMS], მსოფლიო მყინვარების კატალოგის [World Glacier Inventory – WGI] მონაცემებს. მყინვარების კვლევისას, ხდება მყინვარების უკან დახევის მაჩვენებელის, ფართობის, სიგრძის, ექსპოზიციისა და მორფოლოგიური ტიპის დადგენა."

    Landsat 8 ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა [NASA] და ა.შ.შ. გეოლოგიური სამეცნიერო სამსახურის ერთობლივი სატელიტია, რომელიც 2013 წლის 11 თებერვალს გაიშვა ორბიტაზე, დღემდე წარმატებით მოძრაობს და აგროვებს თანამგზავრულ მონაცემებს დედამიწის ზედაპირიდან.

    Landsat 8-ის აღებული მონაცემები, 12 საათის შემდეგ, რაც ფოტოებს სატელიტი გადაიღებს, არის უფასო.  ხელმისაწვდომია Sentinel 2-ის მოგროვებული მონაცემებიც, რომელიც ევროპული კოსმოსური სააგენტოს სატელიტია. 

     

    შემცდომაში შემყვანი ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

    Სპეციალისტების თქმით, სატელიტების - Sentinel 2-ისა და Landsat 8-ის გადაღებული გამოსახულებები არ არის „მაღალი გარჩევადობის,” როგორც ამას ჟურნალისტისთვის გაცემულ წერილში ამტკიცებს გარემოს ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ნატო სულუაშვილი.  

    "კაქტუსმა" სამ სხვადასხვა ექსპერტთან გადაამოწმა, არის თუ არა სატელიტების -  Sentinel 2-ისა და Landsat 8-ის გადაღებული ფოტოები "მაღალი გარჩევადობის." სამივე მათგანმა "კაქტუსს" უთხრა, რომ ამ ორი სატელიტის გადაღებული ფოტოები საშუალო გარჩევადობისაა [moderate resolution], და უფასოა. იგივე ინფორმაცია წერია სატელიტ Landsat 8-ის შესახებ NASA-ს ვებ-გვერდზეც. 

    სპეციალისტების თქმით, "მაღალი გარჩევადობის" ფოტო შეიძლება იყოს დრონიდან გადაღებული და არა კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულება. Მაგალითისთვის: Sentinel 2-ის მაქსიმალური გარჩევადობა [რეზოლუცია] არის 10 მეტრი, ხოლო Landsat 8-ის - 15 მეტრი. მაღალი რეზოლუციის სურათები შეიძლება იყოს SPOT ან PLEIADES ან MAXAR სატელიტური გამოსახულებები, რომელთა გარჩევადობა რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან 2 მეტრამდეა.

    "ამ სატელიტურ ინსტრუმენტებს, მიუხედავად მათი უაღრესი მიმზიდველობისა [უფასოდ ხელმისაწვდომობა, დიდი დროითი რიგი, მრავალსპქეტრული გამოსახულებები, დამუშავების მრავალი მეთოდი, მაგ. ე.წ. მონაცემთა კუბი - Data Cube], ვერ განვიხილავთ  "მაღალი გარჩევადობის" [high resolution] კოსმოსურ გამოსახულებებად. ეს იმიჯები საშუალო გარჩევადობისაა [moderate resolution]," - უთხრა "კაქტუსს" დამოუკიდებელმა გარემოსდაცვითმა ექსპერტმა, მამუკა გვილავამ. -"მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებად ხშირად მიიჩნევა 1 მეტრის ან ნაკლები გარჩევადობის, რაც შესაძლებელია მივიღოთ სატელიტური, აეროგადაღებით და/ან დრონების მეშვეობით, თუმცა, ამ შემთხვევაში იმიჯების ღირებულება მაღალია და მათი შეძენა არ არის იაფი სიამოვნება.

    რაჭის ტრაგედიის დროს მოხერხდა 3.5 მ Planet Labs-ის სურათების გამოყენება [მათზე წვდომა შესაძლებელია უსასყიდლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის - მე, მაგალითად, მომცეს წვდომა, როდესაც ილიაუნის სახელით მივმართე], მაგრამ ამ სურათებითაც ვერ ხერხდება სრულიად დამაჯერებელი სურათის მიღება.

    არც ის არის გარანტირებული, რომ მაღალი გარჩევისუნარიანობის სურათებითაც მოხერხდება სრული სურათის მიღება - გლაციალური პროცესები საკმაოდ რთულად ექვემდებარება ანალიზს, სურათები მხოლოდ ნაწილია ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტების," - ამბობს მამუკა გვილავა. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილის მიხედვით, ცხადი ისიც არაა, სააგენტო გლობალური პლატფორმების მხოლოდ უფასო პაკეტებით/ღია მონაცემებით სარგებლობს თუ ფასიანითაც [მაგალითად, "მაქსარის" მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები, რომელთა ფასი, საშუალოდ, ათეულობით ათასი ა.შ.შ. დოლარი შეიძლება იყოს], და რა პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს მათ. ამ დეტალების უკეთ გასაგებად "კაქტუსმა" ინტერვიუ მოითხოვა გარემოს ეროვნული სააგენტოს გლაციოლოგთან, რაზეც სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან უარი მიიღო. 

    "სპეციალიტების ჯგუფები ექსპედიციებში  იმყოფებიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ინტერვიუს ჩანიშვნა ვერ მოხერხდება," - გვითხრა სულუაშვილმა. 

    დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვილავა "კაქტუსთან" საუბარში იხსენებს ერთ-ერთ პროექტს, რომელიც დონორების დაფინანსებული იყო და სააგენტოს სერვერზე გარემოსდაცვითი მონაცემების განთავსებას ეხებოდა, რაზეც, მისი თქმით, სააგეტოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. 

    "იმედია, სააგენტომ შეცვალა თავისი პოლიტიკა და მეტი პატივისცემით ეკიდება Landsat 8-ისა და Sentinel 2-ის [Sentinel 1-საც მოვიხსენიებდი] კოსმოსურ გამოსახულებებს. რამდენიმე წლის წინ მათ არ ჩაიბარეს UN Environment-ის და UNEP-GRID Geneva-ის მიერ საქართველოსთვის შემუშვებული "საქართველოს მონაცემთა კუბი", რომლის პილოტიც იქნა შემუშავებული. პროექტს ადვილად შეეძლო მთელი საქართველოს დაფარვაც, რადგან სანაპიროს პილოტი ძალიან წარმატებული იყო. NEA-ს სერვერებზე არ მოიძებნა სივრცე Georgia Data Cube-ის განსათავსებლად," - გვეუბნება მამუკა გვილავა. 

    მისივე თქმით, თუკი სააგენტო ამჟამად ამ სატელიტების მონაცემებს იყენებს, ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ არაა საკმარისი, რადგან ისინი, სხვა მეთოდებთან ერთად, მყინვარების კვლევის ერთ-ერთი გზაა.

    "მყინვარების დინამიკის კვლევისთვის ნამდვილად მისაღებია აღნიშნული სატელიტური მონაცემების გამოყენება, თუნდაც ზოგადი ტენდენციების დასადგენად, ხოლო დრონებისა და მაღალი გარჩევადობის სატელიტური და აერო გამოსახულებების გამოყენება - დეტალური ანალიზისთვის."

    სამ სპეციალისტთან გადამოწმების შემდეგ [ორმა მათგანმა სტატიისთვის ციტირება არ ისურვა], სატელიტების გამოსახულებების გარჩევადობის შესახებ კითხვა კვლავ დავუსვით ნატო სულუაშვილს, გარემოს ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

    "რაც შეეხება ფოტოების გარჩევადობას: რადგან სპეციალისტები იყენებენ და ეყრდნობიან აღნიშნულ ფოტომასალას, შესაბამისად, მათთვის გარჩევადია," - გვიპასუხა მან. 

    ყოველწლიური შესწავლის, ექსპედიციებისა და სხვა სახის სამუშაოების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია არ იძებნება.
     
    ბოლო ფოტო-ალბომი, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული მყინვარებზე ექსპედიციაზე, 2017 წლის 17 აგვისტოთია დათარიღებული და ის სვანეთის მყინვარების მდგომარეობას ზოგადად აღწერს. ალმობის სახელია "მყინვარების მონიტორინგი უპილოტო საფრენი აპატარის გამოყენებით" და ალბომის აღწერაში წერია, რომ სააგენტო მყინვარების შესწავლისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშომლობს. 

    გარემოს ეროვნულ სააგენტოში არ არსებობს ცალკე დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს მყინვარებს სწავლობს. ამ მოვალეობას სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი ინაწილებს. სააგენტოს ვებ-გვერდზე არის განყოფილება "მყინვარები," სადაც, ხუთი მოკლე პარაგრაფის ფარგლებში, აღწერილია საქართველოს მყინვარები, მაგრამ არ არის მიბმული არანაირი ანგარიში, სადაც აღწერილი იქნებოდა დეტალები ან სააგენტოს ხედვა მათზე დაკვირვებასა და მენეჯმენტზე, განსაკუთრებით მომრავლებული ბუნებრივი კატასტროფებისა და დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მატების ფონზე. 

    დანაპრალებული მყინვარი ჭალაათი სვანეთში, რომელიც მდინარე მესტია-ჭალის ერთ-ერთი მკვებავი წყაროა. მესტია-ჭალა მდინარე მულხრას უკავშირდება, მულხრა კი - ენგურს | 24/08/2012 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო 

     

    ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოალბომი “მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა.” ეს პოსტი ფეისბუქზე დასპონსორებული იყო და ერთხელ, უმნიშვნელოდ, დარედაქტირდა კიდეც. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ექსპედიციის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება გლაციალური საფრთხეების შეფასება | 01/08/2024 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო

     

    “შეფასდა მყინვარის ენის დნობის [აბლაციის] დინამიკა, რომლის შედარებაც მოხდება ისტორიულ მონაცემებთან,” - წერია ალბომის პირველ პარაგრაფში, მაგრამ არაა დაზუსტებული მყინვარის სახელი.

     

     

    მყინვარების გადაფარვა ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მიზნით

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის [NASA] გლობალური ყოველდღიური ტემპერატურის მონაცემების ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის 22 ივლისი ყველაზე ცხელი დღე იყო წინა წლების 22 ივლისებთან შედარებით, 1980 წლიდან 2024 წლამდე.
     

    შვეიცარიის ალპებში მყინვარები გარედან დაფარეს, რომ ისინი განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურისგან დაიცვან. 

    რონის მყინვარს, რომლის ყველაზე მაღალი მწვერვალი 3 630 მეტრია ზღვის დონიდან, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი მასალა გადააფარეს. მყინვარის “საბანი” მჭიდრო საწმისისგან არის მომზადებული, რომელიც, ერთი მხრივ, თერმულად იცავს მყინვარს და მეორე მხრივ, აირეკლავს მზის სხივებს. 

    გლაციოლოგები - მეცნიერები, რომლებიც მყინვარებს სწავლობენ, - ამბობენ, რომ ხელოვნური საფარი მყინვარს დნობისგან 50-70 პროცენტით იცავს. 

    მართალია, მზისგან დამცავი საფარი მყინვარების დნობის პროცესს სრულად ვერ შეაჩერებს, მაგრამ სასარგებლოა მათი კარგვის პროცესის შესანელებლად.

     

     

      ამ სტატიის რედაქტირებული ვერსია გამოქვეყნდა "რადიო თავისუფლებისა"  და "პუბლიკის" ვებ და ფეისბუქ-გვერდებზეც, ასევე გაშუქდა "რადიო პალიტრის" თემატურ გადაცემა "მწვანე ზონაში." ამ პუბლიკაციის შემდეგ, ეს თემა გააშუქა ქართულმა ტელევიზია "მთავარმა არხმაც," წყაროს მითითების გარეშე, თუმცა, სიუჟეტი, წინადადებების დონეზე, იმეორებდა ამ მასალის ტექსტს. 

    ამ პუბლიკაციის შემდეგ, რომელსაც სხვა ქართულ მედიაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა, "კაქტუსს" დაუკავშირდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან, სადაც სააგენტოს დირექტორმა, ვასილ გედევანიშვილმა, დამატებით უპასუხა კითხვებს საქართველოში მყინვარების მონიტორინგის გამოწვევებთან დაკავშირებით  "ლოგოს გარეშე."