2023-10-21

  • როგორ აზიანებს ახალი კორონავირუსი გულს?
  • მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ახალი კორონავირუსი პირდაპირ და მნიშვნელოვნად ფილტვებს - ერთ-ერთ სასიცოცხლო ორგანოს - აზიანებს, კარდიოლოგები - გულის მკურნალი ექიმები - ფიქრობენ, რომ ამ ინფექციას ადამიანის ორგანიზმის მეორე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოც აქვს სამიზნედ: გული.

    კითხვა ისმის იმაზე, არის თუ არა გულის დაზიანების მიზეზი ვირუსი პირდაპირ თუ ამ ორგანოს დაზიანება ორგანიზმის საერთო სტრესის შედეგია.

    კარდიოლოგები ამბობენ, რომ რთულია გაიგო, როგორ ვნებს ახალი კორონავირუსი გულს, რადგან, ზოგადად, ორგანიზმის მწვავე დაავადება თავისთავად აზიანებს გულს და აფერხებს მისი ეფექტური ფუნქციონირების პროცესს. 

    კარდიოლოგი რობერტ ბონოუ, სამედიცინო ჟურნალ JAMA-ს კარდიოლოგიის განყოფილების რედაქტორი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ COVID-19-მა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ორგანო, შესაძლოა, 5 სხვადასხვა გზით დააზიანოს.  შესაძლოა, გულის დაზიანების ხუთივე გზა ერდროულადაც ამოქმედდეს.

    კარდიოლოგებმა დიდი ხანია იციან, რომ ორგანიზმზე ნებისმიერი სერიოზული სამედიცინო ჩარევა გულზე ზემოქმედებს. ფილტვების პნევმონია, რომელიც ორგანიზმში ანთებას იწვევს, ზოგჯერ მთელს სხეულშიც ვრცელდება. ანთებამ, შესაძლოა, სისხლის არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქები წარმოქმნას, არტერიული გზები დაახშოს, სისხლის მიმოქცევის ხარისხი დააქვეითოს და გულის შეტევა გამოიწვიოს. ანთების შედეგად გულს უვითარდება დაავადება, სახელად მიოკარდიტი [გულის კუნთების ანთება], რომელიც გულის კუნთებს ასუსტებს და საბოლოოდ, შესაძლოა, გულის უკმარისობის მიზეზიც გახდეს. 

    ათეროსკლეროზული ფოლაქები არტერიაში. ფოლაქი შეიცავს ცხიმს, ქოლესტეროლს, კალციუმს და სხვა შემადგენელს, რაც სისხლში გვხვდება. დროთა განმავლობაში ფოლაქი უფრო და უფრო მყარი ხდება და არტერიულ გზებს ავიწროებს. ილუსტრაცია © Medical News Today

    ექიმი ბონოუ ამბობს, რომ COVID-19-ს მქონე პაციენტებში გულის ისეთი სახის დაზიანებებიცაა, რომელიც ჰგავს ვირუსის მიერ გულის კუნთის პირდაპირ დაზიანებას [და არა ზოგად სტრესს ორგანიზმის ავადობის დროს].მონაცემები ჩინეთიდან 

    მარტში, ჩინელმა ექიმებმა ორი კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, რომ პაციენტების უმრავლესობას გულის დაზიანებები ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანის [თარგმანი იხილეთ ქვემოთ] მიხედვით, 416 პაციენტიდან, 19%-ს გულის დაზიანებები აღენიშნებოდა. 

    ცხადია, იმ პაციენტებს, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ გულის პრობლემები, ეს ორგანო ვირუსის შემდეგ კიდევ უფრო დაუზიანდათ. თუმცა, გული დაუზიანდა პაციენტების იმ ნაწილსაც, რომლებსაც მანამდე გულის პრობლემები არ ჰქონდათ.

    უცნობია, ზოგ პაციენტს გული უფრო მეტად რატომ უზიანდება, ვიდრე სხვებს. ექიმი ბონოუ ამბობს, რომ გართულებები, შესაძლოა, იყოს ან გენეტიკური, ან კონკრეტულ ადამიანში  ვირუსის უფრო მომატებული კონცენტრაცია, ანუ მეტი ვირუსული დატვირთვა [viral load].

    ზოგი პაციენტი ისე მძიმედ არის ავად, რომ მათთვის გულის ცალკე გასინჯვა ან სხვა ჩარევითი პროცედურები დამატებითი სტრესია. რთულია ამ მიმართულებით ცალკე სამედიცინო პერსონალის გამოყოფაც. კლინიკების უმეტესობა ელექტროკარდიოგრამას არც იყენებს, რადგან COVID-19 პაციენტები იზოლირებულად არიან და ამ მანქანასთან მათი მიყვანა ვირუსის გავრცელების დამატებით რისკებს უკავშირდება. 

    ექიმი საჰილ ფარიხი, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი, ამბობს, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, საჭიროა, რომ ექიმებმა გულის მიმართულებითაც მოაგროვონ ინფორმაცია.

    “გასაგებია, რომ ყველანი ზღვარზე ვართ, მაგრამ უნდა ვეცადოთ და ეს მონაცემებიც სოლიდურად მოვაგროვოთ, რომ ეს მიმართულება მედიცინაში [გულის პრობლემები ახალი კორონავირუსის დროს] წინ წავიდეს,” - უთხრა ფარიხმა ABC ნიუსს. 

    ფარიხმა და მისმა კოლეგებმა გარკვეულწილად მოაგროვეს მსგავსი ინფორმაცია და წინასწარ, შავი მონაცემების სახით, გამოაქვეყნეს, ვიდრე ეს მასალა, რედაქტირებისა და კომენტირების შემდეგ, რომელიმე სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდება.

    ამ მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსული ინფექცია პირდაპირ და არაპირდაპირ კარდიოვასკულარულ გართულებებს უკავშირდება, რომელთა შორისაა მიოკარდიული დაზიანება, მიოკარდიტი, არითმია და ვენური თრომბოემბოლიზმი.

    ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონეკტიკუტის შტატების კარდიოლოგები ერთმანეთს ახალ ამბებს და საკუთარ გამოცდილებას პლატოფრმა WhatsApp-ის საშუალებითაც უზიარებენ. WhatsApp-ის ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს, სულ მცირე, 150 წევრი ჰყავს.

     

     

    კვლევა ჩინეთიდან

     
    საკვლევი კითხვა: რა სიხშირით გვხვდება გულის დაავადება COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში და რა დატვირთვა აქვს მას ავადობის გართულებაში?
     
    კვლევის მიგნებები: COVID-19-ით დაავადებული, კვლევაში მონაწილე 416 პაციენტის 19.7%-ს  ჰოსპიტალიზაციის დროს გულის დაზიანებები აღენიშნებოდა. ეს გარემოება განისაზღვრა სტაციონარული სიკვდილობის ერთ დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორად.

    საკითხის მნიშვნელობა: გულის დაზიანება COVID-19-ს გამო ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება და სტაციონარში სიკვდილობის მაღალ რისკთან ასოცირდება.

    აბსტრაქტი: 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, კორონავირუსმა COVID-19 მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვანი  დონის ავადობა და სიკვდილიანობა გამოიწვია. თუმცა, ინფორმაცია COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში გულის დაზიანების მიზეზების შესახებ მწირია.

    მიზანი: COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში გულის დაავადების სიკვდილობასთან კავშირის გამოკვლევა.

    კვლევის დიზაინი, ადგილი და მონაწილეები: ეს სისტემური კვლევა უჰანის უნივერსიტეტის რენმინის ჰოსპიტალში  2020 წლის 20 იანვრიდან-10 თებერვლამდე ტარდებოდა. მომდევნო კვლევა 15 თებერვალს დასრულდა. კვლევაში ასევე ჩაერთო ყველა ის სტაციონარული პაციენტი, რომელთაც COVID-19 მოგვიანებით დაუდასტურდა. 

    Ძირითადი შედეგები და კვლევის მზომები:  შეგროვდა და გაანალიზდა თითოეული პაციენტის ლაბორატორიული, რადიოლოგიური და კლინიკური მონაცემები. ერთმანეთს შეადარეს ჯანმრთელი და დაავადებული გულის მქონე პაციენტების მდგომარეობა. გაანალიზდა კავშირი დაავადებულ გულსა და სიკვდილიანობას შორის.

    შედეგები: კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა  COVID-19-ით დაავადებული, 416 პაციენტის მდგომარეობა. მათი მედიანური ასაკი 64 წელი იყო. 

    211 პაციენტი მდედრობითი სქესის იყო. მათ საერთო სიმპტომებს შორის აღენიშნებოდათ: სიცხე,  ხველა და სუნთქვის უკმარისობა.  

    კვლევაში მონაწილე 416 პაციენტიდან  82-ს გულის დაზიანება ჰქონდა. ამ პაციენტების მედიანური ასაკი 74 წელი იყო, ჯანმრთელი გულის მქონე პაციენტების მედიანური ასაკი კი - 60 წელი. 

    გულის დაზიანების მქონე პაციენტებს მეტი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდათ [მაგალითად, ჰიპერტენზია]. მათ აგრეთვე აღენიშნებოდათ მომატებული: ლეიკოციტების რაოდენობა, მაღალი C რეაქტიული ცილა და პროკალციტონინი, კრეატინის კინაზის მიოკარდიული ზოლი და მიოჰემოგლობინი, მაღალი მგრძნობელობის ტროპონინ I და N  ტერმინალ პრო B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი, ასპარტატამინოტრანსფერაზა და კრეატინინი.

    მათი ფილტვების რენტგენის სურათებში უფრო მეტად ისახებოდა მრავლობითი ლაქები და არამკვეთრი კონტურები. 

    ჯანმრთელი გულის მქონე პაციენტებთან შედარებით, გულით დაავადებული პაციენტების დიდ ნაწილს ესაჭიროებოდა ფილტვების არაინვაზიური მექანიკური  ვენტილაცია.

    გულის დაავადების მქონე პაციენტებში უფრო მეტი გართულება აღინიშნებოდა, მათ შორის, მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი [Acute respiratory distress syndrome (ARDS)და კოაგულაციის დარღვევა. 

    გულის დაზიანების მქონე პაციენტებში აღნიშნებოდა უფრო მაღალი სიკვდილობა [51.2% vs 4.5%]. კოქსის რეგრესიის მოდელის მიხედვით, გულის დაავადების მქონე პაციენტებს სიკვდილის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელი გულის მქონე პაციენტებს. სიკვდილი დგებოდა როგორც გულის უკმარისობის სიმპტომების დადგომიდან მალევე, ასევე შედარებით გვიან.

    დასკვნა: უჰანში, გულის დაავადება COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების საერთო მახასიათებელი იყო და სტაციონარში სიკვდილობის მაღალ რისკთან ასოცირდებოდა.

    COVID-19-ის პაციენტებში გულის ასეთ დონეზე დაზიანების მაჩვენებელი დამატებით კვლევებს მოითხოვს. ექიმებმა კი გულის ავადობის ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როგორც დამატებითი რისკი სიმპტომების კლინიკურ მართვაში.