კანაფი სამედიცინო დანიშნულებით აზიაში ათასობით წლების განმავლობაში გამოიყენებოდა და მისი მოშინაურება იქ უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სხვა კონტინენტზე, მათ შორის, აფრიკაში დაიწყებოდა მისი მიგრაცია.
ამერიკის კონტინენტზე ის რამდენჯერმე, სხვადასხვა დროს, შეიტანეს; თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში კანაფი აფრიკიდან მონებით ვაჭრობის გზით მოხვდა. ბრაზილიაში მარიხუანა დღემდე აფრიკული სახელით: diamba-თი არის ცნობილი. იამაიკაში ის, სავარაუდოდ, ინდოელმა დაქირავებულმა მუშებმა ჩაიტანეს, სადაც მას დღემდე უძველეს ინდურ სახელს: განჯას ეძახიან.
თეთრკანიან ამერიკელებსაც ჰქონდათ კანაფის ნაყენების სახით გამოყენების ისტორია. მე-19 საუკუნის დასაწყისში ინდოეთში მომუშავე ირლანდიელმა ექიმმა - უილიამ ბრუკ ო’შონესმა შეამჩნია, რომ ინდოელები კანაფს მედიცინაში უხვად იყენებდნენ. ო’შონესმა ექსპერიმენტების ჩატარება თავადაც დაიწყო და აღმოაჩინა, რომ კანაფი საკმაოდ ეფექტური იყო არა მხოლოდ ჩვილებში კრუნჩხვების მართვის, არამედ რევმატიზმისა და ტეტანუსით გამოწვეული სპაზმების მოხსნისთვის.
ო’შონესს მიაწერენ ამ მცენარის ინგლისურენოვანი მსოფლიოსთვის წარდგენას, თუმცა, ის არ იყო პირველი ევროპელი, ვინც ეს მცენარე ევროპაში დააბრუნა. გარსია და ორტა, პორტუგალიელი მკურნალი, ერთ-ერთი იყო, ვინც ინდოეთში ცხოვრების შემდეგ, კანაფზე, როგორც მედიკამენტზე, გარკვეული ნაშრომები დაწერა. ეს იყო დაახლოებით 1500-იან წლებში.
მას შემდეგ, რაც ო’შონესიმ ამ მცენარეზე საკუთარი ტრაქტატები გამოაქვეყნა, ამბავი ექიმებში სწრაფად გავრცელდა. მე-19 საუკუნის ბოლოს კანაფი ბრიტანელი და ამერიკელი ექიმების ოფიციალურად დაშვებული წამლების ნუსხაში - ფარმაკოპეაში იყო შესული. [მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კანაფის ეს ძველი ჯიშები და მათგან დამზადებული ნაყენები, გაცილებით ნაკლებ THC-ს და გაცილებით მეტ CBD-ს შეიცავდნენ, ვიდრე თანამედროვე ჯიშები.]
მაგალითად, hemp-ი, კანაფის ნაირსახეობა, მოჰყავდათ არა მოხმარებისთვის, არამედ სხვა დანიშნულების: მყარი თოკებისა და იალქნების ძაფების დასამზადებლად და ევროპასა და ამერიკის კონტინენტებზე საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი მცენარე იყო. ის ჯორჯ ვაშინგტონსაც მოყავდა. ინგლისური სიტყვა “canvas” [სახატავი ტილო] მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან kannabis [ანუ კანაფიდან].
მაგრამ მე-19-ე საუკუნის მიწურულს ადამიანის მოდგმის უძველესმა ურთიერთობამ ამ მცენარესთან რღვევა დაიწყო. 1930 წელს ჰარი ენსლინგერმა, პრობაციის ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა, ახალი თანამდებობა: ნარკოტიკების ბიუროს ხელმძღვანელობა დაისახა მიზნად. 1910 წელს დაწყებული მექსიკის რევოლუციის გამო ემიგრანტთა ნაკადები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიოდნენ. მაშინ, როდესაც ბევრი ამერიკელი კანაფს ნაყენის სახით იღებდა, ახლადჩამოსულები მას ეწეოდნენ. ეს იყო ჩვეულება, რომელიც ახალი ორლეანიდან და სხვა საპორტო ქალაქებიდან ჩრდილოეთით ვრცელდებოდა, საიდანაც აფრო-ამერიკელები იწყებდნენ მიგრაციას.
ენსლინგერი აბუჩად იგდებდა მექსიკელ-ამერიკელებს და აფრო-ამერიკელებს, სძულდა ჯაზი. თანამედროვე მკვლევრები ამტკიცებენ, რომ კანაფის დემონიზებით, ის საკუთარ პოზიციას ამაგრებდა, რაც მას ლეგალურ ბერკეტებს აძლევდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სძულდა. ის მაღალი საზღაური, რაც ფერადკანიანმა ადამიანებმა გაიღეს იმისთვის, რასაც ჩვენ დღეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ვუწოდებთ, მისი ძალისხმევის არა შემთხვევითი შედეგი, არამედ, შესაძლოა, თავიდანვე დაგეგმილი, ფარული მიზანი იყო.
მისი დაწყებული ხმა ნარკოტიკების წინააღმდეგ დღესაც ექოსავით გაისმის. ენსლინგერი ამბობდა, რომ კანაფი ადამიანებს შეშლილებს, ძალადობრივს და კრიმინალური ქცევისკენ მიდრეკილს ხდიდა.
1929 წელს ამერიკული სამედიცინო ასოციაციის 30 წევრი გამოიკითხა კანაფზე. 29 მათგანი არ დაეთანხმა კანაფის საფრთხეებთან დაკავშირებით გავრცელებულ [ნეგატიურ] მოსაზრებებს. ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კანაფის უკანონოდ გამოცხადება “სრული დეგრადაცია” იქნებოდა. თუმცა, ისტერიკამ, რომელიც ენსლინგერმა ატეხა, პოლიტიკურად იმუშავა.
1937 წელს კონგრესმა მარიხუანის საგადასახადო აქტი მიიღო. მაღალმა გადასახადებმა ათწლეულების განმავლობაში კანაფი გაცილებით ძვირი და რთულად საშოვნელი გახადა, ვიდრე პრეზიდენტმა ნიქსონმა ხელი არ მოაწერა 1970 წლის სუბსტანციების კონტროლის აქტს, რომელმაც უკვე ეს მცენარე მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა. ნიქსონის თანამედროვეები მარიხუანასთან დაკავშირებული საფრთხეების საკითხებში მასაც არ ეთანხმებოდნენ.
ასე რომ, მცენარე, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ახლა მიწისქვეშეთში ინაცვლებდა.
ჯეიკობსონის დილერი ოუქლენდში, როგორც ჩანს, მარიხუანაზე უფრო ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებსაც ჰყიდდა, რაც ჯეიკობსონს ძალიან აღელვებდა. თუმცა, ის ფიქრობდა, რომ, შესაძლოა, დილერს კონკრეტულად ამ პროდუქტის: კალიფორნიაში მოყვანილი კილოგრამობით კანაფის გაყიდვა ზუსტად იმიტომ უჭირდა, რომ ამ კანაფით ძლიერ თრობას ვერავინ შეძლებდა. შავი ბაზრის გადამალული საქონლით, ჯეიკობსონი შევიდა იმ ფაზაში, რასაც საკუთარი ინიციატივით კვლევასა და კანაფისგან სამედიცინო პროდუქტის მიღებას უწოდებს.
როგორც ის ეჭვობდა, კანაფი, რომელიც ოუქლენდში არალეგალურად შეიძინა, CBD-ს მაღალი კონცენტრაციის შემცველი იყო, ხოლო THC-ს კონცენტრაცია მასში დაბალი იყო. ჯეიკობსონმა საკუთარ ავტოფარეხში ლაბორატორია მოაწყო და შემდეგი თვეების განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა კანაფიდან ნივთიერების გამოყოფას/ექსტრაქტირებას, რომელსაც ოდნავ მაინც ექნებოდა რაიმე სარგებელი. მხოლოდ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის - დეივისის მეთვალყურეობის ქვეშ შეძლეს მეცნიერებმა გარკვეული, ერთობლივი პროგრესის მიღწევა. ტექნიკა, რომელიც ჯეიკობსონმა განავითარა, კანაფის მცენარის ეთანოლში გაცხელებას საჭიროებდა, რათა მისგან კანაბინოიდების გამოყოფა მომხდარიყო.
სპეციალური დანადგარი, რომელიც ქეთრინმა შექმნა, მწვანე შეფერილობის სითხეს ვაკუუმის საშუალებით მილში იწოვდა, შიდა სივრცე კი ნახშირბადის ფხვნილით იყო გაჯერებული. ექსტრაქტის მოლეკულები ნახშირბადის ფხვნილში სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობდნენ. მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებული იყო დანადგარში გაშვებული კანაფის წონასა და სხვა მახასიათებლებზე. შედეგად, საბოლოო პროდუქტად, განსხვავებული ზომის ნაწილაკები რჩებოდა, რომლებიც ჯეიკობსონს შეეძლო CBD-სა და THC-ის შემცველობაზე შეემოწმებინა.
საბოლოოდ, ჯეიკობსონმა მიღებული მწვანე ხსნარი იქამდე გააცხელა, ვიდრე მიღებული მასიდან ალკოჰოლი არ აორთქლდა, შედეგად კი მწვანე პასტა დარჩა.
ამ პროცესის სრულყოფისთვის მას ექვსი თვე დასჭირდა. საბოლოოდ, თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, მან კანაფის ისეთი ექსტრაქტი მიიღო, რომელიც CBD-ის მაღალი შემცველობისა იყო, THC კი ისეთი დაბალი კონცენტრაციით ჰქონდა, რომ არც იზომებოდა.
ბენი მისი მიღების შემდეგ, გარკვეულწილად, მოკეთდა, მაგრამ კიდევ იყო სხვა ბიჭი, ძლიერი ეპილეფსიით: 11 წლის სემ ვოგელსტეინი, რომლის შემთხვევაშიც [ექსტრაქტის მოხმარებას] განსაკუთრებული შედეგი ჰქონდა. ჯეიკობსონი და სემის დედა, ეველინ ნუსენბაუმი, ასე შეხვდნენ ერთმანეთს, ახლო მეგობრები გახდნენ და ერთად ცდილობდნენ შვილებისთვის CBD-ს უსაფრთხო და საკუთარი სანდო წყაროს მოძებნას.
ჯეიკობსონი სხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ იყო: მედიკამენტის დამზადება რთული იყო. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც მან ისწავლა, კანაფის ზოგიერთი პარტია გამოყენებისთვის უვარგისი იყო. ან რა გარანტია არსებობდა, რომ ის მასალა, რომელსაც ის არალეგალურად ყიდულობდა, კვლავაც ხელმისაწვდომი დარჩებოდა? თუ ეს მათი ბიჭების სამკურნალო საშუალება უნდა ყოფილიყო, ჯეიკობსონს სურდა, რომ ის ფარმაცევტულად დამტკიცებული პროდუქტი ყოფილიყო, რომლის შეძენასაც ის ყოველთვის შეძლებდა.
ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ჯეფრი გაიმ, კომპანია GW Pharmaceuticals-ის დამფუძნებელმა, ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებში წარმატებით შეიტანა კანაფისგან მიღებული მედიკამენტი, სახელწოდებით Sativex. ეს იყო მთავრობის მიერ ნებადართული პირველი ამ ტიპის მედიკამენტი. ის დაშვებული იყო კუნთების სპაზმების [აგრეთვე ტკივილის] სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მრავლობითი სკლეროზით, ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებით. ის შეიცავდა ორივეს: CBD-ისაც და THC-ისაც. გაი დააფიქრა ოჯახმა, რომელიც მას საერთო ნაცნობების მეშვეობით, კალიფორნიიდან დაუკავშირდა და რომელიც ეპილეფსიის სამკურნალოდ CBD-ის ეძებდა. ესენი იყვნენ ეველინ ნუსენბაუმი და მისი ვაჟი - სემი.
გაი დათანხმდა ემკურნალა სემისთვის. ჯეიკობსონმა გააანალიზა საკუთარი ექსტრაქტი და შედეგები გაის გაუგზავნა. 2012 წლის დეკემბერში სემი და ნუსემბაუმი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრნენ, რათა CBD-ს სუფთა წამალი გაეტესტათ, რომელიც გაიმ კონკრეტულად სემისთვის დაამზადა. მედიკამენტის მიღება სემმა პატარა დოზებით დაიწყო და ეტაპობრივად, როგორც კი დოზა გაიზარდა, სემის კრუნჩხვები გაქრა. [ლონდონში] გამგზავრებამდე, სემი ყოველდღიურად სამ სტანდარტულ მედიკამენტს იღებდა და ყოველდღიურად ათჯერ მაინც ემართებოდა კრუნჩხვა.
მას შემდეგ, რაც დღიურად CBD-ს მიღების ყველაზე მაღალ დოზას - 250 მილიგრამს მიაღწია, კრუნჩხვები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში აღარ დამართნია. თანმიმდევრულად მოქცევისა და საუბრის უნარებიც დაუბრუნდა, რაც მას შემდეგ არ ჰქონია, რაც ხუთი წლის იყო. ახალი დოზის შემდეგ კი ჰაიდ პარკში ზიპ ლაინით დაეშვა, მეტროთიც იმგზავრა და სხვა ისეთი რამეები გააკეთა, რომლებსაც დედა ყოველთვის არიდებდა იმის შიშით, რომ [სემს] კრუნჩხვები დაემართებოდა და საკუთარ თავს უნებურად დაიზიანებდა. ნუსენბაუმი იმ კვირას უცნაურ სიურეალიზმს ადარებს: თითქოს პარალელურ სამყაროში შეაბიჯა.
მაღალი საფასური, რაც ფერადკანიანმა ადამიანებმა გაიღეს იმისთვის, რასაც ჩვენ დღეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ვუწოდებთ, შესაძლოა, შემთხვევითი შედეგი არ ყოფილა, არამედ ეს თავიდანვე ჩაფიქრებულ მიზანს წარმოადგენდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, სემმა გაის ექსტრაქტის მიღება მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეძლო. ფედერალური კანონმდებლობით, სამედიცინო მარიხუანა არალეგალურია. ამერიკაში ითვლება, რომ კანაფის პროდუქტებს ავადმოხმარების რისკები ახლავს და ამასთანავე, ზუსტად არ არის ცნობილი მისი სამედიცინო სარგებელი. თუმცა, სემმა გაის ექსტრაქტზე საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A.] compassionate-use პროგრამის დახმარებით მოიპოვა წვდომა. F.D.A.-ს ეს პროგრამა, მკაცრი კონტროლის პირობებში, იმ წამლების გამოყენების უფლებას იძლევა, რომლებიც ოფიციალურად დამტკიცებულ მედიკამენტთა სიაში ჯერ არ არის. [2015 წელს სემის მამამ ფრედ ვოგელსტეინმა, რომელიც ჟურნალისტია, სემის ისტორია დეტალურად ჟურნალ Wired-ში აღწერა.
2010 წელს, იმავე ჟურნალში, მან სემის ეპილეფსიის გასაკონტროლებლად კეტოგენური დიეტის გამოყენებაზე დაწერა.] კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ეპილეპტოლოგ რობერტა სილიოს დახმარებით, რომელიც ორივე ბიჭის ექიმი იყო, საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის compassionate-use პროგრამის მეშვეობით ბენმაც მიიღო მედიკამენტი. ჯეიკობსონი ფიქრობდა, რომ ის შველოდა [ბენს], განსაკუთრებით ისეთი კრუნჩხვების დროს, რომლებიც მას გონებას აკარგვინებდნენ. მაგრამ კრუნჩხვების მთლიანად მოხსნა მას არ შეეძლო.
ჯეიკობსონმა და ნუსენბაუმმა სხვა ბევრი ისეთი ოჯახის შესახებ იცოდნენ, რომლებიც ეპილეფსიით იტანჯებოდნენ. მათთვის ცნობილი იყო სასოწარკვეთილი ადამიანების შესახებ, რომლებიც, ნუსენბაუმის თქმით, ეკუთვნოდნენ “კლუბს, რომელში გაწევრიანებაც არავის სურდა.” მათგან განსხვავებით, ბევრ მშობელს არ ჰქონდა საკმარისი რესურსები და კავშირები. ისინი ფიქრობდნენ, რომ წამალი, რომელმაც სემს ასე უშველა, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ კვებისა და წამლის ადმინისტრაციას CBD-ი ეპილეფსიის სამკურნალოდ ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა.
ამისთვის კი რეალური კლინიკური ცდების ჩატარება იყო საჭირო. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაფთან დაკავშირებული არასასიამოვნო ისტორიისა და იმ სკეპტიციზმის გათვალისწინებით, რომელსაც ისინი, დიდი ალბათობით, გადააწყდებოდნენ, ჯეიკობსონმა იცოდა, რომ კლინიკურ ცდებში ეპილეფსიის წამყვანი და რეპუტაციის მქონე ექსპერტები უნდა ჩართულიყვნენ.
ნარკოტიკების რეგულირების ადმინისტრაციის [Drug Enforcement Administration, DEA] მიერ ჰეროინის, პეიოტის, ექსტაზისა და LSD-ს პარალელურად, კანაფის Schedule 1 ნარკოტიკად კლასიფიკაციამ ამერიკელი მეცნიერებისთვის მისი შესწავლა გაართულა. CBD-ს თერაპიული პოტენციალის შესახებ კვლევების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ბრაზილიიდან, მოდის. 1970-იან წლებში საო პაოლოს უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა ანტონიო ზუარდიმ დაიწყო იმის შესწავლა, თუ რა ზემოქმედებას ახდენენ კანაბინოიდები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მან აღმოაჩინა, რომ THC-ს დიდ რაოდენობას შფოთვითი აშლილობისა და პარანოიის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ, ამის საწინააღმდეგოდ, CBD-ის THC-ის მიერ გამოწვეული შფოთვითი და ფსიქოზის მსგავსი ეფექტების შემსუბუქება შეუძლია.
მოგვიანებით ზუარდისა და მისი კოლეგების კვლევებმა აჩვენა, რომ იმ მოხალისეებისთვის, რომლებსაც საჯაროდ სიტყვით გამოსვლის შიში ანუ სოციალური შფოთვითი აშლილობა ჰქონდათ, CBD-ს დიდი დოზის მიცემის შემთხვევაში დაძაბულობა იკლებდა. შფოთვის დონე, რომელიც აუდიტორიის წინაშე გამოსვლით იყო გამოწვეული, გულის შეკუმშვის სიხშირით, არტერიული წნევით და კანის გალვანური რეფლექსით გაიზომა.
ეს და მსგავსი კვლევები პატარა მასშტაბების იყო. CBD-ს კონცენტრაცია, კერძოდ კი 600 მილიგრამი აქტიური ნივთიერება, რომელიც სოციალური ფობიის კვლევაში გამოიყენეს, გაცილებით ბევრი იყო იმასთან შედარებით, რაც მაგალითად, დღესდღეობით მომხმარებლებმა CBD-ს შემცველი ჟელატინით დამზადებული ტკბილეულის საშუალებით შეიძლება მოიხმარონ. შფოთვის შემსუბუქება კი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები მოიხმარენ CBD-ს.