გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა 2020 წელს შექმნილი ვაქცინების ფორმულების გადახედვას დაუჭირა მხარი, რომლის ფარგლებშიც ბუსტერ ვაქცინები განახლდება და ულტრა-გადამდები ომიკრონის ქვევარიანტების წინააღმდეგაც დაიცავს. მაგრამ ისინი შემოდგომაზე იქნება მზად, ხოლო შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად იზრდება, აქ და ახლა.
ბევრი მეცნიერის აზრით, ვაქცინების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველდღე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ომიკრონის ქვევარიანტები - BA.4 და BA.5 ახალი შემთხვევების ყველაზე ხშირი გამომწვევია ა.შ.შ.-ში. ომიკრონის სწორედ ამ ქვევარიანტებით დაინფიცირებული ხალხი ხვდება ყველაზე ხშირად კლინიკებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ბელგიასა და ისრაელში.
კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევ იმატებს. გასულ თვეებში გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მომავალი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 000 ადამიანი გარდაიცვლება კოვიდით.
“იმედი გვაქვს, მოქალაქეებს დავარწმუნებთ, რომ ბუსტერ დოზები მიიღონ, რათა მათი იმუნური პასუხი გაუმჯობესდეს და ახალი ტალღა ავირიდოთ თავიდან,” - ამბობს დოქტორ პიტერ მარკსი, რომელიც ვაქცინების საკითხებს ადევნებს თვალს აშშ სურსათისა და წამლის [F.D.A.] ადმინისტრაციაში.
ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ ახალი თაობის ბუსტერები დიდ როლს ითამაშებენ ახალი ქვევარიანტების წინააღმდეგ იმუნური ფენის შექმნაში. მათი თქმით, ვირუსთან დაწევა, რომელიც მუდმივად იცვლება, შეუძლებელია.
“ომიკრონი ისეთი განსხვავებულია, რომ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად იცავს ვაქცინების ძველი თაობა სიმპტომური დაავადებისგან,” - ამბობს დიფთა ბჰატაჩარია, არიზონას უნივერსიტეტის იმუნოლოგი. “მნიშვნელოვანია ვაქცინების განახლება.”
ახლა მნიშვნელოვანი კითხვაა ის, ვაქცინების ახალი თაობა დროზე გამოვა თუ არა. მარეგულირებელმა - F.D.A.-მ ვაქცინების მწარმოებლებს ახალი თაობის პროდუქციის უფრო ომიკრონის BA.4 და BA.5 ქვევარიანტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოსთხოვა, ვიდრე ისევ ომიკრონის ძველ ვარიანტებთან შესაბამისი ვაქცინების გამოშვება.
ვირუსოლოგების აზრით, ქვევარიანტების მიმართ მგრძნობიარე ვაქცინები არა მხოლოდ ძლიერ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფენ, არამედ სხვადასხვა ანტისხეულის აქტიურ პასუხსაც გამოიწვევენ, რომლებიც მომავალ თვეებშიც დაიცავს ვირუსებისგან.
ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა - Pfizer-მა და Moderna-მ გამოაცხადეს, რომ ქვევარიანტების მიმართ მგრძნობიარე ვაქცინების გამოშვება მათ ოქტომბერზე ადრე ვერ შეეძლებათ. F.D.A.-ის ზოგი მრჩევლის თქმით, ეს დრო შეიძლება უფრო მეტად გაიწელოს, ფორმალური პროცედურების გამო.
ამის საპირისპიროდ: ომიკრონის თავდაპირველი ვერსიის საწინააღმდეგო ვაქცინები თითქმის ადგილზეა: Pfizer და Moderna ამაზე ახლა მუშაობენ. კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ ზაფხულში უკვე იქნება გარკვეული მარაგები. მეცნიერების თქმით, კითხვაზე, ღირს თუ არა ძველი ვარიანტის მიმართ მგრძნობიარე ვაქცინების ჩაშვება ახლავე თუ სჯობს ახალი ვარიანტების მიმართ მგრძნობიარეებს დაველოდოთ, პასუხი დამოკიდებულია იმაზე, როდის იქნება ახლები მზად და ამ შუალედში ომიკრონის ახალი ვერსიები რა ზარალს მოიტანს.
მათი თქმით, რამე ფორმით ახალი ვაქცინების ქონა საშემოდგომოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
“მე ვფიქრობ, რომ სჯობს შემდეგ ქვევარიანტებზე - BA.4-სა და BA.5-ზე გავაკეთოთ არჩევანი, და წარმოების პროცესი არ უნდა გაიწელოს,” - ამბობს ჯესი ბლუმი, ვირუსოლოგი ფრედ ჰაჩინსონის ცენტრში სიეტლში, რომელიც ქვევარიანტების წინააღმდეგ მომუშავე ვაქცინების დალოდების მომხრეა. “თუ BA.4 და BA.5 ქვევარიანტების ლოდინი მხოლოდ საშუალოდ გაიწელება, მოცდად ღირს.”
ვაქცინების ახალი თაობა გამოაჩენს მოქალაქეების მზაობას მათ მიმართ. ეს პროცესი ინფლუენზას ვაქცინების ყოველწლიურ, ახლად შექმნის პროცესს ჰგავს, მაგრამ როცა საქმე ეხება კორონავირუსს, საქმე მაინც სხვაგვარადაა.
კოვიდის თავდაპირველი ვაქცინები ნელ და რთულ ტესტირების პროცესს გადიოდნენ: კლინიკურ კვლევებში მონაწილეებმა მიიღეს დოზები და ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად. მეცნიერები მხოლოდ მათ დაკვირვებას აგრძელებდნენ, ვინც ავად გახდა. ახლა უტყუარი მტკიცებულება არსებობს იმაზე, რომ ვაქცინები უსაფრთხოა. შესაბამისად, ამჟამად ამავე თეორიის მტკიცება მხოლოდ დროის კარგვაა, კრიტიკულ სიტუაციაში.
ამის ნაცვლად, მწარმოებლები მოხალისეების სისხლის ნიმუშებს სწავლობენ ლაბორატორიებში იმის გასაგებად, თუ როგორია მათი იმუნური პასუხი ომიკრონის ორიგინალი ვერსიის მიმართ. ქვევარიანტების მიმართ ბუსტერების მგრძნობიარობის შესწავლა ცოტა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს: კომპანია Pfizer ამას მხოლოდ ვირთხებში სწავლობს ჯერ და არა ადამიანებში.
F.D.A.-ში განაცხადეს, რომ მარეგულირებელი ქვევარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების დამტკიცების პროცესში ახალი კლინიკური კვლევების მონაცემებს არ მოითხოვს და დაეყრდნობა იმ კლინიკურ მონაცემებს, თუ როგორ ანეიტრალებს ბუსტერი ომიკრონის თავდაპირველ ვარიანტს [და არა ქვევარიანტებს]. ზოგი მეცნიერის აზრით, განახლებული ვაქცინების კლინიკური კვლევების გარეშე დამტკიცება კარგი იდეაა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით.
“ახალი თაობის ვაქცინების გამოშვების ზედმეტი ბიუროკრატიზება საშიშია,” - ამბობს ჯემერ ქამილი, ვირუსოლოგი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნელა მოძრაობა, მისი თქმით, საფრთხის ქვეშ დააყენებს ხანდაზმულებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ახალი პათოგენის წინააღმდეგ, რომელიც განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა ვაქცინების ორიგინალი ვერსიები.
“თუ ბანკის მძარცველმა წვერი მოუშვა ან თმა შეიღება, ის შეცვლილია. დაცული იქნები თუ არა მომავალში მის წინაშე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაქვს ინფორმაცია მის ახალ, შეცვლილ გარეგნობაზე,” - ამბობს ის.
მთავრობის ზოგი მრჩევლის თქმით, მარეგულირებელმა ჯერ არ იცის, ახალი თაობის ვაქცინები მნიშვნელოვნად აჯობებს თუ არა ძველებს მწვავე ინფექციისგან დაცვის თვალსაზრისით. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ ახალი თაობის ვაქცინები - ძველების ფორმულების შეცვლა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ ნდობას შეარყევს.
ვირუსის ევოლუციის წინასწარმეტყველება რთულია. მომავალი ზამთრის განმავლობაში, შესაძლოა, ვირუსის ომიკრონ ვარიანტ[ებ]ი შეუსტდნენ და სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ. ისევე, როგორც ინფლუენზას ქვევარიანტები ჩნდება ყოველ ზამთარში, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ქვევარიანტები გაჩნდნენ და თვეების განმავლობაში მოედონ მსოფლიოს.
მეცნიერების თქმით, საკმაოდ ზუსტად შეიძლება იმის წინასწარ თქმა, რომ ახალი თაობის ბუსტერები - რომლებიც ორიგინალი ფორმულის ნაწილსაც შეიცავენ - დაიცავენ ადამიანებს და ძლიერ იმუნიტეტს გამოამუშავებინებენ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ. ახლა კი ყველაფერი იქით მიდის, რომ ზამთარში ომიკრონის სახეცვლილი შთამომავალი გაჩნდება და გაბატონდება.
“რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ომიკრონისგან ყველაფერი მოსალოდნელია,” - ამბობს ტრევორ ბედფორდი, ევოლუციური ბიოლოგი ფრედ ჰაჩინსონის სიმსივნის ცენტრში.
ექიმ ბრედფორდის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ინფლუენზაზე უფრო სწრაფად იცვლება, ვაქცინების mRNA ტექნოლოგია ვაქცინების სწრაფი ცვლილების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, ჩველებრივ, ზამთარში მოცირკულირე ინფლუენზას ვაქცინების შემადგენლობაზე მსჯელობა იმავე წლის თებერვალში მიმდინარეობს; ამ შემოდგომის კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობაზე მსჯელობა კი ადრეულ ზაფხულამდე არ დაწყებულა.
მეცნიერებმა ახლა უფრო მეტი იციან იმაზე, კორონავირუსის რომელი შტამი ცირკულირებს და რამდენად სწრაფად. “SARS-CoV-2-ს 12 მილიონი გენომი აქვს,”- ამბობს ექიმი ბედფორდი. “ინფლუენზას შემთხვევაში, ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ 250 000 გენომი შევაგროვეთ.”
თუ F.D.A. Moderna-სა და Pfizer-ს განახლებული ვაქცინების წარმოებისკენ წაახალისებს, ამას მსოფლიოს ქვეყნების ქცევაზე თავისი გავლენა ექნება: მწარმოებლები ახალი დოზების წარმოებაზე იზრუნებენ და ქვეყნების ნაწილი მათ დაელოდება. ნაწილი სხვა გზას აირჩევს: საკუთარ მოქალაქეებს ომიკრონის ძველი ვერსიის წინააღმდეგ მოქმედ ვაქცინებს შესთავაზებენ.
F.D.A.-ს ზოგი მრჩევლის თქმით, მესამე კომპანიის - Novavax-ის წარმოებული ბუსტერ ვაქცინები, წესით, უნდა იყონ წარმატებული ომიკრონის წინააღმდეგაც. Novavax-ის ბუსტერ დოზა ჯერ დამტკიცებული არ არის.
მეცნიერებს აინტერესებთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: რა კრიტერიუმები იარსებებს განახლებული ვაქცინების ასარჩევად და რამდენად სწრაფად მომზადდება/გადამზადდება ისინი მომავალში.
ზოგი მეცნიერის აზრით, კარგი იქნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან უფრო ახლო თანამშრომლობა, რომელიც არ ეთანხმება ვაქცინების განახლებას ომიკრონის ახალი ქვევარიანტების მიმართ, არამედ ომიკრონის ძველი ვერსიის მიმართ, და ეს მიაჩნია იმუნური სისტემის გაძლიერების თავისებური გზად.
მთავარი მიზანი, მეცნიერების აზრით, არის დროის შემცირება ახალი, იმუნიტეტისგან დამალვის უნარის მქონე ვარიანტის გაჩენასა და ვაქცინირების შესაძლებლობას შორის.
“უკვე ექვსი თვე გავიდა მას მერე, როცა ომიკრონი აღმოვაჩინეთ,” - ამბობს ექიმი მაიკლ ზ. ლინი, ნევროლოგიის დარგის პროფესორი სტენფორდში, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. “ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა შევარჩიოთ ახალი ვარიანტები, - უფრო სწრაფად, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით.”
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან ⇒ Updated Covid-19 Shots are Coming. Will They be too Late?