ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის [F.D.A.] ახალი ანალიზის მიხედვით, Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს კოვიდ ვაქცინებმა, შესაძლოა, ინსულტის რისკები გაზარდონ უფროსი ასაკის ადამიანებში, თუკი კოვიდ ვაქცინ[ებ]ს გრიპის მაღალი დოზის ვაქცინასთან ერთად მიიღებენ.
ჩვეულებრივ, უფროსი ასაკის ადამიანებისთვის გრიპის მაღალდოზიანი ვაქცინაა რეკომენდებული, და ზემოთაღწერილი რისკი უფრო მაღალია 85 წლისა და უფროსი ასაკის ინდივიდებში. თუმცა, რისკი, შესაძლოა, მხოლოდ გრიპის ვაქცინისგან მოდიოდეს [და არა კოვიდის].
მეორე კვლევის თანახმად, კოვიდ ვაქცინები 2-5 წლის ბავშვებში კრუნჩხვების რისკებს ოდნავ ზრდიდა. ეს კვლევა გასულ კვირას გამოქვეყნდა ონლაინ, peer რევიუ ჯერ არ გაუვლია და არც სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ვაქცინის ექსპერტების თქმით, ამ კვლევების მეთოდოლოგია სათანადოა.
არც ერთი კვლევა ორიდან არ არის საბოლოო და სრულყოფილი, თუმცა, მათი პირველადი შედეგები უფრო დიდი მონაცემებითაც რომ მტკიცდებოდეს, ხსენებული რისკები იმდენად მცირეა, რომ ექსპერტების თქმით, ვაქცინაციის სიკეთეები დიდად გადასწონის ხსენებულ რისკებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თვით კოვიდ- და გრიპის ინფექციები ზრდის ინსულტის რისკებს, შესაბამის ასაკობრივ და რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანებში.
ექსპერტების თქმით, ამ კვლევების შედეგები არ შეცვლის ვაქცინაციის მიმართ დადებით რეკომენდაციას, თუმცა, კვლევები მსგავსი გვერდითი მოვლენების გამოსავლენად უნდა გაგრძელდეს.
“მონაცემების მოგროვების ასეთი მცდელობები აუცილებელია. მონაცემებისა და მტიცებულებების არარსებობის დროს, არასწორი ინტეპრეტაციები იბადება”, - ამბობს ექიმი სიუზან ჩენგი, რომელიც კარდიოლოგი და ეპიდემიოლოგია ჩედარს საინაის შმიდტის გულის ინსტიტუტში, ლოს ანჯელესში.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Covid Shots May Slightly Raise Stroke Risk in the Oldest Recipients