ჩვენი ცხოვრების ბოლო დეკადებისკენ, სექსის რაოდენობა, უმეტესად, იკლებს. მაგრამ თუკი მოტივაცია არსებობს, ახალ რეალობასთან ადაპტაცია შესაძლებელია.
გასაკვირი არაა, რომ სექსის სურვილი და მოტივაცია ასაკთან ერთად მცირდება: ქალებში ესტროგენის დონე იკლებს, რასაც ვაგინის სიმშრალე მოსდევს და შესაბამისად, პენეტრაცია მტკივნეულია. ტესტოსტერონის დონე იკლებს კაცებსა და ქალებში. კაცებში ერექციის პრობლემა ჩვეულებრივია.
2007 წელს სამეცნიერო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა წარმომადგენლობითი კვლევა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის პოპულაციაში ჩატარდა. კვლევას ექიმი სტეისი ტესლერ ლინდო, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგი და გერიატრი, უძღვებოდა, კოლეგებთან ერთად. მეცნიერებმა 3 000 ხანდაზმული გამოჰკითხეს სექსზე. მათ ნაწილს ჰყავდა პარტნიორი და ნაწილს - არა.
[“სექსი” განისაზღვრა, როგორც ორმხრივად სასურველი ქცევა, რომელიც მოიცავს პენეტრაციას ვაგინაში და/ან ორგაზმის მიღწევას პენეტრაციის გარეშე, ან ორივეს ერთად.]
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გამოკითხულთა 53 პროცენტს, რომელთა ასაკი 65-74-ს შორის იყო, ერთხელ მაინც ჰქონდა სექსი გასულ წელს. 75-85 ასაკობრივ ჯგუფში - მხოლოდ 26 პროცენტს [კვლევის ხელმძღვანელის, ლინდოს თქმით, სექსის ქონის მთავარი დეტერმინანტი პარტნიორის ყოლაა - და ბევრ ხანდაზმულს აღარ ჰყავს პარტნიორი - ან დაქვრივებულია, ან დაშორებული, ან განქორწინებული]. 57-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეებს სექსი ერთხელ მაინც ჰქონდათ გასულ წელს.
ასაკთან ერთად, სუსტდება ფიზიკური შესაძლებლობები. მოქმედების არეალი ვიწროვდება - სამუშაოს უფრო ნელა ვასრულებთ ან, საერთოდაც, პენსიაზე გავდივართ, ფიზიკური მოქნილობის დონე უარესდება, მოგზაურობა რთულდება, მეგობრების წრე იკლებს, - თუ დიდხანს ვცოცხლობთ, მით მეტი ადამიანი კვდება ჩვენზე ადრე. შესაბამისად, მეტად და მეტად ვეჭიდებით დარჩენილ რესურსებს, რომლებიც ემოციურად მნიშვნელოვანია. მათ შორისაა სექსიც.
რაკი სხეულის ტექნიკური მონაცემები სრულიად იცვლება, ასაკში მყოფ ადამიანს მეტი წარმოსახვა სჭირდება კარგი სექსუალური ქცევების შენარჩუნებისთვის. სექსზე წარმოდგენები უნდა გაფართოვდეს, საჭიროა მეტი სხეულებრივი შეხება, კოცნა, ეროტიული მასაჟები, მოფერებები, ორალური სექსი და სექს-სათამაშოების გამოყენება.
ხანდაზმულ ადამიანებს ამას არავინ ასწავლის, არც რჩევას აძლევს. მედიაში ამაზე საუბარი თითქმის არ მიმდინარეობს. თავიანთ კლიენტებთან საუბრისას, არც სექსის თერაპევტები იწუხებენ დიდად თავს. არც ოჯახის ექიმები სწევენ ამ საკითხებს უფროს თაობასთან.
თუკი კაცებს ერექციის პრობლემა აქვთ, ექიმები “ვიაგრას” ან “ციალისს” სთავაზობენ. მაგრამ ეს მედიკამენტები ცუდად ურთიერთქმედებენ სხვა წამლებთან. ამას გარდა, მათი დანიშვნა ნიშნავს, რომ სექსის მიზანი პენეტრაცია უნდა იყოს. ქალებში, მედიკამენტი სახელად Addyi ცოტათი ახალისებს სექსუალურ სურვილებს, მაგრამ ის მხოლოდ მენოპაუზამდე პერიოდში გამოიყენება. და მართალია, ექიმები ქალებს კრემებსა და ვაგინალურ ბეჭდებს სთავაზობენ ესტროგენის კონცენტრაციის ასამაღლებლად, მაგრამ მხოლოდ მცირე მათგანი სთავაზობს ქალებს ალტერნატივას იმ შემთხვევაში, თუკი პენეტრაცია მტკივნეულია.
“მკურნალების უმეტესობა ამ კითხვებს ამ უსვამს ადამიანებს და მათ კი არ იციან, რა ქნან, თუკი პრობლემაა,” - ამბობს ექიმი ჯუნ ლა ველერი, ყოფილი მეან-გინეკოლოგი, რომელიც ამჟამად მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორია. “ექიმები ფიქრობენ, რომ პაციენტები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ჩემი აზრით, საკუთარ თავს ექიმს თუ უწოდებ და ადამიანს მთლიანობაში უყურებ და არა ფრაგმენტულად, ეს კითხვები უნდა დასვა.”
ამერიკის შეერთებულ შტატებში უფროსი ასაკის მოქალაქეთა საცხოვრებელი თემები ძალიან იშიათ შემთხვევაში ცდილობენ, რომ თავიანთ ბინადრებსა და მომსახურე პერსონალს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ, - ეს თითქმის არ ხდება.
ერთმა სექს განმანათლებელმა მითხრა, რომ ერთი ქალი ასეთ ცენტრში სექსსა და ასაკთან დაკავშირებულ საკითხებზე ეძებდა ინფორმაციას, თუმცა კომპიუტერში ვერაფერი იპოვა, რადგან სიტყვა “სექსი” კომპიუტერზე დაბლოკილი იყო, რომ თემის ბინადრები პორნო-საიტებზე არ შესულიყვნენ.
80 წელში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად აქვთ სექსი, შესაძლოა გახდენენ ცვლილებების საწყისი: როგორც საზოგადოებრივი დისკუსიის, ისევე პოლიტიკის ცვლილების დონეზე. ჟურნალ New England Journal of Medicine კვლევაში, მართალია, 75-85 წლის ასაკის ადამიანებს გასულ წელს ჰქონდათ სექსი, მაგრამ მათი ნახევარზე მეტს სექსი, სულ მცირე, თვეში 2-3ჯერ და თითქმის ¼-ს სექსი კვირაში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ჰქონდა.
სიამოვნების მიღებასთან ერთად, სექსს სხვა უამრავი სარგებელი მოაქვს: იმუნური სისტემის გაძლიერება, უკეთესი კოგნიტური ფუნქციონირება, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება ქალებში, ხოლო კაცებში - პროსტატის სიმსივნის შემცირებული რისკები. კვლევები - და საღი აზრიც - მიუთითებს, რომ სექსი აუმჯობესებს ძილს, ამცირებს სტრესს და ადამიანებს შორის სიახლოვეს აღრმავებს.
სამი წლის განმავლობაში 40 ადამიანს ველაპარაკე, რომელთა ასაკი იყო 60, 70, 80 და ადრეული 90 წელი, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი სექსუალური ცხოვრება გააუმჯობესონ. ზოგმა მკურნალს მიმართა, რომლებიც, სხვა ხერხებთან ერთად, ადამიანებს ასწავლიან, გააფართოვონ სექსზე წარმოდენები და პრაქტიკები. ადამიანების მთავარი საბოლოო მიზანი და ორიენტირი არ იყოს ერექცია, პენისით ვაგინაში შეღწევა და სხვა ტექნიკური მიზნები. სხვებმა თვითონ გამოიგონეს თავიანთი გზები სექსის გადასააზრებლად.
2005 წელს, პეგი კლაინპლაცმა, რომელიც ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი და სექსის მკვლევარია, ადამიანების გამოკითხვა დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამდიდრებენ ისინი თავიანთ სექსუალურ ცხოვრებას, რა სიახლეები შეაქვთ ინტიმურ პარტნიორთან ურთიერთობაში. ათწლეულების განმავლობაში, სექსზე კვლევები მხოლოდ დისფუნქციის გარშემო ტრიალებდა. ამის საპირისპიროდ, კლაინპლაცმა, რომელიც უნივერსიტეტში “ოპტიმალური სექსუალური გამოცდილების კვლევით ჯგუფს” უდგას სათავეში, უფრო ღრმა კმაყოფილების მომტან სექსს იკვლევს, ასაკის, ჯანმრთელობის სტატუსის, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის და ასე შემდეგ, მიუხედავად. [მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ლგბტ, პოლიამორიულ წყვილებთან და ისეთ ადამიანებთან მუშაობას, რომლებიც სექსში BDSM პრაქტიკას მისდევენ, რომელიც ძირითადად, პარტნიორებს შორის დომინაცია-დამორჩილება-კონტროლის როლების გაცვლას გულისხმობს].
2020 წელს დაწერილი წიგნი, “საოცარი სექსი: გაკვეთილი განსაკუთრებული შეყვარებულებისგან,” რომლის თანაავტორი დანა მენარდია, მოყოლილია ადამიანებზე, რომელთა სექსი წლების განმავლობაში უფრო და უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და სიამოვნების მომნიჭებელი ხდებოდა. წიგნის გმირების 40% - 60, 70 და 80 წლის ადამიანები იყვნენ.
“ვის უნდა ჰკითხო აზრი სექსზე მათზე მეტად, ვისაც ამაში დიდი გამოცდილება აქვს?” - თქვა კლაინპლაცმა. ამ “განსაკუთრებულ შეყვარებულთაგან” ზოგმა, 40-50 წლის მიღწევის შემდეგ, აღნიშნა, რომ სექსისგან დიდს ვერაფერს ელოდნენ. თუ უკეთესი სექსის მიღება სურდათ, იმასაც აცნობიერებდნენ, რომ ამაში დრო, ენერგია და ძალისხმევა უნდა ჩაედოთ.
“როცა ათწლეულები ხართ ერთად, უფრო მეტი ნდობა და საკუთარი თავის სუსტი მხარეების წარმოჩენას არის საჭირო და აუცილებელი,” - აღნიშნა კლაიპლანცმა. “დიდი სურვილი და სიმამაცე სჭრიდება იმას, რომ შენი პარტნიორისა და საყვარელი ადამიანის წინაშე გაშიშვლდე, მეტაფორულადაც და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც.”
ინტერვიუებში ადამიანები ამბობდნენ, რომ ასაკთან ერთად, ისინი უფრო და უფრო მეტად ხვდებოდნენ, რა უნდოდათ სექსისგან და უფრო თამამად ეუბნებოდნენ ამას პარტნიორს. მათ სექსის ცნება გააფართოვეს და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დომინანტური მედია და პორნოსაიტები სექსს სწრაფ და მარტივ პროცესად წამოაჩენდნენ.
თუკი ვიფიქრებთ, რომ ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები ხელს უშლის სექსუალურობაში რეალიზებას, მის ინტერვიუს პირებს არაერთი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდათ: გულის დაავადება, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, სპინალური სტენოზი, სმენის დაქვეითება და სხვადასხვა სახის შეუკავებლობები.
რიგ შემთხვევებში, სწორედ ეს შეზღუდული შესაძლებლობები აიძულებდა მათ, რომ სექსისთვის სხვა კუთხით შეეხედათ. ერთ-ერთმა კვლევაში მონაწილემ ისიც კი თქვა, რომ ვისაც ფიზიკური პრობლემები არ აქვს, სექსს კონვენციურად უყურებს,” ძველ სტანდარტებს ინარჩუნებს, არაა ღია ექსპერიმენტებისადმი.”
ერთ-ერთმა კაცმა უთხრა კლაინპლაცს, რომ მისი დაავადება არ აძლევდა საშუალებას, სექსის ტრადიციული პრაქტიკით შემოსაზღვრულიყო, რადგან მისთვის ისინი უკვე აღარ მუშაობდა. ის უფრო მეტს ექსპერიმენტირებდა, ეკითხებოდა პარტნიორს მისი სურვილების შესახებ და მის სურვილებს აკმაყოფილებდა. მართალია, თვითონ არც ერექცია ჰქონდა და არც ორგაზმს აღწევდა, მაგრამ მან თქვა, რომ “სექსი ახლა უფრო ჩართულობითი და ორმხრივი გახდა, ვიდრე ოდესმე.”
ამ კვლევაში ჩართული ყველა ასაკის ადამიანმა აღიშნა, რომ ისინი ცდილობდნენ, უფრო “განსხეულებულები” ყოფილიყვნენ, პარტნიორის სურვილებისთვის ეგდოთ ყური, უფრო ნელა მოქმედებდნენ და უფრო მეტად იყვნენ ჩართულები პროცესში.
“შენ არ ხარ ადამიანი პროცესში, შენ ხარ პროცესის წარმმართველი,” - უთხრა ერთა კაცმა მეცნიერს. წყვილები ასევე ამბობდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შესაბამისი გარემოს შექმნა: მუსიკის ჩართვა, ლეპტოპების გვერდით გადადება, შხაპის მიღება, ოთახის მოწესრიგება. მიზანი არც ისაა, რომ ყოველ ჯერზე ყველაფერი იდეალურად მოხდეს. ყველაზე კარგ წყვილსაც კი ყოველ ჯერზე გადასარევი სექსი არ აქვს. კლაინპლაცის თქმით, მთავარია “სექსი, - ეს კონკრეტული პრაქტიკა, - ამად ღირდეს.”
ზოგისთვის უკვე საკმარისია ეს ყველაფერი - დაკარგეს სექსის მიმართ ინტერესი. ან დაავადება აწუხებთ და ცხოვრების ეს ასპექტი აღარაა აქტუალური. თუკი ურთიერთობაში მყოფი წყვილი ისაუბრებს ამაზე და იტყვის, რომ მეტი აღარ უნდათ, ეს არც არის პრობლემა. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წყვილებს შორის შეუთანხმებლობა და სურვილების აცდენაა. პატარა უკმაყოფილებას არა უშავს, თუმცა, როცა მხოლოდ ერთი ადამიანია სექსის ინიციატორი 95 პროცენტ შემთხვევებში და მეორე სულ უარით ისტუმრებს, ის ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობს [პანდემიამ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა - წყვილებს ცოტა სივრცე რჩებათ საკუთარი თავისთვის, სულ ერთმანეთის თვალწინ ტრიალებენ და ეს ამცირებს მიზიდულობას].
საშუალო დონის სექსი, ალბათ, უფრო მისაღებია მაშინ, როცა დროისა და ემოციების უმეტესობას შვილები “ჭამენ”, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში ადამიანს მეტი დრო აქვს და შესაძლოა, სიტუაცია და სურვილები შებრუნდეს და გამოცოცხლდეს.
ბევრი უფროსი ასაკის ადამიანი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, ახალგაზრდობაში მეტი დრო დაეთმოთ სექსისთვის, მეტი ესაუბრათ პარტნიორთან, მეტად ახლოს ყოფილიყვნენ და არ დაემალათ შფოთვები.
“მე მგონი, ორივენი მარტო ვგრძნობდით თავს,” - ამბობს მერი [რომელმაც მხოლოდ შუა სახელის დაწერა მთხოვა, პირადი ინფორმაციის სენსიტიურობის გამო], და აღწერა, რომ ქმართან წლების განმავლობაში ნელ-თბილი სექსი ჰქონდა.
“დადგა ისეთი დროც, როცა სულ აღარ მინდოდა სექსი,” - ამბობს ის. “და-ძმასავით ვიყავით, რომლებიც მხოლოდ ზოგჯერ წაეთამაშებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.”
შემდეგ, დაახლოებით ექვსი წლის წინ, მარიმ, რომელიც ახლა 70 წლისა და მისმა 74 წლის ქმარმა, რადიკალურად შეცვალეს კვების რაციონი და ორივემ დაახლოებით 23 ფუნტი დაიკლო. სხეულის ასეთმა ცვლილებამ თავისი როლი ითამაშა: მათ სხვა თვალით შეხედეს ერთმანეთს და სექსის გადააზრება დაიწყეს.
ამჟამად სექსის წინა პროცესი ასე იწყება: ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, რა უნდათ ერთმანეთისგან. სექსის დროს მათი მოძრაობა და ვერბალური კომუნიკაცია უფრო ღიაა. შემდეგ კი, ყავას მოიდუღებენ, ბუხრის წინ სხდებიან და ტკბებიან ერთმანეთით.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - The Joys [and Challenges] of Sex After 70
♦ ილუსტრაცია მთავარ გვერდზე - ქეთევან ჭავჭანიძე
♦ პროექტის "ორგაზმზე სამეცნიერო მონაცემების გავრცელება & ცნობიერების ამაღლება" იდეური და ფინანსური მხარდამჭერია "ქალთა ფონდი საქართველოში".