2024-08-16

  • ლოგოს გარეშე - ინტერვიუ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან
  • “კაქტუსმა” 12 აგვისტოს ვასილ გედევანიშვილს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს, კითხვები დაუსვა შოვის სტიქიაზე რეაგირების, საქართველოში მყინვარების მონიტორინგის, სააგენტოს დამოუკიდებლობის, ბიუჯეტირებისა და ახალი პროექტების შესახებ.

    სააგენტომ "კაქტუსს" ექსკლუზიურად გაუზიარა კონტრაქტი შვეიცარულ კომპანია GEOTEST.AG-სთან, რომელიც საქართველოში მყინვარულ ხეობებს შეისწავლის. პროექტი 2024 წლის 30 ნოემბერს დასრულდება და მისი ღირებულება 700,920.00 ევროა. ეს ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

    ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდსაც პროგნოზირებს, მაგრამ სრულყოფილი პროგნოზირებისთვის საჭირო ტექნოლოგიები ჯერ-ჯერობით არ აქვს.

    სააგენტომ შარშან, შოვის სტიქიიდან მხოლოდ 16 წუთით ადრე გამოაქვეყნდა ფეისბუქ-პოსტი ამინდის პროგნოზზე, სადაც ონის მუნიციპალიტეტი საერთოდ არ იყო მოხსენიებული, როგორც შესაძლო სტიქიის ზონა ან უხვი ნალექის ადგილი.

    გარემოს ეროვნული სააგენტო 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა. ის არის საბჭოთა კავშირის დროს არსებული სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუციების, - გეოლოგიის სამსახურის, შავის ზღვის ინსტიტუტის, ჰიდროლოგიის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის - საქმეების გამგრძელებელი [სამართალმემკვიდრე].

    ვასილ გედევანიშვილი, განათლებით იურისტი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი 2023 წლის ივლისიდანაა. შოვის სტიქია მისი დანიშვნიდან დაახლოებით 2 კვირაში მოხდა.
     
    “მსოფლიო ბანკის” 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს “ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურს არ შეუძლია მსოფლიოს წამყვანი ცენტრებისგან ციფრული ფორმით ხელმისაწვდომი ამინდის პროგნოზის საუკეთესო გამოყენება სინოპტიკური და კლიმატური საორიენტაციო პროგნოზების მოსამზადებლად, მოძველებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის გამო." ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სიტუაცია უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა.

     

    გარემოს ეროვნული სააგენტოს იდენტობა და ფინანსური დამოუკიდებლობა

    დაარსებიდან თითქმის ათი წლის განმავლობაში, სააგენტო თვითონ ირჩენდა თავს. საბიუჯეტო შემოსავლები მას 2017 წლიდან გაუჩნდა. სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტი 23,569,000 იყო, თქვენი პერსონალური ხელფასი კი 6 776 ლარია. პრემიებსა და დანამატებსაც იღებთ?

    არა, სხვა ფორმით არაფერს ვიღებ. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ლოგო, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ორჯერ შეიცვალა. თამარ ფიცხელაურის ხელმძღვანელობისას ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო სააგენტოს ორიგინალი ლოგო - ცისფერი მრგვალი ხაზებით, შიგნით წყლის ტალღის მოხაზულობით. ნინო თანდილაშვილის უფროსობის დროს ლოგოს წითელი სარტყელი გაუჩნდა და ცისფერი კონტურები გალურჯდა. თქვენი უფროსობის დროს - ორიგინალი ლოგო საერთოდ გაქრა. 

    დიახ, მცირე [სახელმწიფო] გერბია გადმოღებული [ლოგოდ]. მგონი, ნორმალურია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს შესასვლელში, ტრაფარეტზე, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სააგენტოს ორიგინალი ლოგო | 12/08/2024 | ფოტო © კაქტუსი


    ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი იდენტობა, რომელიც მისი საქმიანობიდან გამომდინარეობს, რომლის შინაარსსაც ატარებს ლოგო და ეს ბრენდირების ნაწილია. თუკი ყველა სააგენტოს მცირე სახელმწიფო გერბი ექნება, ლოგოს იდეა რაშია?

    შეიძლება, ბრენდირების თვალსაზრისით, ლოგო უკეთესი იყოს, მაგრამ მე, როგორც იურისტი, ცოტა სხვანაირად ვუყურებ საკითხებს: კარგი ლოგო გვაქვს.

    ორიგინალი ლოგო არ იყო კარგი?

    ორიგინალი ლოგოც არ იყო ცუდი. 

    სხვადასხვა ლოგო სააგენტოს უფროსების ცვლილების მიხედვით. ცვლილება კოლაჟის მარცხნივ, ზედა მხარეს, ჩანს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ლოგოების ცვლილება ნინო თანდილაშვილის უფროსობის შემდეგ დაიწყო. ნინო თანდილაშვილი, გარკვეული პერიოდი, იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი. ამჟამად ის არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას, პირველი მოადგილე | კოლაჟი © “კაქტუსი”

     

    “რუსულ კანონზე” რას ფიქრობთ?

    ჩვენ ვაგრძლებთ მუშაობას, მათ შორის, ევროკავშირის პროექტებზე, მივყვებით დირექტივებს და ასე შემდეგ.

    თქვენ რამენაირად იგრძენით ამ კანონის გავლენა?

    ამ ეტაპზე, არაფერი არ გვიგრძვნია. ვმუშაობთ ჩვეულებრივად. 

    რას ფიქრობთ ამ კანონზე? ხელს უშლის საქართველოს განვითარებას?

    თავს შევიკავებ შეფასებებისგან. 

    საჯარო მოხელეობასთან ერთად, როგორც საქართველოს მოქალაქეც ხართ. რას ფიქრობთ ამ კანონზე?

    გითხარით ჩემი პასუხი.

    ეს არ იყო პასუხი ჩემს კითხვაზე.

    შესაძლოა თქვენ პასუხად არ ჩათვალეთ, მაგრამ ჩემი პასუხი გაგეცით.

     

    შოვის გამოწვევა

    სააგენტოში თქვენი დირექტორად მოსვლიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა შოვის სტიქია. ვინ შეგატყობინათ ამის შესახებ პირველად?

    თანამშრომლებმა გამიზიარეს ვიდეო - გოგო რომ ფანჯრიდან გადმოდიოდა, თავის გადარჩენას ცდილობდა.

    სოციალური მედია იყო თქვენი პირველ-წყარო შოვის სტიქიის გასაგებად?

    დიახ, როგორც ჩვენ ყველამ, მეც სოციალური ქსელით გავიგე პირველად.

    რა იყო თქვენი პირველი რეაქცია? 

    ბათუმში მივდიოდი მივლინებით. მაშინვე მოვატრიალე მანქანა და წავედი შოვისკენ. ისე დაემთხვა, რომ ჩვენი რამდენიმე გეოლოგი ზუსტად ლენტეხში იყო მივლინებით. მათაც ვთხოვე, მაშინათვე წასულიყვნენ შოვში. 

    მე დაახლოებით ოთხი საათი დამჭირდა ადგილზე მისასვლელად. შოვში რომ ავედი, უკვე ბინდდებოდა. 

    რა დავალებები გაეცით?

    დავალება იყო მომხდარის შეფასება. იმ მცირე კადრებით, რაც ვნახეთ, არ ვიცოდით, რა მოხდა. მხოლოდ ადგილზე ჩასვლით და საკუთარი თვალით ნახვით მივხვდით ტრაგედიის მასშტაბებსა და სიმძიმეს.


    შოვში, მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე ჩამოვიდა და გაიშალა სოფელ გლოლაში. სააგენტომ იმ დღეს გამაფრთხილებელი პოსტი ღვარცოფული ნაკადის კოტეჯებამდე მოსვლამდე 16 წუთით ადრე [15:09] გამოაქვეყნა, სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები ონის მუნიციპალიტეტი, როგორც უხვი ნალექების მოსვლის ლოკაცია. 

    სხვადასხვა რამეა - შოვის სტიქიის დღეს ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო ამინდის პროგნოზი, რასაც ახლაც ვაკეთებთ, ყოველდღიურად. 

    მაგრამ იმ კონკრეტულ ლოკაციას არ მოიცავდა.

    პოსტში ეწერა, რომ დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესება იყო მოსალოდნელი. ზოგადად, როდესაც ამინდის გაუარესება არის მოსალოდნელი, ვაზუსტებთ ხოლმე ლოკაციებს. აქ ისე დაემთხვა, რომ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავავრცელეთ 7 თუ 10 წუთით ადრე. ათ წუთში მოხდა სტიქია.

    ეს სტიქია და მისი შესაძლო პროგნოზირება, თავისი ბუნებით, ახლოს არ არის ამინდის [სტანდარტულ] პროგნოზირებასთან. 

    იმის თქმა გინდათ, რომ უხვ ნალექებს პროგნოზირებდით ზოგადად დასავლეთ საქართველოში, თუმცა ზუსტად იმ ადგილას ვერა?

    კლდის მოწყვეტის პროგნოზირება შეუძლებელია. 

    რადარის და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით, რაც არსებობს, უხვი ნალექების პროგნოზირება, ლოკაციის მითითებით, შეუძლებელია?

    შოვის პროცესის წამახალისებელი იყო კლდეზვავის განვითარება, რომელიც წამიერად მოწყდა, დაეცა იქ არსებულ მყინვარებს, მყივარების შიგნით არსებული წყლები გადმოვიდა და წამოიყოლა წლების განმავლობაში დაგროვილი ნატანი მასალა.

    იქ რომ დამონტაჟებული ყოფილიყო განგაშის სისტემა და ცოტა ხნით ადრე მაინც გამოგეყვანათ მოსახლეობა, შესაძლებელი იყო?

    არსებობს თეორიული დაშვებები და არსებობს რეალური მოცემულობა. თეორიულად, იქ ვინმე რომ მდგარიყო ან რამე დამონტაჟებული ყოფილიყო, ბევრი რამ, შესაძლოა, სხვანაირად მომხდარიყო. პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება კლდეების ჩამოშლა, მუდმივად, - სხვადასხვა მასშტაბის, მოცულობის, სხვადასხვა ლოკაციაზე და უამრავ გარე ფაქტორთან ერთად. 

    სამწუხაროდ, შოვის შემთხვევაში, რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჯაჭვური, კასკადური, ტიპის სტიქიასთან გვქონდა საქმე - კლდეზვავური პროცესი იქ არსებულმა წყალმა გაააქტიურა. 

    შვეიცარიელებთან სწორედ ამის დაკვირვებას ვიწყებთ ახლა: სატელიტური ზონდირების მეშვეობით მოხდება კლდეების ჩამოშლის, მყინვარული მასების გადადგილების, მონიტორინგი.

    შვეიცარიელი მეცნიერების დასკვნას რაც შეეხება: საკუთარი პირველადი დასკვნა სააგენტომ სტიქიიდან სამი დღის შემდეგ გამოაქვეყნა, მაგრამ დააგვიანეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც მათ 2023 წლის 28 ნოემბერს დაასრულეს, ხოლო თქვენ - 2024 წლის 16 თებერვალს გამოაქვეყნეთ. 

    ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პირველადი შეფასება [2023 წლის 6 აგვისტოს]. შვეიცარიელების დასკვნა რომ ჩამოვიდა, ჩვენ უნდა გავცნობოდით მას და აგვესახა ჩვენს ძირითად დასკვნაში. 

    ამას სამი თვე დასჭირდა?

    დაემთხვა ახალი წლებიც, შვებულებები, მთავრობის ცვლილება - რთული პერიოდები იყო.

    შეეძლო თუ არა გარემოს ეროვნულ სააგენტოს თვითონ გაეკეთებინა საბოლოო დასკვნა და არ გადაეხადა 42 000 ევრო უცხოელი სპეციალისტების დასაქირავებლად?

    არ შეეძლო. 

    შეიძლებოდა, მაგალითად, [მაღალი გარჩევადობის] ორთოფოტოები გვეყიდა. ამას დრო და თანხა დასჭირდებოდა. RAMSS-ის პროგრამა უნდა გვეყიდა, რომელზეც მუშაობა რომელიმე თანამშრომელს უნდა ესწავლა. ზოგი software [პროგრამული უზრუნველყოფა] ღიაცაა [უფასო], მაგრამ მასზე მუშაობას მაღალკვალიციფიური სპეციალისტი და გამოცდილება სჭირდება.

    არ გყავთ შესაბამისი სპეციალისტები?

    გვყავს სპეციალისტები, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიჭირს რესურსებში. 

    შოვის შემთხვევაში, საკითხის მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ არ უნდა დარჩენილიყო კითხვის ნიშნები. რომ დაგვეწყო ვაჭრობა, - 42 000 ევრო ძვირია და მოდი, 20 000 ევრო დავზოგოთ და მე ვიყიდო [პროგრამა], მევე გავაკეთო [სიმულაცია], - ამ გზით არ წავედით. 

    ამის გარდა, გვინდოდა, - ჩვენვე, - მყარად დავრწმუნებულიყავით, ჩვენსავე დასკვნებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი დასკვნები საერთაშორისო ექპსერტების მიერ ყოფილიყო დადასტურებული, რომ რაღაც დეტალები არ გაგვპარვოდა. ძალიან საპასუხისმგებლო და რთული პროცესი იყო. 

    ეს პროცესი ისედაც გაკრიტიკდა.

    გულწრფელად გეტყვით, ძალიან ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკის მსხვერპლები ვართ.

    მყინვარების შემსწავლელი დეპარტამენტი ცალკე არ გაქვთ. გლაციოლოგები გყავთ?

    გლაციოლოგები გვყავს.  [ყველა მათგანის] კვალიფიკაციების ზუსტად თქმა გამიჭირდება - დიპლომში ყველას გლაციოლოგი უწერია თუ არა, არ ვიცი. 

    პირდაპირი სპეციალობით თუ ავიღებთ, ორი თუ სამი გლაციოლოგი გვყავს. მათ შორის, ერთი წასულია - PhD-ის [სადოქტორო სამეცნიერო ხარისხი] აკეთებს. 

    გარდა [პირდაპირი სპეციალობით გლაციოლოგი] ამისა, გვყავს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან მყინვარებს და აქვთ გამოცდილება.

     

    მყინვარული ხეობების კვლევის ახალი პროექტი

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს FB-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ 22 მყინვარულ ხეობას შეისწავლით. შემდეგ ეს პოსტი დარედაქტირდა და “22” ამოვარდა. არც შვეიცარიელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია ნახსენები “22 მყინვარული ხეობა.” რაოდენობრივად 22 მყინვარული ხეობის შესწავლის განაცხადი ისევ ძალაშია? 

    დიახ, ძალაშია, მაგრამ ეს სია არის წინასწარი - ამ ჩამონათვალს, შეიძლება, დაემატოს, ან მოაკლდეს. 

    დარედატირებული პოსტი მყინვარული ხეობების შესწავლაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

     

    22 მყინვარული ხეობის იდეა თქვენ მიაწოდეთ შვეიცარიელებს თუ მათ მოგაწოდათ?

    ჩვენ გამოვყავით და მივაწოდეთ შვეიცარიელებს, რომ ესენი განსაკუთრებულად გვაინტერესებს. 22 მყინვარული ხეობა გამოვყავით იმის მიხედვით, სადაც [მყინვარული ხეობა] ინტენსიური განაშენიანებაა. 

    ამ 22 მყინვარული ხეობის სია ღია წყაროებზე იძებნება?

    მოდით, ორი თვე დაველოდოთ და შემდეგ მოგცემთ სრულ ინფორმაციას. ჩათვალეთ, რომ რუკას ხელი რომ დაადოთ, [საქართველოს] ყველა მყინვარული ხეობა შედის.


    რა დავალებები მიეცით ამჟამად შვეიცარიელ ექსპერტებს?

    კონტრაქტში რაც წერია, ის დავალებები დავუკვეთეთ.

    ხელშეკრულებაში, ძირითადად, ნახსენებია დისტანციური ზონდირება. აქ იგულისხმება მაღალი გარჩევადობის სატელიტური ფოტოების ყიდვა და დრონებით გადაღებული ფოტოების გამოყენება, რაც გამოავლენს ცხელ წერტილებს?

    ასევე რეკომენდაციები და პოტენციური შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ - რა შეიძლება გაკეთდეს, თითოეულ ხეობაში. 

    ამ კვლევის პერიოდში, შვეიცარიელი მეცნიერები, ძირითადად, დისტანციურად იმუშავებენ, თუ ისევ ჩამოვლენ და ადგილზეც დააკვირდებიან მყინვარების ცვლილების დინამიკას?

    ისინი ფიზიკურად უკვე იყვნენ ჩამოსულები და ერთხელ შემოუფრინეს კიდეც კავკასიონს. 

    რა არის ამ კვლევის მეთოდოლოგია?  

    [მეცნიერები] 2-3 კვირაში ერთხელ გადაღებული ორთოფოების ერთმანეთს ადებენ და ხედავენ მყინვარის ცვლილების დინამიკას და სხვაობას. ორთოფოტოს გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მუშაობა. 

    თუ რისკი დაფიქსირდა, უნდა გამოითვალოს ამ კონკრეტული რისკის გავლენა კონკრეტულ ხეობაზე. შეიძლება რომელიმე ხეობას რაღაც რისკი არ უქმნიდეს საფრთხეს და იმას ნაკლები ყურადღება მივაქციოთ. 

    პოტენციური რისკის ცოდნა არ ნიშნავს იმის ზუსტ ცოდნას, ხვალ-ზეგ რა შეიძლება მოხდეს. თეორიულად ვამბობთ, აქ რა შეიძლება მოხდეს და ვიღებთ და ვხელმძღვანელობთ ყველაზე ცუდი სცენარით. 

    საბოლოოდ ეს დოკუმენტი რა სახის იქნება და რისთვის გამოიყენებთ?

    საბოლოოდ, ეს დოკუმენტი იქნება პირველადი ინფორმაცია პოტენციური საფრთხეების შესახებ: რომელ ხეობაზე რა ტიპის გავლენა შეიძლება იყოს. 

    შემდეგ ამას დასჭირდება მოდელირებები. თუ აღმოჩნდება, რომ ამ ხეობაში პოტენციური საფრთხეები არსებობს, იმ კონკრეტულ ხეობას დასჭირდება ინდივიდუალური მოდელირება და ინდივიდუალური სცენარები. პოტენციური საფრთხეების მიხედვით უნდა გადაწყვიტო, რა სისტემა შეიძლება დააყენო იქ, ღირს თუ არა იმის დაყენება, რომ დააყენო, როგორ იმუშავებს და ასე შემდეგ.

    ეს დოკუმენტი იქნება თქვენი საბოლოო სახელმძღვანელო მყინვარების მართვაში თუ კიდევ სხვა დოკუმენტების წინაპირობა გახდება?

    ეს დოკუმენტი იქნება პირველადი სურათი [22 მყინვარულ ხეობაში] არსებული პოტენციური საფრთხეების შესახებ. 

    რომელიმე ერთი მყინვარული ხეობის გამოყოფა შეგიძლიათ ამ ეტაპზე ან აპირებთ, განგაშის სისტემა დააყენოთ რომელიმეზე?

    ბევრი მყინვარი გვაქვს. ინდივიდუალური გათვლა დასჭირდება იმას, განგაშის სისტემა კონკრეტულ ლოკაციაზე ღირს თუ არ ღირს. 

    განგაშის სისტემა ეწყობა მხოლოდ იმ ადგილას, სადაც ის აუცილებელია. ამიტომ არის დევდორაკის ხეობაში განგაშის სისტემა ასე ზუსტად და სწორად, რომ იქ საბაჟოს და საზღვრის სისტემას ვერსად ვერ წაიყვან - ამის გადატანა შეუძლებელია. 

    რა მომსახურებები შედის ამ კონტრაქტის ღირებულებაში? მაგალითად, “გეოგრაფიკის” კონტრაქტი შედის თუ ის ცალკე დაიქირავეთ?

    სახელშეკრულებო ხარჯებში - 700 920 ევრო - შედის ყველაფერი. 

    ჩვენ იმაზეც კი არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენს უხდიან ქვეკონტრაქტორებს. შვეიცარული კომპანიაა პასუხისმგებელი ჩვენთან ყველა პროცესზე. ადგილობრივი ქვეკონტრაქტორი, შესაძლოა, ეხმარება ვერტმფრენის დაქირავებაში და ასე შემდეგ. ეს დეტალები არც  გვაინტერესებს.

    შოვამდეც არსებობდა მონაცემები მყინვარებზე, მეორე და მესამე ეროვნულ შეტყობინებებში [კლიმატის ცვლილების ეროვნული ანგარიშები]. 

    რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციები აქამდეც არსებობდა.

    როგორ იკვლევდა გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარებს აქამდე?

    მონიტორინგი ხდებოდა არა საფრთხეებისა და რისკების თვალსაზრისით, არამედ სტანდარტულად: თოვლის საფარის შემოწმება, მყინვარის ენა, უკან დახევა, ა.შ..

    ეს ყოველ წელს ხდებოდა?

    კი, ყოველ წელს ხდებოდა. 

    ანგარიშები დგებოდა?

    სამწუხაროდ, როგორც გეოლოგიური ბიულეტენი, ისე ანგარიშები არ იწერებოდა და არ ქვეყნდებოდა. მხოლოდ შიდა მოხმარების ინფორმაცია იყო. 

    ნაპრალი მყინვარ ჭალაათში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მყინვარი ჭალაათი მდინარე მესტია-ჭალის ერთ-ერთი მკვებავი წყაროა. მესტია-ჭალა მდინარე მულხრას უკავშირდება, მულხრა კი - ენგურს | 24/08/2012 | ფოტო © გარემოს ეროვნული სააგენტო

     

    რა ფორმით აპირებთ ამ ინფორმაციის გავრცელების განახლებას? 

    ამაზე ფორმატიც [საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ] არ არსებობდა. [მყივნარებზე] დაკვირვების ციკლი რაღაც ეტაპზე შეწყვეტილი იყო, მერე ისევ აღდგა. ახლა ვფიქრობთ: შესაძლოა, განვაახლოთ. 

    ზოგადად, მყინვარების სტანდარტული მონიტორინგის შედეგები, შესაძლოა, არაა ისეთი საინტერესო, როგორიც, მაგალითად, გეოლოგიური მონიტორინგის შედეგები [გამოდის, როგორც წლიური "გეოლოგიური ბიულეტენი."].

    შეიქმნება თუ არა გლაციოლოგიის დეპარტამენტი?

    მყინვარების შეფასება დაგვანახებს, გლაციოლოგიური დეპარტამენტი გვჭირდება თუ არა. 

    მყინვარების დაკვირვება ამჟამად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტშია ინტეგრირებული. როგორ ფიქრობთ, ეს ასე დარჩება? 

    თქვენი აზრით, ამ კითხვებზე პასუხი ასეთი მარტივია? კონტექსტი თუ არ დაინახეთ, აქ “კი” ან “არა” პასუხის გაცემა რთული იქნება. ჩვენ ახლა დავიწყეთ [მყინვარული] საფრთხეების სისტემურად შესწავლა. ეს საფრთხეები თუ გვანახებს, რომ საქმე მოცულობითია და სამუშაო ჯგუფის შექმნაა საჭირო, შეიქმნება. 

    აქამდე ეს საკითხები მწვავედ არ იდგა. გლობალურმა დათბობამ ეს საკითხები გააინტენსიურა. 

    ათ წელზე მეტია, არსებობდა მონაცემები მყინვარულ ტბებზე საქართველოში. ციტატა მარინა შვანგირაძესთან [მარინა შვანგირაძე არის საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე ეროვნული ანგარიშების თანაავტორი] ინტერვიუდან: “კლიმატის ცვლილების ფონზე, მყინვარების დნობის შედეგად, წარმოქმნილი მყინვარული ტბების რაოდენობა და ფართობი შეიცვალა. 1985- 2000-იანი წლების თანამგზავრული სურათების შედარებით დადგინდა, რომ 2 000–იანი წლისათვის მყინვარული ტბების რაოდნეობამ დაახლოებით 50%-ით მომატა და მათი ფართობი 57%-ით გაიზარდა. 2002-2004 წლებში გამოვლინდა, რომ მყინვარ ბაშქარაზე, მდინარე ადილსუს ხეობაში, 1985 წელს არსებული ორი ტბა [მოგვიანებით] გაერთიანდა. მყინვარების დნობის შედეგად, მყინვარულ ტბებში წყლის დონე მატულობს, რამაც მომავალში შეიძლება გამოიწვიოს მორენული ნაშალი მასალის გარღვევა და და მყინვარის ხეობის ქვედა ნაწილში კატასტროფული წყალმოვარდნა.”

    გამიჭირდება ამ კონკრეტულ ინფორმაციაზე კომენტარი.


    ამინდის პროგნოზირება საქართველოში 

    რა არის  meteo.gov.ge-ის მონაცემების წყარო ამჟამად?

    ჩვენი მეტეოროლოგების შედგენილი პროგნოზი. 

    არის თუ არა ორი რადარი მუშა მდგომარეობაში, აღჭურვილი ყველა საჭირო დეტალით?

    დიახ, ორივე რადარი მუშა მდგომარეობაშია, სრული დატვირთვით. ახლა რომ ვავრცელებთ ხოლმე ინფორმაციას, და მათ შორის საფრთხის დონეებზე - მაღალი, საშუალო, დაბალი - ეს რადარის საშუალებით კეთდება, რადგან რადარი ასკანირებს ცოცხალ მონაცემს, სად არის ღრუბელი და ასე შემდეგ.

    თუკი ორივე რადარი მუშაობს, ამინდის პროგნოზები უფრო ზუსტი რატომ არ არის?

    ამინდის პროგნოზირება ძალიან რთული პროცესია და ამაში მხოლოდ რადარი არ მონაწილეობს.

    რადარი ამინდის პროგნოზის განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდია. რადარის გარდა, საჭიროა სხვა ტექნოლოგიებით დაკვირვება და გლობალურ მოდელში ჩასმა, რომელსაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს. 

    მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შექმნილ ამინდის პროგნოზის გლობალურ მოდელს ყველა ქვეყანა, ინდივიდუალურად, თავისი რადარით, მეტეოსაგუშაგოებით, მეტეოსადგურებით, აზუსტებს და აკორექტირებს. 

    ჩვენ, სულ მალე, აეროზონდებსაც გავუშვებთ, რაც ძალიან გააუმჯობესებს ჩვენს პროგნოზს. აეროზონდით, ანუ ბუშტით, ატმოსფროში უშვებ სენსორს, რომელიც 30 კილომეტრზე, ზემოთ, ადის და 30 მეტრის რადიუსით იძლევა [სენსორულ] მონაცემებს ქარის სიჩქარის, წნევის და ღრუბლების გადაადგილების შესახებ, რაც გააუმჯობესებს ჩვენს მოდელს. 

    შესაძლოა, ეს [გაუმჯობესება] იყოს მცირედი და დიად ვერავინ შეამჩნიოს, მაგრამ ეს მონაცემები WMO-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

    თქვენ  2 ივნისს გამოაცხადეთ ტენდერი, სადაც Vaisala-სა და Campbell-ის დატალოგერების ინტეგრირები სერვისის ყიდვა გინდოდათ. ღირებულება იყო 3 660 000 ლარი.

    ტენდერი ეხებოდა საინფორმაციო სისტემას [ე.წ. ICT], რომელიც კრებს რადარის, მეტეოსაგუშაგოს, მეტეოსადგურის, წყლის დონის მზომის მოგროვებულ მონაცემებს, ამუშავებს მათ და განსაზღვრავს საფრთხეების დონეებს. 

    ტენდერი არ შედგა.

    მართალია, ტენდერი არ შედგა, მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკებით გავაფორმეთ ხელშეკრულება ქართულ კომპანიასთან, რომელიც ფინეთის მეტეო-ინსტიტუტთან ითანამშრომლებს. ფინეთში რა სისტემაც მუშაობს, ის უნდა დავნერგოთ საქართველოში. 

    პრაქტიკულად, სამომხმარებლო დონეზე, საზოგადოება რას მიიღებს?

    მივიღებთ გაუმჯობესებულ ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინებების აპლიკაციას. შეგიძლიათ, გადმოწეროთ ფინური აპლიკაცია - FMI Weather, სადაც ამინდის პროგნოზი, გაფრთხილებები და საფრთხის დონეები არის აღნიშნული. 

    ამინდის პროგნოზირების რამდენი მოწყობილობაა დამონტაჟებული მთლიანად საქართველოში?

    მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 მეტეო-device გვიყენია. მომავალ წელს დავამატებთ 50-ს და [რაოდენობას] 300-მდე გავზრდით. სწორედ ამ 300 მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების გადამუშავებას შევძლებთ ამ პროექტის შედეგად.

    მანამდე, მონაცემების სწორი პროტოკოლით მიღება უნდა უზრუნველვყოთ, რომ თითოეული მონაცემი ერთიან სისტემაში სწორად შევიდეს. შემდეგ უნდა დაინერგოს მათი გადამუშავების და ანალიზის სისტემა.

    ერთ წელიწადში, ჩვენ აქ, [ჰიტრომეტეოროლოგიის] სამსახურში, ერთ დიდ მონიტორზე, გვექნება მონაცემი მთელ საქართველოში არსებული ყველა ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობიდან და ამის ანალიზი იქნება შესაძლებელი. ასე დაიხვეწება ამინდის პროგნოზირებაც და დაინერგება ადრეული შეტყობინების სისტემა.

    პროექტი კლიმატზე Multi Hazard Early Warning არადამაკმაყოფილებლად მომდინარეობს.

    დიახ, ცოტა ჩამორჩენები გვაქვს.

    ცოტა არა, საკმაოდ ბევრი და ეს ჩემი მოსაზრება არაა.

    ურთულესი პროექტია: გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადრეული შეტყობინებების დაყენებას და ზიანის შემცირებას, რეაგირების გეგმებს, გადამზადებას. ბევრ კომპონენტს მოიცავს და ვმონაწილეობთ არა მხოლოდ ჩვენ. 

    დიახ, სხვა მხარეებიც არიან. აი, მაგალითად, თბილისს არ აქვს დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენთან უარყო ამ პროექტში მონაწილეობა.

    შეიძლება, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია.

    ონის მუნიციპალიტეტში, სადაც შარშან ასეთი სტიქია მოხდა, საბავშვო ბაღი შენდება.

    პირდაპირ რომ ვთქვათ, არ არის კარგი ადგილი [ბაღის ასაშენებლად]. თუმცა, როგორც ვიცი, ჰიდროლოგიური შეფასებები გაკეთებულია. 

    ანუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ამაზე.

    დიახ, მაქვს ინფორმაცია. 

    ღარულა, რომლის ჭალაშიც ბაღი შენდება, ღვარცოფული მდინარეა. 

    სიმართლე რომ ვთქვათ, შეიძლებოდა [საბავშვო ბაღის ასაშენებლად] სხვა ადგილის შერჩევა.

     

     

    → ვასილ გედევანიშვილს ცირა გვასალია ესაუბრა.