ავტორი: ინდირა ევგენიძე
აჭარაში, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, ასეულობით მოსაჭრელი ხე აღირიცხა. ხეების ნაწილი უკვე მოიჭრა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გზის პირას, დაყრილი მოჭრილი ხეების ამსახველი ფოტოები, “კაქტუსმა” 6 მაისს გამოაქვეყნა.
არსებობს თუ არა ბიომრავალფეროვნების საკომპენსაციო გეგმა? - აქამდე არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მოიცავდა აჭარის მთავრობის პასუხისმგებელ უწყებებთან სატელოფონო კომუნიკაციასა და საჯარო ინფორმაციის წერილებს, ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში 40 ევკალიპტი და ასობით სხვა ხე უნდა მოიჭრას.
“ბათუმის შემოვლითი გზის" სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოსაჭრელად აღირიცხა 8 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის მერქნული რესურსი, შემდეგი რაოდენობით: მანდარინი - 9, პავლონია - 2, აკაცია -16, პალმა -13, პანტა -8, კაკალი - 44, თხილი -14, ევკალიპტი - 40, ფორთოხალი- 4, ბალი- 2, მუშმალა - 4, თუთა - 5, ხურმა - 2, წაბლი - 4, თხმელა - 45, შინდი - 1, კრიპტომერია -15, ტყემალი - 4, ლეღვი - 4, კვიპაროზი - 48, კედარი - 2, ალვის ხე - 4, აილანტუსი -1, ხურმა - 4, რცხილა - 2, ნეკერჩხალი -1, ჭადარი - 2, ცაცხვი - 1”, - წერია დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ წერილში.
ყველაზე იაფი შეთავაზება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია - „Joint Venture POLAT YOL & MAPA” ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის [AIIB] -ის მიერ.
ტენდერის ფარგლებში, სადაც თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, შეფასებულ იქნა 10 პრეტენდენტი, მათ შორის ჩინური, იტალიური და თურქული სამშენებლო კომპანიები.
კომპანია „Joint Venture POLAT YOL & MAPA” -მ სახელშეკრულებო ღირებულებად 329 630 734 ლარი მოითხოვა, რაც შეფასებული 10 პრეტენტენდის მიერ მოთხოვნილ თანხებს შორის ყველაზე დაბალი იყო. ტენდერში უპასუხოდ დარჩა 12 სამშენებლო კომპანია, რომელთა სიაც შეგიძლიათ იხილოთ გზების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო მონაკვეთია 14 კილომეტრი და მისი მშენებლობის ფარგლებში ორზოლიანი ასფალტის გზა აშენდება, რომელიც ასევე მოიცავს 20 სახიდე გადასასვლელს და 5 გვირაბს. ბათუმის შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
საქართველოს გზების დეპარტამენტის ვებ-გვერზე აღნიშნულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სრულიად განიტვირთება მოძრაობა აჭარის საკურორტო ზონაში.
“ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა [ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად] სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას”, - ნათქვამია განცხადებაში.
ხეების მოჭრის ნებართვები და საკომპენსაციო გეგმა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში "კაქტუსს" უთხრეს, რომ ხეების მოჭრის ნებართვები საგზაო დეპარტამენტის სახელზე გაცემულია საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
“კაქტუსი” მოპოვებისთანავე გაგიზიარებთ მოჭრილი ან მოსაჭრელი ხეების საკომპენსაციო გეგმის შესახებ, ასევე დეტალებს იმაზე, მოიცავს თუ არა ეს ნებართვა ფულად კომპენსაციას, ბიომრავალფეროვნების აღდგენის გეგმას ან ორივეს ერთად.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლის, ბოტანიკოს ირაკლი მიქელაძის, მომზადებული სტატიის თანახმად, საქართველოში ევკალიპტის პირველი ეგზემპლარები XIX ს-ის ბოლოს არის შემოტანილი. ამავე სტატიის თანახმად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია ევკალიპტების 45 სახეობა.
ირაკლი მიქელაძე “კაქტუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ევკალიპტების საქართველოში შემოტანის უმთავრესი მიზეზი მალარიის გადამტან კოღოსთან ბრძოლა იყო.
მისივე თქმით, ევკალიპტები ნიადაგიდან დიდი რაოდენობით წყალს შეიწოვენ.
“მალარია მასიურად იყო გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე და მათ შორის აჭარის სანაპირო ზოლზეც. ამასთანავე, ევკალიპტები ნიადაგიდან დიდი რაოდენობით წყალს შეიწოვს. აღარაფერს ვსაუბრობ ფოტოსინთეზზე, ხმაურის შემცირებაზე, ჟანგბადზე, როგორც ქარისგან დამცავ სახეობაზე და ასე შემდეგ”.
მიქელაძის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დარგული თითქმის ყველა ევკალიპტი 80 წელზე მეტი ხნის არის და მისი მოჭრის შემთხვევაში, საკომპენსაციოდ, ისევ ევკალიპტები ან სხვა ველური, მერქნიანი, მრავალწლიანი, მცენარეები უნდა დაირგოს.
“როდესაც რაიმე პროექტის ფარგლებში, - იქნება ეს სტრატეგიული ობიექტი თუ სხვა, - მცენარეები იჭრება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს საკომპენსაციო ღონისძიებები, ობიექტისგან მოშორებით, სადაც საფრთხის შემცველი არ იქნება მათი დარგვა. ევკალიპტების საკომპენსაციოდ ზუსტად რომელი მცენარეები უნდა დაირგოს, ზეპირად ვერ გეტყვით, მაგრამ 80 წლის ევკალიპტი გარემოსთვის რა სარგებელსაც ქმნის, იმას, რა თქმა უნდა, ორი და სამი მეტრის დეკორატიული მცენარე ვერ შექმნის. ამიტომ კარგი იქნება მოშორებით, ისევ ევკალიპტების, ან ალვის ხეების, ჭადრის, კედრის დარგვა. უნდა იყოს ველური, მერქნიანი, მრავალწლოვანი ხეები, რომელსაც 5 წლის შემდეგ ახალი გამწვანების უფროსი რომ მოვა, არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის მოთხაროს და სხვა დარგოს”, - განმარტავს მიქელაძე.
გზა ინფორმაციის მიღებამდე - უწყებებთან კომუნიკაცია
იმის გასარკვევად, თუ ვინ გასცა ხეების მოჭრის ნებართვა, უპირველესად ქალაქ ბათუმის მერიას დავუკავშირდით, სადაც, ცხელ ხაზზე დარეკვისას, მოლოდინის რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რიგში პირველები ვიყავით, ჯამში, 40 წუთზე მეტი დავყავით. საბოლოოდ, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, გვიპასუხეს და პასუხების მისაღებად „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში" გადაგვამისამართეს.
ა[ა]იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში" განაცხადეს, რომ “ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ არ ყოფილა გაცემული რაიმე სახის ნებართვა, ხე-მცენარეების მოჭრის თაობაზე”. ამასთან, საუბრის დასრულებამდე გათიშეს ტელეფონი, რის შემდეგაც ინფორმაციის მოპოვების ერთადერთი საშუალება, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დარჩა.
„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" თანამშრომელმა, რომელსაც ამ თემაზე ვესაუბრეთ, საკუთარი სახელისა და თანამდებობის დასახელება არ ისურვა. ♦
მასალა განახლდება შესაბამისი უწყებ[ებ]იდან ბიომრავალფეროვნების საკომპენსაციო გეგმის მიღებისთანავე.
ინდირა ევგენიძე არის "კაქტუსის" ჟურნალისტი 2021 წლიდან. ის აშუქებს გარემოსდაცვით პოლიტიკას საქართველოში და აანალიზებს საჯარო უწყებებიდან მიღებულ მონაცემებს. ინდირა ჩართულია "კაქტუსის" საერთაშორისო პროექტებშიც, როგორც გარემოსდაცვითი მონაცემების ჟურნალისტი და ანალიტიკოსი.