2024-01-19

  • შემდეგი გაჩერება - ფოთი?!
  • ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ორ ძველ კორპუსში მცხოვრები აფზახეთიდან დევნილი ასი ოჯახი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე მონაცემების შეგროვებას, სთხოვდა. 

    ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ, რაც მათ მოთხოვნილ მიზნებს ვერ მიაღწიეს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კომპენსაციასა და ახალ საცხოვრისში გადასვლაზე დათანხმდნენ. მათთვის განსახლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მათი შვილების გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მათ შორის, ორგანიზმში ტყვიის დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია, რომელიც მონაცემებით მტკიცდება. 


     

    აქამდე მიღწეული შეთანხმება

    ამჟამად მოსახლეობის ნაწილმა ქონების გამოსყიდვის ერთიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პროცესის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტი 100 ოჯახს დაუდებს ინდივიდუალურ ხელშეკრულებას და ერთ კვადრატულ მეტრზე 700 ა.შ.შ. დოლარს გადაუხდის.

    რამაზ კუბეციამ, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენელმა, “კაქტუსს” უთხრა, რომ ზუსტი თარიღი, ან დედლაინი, ინდივიდუალურ ხელშეკრულებების დადების დაწყებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ არსებობს. მისი თქმით, როგორც მოსახლეობის წარმომადგენელი, ის აქტიურად თანამშრომლობს ფოთის ვიცე-მერთან - ლექსო თოდუასთან, რომელიც, მისი თქმით, მერიაში ამ საქმეს კურირებს. 

    “მოლაპარაკებით კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც [ინდივიდუალურ] ხელშეკრულებებს მოვაწერთ ხელს და ერთ ოჯახს მაინც ჩაერიცხება თანხა, რომ საქმე წინ წავიდეს,” - გვითხრა რამაზ კუბეციამ. - “გასახლება ბავშვების ჯანრთელობის გამო გვინდა.” 

    რამაზ კუბეცია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის დაახლოებით 60-მა პროცენტმა მერიას ხელმოწერილი თანხმობის დოკუმენტი გაუგზავნა. მისი თქმით, ამ დოკუმენტით მოსახლეობა თანხმობას აცხადებს, რომ მერიამ მათი ქონება 700 ა.შ.შ. დოლარად უნდა გამოისყიდოს.

    ას ოჯახს, თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ერთი თვე მიეცმა საკუთარი ქონების დაცლისთვის. ხელშეკრულება ითვალისწინებს პირგასამტეხლოსაც.


     

    ორაბზაციანი დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი

    გასული წლის 20 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ვიცე მერებთან, მამუკა პაპასქირთან და დავით კვიციანთან, ერთად, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ხვდებოდა. მოქალაქეები მერთან განსახლების შესახებ საბოლოო დეტალების გასარკვევად მივიდნენ.

    ბექა ვაჭარაძემ 25-მდე მოქალაქეს განსახლების შეთანხმების მოკლესი ვერსია წარუდგინა, რომელიც ხელშეკრულების საბოლოო დრაფტსაც არ ჰგავდა - ორპარაგრაფიანი ტექსტი, რომლის იურიდიული სტატუსი წარმოდგენილი იყო, როგორც “აქტი.”  

    ამ დოკუმენტის ერთადერთი ამობეჭდილი ეგზემპლარი ვაჭარაძეს თვითონ ედო სამუშაო მაგიდაზე და მოქალაქეებს მას ზეპირად აცნობდა. დოკუმენტის ელექტრონული ან ამობეჭდილი ვერსია მას არც წინასწარ შეუტყობინებია მოქალაქეებისთვის და არც უშუალოდ მოლაპარაკებამდე დაურიგებია. 

    აქტი “თანხმობის შესახებ”, რომელიც მერმა მოსახლეობას წარუდგინა და რომელიც უფლებადამცველმა ელისო ჯანაშიამ, ტელეფონით გადაიღო იქამდე, ვიდრე მას მერი ისევ უკან არ წაიღებდა. 20/12/2023

     

    მერის წარმოდგენილი დოკუმენტი მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესებს ასახავდა: დოკუმენტში ეწერა, რომ მოქალაქეებს საკუთარი ქონება ჯერ მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე უნდა გადაეფორმებინათ, რის შემდეგაც მერია მათ ერთ კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებაში 700 ა.შ.შ. დოლარს გადაუხდა. თანხის მიღებიდან მოსახლეობას ორი დღე ექნებოდა სახლის დასაცლელად. 

    - ამდენი ბრძოლის ფონზე, როცა აქამდე უამრავი ტყული გაქვთ ნათქვამი, თქვენ უნდა გენდოთ მოსახლეობა, ასე ცალმხრივად? მაინტერესებს, რის საფუძველზე? - ჰკითხა სამოქალაქო პლატფორმა - ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის დამფუძნებელმა, ელისო ჯანაშიამ ბექა ვაჭარაძეს.

    - ისინი არ უნდა გვენდონ და ჩვენ ვენდოთ? - 100 მოსახლეს ცალ-ცალკე თანხას ჩავურიცხავთ და მერე უნდა ველოდოთ, როდის შეძლებენ დაცლას? ვიღაცამ, შესაძლოა, ვერც შეძლოს დაცლა, - უპასუხა ამ არგუმენტს ბექა ვაჭარაძემ. 

    - ორ დღეში თუ ვერ დაცალეს, პოლიციას დააყენებთ თავზე?

    -  იურიდიული პროცესი ასეთია. თანხა სრულად არის მობილიზებული, რომ ასი მოსახლე სრულად იყოს დაკმაყოფილებული. მე მზად ვარ, თითოეულ თქვენგანთან იურიდიული შეთანხმება დავდო,” - თქვა ბექა ვაჭარაძემ, წამოდგა და ის ერთადერთი ეგზემპლარი დოკუმენტისა, რომელიც მოქალაქეს  ედო წინ, აიღო, მოლაპარაკების ოთახი დატოვა და დოკუმენტიც წაიყოლა.

    -  ან რა იყო ეს გაქცევა? ხომ შეეძლო მოესმინა ხალხის აზრი ბოლომდე?

    -  ეს კაბალური პირობებია, მუნიციპალიტეტის მხრიდან.

    -  ეს ჩვენი აგდება იყო თუ რა იყო, მაინც ვერ დავადგი თავი.

    -  ხანშიშესული ხალხი ვარ, ბებიად ვეკუთვნი. გაიქცა და დაგვტოვა. სად გაიქცა? - კითხულობდნენ დარბაზში დარჩენილი მოქალაქეები. 

     

    უკმაყოფილო მოქალაქეებმა პროტესტი შენობის წინ გააგრძელეს. დაახლოებით ნახევარ საათში მათთან მოსალაპარაკებლად ვიცე-მერი, მამუკა პაპასქირი , ჩამოვიდა. მან მოქალაქეების წარმომადგენელს, რამაზ კუბეციას, შეთანხმების დეტალების განახლება და მოლაპარაკების გაგრძელება შესთავაზა.

    რამაზ კუბეცია, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, მერთან შეხვედრის შემდეგ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ. 20/12/2023

    ჯავახიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლები, მერთან შეხვედრის შემდეგ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ, 20/12/2023


    მერთან შეხვედრიდან ერთი საათის შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დავით აღმაშენებლის ქუჩის N19-ში, ახალგახსნილ კულტურულ ცენტრ “ლიმენაში” განაგრძობდნენ დისკუსიას, სამოქალაქო პლატფორმა - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” წარმომადგენლებთან და იურისტ მაგული არველაძესთან ერთად. 

    “აბსოლუტურად მიუღებელი პირობებია ჩემთვის,” - უთხრა “კაქტუსს” იურისტმა მაგული არველაძემ, ჯერ კიდევ მერიის შენობაში ყოფნის დროს, მას მერე, რაც მერმა მოსახლეობა შუა მოლაპარაკების დროს  დატოვა. - “ნასყიდობის ხელშეკრულება ორივე მხარეზე უნდა იყოს მორგებული და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთი მხარის ნებაზე. [დოკუმენტის პირველ დრაფტში] მეორე მხარის ინტერესები არ არის გათვალისწინებული.”

    ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები “ლიმენაში”, ხელშეკრულების ახალ ვერსიას ამუშავებენ, სადაც მათი უფლებები იქნება გათვალისწინებული. ფოტო © სალომე ბაღათურია | 20/12/2023


     

    დანიშნულების მითითების გარეშე გადარიცხული თანხა

    წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “კაქტუსს” უთხრა, რომ თანხა  შპს “ნეო იბერია ჯგუფმა” საქართველოს მთავრობის ცენტრალური ხაზინის ანგარიშზე ისე გადარიცხა, რომ დანიშნულების გრაფაში არაფერი მიუთითა. შპს “ნეო იბერია ჯგუფს” კორპუსების ადგილას ინვესტირება სურს. 

    წყარომ თანხის ჩარიცხვის ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ თანხის რაოდენობა “9 მილიონ ლარზე მეტია,” რომელიც იქ მცხოვრები ასი ოჯახის ერთი კვადრატული მეტრისთვის 600 ა.შ.შ. დოლარის ანაზღაურებისთვის არის საკმარისი. 

    “კაქტუსმა” ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, საჯარო ინფორმაციის წერილით, გამოითხოვა ინფორმაცია იმაზე, დაირიცხა თუ არა მერიის ანარიშზე ეს თანხა და რა იყო მითითებული დანიშნულების გრაფაში.

    ვიცე-მერმა, ლექსო თოდუამ, “კაქტუსს” ამ საკითხზე საჯარო ინფორმაციის წერილით გამოთხოვნა გასული წლის 20 დეკემბერს სთხოვა, - მან სატელეფონო კომენტარი არ ისურვა. თოდუამ ასევე დადო პირობა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის განკუთვნილ ათ სამუშაო დღეს არ გამოიყენებდა. ათი სამუშაო დღე 10 იანვარს გავიდა, მაგრამ ამ წერილზე პასუხი “კაქტუსს” დღემდე არ მიუღია. 


     

    ჯავახიშვილის ქუჩა, N30

    ფოთში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის N30-ში, ორ კორპუსში, ადრე საზღვაო აკადემიის სტუდენტების საერთო საცხოვრებელი იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ, ფუნქციადაკარგულ კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი შესახლდა. უძრავი ქონება მათ 2 000-იან წლებში დაურეგისტრირდათ. 

    ფოთი, ივანე ჯავახიშვილის N30-ზე მდგარი ორი საცხოვრებელი კორპუსიდან ერთ-ერთი, რომელიც ფოთის მერიამ მოსახლეობისგან უნდა გამოისყიდოს. ფოტო © კაქტუსი, 21/12/2023

     

    მიწახაპია, სამანევრო ბუქსირი, ლოცმანის ბუქსირი, შალანდები, კატერები, საპორტე ამწე, სატვირთო ავტომობილები, ღიად დაყრილი ტვირთი - საზღვაო ინფრასტრუქტურა ნინო წულაიას სახლის აივნის ხედის მუდმივი ნაწილია. ნინო ჯავახიშვილის N 30-ის ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს.

    “აქედან გასვლა გვინდა, ბავშვების გამო,” - ამბობს ნინო და ამ ორ კორპუსში მცხოვრებ ბავშვებს ასახლებს, რომელთა ნაწილის ბიოლოგიურ ნიმუშებში ბოლო ორი წლის განმავლობაში მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიის, დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა. 

    კვლევაში, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა და 2021 წელს განახორიციელა, 104 ფოთელი ბავშვი იყო ჩართული. 104 ბავშვის სისხლის ნიმუშიდან 37 შემთხვევაში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის გადაჭარბება აღინიშნა, რამდენიმე შეთხვევაში კი - სხვა მეტალებისაც. 

    მერიის კვლევიდან 5 თვის ადრე, სამოქალაქო პლატფორმა - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” ორგანიზებით, 20 ფოთელ ბავშვს ორგანიზმში ტყვიისა და სხვა ლითონების კონცენტრაცია შეუმოწმეს. მძიმე მეტალების კონცენტრაცია აქაც მაღალი აღმოჩნდა.

    “აქ ცხოვრება შეუძლებელია,”- ამბობს ნინო წულაია, რომელიც თავად ემიგრაციაში წავიდა. ის ფოთში, ამ კორპუსში, იშვიათად ბრუნდება და მხოლოდ რამდენიმე დღე ჩერდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც აქ ცხრა თვე  მოუწია ცხოვრება, ნინოს ალერგია გამოუმჟღავნდა და გაუმწვავდა. 

    “თვეზე მეტია, ეს ტვირთი ღია წესით დევს,” - ამბობს ნინო და აივნიდან გორებად დასაწყობებული ყვითელი ფერის ფხვიერ ნივთიერებებისკენ მიანიშნებს. - “როცა ქარია, გარეთ ვერ გავდივართ: თვალებს წვავს. ზოგჯერ ალდება კიდეც.”

    ღიად დაყრილი ყვითელი ფხვიერი ტვირთის გროვა ფოთის პორტის ტერიტორიაზე, რომელსაც ჯავახიშვილის კორპუსების ფანჯრებიდან ჩანს. ფოტო © კაქტუსი | 21 | 12 | 2023

     

    მოქალაქეებს აქ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები არაერთხელ გამოუძახებიათ. 

    “მოდიან, იღებენ სურათს, იცინიან და მიდიან,” - ასე დაახასიათა ნინო წულაიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლების რეაგირება მსგავსი გამოძახების შემდეგ. 


     

    რას ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი?

    იმის გასარკვევად, თუ რომელი კომპანიები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბინძურებლები ფოთში, “კაქტუსმა” გასული წლის 27 ნოემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაციის წერილი. მოთხოვნა მოიცავდა ბოლო 5 წლის განმავლობაში ფოთში მომუშავე კომპანიების დაჯარიმების დოკუმენტაციის ასლებს, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები გარემოსდაცვით სფეროში.

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის დაპირების მიუხედავად, გამოთხოვილი  მონაცემები “კაქტუსს” დღემდე არ მიუღია. 

    შავი ზღვის ეს ნავმისადგომები ფოთში Pace Group-ს ეკუთვნის. რუკაზე მწვანედ მონიშნულია ის ორი კორპუსი, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე დგას და საიდანაც მოქალაქეები გასახლებას ითხოვენ, ხოლო ყვითლად მონიშნული ადგილი Pace Group-ს შიდა ტერიტორიაა, სადაც ღიად დასაწყობებული ყვითელი ტვირთი ჩანს © Airbus Earth Observation Satellite Imagery Services 


     

    რამდენი ტერმინალია ფოთში და რა ტიპის დაბინძურებას იწვევს ისინი?

    “კაქტუსმა” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ფოთში ამჟამად მომუშავე ყველა ტერმინალის ნუსხა მოითხოვა, მათგან მომავალი დაბინძურების ტიპების გარკვევის მიზნით. ამ წერილის მიღება სამინისტრომ გასული წლის 20 ნოემბერს დაგვიდასტურა [წერილის ნომერი №17609/11], მაგრამ მასზე სამინისტროს დღემდე არ უპასუხია. 

    მსგავსი მონაცემების ნაწილი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს, შავი ზღვის გავლით, ხუთი ნავსადგურით უკავშირდება

    ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური -  Pace Terminal ერთ-ერთია. ამ კომპანიის ვებ-გვერდი არ მოიცავს მონაცემებს ტერმინალიდან მომავალი დაბინძურების შესახებ.


     

    Pace Group

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Pace Group ფოთში რვა ნავმისადგომს და ათობით საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, რომლებიც შესაბამის სერვისს ასრულებენ: იღებენ და უშვებენ გემებს, აკონტროლებენ ტვირთბრუნვას, ღიად თუ დახურულად ასაწყობებენ ტვირთებს. Pace Group ასევე უწევს მომსახურებას საერთაშორისო პროექტ “ბრითიშ პეტროლეუმის” [BP] შაჰ დენიზ 2-ისთვის საჭირო მილების შემოტანასა და ინსტალაციას, ბუნებრივი აირის გამტარიანობის გაზრდისთვის. 

    Pace Group-ის ტერმინალისა და ნავმისადგომების განლაგება ფოთის პორტში. Visuals © Pace Group 


    Pace Terminal-ის მომსახურების ერთ-ერთი ნაწილია “საწყობი | Warehouse,” რომელიც 20 ათას კვადრატულ მეტრ დახურულ ტერიტორიასა და 140 ათას კვადრატულ მეტრ ტვირთის დასასაწყობებელ ღია ტერიტორიას მოიცავს.

    სწორედ ამ ღია საწყობს გადაჰყურებს ნინო წულაიასა და ჯავახიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლების აივნები - იმ ასი ოჯახის, რომლებსაც ამ ადგილის დატოვება უნდათ. მათთვის ეს სახლის მეორედ დატოვების შემთხვევა გამოდის: ერთხელ მათ სახლები აფხაზეთის ომის გამო დატოვეს, მეორედ გარემოს დაბინძურების გამო უწევთ.  

    ყვითელი გორების უკან, რომელიც, ნინო წულაიას თქმით, გოგირდია, შავი ფხვიერი ტვირთიც არის დასაწყობებული. 

    შავი შეფერილობის ტვირთი ფოთის  Pace Group-ის ტერიტორიაზე. ღიად დაყრილი, ტვირთის გვერდით ასევე ჩანს ღია ვაგონები © Airbus Earth Observation Satellite Imagery Services 

    “მიუხედავად იმისა, რომ ქიმიკოს-ბიოლოგი ვარ, შორიდან მაინც ვერ ამოვიცანი, ის შავი რა არის. მისგან წამოსული დაბინძურება საშინელებაა: ფანჯრის მინა ქლორითაც არ იწმინდება, წებოსავითაა. მაგას რომ ვყლაპავ, რა დღეში იქნება ჩემი ფილტვები, მაგაზე ფიქრი არ მინდა,” - ამბობს ნინო. 

    ქალაქ ფოთში შპს ,,პეის ტერმინალს” ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის მშენებლობა-რეკონსტრუქციის უფლება 2016 წელს მისცეს. ამავე წელს გაიცა ამ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების” დოკუმენტიც.

    მშენებლობის ეტაპზე, ეს დოკუმენტი გარემოზე შემდეგი ტიპის გავლენებს აღწერს: 

    ატმოსფერულ ჰაერში არაორგანული მტვერის გავრცელება; ატმოსფერულ ჰაერში წვის პროდუქტების გავრცელება; ხმაურის გავრცელება სამუშაო ზონაში; ხმაურის გავრცელება საცხოვრებელი ზონის საზღვარზე, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განადგურება, ნიადაგის/გრუნტის დაბინძურება,  ზედაპირული [ზღვის] და გრუნტის წყლების დაბინძურება, ვიზუალურ- ლანდშაფტური ცვლილება, ზემოქმედება ფლორასა და ფაუნაზე, და ზემოქმედება სატრანსპორტო ნაკადებზე. 

    მძიმე მეტალების კონცენტრაცია წყალსა და ფსკერზე, შპს ,,პეის ტერმინალის” ტერიტორიაზე . მონაცემების წყარო: პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

     

    შპს ,,პეის ტერმინალი” Pace Group-ის საქართველოში დარეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. შპს ,,პეის ტერმინალის” ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის მშენებლობა-რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციის ეკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაზე” ბრძანება 2016 წლის 22 ნოემბერს გაიცა. ეს ბრძანება 2021 წლის 23 მარტს, მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილების გამო, ტექნიკურად შეიცვალა. თანმხლები ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა [N 59] და შესაბამისი ვალდებულებები უცვლელი დარჩა.

    ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შპს ,,პეის ტერმინალს” მთელ რიგ გარემოსდაცვით ვალდებულებებს აკისრებს წყალზე, ნიადაგზე, ატმოსფერულ ჰაერსა და ბიომრავალფეროვნებაზე გავლენის შერბილების კუთხით. 

    კომპანიას ასევე აქვს ვალდებულება, სამინისტროში ამ საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშები პერიოდულად წარადგინოს. 

    2021 წელს, სამოქალაქო პლატფორმამ - “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” ყველა მონაცემი შეკრიბა და ფოთის მერიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოთის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. Ჯავახიშვილის ქუჩის  ინტერესებს ადვოკატი ლადო სანიკიძე იცავდა. მოქალაქეები სახელმწიფო სტრუქტურებისგან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებას მოითხოვდნენ. სასამართლო სხდომა აქამდე მხოლოდ ერთხელ ჩაინიშნა და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

     

    ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ფოთში

    ამჟამად ფოთში ჰაერის მდგომარეობა მუდმივად არც ერთ წერტილზე არ მოწმდება: ყოველდღიური, მტკიცებულებითი მონაცემები არ არსებობს.

    ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა ყოველდღიურად ამჟამად საქართველოს ოთხ ქალაქში მოწმდება, მაგრამ ფოთი მათში არ შედის.

    გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბოლოს ფოთში, სამ ლოკაციაზე, გასული წლის 4-18 სექტემბერს შორის, ატმოსფერული ჰაერის ორი დამაბინძურებელი ინდიკატორულად გაზომა: მიწისპირა ოზონი და აზოტის დიოქსიდი. 

    ინდიკატორული გაზომვების ბოლო შედეგები ფოთში. Screenshot © air.gov.ge 

     

    ამ მონაცემებით, არც ერთი დამაბინძურებელი არ აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. ადგილობრივი დაბინძურების სურათის უკეთ დასანახად, არა მხოლოდ მიწისპირა ოზონისა და აზოტის დიოქსიდის, არამედ მყარი ნაწილაკების [PM 10 და PM 2.5] გაზომვაც იქნებოდა საინტერესო. მყარი დამაბინძურებლები ინდიკატორულად არ მოწმდება.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა “კაქტუსს” უთხრა, რომ ფოთის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს. 

    სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, გასული წლის დეკემბერში დაიწყო მუშაობა გეგმაზე, რომელსაც ჰქვია “შავი ზღვის სანაპირო ზოლის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა.” ამ გეგმის სამუშაო ვერსია ჯერ-ჯერობით არ შედგენილა. დოკუმენტის საბოლოოსთან მიახლოებული ვარიანტი, სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სავარაუდოდ, “მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მზად.”

     


     

    ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ბავშვების სისხლში & ტყვიის სახელმწიფო პროგრამა

    ორი წლის წინ ლუბა ჩალაიას ერთ-ერთ შვილს სისხლში ტყვიის კონცენტრაცია აღმოაჩნდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [სევე ცნობილი, როგორც N.C.D.C.] წარმომადგენლები, კვლევების ჩატარების შემდეგ, ფოთში ჩავიდნენ და ბავშვების მშობლებს ერთხელ შეხვდნენ. 

    ლუბა ჩალაია ჯავახიშვილის ქუჩიდან, რომელიც 20 დეკემბერს, ფოთის მერს, მეზობლებთან ერთად, შეხვდა. ფოტო © “კაქტუსი”

     

    “მერიამ იაშვილის კლინიკის ექიმები ჩამოიყვანეს და გვითხრეს, გაიარეთ კონსულტაციაო. ბავშვები ზერელედ გასინჯეს და გაუშვეს, “ვიტამინები” უნდათ ამათო. თითქოს ისე მოხდა, რომ მოვალეობა მოიხადეს და გულთან ახლოს არ მიუტანიათ. მაგის მერე არავინ არაფერს კითხულობს,” - ამბობს ლუბა. 

    2022 წლის დასაწყისში “კაქტუსს” განუცხადეს, რომ ტყვიის სახელმწიფო პროგრამა ფოთში, დაფინანსების შემცირების გამო, ახალ პაციენტებს ვეღარ მიიღებდა. 

    გასულ წელს ლუბა ჩალაიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, რათა ტყვიის სახელმწიფო პროგრამიდან სარგებელი მიეღო იმ ბავშვისთვის, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა. 

    მერიაში ლუბას უთხრეს, რომ წლიურად ბავშვებისთვის საჭირო “ვიტამინებისთვის”, - თუკი ასეთი რეკომენდაცია იქნებოდა ექიმისგან, - 70 ლარს დაუფინანსებდნენ.

    “ამით სარგებლობა დავაპირე და წავედი აფთიაქში, რომელთანაც ჰქონდათ ხელშეკრულება გაფორმებული. აფთიაქში მითხრეს, რომ დაფინანსების წესები შეიცვალა - ანაზღაურება ქულებით ხდებაო. საბოლოოდ, ვერც ამით ვისარგებლე,” - ამბობს ლუბა ჩალაია. - “ინფორმირებულებიც არ ვართ. არ ვიცით, “ტვიით დატყვევებულ” ბავშვებს რა შეღავათები აქვთ, რამე პროგრამა არსებობს თუ არა მათთვის. არც კავშირი გვქონია N.C.D.C.-ის არც ერთ წარმომადგენელთან. არავინ მოსულა აქ, რომ ბავშვების მდგომარეობა ადგილზე გადაემოწმებინა.” 

    რაკი გარშემო მრავალი დამაბინძურებელია, ლუბას და სხვა ბავშვების მშობლებს ტყვიით დაბინძურების ზუსტი წარმომავლობის დადგენა და დამტკიცება უჭირთ. ხშირ შემთხვევაში, დაბინძურების, მათ შორის ტყვიის, წყარო მრავალია და ზოგი მათგანი ისტორიულიც. 

     

     

     

    სტატია მოამზადა “კაქტუსმა”, სამოქალაქო პლატფორმასთან “ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის” თანამშრომლობით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] დაფინანსებით.

    სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია  “კაქტუსი.” სტატია, შესაძლოა, არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.