2018-07-17

  • ბოლნისის სოფლებში ნიადაგი და წყალი მძიმე მეტალებით დაბინძურებულია
  • მიმდინარე წლის 28 მარტს ჟურნალ Environment Research and Public Health-ში ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ბოლნისის რაიონის დასახლებების რიგ წერტილებში ზედაპირულ წყალსა და მდინარის დანალექში მძიმე ლითონების კონცენტრაციის დონე კრიტიკულად მაღალია. 

    ეს კვლევა ერთ-ერთია მსგავსი შინაარსის სხვა კვლევებს შორის, რომელიც ამ რეგიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარდა.

    ამჯერად კვლევა გერმანიის კასელის უნივერსიტეტის ორგანული საკვების ხარისხის დეპარტამენტისა [Department of Organic Food Quality and Food Culture at the University of Kassel] და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ნაშრომია.

    კვლევის ფარგლებში,  სინჯები მდინარე მაშავერას აუზის 17 წერტილიდან აიღეს, როგორც ჭარბი, ასევე მცირენალექიანობის დროს.

    მდინარე მაშავერას აუზში მიყვანილი თუ წარმოებული სურსათი საქართველოს როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული მასშტაბით ამარაგებს (ესენია ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, თევზი, მარცვლეული კულტურა და ღვინო).  რეგიონში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გაუფილტრავი ინდუსტრიული თხევადი ნარჩენი მდინარესა თუ მის სხვადასხვა შესართავში იღვრება; ასე ხვდება მძიმე მეტალები სარწყავი არხების სისტემაში.  

     

    დაბინძურების მთავარი წყაროები 

    მკვლევრები აღწერენ, რომ მდინარე მაშავერას აუზის დაბინძურების მთავარი წყარო ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მომპოვებელი საწარმოა, რომელსაც საბჭოთა კავშირიდან - 1977 წლიდან დაარსებისა ვიდრე 2012 წლამდე ‘მადნეული’ ერქვა, 2012 წლის შემდეგ კი Rich Metals Group [RMG] ეწოდა.

    ადგილობრივი დაბინძურების ძირითადი ტვირთი - ჰაერში გაფრქვეული მადნის მყარი ნაწილაკები, წყლისა და ნიადაგის  მძიმე ლითონებით დაბინძურება - კვლევის თანახმად, სწორედ ამ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარეობს.

    კომპანია RMG-ს საქმიანობის გარდა, კვლევა დანინძურების სხვა წყაროებზეც მიუთითებს: საყოფაცხოვრებო კანალიზაციის სისტემა და ფერმერული წარმოების თხევადი ნარჩენები პირდაპირ, გაუფილტრავად  ჩაედინება მდინარებში - მაშავერასა და ფოლადაურში და ამ გზით ხვდება სარწყავი არხების სისტემაში.

    ფერმერული მინდვრების მორწყვის ძირითადი წყაროები სწორედ ეს მდინარეებია: კაზრეთულა, ფოლადაური და მაშავერა.

    მადნის მტვერი ფოთლებზე, გზის პირას, კაზრეთი, ბოლნისის რაიონი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი © კაქტუს-მედია

     

    კვლევის შედეგები

    2016 წელს, კვლევის პერიოდში, 102 სინჯი მდინარეებიდან - კაზრეთულადან, ფოლადაურიდან, მაშავერადან და სამი სარწყავი არხიდან აიღეს - სულ 17 წერტილიდან.  

    აღებულ სინჯებში შემოწმდა შემდეგი მეტალების: ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, ქრომის, ნიკელის, ვერცხლისწყლის, თუთიის, მანგანუმისა და რკინის მაჩვენებლები.  

    სინჯებმა აჩვენა, რომ მდინარე მაშავერას აუზში ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე ლითონების კონცენტრაცია, რიგ წერტილებში, კრიტიკულად აღემატება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ზღვრულად დასაშვებ მაჩვენებლებს.  ავტორების თქმით, შედეგები უარყოფით გავლენას ახდენს იქ წარმოებული საკვების ხარისხსა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე: დაბინძურების გავლენა მასშტაბურია, ეროვნულ დონეზე ვრცელდება, რადგან ადგილობრივი წარმოების სურსათით მარაგდება როგორც თბილისი, ასევე დანარჩენი საქართველო.

    სინჯის აღების ერთ-ერთი ადგილას, რომელიც კვლევაში მონიშნულია, როგორც 'მადნეულის ბორცვიდან ჩამომავალი შენაკადი' [Sample Site 9, Tributary from Madneuli Highland], ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მჟავიანობით გამოირჩეოდა; ეს ადგილი აღიწერა, როგორც 'ინდუსტრიულად დაბინძურებული' როგორც მშრალ, ასევე წვიმიან ამინდში; მაღალი მჟავიანობა აჩვენა როგორც წყლის, ასევე დანალექის სინჯმა. 

     

    მძიმე მეტალები მდინარის დანალექის სინჯებში

    წერტილზე მაღალი კონცენტრაცია იყო როგორც მშრალ, ასევე წვიმიან სეზონზე; ხოლო 2 წეტილი მხოლოდ მაღალი ნალექიანობის დროს იყო გაჯერებული მეტალების მაღალი კონცენტრაციით. 

    კადმიუმის მაღალი შემცველობა  იყო 5 წერტილის სინჯებიდან; ტყვიისშედარებით მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა მდინარე მაშავერასთან; რამდენიმე წერტილში მაღალი იყო ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, ნიკელისა და თუთიის კონცენტრაციები.

     

    მძიმე მეტალები წყლის სინჯებში

    წყლის სინჯებშიც შეინიშნებოდა მძიმე მეტალების მაღალი შემცველობა როგორც მშრალ, ასევე წვიამიან ამინდებში.  მაგალითად, სინჯების აღების მე-9 წეტილზე [sample site 9], რომელიც კვლევაში მოხსენიებულია, როგორც 'მადნეულის ბორცვიდან ჩამომავალი შენაკადიწვიმიან დღეს წყალში თუთიის კონცენტრაცია 21-ჯერ მეტი იყო მაქსიმალურ დასაშვებ ნორმასთან შედარებით; თითქმის ორნახევარჯერ მეტი იყო სპილენძის კონცენტრაცია, ხოლო კადმიუმის - 62-ჯერ მეტი [კვლევაში ცხრილი ნომერი 8]. 

     

    დღიური და სეზონური ცვლილებები

    კვლევამ აჩვენა, რომ სინჯებში მძიმე მეტალების კონცენტრაცია და წყლის მჟავიანობის დონე დღიურად და სეზონურად იცვლებოდა.

    მაგალითად, დილის, დღის განმავლობაში და საღამოს აღებულ სინჯებში მძიმე მეტალებისა და წყლის მჟავიანობის კონცენტრაცია იცვლებოდა. კვლევის დროს ადგილზე ჩატარებული ინტერვიუებიდან გამომდინარე, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა, იმიტომ ხდება, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში იღვრება დაბინძურებული წყლების მდინარეებსა თუ სარწყავ არხებში და მაჩვენებლები სწორედ მაშინ იმატებს, სხვა დროს კი - იკლებს ან ქვედა ზღვართან ახლოსაა.  

    კვლევა მიუთითებს, რომ წყლის ტემპერატურის, მჟავიანობის, ჯანგბადის შემცველობის, თუთიის, კადმიუმისა და მანგანუმის კონცენტრაციის ცვლილების ბუნებრივი  გზებიც არსებობს, მაგალითად, ფოტოსინთეზი; მაჩვენებლები იცვლება სეზონური ცვლილებების დროსაც. მკვლევრები ამბობენ, რომ მათი ნაშრომი ამ ცვლილებების მიზეზებზე ზუსტ პასუხს ვერ სცემს და საჭიროა მიზეზების  დამატებით მოძიება.

     

    რეკომენდაციები პასუხისმგებელ უწყებებს

    ავტორების თქმით, მათი კვლევა მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს დაბინძურების რეალურ სურათს. მათი აზრით, წყალსა და ნიადაგში მძიმე მეტალების კონცენტრაციისა და ცირკულაციის დამატებით შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

    ადგილზე საჭიროა წყლის ხარისხის უფრო ხშირი და ინტენსიური მონიტორინგი: წყლის სინჯების აღება უფრო მეტი წერტილიდან [ამჟამად გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მაშავერას  მხოლოდ ორი წერტილიდან იღებს წყლის სინჯებს] და მძიმე მეტალების კვალისა და გავლენის უფრო მასშტაბური კვლევა და კონტროლი.

    დამატებით საჭიროა როგორც ბოსტნეულისა, რძისა და ხორცის პროდუქტების, ასევე თევზის კვლევაც; ადგილზე გამოკითხულმა მეთევზეებმა მკვლევრებს უთხრეს, რომ მთელი რეგიონის რესტორნებს სწორედ ამ მდინარეებში დაჭერილი თევზით ამარაგებენ.

    მკლევართა ჯგუფის თქმით, საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევაც, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

     

     

     კვლევის ავტორები არიან: სისირა ვითანაჩი, გიორგი ღამბაშიძე, ილია კუნჭულია, თეო ურუშაძე და ანგელიკა პლოგერი.

    ♦ Water Quality in Surface Water: A Preliminary Assessment of Heavy Metal Contamination of the Mashavera River, Georgiaby Sisira S. Withanachchi, Giorgi Ghambashidze, Ilia Kunchulia, Teo Urushadze and Angelika Ploeger.