2024-06-06

  • დევდორაკში წყლის დონემ მოიმატა. შ.ს.ს.-მ უფრო სწრაფად გაავრცელა ინფორმაცია, ვიდრე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ
  • ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო, 2016 წლის 24 ივნისი

     

    დღეს დილით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დევდორაკის ხეობაში, დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, წყლის დონემ აიწია. ამის გამო, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან საავტომობილო გზა დროებით გადაიკეტა. მოძრაობა შეიზღუდა ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, მაგრამ მოგვიანებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, გზა ისევ გაიხსნა.

     

    რომელმა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია უფრო სწრაფად?

    ინფორმაცია მდინარის დონის ადიდების შესახებ პირველად დღეს, 10:49 წუთზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ის უსწრებდა გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას, სადაც ამასთან დაკავშირებით პოსტი მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში, 13:32 საათზე გამოქვეყნდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული მდინარის დონის მზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

    სასიგნალო შეტყობინება მდინარის ადიდების ან კალაპოტში წყლის საშიში ნიშნულის შესახებ მიდის გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. თუმცა, მათი ინფორმაციით, გეოლოგები ადგილზე რჩებიან.

    ამინდის პროგნოზირების ვებ-გვერდ meteo.gov.ge-ზე, სხვა 19 მდინარესთან ერთად, მდინარე დევდორაკის ან თერგის შესახებ ჰიდროლოგიური მონაცემები არ არის გამოქვეყნებული. საზოგადოებას ამ მდინარეების კალაპოტში დონის შესახებ ყოველდღე ცვალებადი მონაცემები ონლაინ არ მიეწოდება.

     

    მდინარის დონის აწევის სავარაუდო მიზეზები

    გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასებით, ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა.

    წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდინარე დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს.

    მდინარე დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში, მოხდა მდინარე თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდინარე თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

    სააგენტოს ცნობითვე, ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგებით, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

    "მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

     

    ბუნებრივი სტიქიების ისტორია დევდორაკზე

    უახლოეს წარსულში დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენები ორჯერ განვითარდა: 2014 წლის 17 მაისს და 2016 წლის 23 ივნისს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს მაშინდელი პირველადი შეფასებით, 2016 წლის 23 ივნისს უხვი ნალექის შედეგად განვითარდა ღვარცოფული მასა, რამაც გამოიწვია საქართველოს სამხედრო გზის მწყობრიდან გამოსვლა დაახლოებით 800 მეტრის მონაკვეთზე.

    სააგენტოს განცხადებით, 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად სწორედ 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის დროს მდინარე დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა, წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ კი მდინარე თერგის შესართავამდე მიაღწია.

    მოგვიანებით, 2016 წლის ნოემბერში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST“-ის ტექნიკური დახმარებით, ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟა, რომელიც როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებდა, ასევე შეიქმნებოდა მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.

    ის შეტყობინება, რაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო, სწორედ იმ სისტემის ნაწილია.

     

     

    შვეიცარიული კომპანია GEOTEST

    შვეიცარიულმა კომპანია GEOTEST-მა გასული წლის 28 ნოემბერს დაასრულა შარშან, 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი მრავალკომპონენტიანი ბუნებრივი კატასტროფის შესახებ ანალიზის [Event Analysis] მომზადება, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ანგარიშის დაწერიდან 2.5-თვიანი შუალედის შემდეგ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, დაგვიანებით, გამოაქვეყნა. ანგარიშის დამკვეთი გარემოს ეროვნული სააგენტო იყო.

    დევდორაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით, რომელიც იქ 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 2007 წლებში ჩამოწვა. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელსაც, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდინარე თერგი და მისი დინება 8 საათით შეაჩერა.