სააქციო საზოგადოება RMG Copper-ის ახალიკუდსაცავის პროექტის მოსახლეობასთან წარდგენამ, რომელიც თითქმის 55 წუთი გაგრძელდა, კრიტიკული კითხვების და დისკუსიის გარეშე ჩაიარა.
მიმდინარე წლის 12 ივლისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და ბოლნისის რაიონში ძვირფასი ლითონების მომპოვებელმა კომპანია Rich Metals Group-მა, დაბა კაზრეთის მოსახლეობას კომპანიის ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც სპილენძის, ოქროსა და სხვა მეტალების საწარმოო ნარჩენების ახალი პროექტის აშენებას გულისხმობს.
[შეხვედრის აუდიო-ჩანაწერი მოისმინეთ აქ]
პრეზენტაციის ინფრასტრუქტურა და დამსწრეები
პროექტის წარდგენა დაბა კაზრეთის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს, თეთრი ტენტის შიგნით, გაიმართა, სადაც 60 თეთრი სკამი იდგა. პრეზენტაციის დროს, ადგილების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიაში მომუშავე პერსონალმა და ორგანიზატორებმა [გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლები] შეავსეს.
გასაშლელი ტენტი კაზრეთში, რომელიც კომპანია RMG-მ, ახალი სანაყაროს პროექტის წარსადგენად გაშალა დაბის ცენტრში | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
პრეზენტაცია RMG-ის გარემოსდაცვითი სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ კვარაცხელიამ და მისმა თანაშემწემ წარადგინეს.
60 ადგილი პრეზენტაციის დასაწყისში სავსე იყო. დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ, დამსწრეების რაოდენობა შეთხელდა. ხალხის უმეტესობამ, კითხვების ან შენიშვნების გარეშე, დატოვა პრეზენტაცია.
კომენტარები ჰქონდათ მხოლოდ “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლებს - ნინო ბურჭულაძეს, დარეჯან ბრეგვაძეს და ირაკლი მამალაძეს. მათი კითხვები მოკლე და დამაზუსტებელი იყო.
სიღრმისეული დისკუსია ახალი სანაყაროს პროექტზე არ გამართულა.
ირაკლი მამალაძე და დარეჯან ბრეგვაძე “საყდრისის კომიტეტიდან.” შეხვედრის დასასრული | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
კომპანიის გეგმები
RMG-ის გარემოსდაცვითი განყოფილების ხელმძღვანელის, მიხეილ კვარაცხელიას, თქმით, საწარმოს მენეჯმენტს ძველი სანაყაროს კონსერვაცია, რეკულტივაცია და ახალი, უკვე არა თხევადი, არამედ მშრალი, სანაყაროს აშენება სურს.
ამ დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი ისიცაა, რომ ძველი კუდსაცავი, რომელიც საბჭოთა დროიდან არსებობდა, უკვე გადავსებულია და ახალ ნარჩენებს ვეღარ იღებს.
RMG Copper-ის ძველი, საბჭოთა, მოქმედი კუდსაცავი - ძვირფასი მეტალების საწარმოო ნარჩენების თხევადი რეზერვუარი. კომპანია, ეტაპობრივად, ამ ნარჩენების რეზერვუარის დახურვას, რეკულტივაციასა და ახალი, მშრალი სანაყაროს აშენებას გეგმავს | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
მიმდინარე სანაყარო, რომელსაც ტექნიკურ ენაზე კუდსაცავსაც ეძახიან, თხევადია და კაზრეთის ცენტრიდან კარგად ჩანს, რადგან ამაღლებულ ბორცვზეა მოწყობილი. მის ფერდობს ტერასები აქვს, რომლის ნაწილიც გამწვანებულია.
სანაყაროსა და საწარმოს შორის გზებია გაყვანილი, სადაც განუწყვეტლივ მოზრაობენ სატვირთო მანქანები, რის გამოც სიმაღლიდან მტვერი დაბლა, კაზრეთის ცენტრშიც, ჩამოდის.
ახალი სანაყარო მშრალი იქნება
კომპანიის გარემოსდაცვითი მიმართულების წარმომადგენლების თქმით, დაგეგმილია 15 მილიონი კუბური მეტრის კუდის მიღება და ახალ სანაყაროზე განთავსება. ძველის ნაცვლად, რომელიც თხევადია, ახალი სანაყარო მშრალი იქნება.
კომპანიას, ახალი კუდსაცავის შექმნის შემდეგ, არ დასჭირდება ძველის გამოყენება: ახალი ტექნოლოგია სრულიად ჩაანაცვლებს ძველს. ძველი კუდსაცავი, მათი თქმით, ეტაპობრივად შეწყვეტს მუშაობას, დაკონსერვდება, მოხდება მისი რეკულტივაცია და ამუშავდება ახალი სანაყარო.
“არსებული კუდსაცავი მისი ტევადობის ზღვარზეა,” - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
თავიდან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, განხილული იყო ახალი კუდსაცავის ასაშენებლად 11 შესაძლო ლოკაცია, რომელიც, შენიშვნების მიღების შემდეგ, 4 ძირითად ლოკაციაზე დავიდა, საბოლოოდ კი შეირჩა RMG Copper-ის საწარმოს მიმდებარე ტერიტორია.
რატომ არ დაისვა კითხვები პრეზენტაციაზე?
“კითხვა არ დაისვა იმიტომ, რომ აქ ვინც იყო, ყველა კომპანიაში მუშაობს და ყველამ იცის, შიგნით რა ხდება,” - უთხრა “კაქტუსს” დავით ჯაყელმა, ბოლნისის მერის წარმომადგენელმა დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში, შეხვედრის დამთავრებისას. - “კმაყოფილები არიან. ოჯახიდან 2-3 ადამიანი რომ მუშაობს, შემოსავალი აქვთ. ზედმეტი კითხვა რატომ უნდა დაესვათ? კითხვა უნდა დასვა მაშინ, როცა კმაყოფილი არ ხარ.”
თავად ჯაყელს, რომელიც პრეზენტაციას მთლიანად დაესწრო, ახალი სანაყაროს პროექტზე არც კითხვა დაუსვამს და არც საკუთარი მოსაზრება გამოუთქვამს.
დავით ჯაყელი, ბოლნისის მერის წარმომადგენელი დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
კითხვაზე, თუ რატომ არ სვამდნენ კითხვებს იქ მყოფი ახალგაზრდები, დავით ჯაყელმა აღნიშნა:
“ახალგაზრდები უკან ისხდნენ. შიგნით [ტენტში] დაცხა და თანდათან გარეთ გავიდნენ.”
პრეტენზაცია კაზრეთში 2024 წლის 12 ივლისს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, გაიმართა, როცა ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსი ცელსიუსით იყო.
ერთადერთი კრიტიკული ხმა
როდესაც კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია დაამთავრეს და კითხვების ან შენიშვნების მიღება დაიწყეს, სკამიდან წამოდგა შოთა ბალისაშვილი, რომელიც, მისი თქმით, საწარმოსთან ახლოს ცხოვრობს.
მისი კითხვა ახალ სანაყაროს არ ეხებოდა.
შოთა ბალისაშვილი | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
“იქვე ვცხოვრობ და ხუთი წელია, საჯარო ტუალეტი არ მუშაობს. თუ რამეა საჭირო, მე ვდებ ხოლმე ჩემს ფულს და ვაკეთებ. რატომ არ კეთდება? მუშევანიც ახსენეთ თქვენ. გავიგეთ, რომ მუშევანში წყალი უფასო იქნება. ჩვენ ფაბრიკიდან 200 მეტრში ვცხოვრობთ და არაფერი შეღავათი ჩვენ არ გვაქვს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გამგებელს გადაურიცხეთ [ფული] და არა მერს, რომ აქ გაკეთდეს ის, რაც უნდა გაკეთდეს. რით იმუშაოს [გამგებელმა]? ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.”
“როგორ გეკადრებათ? გასაგებია ყველაფერი. ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?” - უპასუხა შოთა ბასილაშვილის შენიშვნას მიხეილ კვარაცხელიამ, RMG-ის გარემოსდაცვითი განყოფილების ხელმძღვანელმა.
საბურავებისა და პლასტიკის ნარჩენების გროვა კაზრეთის ცენტრში | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
დაბა კაზრეთის ცენტრი ძველი, საბჭოთა დროს აშენებული, უფუნქციო შენობებისა და ძველი საცხოვრებელი კორპუსების ერთიანობაა, სადაც ეზოებსა და შემოგარენში პლასტიკის ნარჩენები, საბურავები და დამსხვრეული მინა ყრია.
მინის საშიში ნამსხვრევები ძველი შენობების ეზოში, კაზრეთის შესასვლელში | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
ჩამსხვრეული მინა და შიგნიდან გამომავალი საკვამური საბჭოთა დროს აგებული აგურის შენობიდან | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
კაზრეთის გზა მუდმივად დამტვერიანებულია. დაახლოებით ყოველ 10 წუთში ერთხელ გზას უფრო მეტად ამტვერიანებს მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანების მოძრაობა, რომლებიც საწარმოს გადამამუშავებელი ფაბრიკისკენ მოპოვებული მადანი მიაქვთ.
დავით ჯაყელმა, ბოლნისის მერის წარმომადგენელმა დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში, “კაქტუსს” უთხრა, რომ მალე RMG-იმ კაზრეთში შესასვლელი გზა უნდა გაარემონტოს.
“დღეს გზა იმიტომ არ მოვრწყეთ, რომ ხვალ საფარი უნდა დავაგოთ. 1,2 კილომეტრ ასფალტს RMG გვიგებს, სხვათა შორის. გვთხოვეს, [გზა] დღეს არ მორწყათო. თქვენ რომ წაბრძანდებით, სპეციალური “გუდრონი” უნდა მოისხას და საფარი მშრალი უნდა იყოს,” - გვითხრა დავით ჯაყელმა. - “თუ რა ჯდება [გზის პროექტი], ეგ არ ვიცი - ჩვენთან არ შემოდის ეგ ინფორმაცია.”
კაზრეთიდან გასასვლელი უსწორმასწორო გზა, სადაც წყალი დილის წვიმის შემდეგ დაგუბდა. დავით ჯაყელის თქმით, სწორედ ამ გზის 1.2 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა შეაკეთოს RMG-იმ. | 12/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
კომპანიის საქმიანობა, პროფილი და პრივატიზაციის მოკლე ისტორია
Rich Metals Group, RMG მსხვილი საწარმოა ქვემო ქართლში, რომელიც სალიცენზიო ტერიტორიებიდან ძვირფას მეტალებს იღებს და მათ ადგილობრივად გადაამუშავებს ან ნახევარფაბრიკატი პროდუქტის დონემდე მიჰყავს, რის გამოც ადგილობრივი გარემოს - ატმოსფერული ჰაერის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა.
კომპანიის ვებ-გვერდის მიხედვით, პირველად კაზრეთში მინერალი - ბარიტი 1940 წელს აღმოაჩინეს. სხვადასხვა მეტალების მოპოვება იქ სრული დატვირთვით 1975 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს, შეიქმნა სააქციო საზოგადოება “მადნეული,” რომელიც 2005 წელს, რუსულ კომპანია Stanton Equitieze Corporation-ზე, 32 500 000 დოლარად, გასხვისდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის უკან რუსული კომპანია GeoProMining იდგა, რომელიც ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიებს ფლობს სომხეთშიც.
GeoProMining-ის დამფუძნებელია რუსი ბიზნესმენი სიმან პოვარენკინი. “მადნეულის” გასხვისების დროს სახელმწიფოსა და რუს კომპანიას შორის მედიატორი ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი პარლამენტარი კობა ნაყოფია იყო, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე რუსეთში მოღვაწეობდა და საქართველოში ისევ ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ, მოიწვია.
ადგილობრივი გარემოსა და საკვების დაბინძურება
როგორც კაზრეთში, ასევე ბოლნისის სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა დროს, არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლითაც დამტკიცდა, რომ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება საკვებ ჯაჭვშიც - ხილსა და ბოსტნეულში - გადადის.
ადგილობრივი გარემოს დაბინძურების საკვებ ჯაჭვში გადასვლაზე კვლევა გერმანელი მეცნიერის, პიტერ-ფელიქს ჰენინგსენის ხელმძღვანელობით და ქართველი მეცნიერების - თენგიზ ურუშაძის, ბესო კალანდაძისა და ლევან ნავროზაშვილის - ჩართულობით ჩატარდა, ბოლნისის სოფლებსა და კაზრეთში. კვლევა 2011 წელს დასრულდა და გამოქვეყნდა სახელით "Mining of gold - harvest of poison?" [ოქრო ამოღება თუ შხამიანი მოსავლის მოპოვება?]
კვლევის მიხედვით, რომელიც ქვემო ქართლში ჩატარდა, რძის პროდუქტების - რძისა და ყველის - ნიმუშების ნაწილში მძიმე მეტალების კონცენტრაცია აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი კაზრეთში
კაზრეთში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მონიტორინგის ავტომატური სადგური არ დგას, რომელიც, დაინსტალირებული რომ იყოს, ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შესახებ მონაცემებს შეაგროვებდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 21 მარტს, კაზრეთთან ყველაზე ახლოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად გაზომა ატმოსფერული ჰაერის ორი დამაბინძურებელი - აზოტის დიოქსიდი და მიწისპირა ოზონი, წმინდა ნინოს ქუჩაზე და ბოლნისის მთავარ გზატკეცილთან.
Air.gov.ge-ის მიხედვით, ორივე მისამართზე, ორივე დამაბინძურებლის კონცენტრაცია დაბალი იყო.