არსებობს მონაცემები, რომ ორგაზმი ადამიანებს კარგად ჩაძინებაში ეხმარება. ორგაზმი ოქსიტოცინისა და ენდორფინების მოზღვავებას იწვევს, რომელსაც დამამშვიდებელი, სედატიური ეფექტი აქვს [Odent, 1999].
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, სადაც 1 866 ქალი იღებდა მონაწილეობას, 32-მა მონაწილემ აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მასტურბირება ტკბილად ჩაძინებაში ეხმარებოდა [Ellison, 2000].
ორგაზმს სასიამოვნო გრძნობები უკავშირდება. ორგაზმი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ავარჯიშებს მენჯის კუნთებს და ამცირებს შაკიკის ტკივილს. ახალი კვლევების თანახმად, ორგაზმი - პარტნიორთან ან მასტურბაცით - უკეთეს ძილს უკავშირდება.
მონაცემემი ამტკიცებს, რომ ორგაზმის დროს და მის შემდეგ გამოყოფილი ჰორმონები უფრო წრაფად ჩაძინებაში და უკეთეს ძილში გვეხმარება. ეს ჰორმონებია:
-
ოქსიტოცინი - ეს ჰორმონი ორგაზმის დროს გამოიყოფა. მას ხშირად “სიყვარულის ჰორმონს” უწოდებენ; ოქსიტოცინი ამცირებს კორტიზოლის - სტრესის მთავარი ჰორმონის, გამოყოფას. კორტიზოლი დილით, გამოღვიძების დროს, გამოიყოფა, და მისი კონცენტრაცია დღის განმავლობაში იკლებს. კორტიზოლის კონცენტრაცია ისევ მაღალია საღამოს, და ძილიანობაზე მოქმედებს. ძილის წინ ორგაზმი კორტიზოლის კონცენტრაციას შეამცირებს, რაც [მო]გვადუნებს და უკეთეს ძილს უზრუნველყოფს.
-
პროლაქტინი - ამ ჰორმონს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ორგაზმის შემდეგ გამოყოფს, რომლის შემდეგაც სხეული ეშვება. პროლაქტინი ძუძუთი კვების - ლაქტაციის დროსაც გამოიყოფა, მაგრამ ცხოველებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ პროლაქტინს თავისი როლი აქვს ღრმა ძილის ფაზაზე, რომლის დროსაც თვალები სწრაფად მოძრაობას იწყებენ [ინგლისურად ძილის ამ ფაზას rapid eye movement [REM]-ს ეძახიან]. ძილის ამ ფაზის დროს ვნახულობთ სიზმრებს და გვჭირდება მეხსიერების შენარჩუნებისა და გამყარებისთვის.
მართალია, ცნობილია, რომ ძილსა და სექსს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კეთილდღეობისთვის, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი მაინც სათანადოდ არ არის შესწავლილი. მეცნიერება ინტერესდება ამ თემით, ცოდნაც ჩნდება და მტკიცდება კავშირები სექსსა და ხარისხიან ძილს შორის.
შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ აქამდე არსებული მონაცემები ამბობს, რომ ხარისხიანი ძილი უკეთესი სექსუალური ცხოვრების საწინდარია და პირიქით - ბედნიერ სექსუალურ ურთიერთობებს ძილის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.
ძილი და სექსუალურობა რთული მოვლენებია და ორივეში დიდ როლს თამაშობს სხეული და ცნობიერი გონება.
ძილი
ძილი ორგანიზმის აღდგენისთვის მნიშვნელობანი პროცესია: ამ დროს ორგანიზმმა სათანადოდ უნდა დაისვენოს. სრული რეკრეაციისთვის მოზრდილს შვიდიდან ცხრა საათამდე ძილი სჭირდება.
მნიშვნელოვანია ძილის ხარისხიც. ხარისხიანი ღამის ძილი რამდენიმე ციკლისგან შედგება, თითოული კი ცალკე საფეხურებს მოიცავს. უწყვეტი ძილის დროს თითოეული ეტაპი უპრობლემოდ უნდა გადავიდეს ერთი ფაზიდან მეორეში და ორგანიზმი ჯეროვნად აღადგინოს მომავალი დღისთვის.
სექსი
ისევე როგორც ძილი, სექსიც რამდენიმე აუცილებელი ელემენტისგან შედგება. ჯანსაღ ვითარებაში, პარტნიორები შემდეგ ეტაპებს გადიან:
-
სექსის სურვილი, მოტივაცია, ლიბიდო
-
ფიზიკური რეაქცია, აღგზნება, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევა აქტიურდება პენისსა და კლიტორში.
-
ორგაზმი - სექსუალური აღგზნების პიკი. კაცებში ეს არის ეაკულაცია, რომელიც სექსის ერთ-ერთი ბოლო საფეხურია;
-
კუნთების მოშვება და მოთენთვის ეტაპი, რომელსაც მოსდევს დადებითი შეგრძნებები. ორგანიზმი აღზნებიდან სიმშვიდის ეტაპზე გადადის.
თუ ამ ეტაპებიდან რომელიმე არ ხდება, სექსის პროცესი ფერხდება ან ადგილი აქვს დისფუნქციას.
სექსუალური ქცევები ძილის ხარისხს აუმჯობესებს. ორგაზმის შემდეგ, სხეული გამოყოფს ჰორმონებს - ოქსიტოცინსა და პროლაქტინს, რასაც სასიამოვნო და დამამშვიდებელი გრნობების მოზღვავება მოსდევს. სექსი ამცირებს ჰორონ კორტიზოლის დონესაც, რომელიც სტრესთან ასოცირდება.
კვლევების თანახმად, ჰორმონული ცვლილებები იწვევს ძილიანობას და აადვილებს ჩაძინების პროცესს. იგივე ეფექტი აქვს მასტურბაციასაც. კაცთა და ქალთა 50% ამბობს, რომ მასტურბაციის დროს ორგაზმი მათ ჩაძინებაში ეხმარება და ძილის ხარისხს აუმჯობესებს.
პარტნიორთან სექსი, ცხადია, ზრდის ჰორმონალურ პასუხს, სხეულთან სიახლოვის ძლიერი გრნობის გამო, რაც აუცილებელია ჯანსაღი ძილისთვის. ჰეტეროსექსუალურ პარტნიორებში, სექსის შემდეგ სწრაფად ჩაძინების ეფექტი კაცებში უფრო ძლიერად მუშაობს, ვიდრე ქალებში, რომელიც ასევე ეთანხმება პოპულარულად გავრცელებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კაცები სექსის შემდეგ უფრო სწრაფად იძინებენ.
თუმცა, თუკი წყვილიდან ორივე აღწევს ორგაზმს სექსის შემდეგ, კაცებისა და ქალების ძილიანობას შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არაა. თუმცა, კაცებში ძილიანობის უფრო მაღალი ხარისხი, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ კაცები უფრო გარანტირებულად და მეტი ალბათობით აღწევენ ორგაზმს სექსის შემდეგ, ვიდრე ქალები.
როგორ გავაუმჯობესოთ ძილისა და სექსის ხარისხი?
რაკი ძილსა და სექსს შორის კავშირი ასებობს, ეს იძლევა შესაძლებლობას ორივეს გაუმჯობესებისა და ცხოვრების ხარისხის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მიმართულებით.
ძილის პრობლემები, მათ შორის, ძილიანობა დღის განმავლობაში, შესაძლოა გამოწვეული იყოს ძილის სხვადასხვა ტიპის აშლილობებით, როგორებიცაა ძილის აფნოე და ეფექტურ მკურნალობას საჭიროებს. ძილის აშლილობების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას შეუძლია როგორც ძილის, ასევე სექსის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. მაგალითად, ძილის აფნოეს ჯეროვანმა მკურნალობამ, შესაძლოა, კაცებში ერექციული დისფუნქცია გამოასწოროს.
ის ადამიანები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ, ექიმებს უნდა დაელაპარაკონ ძილის დარეგულირებისთვის. სხვადასხვა ტიპის მეთოდები, კონკრეტულად კი ამ საკითხზე მორგებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია [CBT-I] დაეხმარება პაციენტს ძილის რეგულირებაში. ექიმი ასევე გამოავლენს სხვა პრობლემებს, რაც შეიძლება კარგ ძილს არღვევდეს.
ძილის ჰიგიენის ჩამოყალიბება ასევე გადამწყვეტია ხარისხიანი ძილის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის. ამაში შედის იმ გარემოს მოწყობა, სადაც გვძინავს, ასევე დღიური ქცევები და ჩვევები, რომელიც ღამის ძილზე ახდენს გავლენას. ამ კონკრეტულ ჩვევებს შეუძლია ჩვენი ძილის ჰიგიენის გაუმჯობესება:
-
საძილე ოთახი უნდა იყოს კომფორტული, მკრთალად განათებული, სასიამოვნო სუნი, საწოლს კი უნდა ჰქონდეს ისეთი მატრასი, რომელიც სხეულის ფორმას მიჰყვება და ოპტიმალურია სექსისთვის.
-
საძილე ოთახში უნდა შეიზღუდოს ხმაურისა და შუქის ნაკადები, მუქი ფარდებით, თვალის ნიღბებით, თეთრი ხმაურის მოწყობილობით, ყურსასმენებით ან ყურის სამცავებით უნდა დარეგულირდეს;
-
უნდა შეირჩეს დაძინების ერთი და იგივე დრო, რომელიც იგივე იქნება როგორც სამუშაო დღეების, ასევე უქმეების დროს. ამის მიზანია, რომ დაძინებისა და დილით გაღვიძების დრო იყოს მუდმივ ერთი და იგივე
-
თავი ავარიდოთ ისეთ ქცევებს, რომლებიც ღამის კარგ ძილს დააფრთხობენ, მათ შორის, ალკოჰოლს, თამბაქოს ნაწარმს, კოფეინს, მძიმე კვებას ღამით, დღის განმავლობაში ან საღამოჟამს ხანგრძლივ წაძინებას
-
არ შევიტანოთ არავითარი ტექნიკა საძილე ოთახში და არ დავდოთ საწოლთან ახლოს. ეს ნიშნავს, რომ გადავდოთ ტელეფონები, ლეპტოპები და ტაბლეტები ძილიდან მინიმუმ 30 წუთით ადრე, საწოლიდან შორს.
-
ყოველ დღე გამოვნახოთ დრო ფიზიკური აქტივობისათვის და დავენახოთ მზეს.
-
ვისწავლოთ თვითდამშვიდების გზები და შევასრულოთ ის ყოველდღე, დაძინების წინ.
ძილი | ილუსტრატორი - ეკატერინე ლოლუა | მასალა - ფანქარი, ქაღალდი © კაქტუსი, ეკატერინე ლოლუა
სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება
რეგულარულ და სიამოვნების მომნიჭებელ სექსს ადამიანის კეთილდღეობისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.
ისევე, როგორც ძილის შემთხვევაში, სექსუალური პრობლემების განხილვა აუცილებელია ექიმთან. შესაძლოა, სექსზე საუბარი შედარებით უფრო უხერხული იყოს, ვიდრე ძილის დარღვევების განხილვა, მაგრამ ღიად და დაუფარავად კომუნიკაცია ექიმს დაეხმარება, პრობლემები გამოგისწოროთ. გახსოვდეთ, რომ სექსუალური პრობლემები ხშირია და ექიმებმა იციან, როგორ უნდა მოუარონ ამა თუ იმ პრობლემას. კითხვებისა და პრობლემების მიუხედავად, გამოსავლები არსებობს და არაერთი.
სექსუალური კეთილდღეობა უფრო მეტია, ვიდრე სექსის ასე თუ ისე წარმატებული, ტექნიკური აქტი. სექსუალური ჯანმრთელობა მოიცავს სიამოვნების მიღებას, უსაფრთხო სექსზე მაღალ ცნობიერებას, სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვას და დადებითი ემოციების მომტან ურთიერთობებს.
სექსუალური თერაპია წყვილებს ეხმარება ერთმანეთთან უფრო თამამად ყოფნასა და სიამოვნების მიღებაში. მართალია, ამ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ინტერნეტშიც უხვადაა, მაინც მნიშვნელოვანია პროფესიონალს მივენდოთ, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სამეცნიერო რჩევები მივიღოთ, ვიდრე გადაუმოწმებელი მასალებით ვიხელმძღვანელოთ.