მართალია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები დიდი ხანია, ანალური სექსის დროს კონდომის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან, აქამდე არ არსებობდა მყარი მონაცემები ანალური სექსის დროს კონდომის გამოყენების ეფექტურობაზე, სხვადასხვა ინფექციებისგან დაცვის ეფექტურობის კუთხით.
მიმდინარე წელს ა.შ.შ.-ში კონდომი პირველად დამტკიცდა არა მხოლოდ ვაგინალური, არამედ ანალური სექსის დროს გამოსაყენებლად.
F.D.A.-მ, ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 23 თებერვალს მიიღო. სქესობრივი ჯანმრთელობის ექსპერტები დიდი ხანია ელიან ამ ნაბიჯს მარეგულირებლისგან, რათა მეტმა ადამიანმა დაიცვას თავი ანალური სექსის დროს აივ ინფექციისა და სხვა სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან.
F.D.A.-ს წარმომადგენლის თქმით, სქესობრივად გადამდები დაავადებების გადაცემის რისკი “მნიშვნელოვად მაღალია” ანალური სექსის დროს, ვიდრე ვაგინალურის შემთხვევაში. აქამდე არ არსებობდა კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული მონაცემები, რომ ანალური სექსის დროს კონდომის გამოყენება უსაფრთხოა და რომ ის ეფექტურად იცავს ინფექციისგან.
“ასეთი სახით დამტკიცება, როცა კონდომი სპეციალურად ეტიკეტირებულია კონკრეტული სქესობრივი ქცევის დროს, გაზრდის მისი გამოყენების მაჩვენებელს მომავალში,” - აღნიშნა კორტნი ლაიასმა, F.D.A.-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ეს ნებართვა გასცა.
გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იმ კონდომს, რომლის მწარმოებელია კომპანია Global Protection Corp. და რომელსაც ONE male condom ჰქვია.
გასულ წელს, კომპანიამ მარეგულირებელს მიმართა, რომ ეს კონკრეტული კონდომები ანალური სექსისთვის დაეშვა და დამატებითი ინფორმაცია შეფუთვაზეც ყოფილიყო მითითებული. კომპანიის მტკიცება ეყრდნობოდა კვლევას, რომლის თანახმადაც კონდომის დაზიანების მაჩვენებელი გამოყენების დროს მხოლოდ 1 პროცენტი იყო. დაზიანებად ჩაითვალა კონდომის გახევა ან არასაჭირო/არაკომფორტული სრიალი გამოყენების დროს.
F.D.A.-მ განაცხადა, რომ სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ მარეგულირებელს მიმართონ მსგავსი პროდუქტის დასამტკიცებლად, მაგრამ თან უნდა აჩვენონ მტკიცებულებები, რომ მათ პროდუქტს პრაქტიკაში დაახლოებით ისეთი წარმატება აქვს, როგორც One კონდომს.
“არ მგონია, ეს ცვლილება პროცესისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს. პირიქით: ის გზას გაუხსნის სხვა კომპანიებს, რომ უფრო საფუძვლიანად გამოსცადონ საკუთარი კომპანიების წარმოებული კონდომები და შეამოწმონ, რამდენად კარგად მუშაობს ისინი ანალური სექსის დროს,” - ამბობს აარონ ზიგლერი, ეპიდემიოლოგი ემორის უნივერსტეტიდან, რომელიც კვლევის ხელმძღვანელი იყო. ამ კვლევის წყალობით მოიპოვა დაშვება კომპანიის პროდუქციამ ბაზარზე.
დეივინ ვედელმა, კომპანია Global Protection Corp-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ “ბევრ ადამიანს, სავარაუდოდ, არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ კონდომები ანალური სექსისთვის აქამდე არც იყო დამტკიცებული. F.D.A.-ს ეს ნებართვა კი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწოდებს მომხმარებლებს მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.”
მარეგულირებლის თქმით, აქამდე არსებული სტანდარტებით, ანალური სექსის დროს კონდომის დაზიანების მაჩვენებელი 5 პროცენტზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. აქამდე არსებული მტკიცებულებებით კი კონდომი ამ მაჩვენებელზე უფრო მეტად ზიანდებოდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია [W.H.O.] და ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები [C.D.C.] აქამდეც უწევდნენ რეკომენდაციას კონდომების გამოყენებას ანალური სექსის დროს, მაგრამ გამოდიოდა, რომ აქამდე ეს გამოყენება არ იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქცევა და არც პროდუქტებს ჰქონდა შესაბამისი ეტიკეტი.
ექიმ კენეტ მეიერის თქმით, რომელიც მასაჩუსეტსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მუშაობს და დიდი ხანია, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს მკურნალობს, კომპანიებს დიდი ხანია, არ შეეძლოთ კონდომის მარკეტინგი ანალური სექსისთვის გამოყენებისთვის, შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო.
“ძალიან კარგია, თუკი პაკეტი მოიცავს შესაბამის ეტიკეტს ანალური სექსის შესახებ და ეს ბევრ კომპანიას მისცემს მომავალში მისი მარკეტინგის შესაძლებლობას. გეი კონტენტის შემცველ სოციალურ მედიაში კონდომის რეკლამა არ არსებობს, ეს ახალი ამბავი კი წაახალისებს ამ კუთხით დისკუსიას,” - ამბობს ექიმი მეიერი.
“და საქმე მხოლოდ გეი კაცებს არ ეხებათ,” - ამბობს ექიმი მეიერი. “ანალური სექსი ჰეტეროსექსუალებსაც აქვთ და არ იციან, რომ შესაბამისი კონდომი არსებობს. ცნობიერება და ხილვადობა დაბალია, არც არავინ ფიქრობს ამ საკითხის წამოწევაზე.”
ანალური სექსის დროს კონდომის გამოყენება ბოლო წლებში შემცირდა, მას მერე, რაც გაჩნდა აბი PreP, რომელიც HIV-ის პრევენციისთვის გამოიყენება და რომელიც მომხმარებელმა ყოველდღე უნდა მიიღოს. C.D.C.-ის ეროვნული HIV ქცევითი კვლევიდან გამომდინარე, 2017 წელს კაცების 46 პროცენტი იყენებდა კონდომს კაცთან სექსის დროს. 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 28-40 პროცენტს შორის მერყეობდა.
მართალია, PreP ძალიან ეფექტურია H.I.V.-ის პრევენციისთვის, თუმცა, ხელმისაწვდომობა და ფასი ამ მედიკამენტთან მიმართებით ხშირად პრობლემაა.
“ეს პრობლემა ასი ათასობით ადამიანს ეხება,” - ამბობს ექიმი მეიერი, რომელიც იმ კვლევაში არ იყო ჩართული, რაზე დაყრდნობითაც F.D.A.-მ ნებართვა გასცა. “ეს კი ის ხალხია, ვინც სარგებელს მიიღებდა კონდომისგან.”
კონდომი ეფექტურია ისეთი დაავადებებისგან დაცვის თვალსაზრისითაც, როგორიცაა სიფილისი, რომელიც მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება.
შესაბამისი მონაცემების მოსაგროვებლად, რომელიც კომპანიას სჭირდებოდა ანალური სექსის დროს განკუთვნილი კონდომის ეტიკეტით დასამტკიცებლად, კომპანიის წარმომადგენლებმა კვლევის დიზაინის შედგენაში დახმარებისთვის ემორის უნივერსიტეტს მიმართეს, ელაპარაკნენ F.D.A.-საც და კვლევის დიზაინზე შეჯერდნენ.
კვლევა, რომელიც ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა დააფინანსა, ანალური სექსის დროს გამოსაყენებელი კონდომის კვლევის კუთხით ყველაზე დიდი იყო და ის 2016-2017 წლების განმავლობაში, მაისიდან მაისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევაში 504 კაცი იღებდა მონაწილეობას, რომელთა ნახევარს სექსი კაცებთან ჰქონდა, ხოლო ნახევარს - ქალებთან. ექიმ ზიგლერის თქმით, მკვლევარებმა არაერთ ზომას მიმართეს იმისთვის, რომ კვლევის შედეგები თანმიმდევრული და ზუსტი ყოფილიყო.
კვლევაში ჩართულ კაცებს კონდომის სწორად გამოყენებაც ასწავლეს, შემდეგ კონდომები მისცეს. ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, მათ ყოველდღე უნდა შეევსოთ კითხვარი, სადაც ინფორმაცია იქნებოდა იმაზე, ჰქონდათ თუ არა იმ დღეს სექსი და დაზიანდა [იგულისხმება გახევა ან სრიალი] თუ არა კონდომი. კვლევის პერიოდში, კვლევაში მონაწილეებს, კვლევის პერიოდში 2 351-ჯერ ჰქონდა ანალური და 2 533-ჯერ ვაგინალური სექსი.
ექიმ ზიგლერის თქმით, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ანალური სექსის დროს კონდომის დაზიანების დონე საკმარისად მცირე იქნებოდა იმითვის, რომ F.D.A.-ს მკაცრი სტანდარტი დაეკმაყოფილებინა, მაგრამ დაზიანების ასეთ მცირე მაჩვენებელს მაინც არ ელოდნენ.
კვლევის პერიოდში კონდომის დაზიანება ვაგინალური სექსის დროს 1.9 პროცენტი იყო, ხოლო ანალური სექსის დროს უფრო მცირე - 0.7 პროცენტი.
მკვლევარები ვაგინალური სექსის დროს კონდომის დაზინების უფრო მაღალ დონეს ლუბრიკანტების გამოყენებასაც უკავშირებენ. ლუბრიკანტის გამოყენება ანალური სექსის აბსოლუტურად ყველა აქტის დროს არის რედომენდებული, ხოლო ვაგინალური სექსის დროს - მხოლოდ “საჭიროების ან სურვილის შემთხვევაში.”
შესაბამისად, მათ, ვისაც ანალური სექსი ჰქონდა, ლუბრიკანტები 98 პროცენტ შემთხვევაში გამოყენეს, ხოლო ვაგინალური სექსის შემთხვევაში მხოლოდ 42-მა პროცენტმა გამოიყენა ლუბრიკანტი.
ლუბრიკანტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კვლევის შედეგებისთვის. F.D.A.-მ შესაბამის განცხადებაში ახსენა კიდეც, რომ ანალური სექსის დროს კონდომის გამოყენება “კონდომთან შესაბამის ლუბრიკანტთან არის მიზანშეწონილი.”
ექიმ ზიგლერის თქმით, დისკომფორტი ან სქესობრივად გადამდები დაავადებების გადაცემა 1 პროცენტზე ნაკლებ მონაწილეში აღირიცხა. შესაძლოა, ინფექციების გადადება მაშინ მოხდა, როცა კვლევაში მონაწილემ კონდომი არ გამოიყენა.
კვლევის დროს სამი სხვადასხვა ტიპის კონდომი გამოიყენეს - სტანდარტული ზომის, თხელი და კარგად მორგებული, რომლებიც 54 სხვადასხვა ქვეზომას მოიცავს. ყველა მონაწილეს თითოეული ტიპის ხუთ ცალ კონდომს აძლევდნენ, რაც 2-4 კვირის განმავლობაში უნდა გამოეყენებინათ. მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ კარგად მორგებული კონდომის შემთხვევაში დაზიანების რისკი ყველაზე დაბალი იყო, თუმცა, კონდომის სხვადასხვა ტიპებს შორის დაზიანებაში სხვაობა არ იყო. ექიმ ზიგლერის თქმით, ეს სავარაუდოდ იმიტომ მოხდა, რომ სამივე ტიპის კონდომის წარმოების სტანდარტი და გამძლეობის დონე საიმედო იყო.
ექიმმა ზიგლერმა, რომელიც PrEP-ის კვლევაში სპეციალიზდება, თქვა, რომ აინტერესებდათ, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია ანალური სექსის დროს გამოყენების შესახებ წაახალისებდა თუ არა უფრო მეტ კაცს მისი გამოყენებისკენ.
“ექნებოდა თუ არა ამას მნიშვნელობა? მოახდენდა თუ არა ეს გავლენას კონდომების გამოყენებაზე?” - აღნიშნა მან.
ამ კითხვაზე საპასუხოდ ჯგუფმა კვლევა ჩაატარა 10 000 ისეთ კაცში, რომლებსაც კაცთან ჰქონდათ სექსი. 69 პროცენტმა აღნიშა, რომ თუკი F.D.A. დაამტკიცებდა კონდომს სპეციფიურად ანალური სექსისთვის, ისინი უფრო აქტიურად გამოიყენებდნენ მას.
“საკითხი ისე არ უნდა იდგეს: კონდომი ვერსუს PrEP. ამ ორ სხვადასხვა საშუალებას სხვადასხვა სიკეთე მოაქვს. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ადამიანებს მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეთ,” - თქვა მან. “არც ერთი ცალკე საშუალება არაა უნივერსალური. თუკი ხალხამდე მივიტანთ ამ შესაძლებლობას და გავაგებინებთ სხვადასხვა საშუალების შესახებ, მნიშვნელოვნად დავიცავთ ადამიანებს იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსისგან [H.I.V.].”
ექიმ მეიერის თქმით, ეტიკეტზე ინფორმაციის დამატება უფრო შეუწყობს ხელს დამცავი საშუალებების გაჩენას.