2022-07-29

  • ენდომეტრიოზი - ძლიერი ტკივილი, რომელსაც სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ
  • ყოველი ათიდან ერთ ქალს ქრონიკული ენდომეტრიოზის ტკივილი ტანჯავს, მაგრამ თითქოს ამ სიმპტომებს ხშირად წავუყრუებთ ხოლმე. 

    და მაინც, რატომ გვტკივა?

     

    რატომ იწვევს ენდომეტრიოზი ასეთ მწვავე ტკივილს?

    ენდომეტრიოზი ერთმანეთთან დაკავშირებული სიმპტომების ერთობლიობაა. ყველა მათგანს ძლიერი ტკივილი აერთიანებს: მტკივნეული სექსი. ტკივილი მოშარდვის ან მუცლის მოძრაობის დროს. მენსტრუალური კოლტები, რომელიც ისეთ ტკივილს იწვევს, თითქოს დანით გსერავენ. ძლიერი ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში, - თითქოს შიგნით რაღაც შეიძრა. 

    ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის მუშაობა ფერხდება, ირევა ან სრულად შეკრულია. 

    ეს ყველაფერი ენდომეტრიოზს უკავშირდება, თუმცა, პაციენტებს და ექიმებს ისინი ჯანმრთელობის სხვა პრობლემებში ეშლებათ.

    ენდომეტრიოზი მაშინ ვითარდება, როდესაც საშვილოსნოს შიდა ქსოვილი - ენდომეტრიუმი,  მის გარეთაც “გამოდის” და როგორც წესი, მენჯში იწყებს ჩაზრდასა და განვითარებას. როდესაც ენდომეტრიოზის მქონე ქალს მენსტრუალური ციკლი აქვს, იგივე ბიოქიმიური პროცესები მენჯში ჩაზრდილ ქსოვილებშიც იწყებს მოქმედებას, რომელიც მწვავე ტკივილს იწვევს საშვილოსნოს გარეთაც, მენჯის არეში. 

    ენდოზმეტრიოზი ტკივილს მენსტრუაციებს შორის პერიოდებშიც იწვევს. 

    ენდომეტრიოზს საშვილოსნოს მილების გამტარობის შეზღუდვა შეუძლია, რომლის დროსაც მენსტრუალური სისხლი საშვილოსნოში გროვდება და ცისტებს, იგივე ენდომეტრიომებს, წარმოქმნის. იშვიათ შემთხვევებში, მსგავსი წარმონაქმნები იხევა, რაც მწვავე, ინტენსიურ ტკივილს იწვევს. ენდომეტრიოზი ხშირად იწვევს ქსოვილების ერთმანეთთან არასასურველ მიწებებას, ნაწიბურების წარმოქმნას, რის გამოც, ორგანოები შესაძლოა, ერთმანეთისკენ გადაიხაროს.

    ახალი კვლევებით მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, რა იწვევს ენდომეტრიოზს და რატომ არის ქალთა ერთი ნაწილი მეტად მოწყვლადი მის მიმართ, ვიდრე დანარჩენები. ეს კვლევა აჩვენებს შესაძლო კავშირს ენდომეტრიოზსა და ბავშვობაში მიღებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას შორის. 

    მეცნიერები იმ თეორიასაც უშვებენ, რომ შესაძლოა, ენდომეტრიოზი მემკვიდრეობითი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს: მართალია, ამ თეორიას ჯერ-ჯერობით მყარი მონაცემები არ უმაგრებს ზურგს, თუმცა, ექიმთა ნაწილი ფიქრობს, რომ საოჯახო ისტორია შესაძლოა იყოს ენდომეტრიოზის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი.

    ქალების ნაწილს ტკვილი პირველი მენსტრუაციის დროს - ცხოვრების ადრეულ ეტაპზე აქვს, ნაწილს - ეს მდგომარეობა უფრო გვიან უვითარდება. ენდომეტრიოზს განვითარების რამდენიმე ეტაპი აქვს, რომელსაც ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება აკლასიფიცირებს, როგორც მინიმალურ, უმნიშვნელო, საშუალო და მწვავე ფორმებად, მტკივანი ადგილის, ტკივილის ინტენსივობის, ხარისხისა და მენჯში ჩაზრდილი ენდომეტრიული უჯრედების მოცულობის მიხედვით.

    გინეკოლოგ მონიკა უოლ როზენის თქმით, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მუშაობს, ამბობს, რომ მწვავე ტკივილი ყოველთვის არ ნიშნავს ენდომეტრიოზის ყველაზე რთულ ფორმას. 

    “ზოგს მეოთხე სტადიის ენდომეტრიოზი აქვს, მაგრამ ტკივილი საერთოდ არ აწუხებს, მთელი ცხოვრება მსგავსი არაფერი ჰქონია,” - ამბობს ის. “ქალების ნაწილს ენდომეტრიოზის პირველი [თითქოს უფრო მსუბუქი] ეტაპი აქვს, მაგრამ მაინც საშინელი ტკივილი აწუხებს და საწოლიდან ვერ დგება.” 


    ტკივილი, რომელსაც ყურადღებაც არ ვაქცევთ

    მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები მენსტრუაციის დროს ტკივილებს აღწერენ და ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ექიმები, სანამ ენდომეტრიოზამდე მიაღწევენ, მიზეზს ხშირად სხვაგან ეძებენ. ხშირად ბევრი პაციენტი სიმპტომების გაჩენიდან მალევე ვერ იღებს შესაბამის მკურნალობას, ამბობს ექიმი ქეით ჰუანგი, ლანგონში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ენდომეტრიოზის ცენტრის დირექტორი. 

    მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ექიმების ცნობიერება დაბალია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვლინდება ეს დაავადება ან რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა; არადა, გასტროენტეროლოგიური პრობლემები შეიძლება ივარაუდონ, როგორც ენდომეტრიოზის პოტენციური წყარო. პაციენტები ხშირად თვითონ ანორმალიზებენ ენდომეტრიოზის ტკივილს და მას “მენსტრუაციის მომყოლ დისკომფორტად” მიიჩნევენ, რომელიც მასთან ერთად დამთავრდება. 

    “სანამ 28 წლის გავხდი, ყველა განსტროენტეროლოგი თუ გინეკოლოგი მეუბნებოდა, რომ ეს “ჩვეულებრვი მოვლენაა, ზოგს ასეთი რთული მენსტრუაცია აქვს,” - ამბობს ლინდსეი სორენსენი, რომელსაც ბევრი ტამპონი და ჰიგიენური საფენი დასჭირდა მენსტრუაციის დაწყებიდან - 14 წლიდან. 

    მის სორენსენი ახლა 38 წლისაა, და ერთხელ საწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს კიდეც, რადგან ციკლი სამსახურში დაეწყო და ცუდად გახდა. მისმა უფროსმა ის ჩანასახის მსგავს პოზაში, იატაკზე დაწოლილი, იპოვა. 

    მან მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ისეთი მწვავე ენდომეტრიოზი ჰქონდა, რომ  ენდომეტრიულ ქსოვილებს ნეკნის გალიისთვის მიეღწია, ხოლო მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის ორგანოები ლამის ერთმანეთისთვის მიეწებებინა. 

    “ერთ-ერთი ბარიერი ჩემთვის იყო ის, რომ როგორც ახალგაზრდა გოგოს, მეც მეუბნებოდნენ, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილი ჩვეულებრივი ამბავია,” - ამბოს ექიმი ჰუანგი. “სწორედ ეს მითი უნდა დავანგრიოთ - ტკივილი ნორმალური მოვლენა არ არის.”  

    ექიმ როზენის თქმით, ენდომეტრიოზი ტკივილებს იწვევს მენსტრუაციის არქონის პერიოდშიც, რაც კიდევ უფრო მეტად არის შეცდომაში შემყვანი, მისი რეალური წარმომავლობის შესწავლის და დიაგნოსტირების დროს. 


    როგორ მკურნალობენ ტკივილს მენსტრუაციის დროს?

    ექიმების თქმით, ენდომეტრიოზი დღესდღეისობით განუკურნებელ დაავადებად ითვლება, მაგრამ მისი მართვის რამდენიმე გზა არსებობს. 

    “ნებისმიერი ქალი, რომელსაც ტკივილი აქვს, შუალედური დიაგნოზი მაინც უნდა მიიღოს,” - ამბობს ექიმი ტომაზო ფალკონე, რომელიც კლივლენდის სამედიცინო კოლეჯის გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგ-ბიოლოგია. “ტკივილი სიგნალია, რომ რაღაც არასასურველი ხდება ჩვენს თავს.” 

    ენდომეტრიოზის ყველაზე ეფექტური დიაგნოზი ლაპარასკოპიით შეიძლება, რომლის დროსაც მცირე ზომის ჭრილობის საშუალებით, უფრო დეტალური დათვალიერების მიზნით, მუცლის ღრუში შედიან. ამ პროცედურის დროს, ექიმებმა, შესაძლოა, ქირურგიულად მოაცილონ კიდეც ენდომეტრიული უჯრედები. თუმცა, ექიმ ფალკონეს თქმით, პაციენტები დასაწყის ეტაპზე, ხშირად ერიდებიან ქირურგიულ ჩარევას, და ასეთ დროს ულტრაბგერითი კვლევით ან მაგნიტო-რეზონანსული კვლევით შეიძლება კისტებისა და ზედმეტი, არასაჭირო ქსოვილების აღმოჩენა.

    პაციენტებს ენდომეტრიოზის დიაგნოზით ხშირად უნიშნავენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს - აბებს, მისაწებებელ პაჩებს, ვაგინალურ ბეჭედს, ან ე.წ. სპირალს, რომელიც საშვილოსნოს შიგნით თავსდება. ჰორმონ პროგესტერონის შემცველი ეს საშუალებები ჰორმონ ესტროგენის კონცენტრაციას ამცირებს, ენდომეტრიული ქსოვილების ზრდას აფერხებს და ტკივილს ამცირებს.

    ეს კვლევა ამბობს, რომ აკუპუნქტურას ენდომეტრიოზის ტკივილის რეგულირება შეუძლია. ფიზიკური თერაპია, მათ შორის, მენჯის არეში, მოვლით ტკივილები ამცირებს. 

    “პაციენტებს მხოლოდ დანა [ქირურგიული ჩარევა] ან აბები კი არ უნდა შევთავაზოთ, არამედ სხვა საშუალებებიც გავაცნოთ,” - ამბობს ექიმი ფალკონე. 

    ზოგი კვლევა ამბობს, რომ ცხოვრების წესის ცვლილება ასევე ამცირებს ენდომეტრიულ ტკივილს. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგ ქალს ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ტკივილი შეუმცირდა მას მერე, რაც კვების რაციონიდან გლუტენი ამოიღო.

    ანთების საწინააღმდეგო საკვების, მათ შორის, ხილისა და ბოსტნეულის, ასევე შაქრისა და კოფეინის შემცირებამ, ასევე შესაძლოა, შეამციროს ტიკივილი. 

    სპეციალისტები ამბობენ, რომ თუკი ქალებს ენდომეტრიოზი აწუხებთ, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და სხვადასხვა აზრი მოისმინონ.

    “თუ თქვენი ექიმი სერიოზულად არ იღებს ტკივილს, ან ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ სხვაგან გადააქვს ყურადღება, აუცილებლად იპოვეთ ისეთი ექიმი, რომელიც მოგისმენთ,” - ამბობს ექიმი ჰუანგი.