ავტორი: ინდირა ევგენიძე
♦
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე, ისტორიული მნიშვნელობის მქონე, თრუსოს ხეობის დაცვაზე ანა გელაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, 2012 წლიდან, აქტიურად იბრძვის. ანასა და თრუსოს ხეობის უკეთ გასაცნობად, ყაზბეგში წავედი. შეხვედრა 24 აგვისტოს შედგა, თუმცა 2 თვით ადრე დაიგეგმა. შესაბამისად ამინდის განსაზღვრა თავიდანვე შეუძლებელი იყო.
ამინდის პროგნოზის აპლიკაციაში ძლიერი წვიმის შესახებ ინფორმაცია შეხვედრამდე 1 დღით ადრე გამოჩნდა, წვიმის დროს კი ხეობაში შესვლა ქვათა ცვენის გამო, საშიშია. მე და ანა შევთანხმდით, რომ ინტერვიუ მაინც შედგებოდა და წვიმის მიუხედავად, ხეობის 20 სოფლიდან სამს მაინც ვნახავდით.
თბილისიდან ყაზბეგამდე, მთელი გზა წვიმდა. ჩასულებს კარგი ამინდი დაგვხვდა და ისეთი კარგი ამინდი დადგა, რომ თრუსოს ხეობის სასაზღვრე ზონამდე [საზღვრის იქით, სოფელ ზაქაგორის შემდეგ სასაზღვრო ზონისა და ოკუპირებული ტერიტორიასთან სიახლოვის გამო, გადაადგილებისათვის საჭიროა სპეციალირი საშვი], ყველა კულტურული თუ ბუნების ძეგლი ვნახეთ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობის სასაზღვრო ზონა, რომლის გადაკვეთაც მხოლოდ სპეციალური საშვით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით არის შესაძლებელი | ფოტო: ინდირა ევგენიძე, კაქტუსი | 24.08.2024
გოგო, რომელმაც თავისი სახლის წინ ასფალტის გზა არ დააგებინა
ანა გელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და გარემოსდაცვითი აქტივისტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოდანაა. მისი მამა მოქანდაკე და ასევე ხეობის დამცველი იყო. ძმა რეინჯერია.
ანას ძველ სახლს სოფელ სნოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ძველი მოხევური სტილით - ჭაჭის ქვის მშრალი წყობით ააშენეს. სახლი მოგვიანებით ფუნითა და მიწით შეილესა. ანას სახლს ბანიც ჰქონდა, რომელიც შემდგომში მოშალეს. შენობა კარგად ინარჩუნებს ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი - სიგრილეს.
ანა თვლის, რომ ისტორიული ძეგლების იერსახეს ამახინჯებს ბეტონით გაკეთებული გზა, მაშინ, როდესაც ისედაც არსებობს ბუნებასთან ავთენტური გრუნტის გზა და მისი ზედმეტი ბეტონით მოპირკეთება აუცილებელი არაა. იმ გზაზე ტრანსპორტიც მარტივად გადაადგილდება.
2018 წელს სნოში მუნიციპალიტეტმა გზების დაგება დაიწყო. ანამ და მისმა ოჯახმა სახელმწიფოს უფლება არ მისცეს თავის ქუჩაზე ბეტონის გზა გაეკეთებინათ. ძველ გზას დღემდე ინარჩუნებენ. როდესაც ვკითხე, როგორ მოახერხა ეს ყოველივე, მიპასუხა: “ადგილობრივი ვარ, უფლება მაქვს არ მინდოდეს გზის ჩაბეტონება ჩემს სახლთან”. მიზეზი კიდევ არის ის, რომ სოფლის ეს ნაწილი არის ძველი, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და შენარჩუნება სჭირდება.
ანა გელაშვილის სახლი სოფელ სნოში, რომელიც ნაგებია ტრადიციული მოხევური სტილით. კადრში ასევე კარგად ჩანს ბეტონით მოპიკეთებული გზისა და მოხრეშილი გზის კონტრასტი | ფოტო: ანა გელაშვილი | 2.09.2024
“ლომეკი” - იგივე თერგი
ანამ 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლომეკი” დააარსა, რომელიც ხევის [ყაზბეგის მუნიციპალიტეტის] კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საკითხებზე მუშაობს. ანა ამბობს, რომ ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფი ხეობას 2012 წლიდან აკვირდებოდა, ხოლო ორგანიზაციის შექმნა საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.
“ექსპედიციებში გავიდა ცხოვრება, ასე მოვედით კვლევიდან აქტივიზმში,” - ამბობს ანა.
ორგანიზაციის სახელი “ლომეკი” მდინარე თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდებაა. თერგს პირიქით არაგვსაც უწოდებდნენ. თერგი ანუ ლომეკი, სათავეს თრუსოში, მთა სივრეტასა და უღელტეხილ ხელადურას მიდამოებში, იღებს. თრუსოში თერგს არაერთი შენაკადი ერთვის, როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით. ჩრდილოეთით მხრიდან - უფრო დიდი მდინარეები: სუატისის წყალი და მნის წყალი, რომლებიც სათავეს ხოხის ქედზე მდებარე მყინვარებიდან იღებენ.
ზაქაგორის კომპლექსიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კარგად ჩანს მდინარე სუატისისა და თერგის შეერთების ადგილი. სანამ სუატისისწყალი შეუერთდება, თერგი ძალიან პატარაა. სუატისის შეერთების შემდეგ კი “თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!”
სუატისისა და თერგის შეერთების ადგილი. ხედი კომპლექს ზაქაგორიდან | ფოტო: ინდირა ევგენიძე, კაქტუსი | 24.08.2024
ანას თქმით, მდინარე სუატისი, წინა წლებთან შედარებით, წელს გაცილებით წყალუხვია, რაც, მისი თქმით, მყინვარების დნობითა და კლიმატური ცვლილებების შედეგია.
“წელიწადის ამ დროს ასეთი წყალუხვი აღარ უნდა იყოს”, - ამბობს ანა.
ბიოლოგი და საზოგადოება ბუნების კონვერსაციისთვის “საბუკოს" დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი წერს თავის ნაშრომში “რეკომენდაციები თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებით,” თრუსოს დაცული ლანდშაფტი ერთადერთი ლოკაციაა, სადაც მდინარე თერგს მინიჭებული აქვს დაცული სტატუსი.
კლიმატის ცვლილებების გავლენა ძეგლებზე და სახელმწიფოს გულგრილობა
მიუხედავად იმისა, რომ თრუსოს ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსი უკვე ოთხი წელია მიენიჭა, ანა ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები თითქმის არ გადადგმულა, კულტურული ძეგლების მდგომარეობა კი დღითიდღე, ყოველ წელიწადს, უარესდება.
ნასოფლარი “კართსოფელი”. ფოტოზე გამოსახული კოშკი 2022 წლამდე დაუზიანებლად იდგა. ორი წლის შემდეგ, კოშკს ეტყობა დაზიანების კვალი - ნაპრალები და მონგრეული ნაწილები | ფოტო: “ლომეკი,” 2024 წელი
სტატუსის მინიჭების შემდეგ, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა არაკომერციული არამომგებიანი იურიდიული პირი - “თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრი,” რომლის მიზანი ამ ხეობისა და იქ არსებული კულტურული და ბუნებრივი ძეგლების დაცვაა.
“მუნიციპალიტეტში საკოორდინაციო საბჭოც შექმნეს ფორმალურად, მაგრამ საბჭოს არც ერთი წევრი არ არის არასამთავრობო ან სათემო ორგანიზაციიდან, არც საზოგადოების წევრებისგან [მიწის მესაკუთრეები, მეცხვარეები და სხვა].
თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის დამტკიცებული გეგმა არ არსებობს. 2020-2021 წლიდან ანა და მისი კოლეგები სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზეც აწვდიდნენ ინფორმაციას ყველა პრობლემაზე.
“რეკომენდაციები, რომელზეც “ლომეკმა” იმუშავა, მნიშვნელოვნად დაეხმარება მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში,” - ამბობს ანა.
ანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით კმაყოფილია. კულტურის სამინისტრო და მისი სააგენტო კი, მისი თქმით, უფრო პასიური იყო.
“უკუკავშირი მათგან არმიგვიღია, გარდა ერთი საპასუხო წერილისა. ქმედების დონეზეც არაფერი გაკეთებულა. სოფლებს მაინც აარიდონ საძოვრები, შემოღობონ მაინც, საქონელი რომ აღარ შევიდეს სოფლებში,” - ამბობს ანა.
დოკუმენტებში: მესამე და მეოთხე “ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი,” საერთოდ არ არის ნახსენები თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მეოთხე, ანუ ბოლო, ეროვნული შეტყობინება კლიმატზე 2020 წელს არის გამოცემული. მეხუთე შეტყობინება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.
თრუსოს ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსი 2021 წელს მიენიჭა. ანას თქმით, თრუსოს ხეობა მაშინ საერთოდ არ აღიქმებოდა პრობლემად სახელმწიფო უწყებებისთვის და შესაძლოა, ამიტომაც ამ მოხვდა ის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში.
“ღია გარემოში ძეგლებსა და მათი შემადგენელი მასალების მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურის, ფარდობითი სინოტივის, ნალექების, ქარის სიჩქარისა და მიმართულების ცვალებადობა. ძეგლის შიგნით მასზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი ფაქტორებია ტემპერატურისა და სინოტივის ცვლილება,”- ასე განმარტავენ მე-4 ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატის ცვლილებების გავლენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
კლიმატის ცვლილების მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში წერია, რომ კლიმატის სცენარების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა გაიზრდება.
ასეულობით წლიანი ისტორიის შემომნახველები, რომელთათვისაც ისტორია აღარ გრძელდება
თრუსოს ხეობაში არა მხოლოდ მიტოვებული სახლები და კოშკებია, დაცლილია სოფლებიც. ხეობა მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან, ნელ-ნელა, გაუკაცრიელდა. დღეს ხეობაში ორი მოქმედი მონასტერია სოფელ აბანოში: დედათა და მამათა.
თრუსოს ხეობის ნასოფლარებია: ადო/ახალსოფელი/ნოგყაუ, ზემო ოქროყანა, ქვემო ოქროყანა, შევარდენი, აგათყაუ, ქეთრისი/კეტრისი, აბანო, ზაქაგორი /ზაკაგორი, სუატისი/შუამთისი, ზემო დესი, ქვემო დესი, კართსოფელი/ხუძანი/კარატყაუ, ბურმახევი /ბურმასიგი /ჩალისფერი ციხე, სოფელი წოწოლთა /ცოცოლთა, ჯიმარა, გუსალთა, ტეფი, რესი, წილისი/სივრეტა და მნას ხეობა.
ნასოფლარი “ზაქაგორი” მდინარეების თერგისა და სუატისის შესართავთან | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 24.08.2024
სოფელ კობში ანასთან შეხვედრის შემდეგ, პირველად სოფელ ზემო ოქროყანაში - გუდიევების [მათი თავდაპირველი გვარი იყო გუდიაშვილი] ნასახლართან გავჩერდით. ის სამსართულიანი ტერასულ-ბანიანი მშრალი წყობით ნაშენი სახლია, მე-19 საუკუნეში ააშენეს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უძრავ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ანას თქმით, გუდიაშვილების სახლში ორი წლის წინ შესაძლებელი იყო შესვლა და დათვალიერება, მაგრამ ახლა ეს რისკისშემცველია. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და იქ შესვლა სახიფათოა. კლიმატური ცვლილებების, უკონტროლო ტურიზმისა და საძოვრების გამო, შენობები წლიდან წლამდე, უარეს მდგომარეობაში ვარდება.
დანგრევის პირას მყოფი, გუდიაშვილების/გუდიევების მე-19 საუკუნეში აგებული ნასახლარი. ის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობაა | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 24.08.2024.
“ჩვენი ერთ-ერთი წევრი ძეგლების მონიტორინგს 2012 წლიდან აქტიურად აკეთებდა. კვლევის ათმა წელმა გვაჩვენა, რომ ძალიან დიდი დანაკარგი იყო, ბოლი წლებში განსაკუთრებით. უმთავრესი აქ ისაა, რომ დაკარგულია დრო. კლიმატური პირობები თავისთავად და ვფიქრობდით, ასე ყურება, მხოლოდ მონიტორინგი, სენტიმენტალური განწყობები ვერ გადაწყვეტდა პრობლემას. ამიტომ, გავაკეთეთ გზამკვლევი და ახლა ძეგლებს აღვწერთ”.
ანამ და მისმა ჯგუფმა პირველად გამოსცა ხევის ტურისტული რუკა, სადაც დაიტანეს ისტორიული, დაკარგული ტოპონიმები, მათ შორის თრუსოს ხეობის, გააცნეს ეს მასალები ადგილობრივ მოსახლეობას. ანა და მისი კოლეგები ამჟამადაც აგრძელებენ თრუსოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების შესწავლა-აღრიცხვას და მათზე ციფრული ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამზადდებენ ვებ-გვერდსაც.
ოთხი წლის წინ, სუატისის ხეობაში, სოფელ სუატისიდან ჩრდილოეთით ოთხ კილომეტრზე, მდინარის მარჯვენა ნაპირის პირველ ტერასაზე, სასულიერო პირებმა, ნაეკლესიარი აღმოაჩინეს, რომელიც შემდგომ “ლომეკის” წევრებს აჩვენეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს საინტერესოდ მოეჩვენათ ამ დარბაზული ნაწილის ცალკე გამოყოფილი შენობა.
“ლომეკის” გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი ფიქრობს, რომ აქ იყო სოფელი, რომელსაც ღვარცოფმა გადაუარა და მხოლოდ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი შემორჩა.
სუატისის ხეობაში, სავარაუდოდ ღვარცოფით დაფარულ სოფელში გადარჩენილი ეკლესიის ნაწილი. არ იძებნება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაში | ფოტო: იაგო კაზალიკაშვილი, 2020 წელი
გეოლოგიური საფრთხეები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და თრუსოს ხეობაშიც ყველაზე დიდ საფრთხეს დღესაც ღვარცოფული ნაკადები წარმოადგენს, რასაც საქართველოს 2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენი ადასტურებს.
“ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ღვარცოფული ნაკადები. ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდინარე სნოსწყლის და მისი შენაკადების ხეობებში, დევდორაკი-ამალის, კისტინკას, ყუროს, ჩხერის, ქაბარჯინას, ბიდარას და თრუსოს ხეობაში,” - წერია დოკუმენტში.
ხეობის სტიქიურად აქტიურობაზე კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი მოწმობს. მნის ხეობაში მარცხენა ნაპირზე არის ნასოფლარი ქვემო მნა [გაგუათე], რომელშიც, არქივიდან ამოღებული მასალით, რომელიც თავმყრილია წიგნში “თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები” [ნინო შიოლაშვილი და სხვები] წერია, რომ სოფელს ზვავი 1867 წლის 7 დეკემბერს დაატყდა თავს. ამავე წლის ხევის უჩასტკის, კობის საბლაღოჩინოს წმინდა გიორგის ეკლესიის მეტრიკულ წიგნში, ზვავის ჩამოწოლის გამო, სოფელ გაგუათედან 18 გარდაცვლილი დაითვალეს.
წიგნში მკვლევარს აქვს მინაწერი, რომ “ჩანს, სოფელი გაგუანთა ზვავმა მთლიანად გაანადგურა, რადგან იგი აღარც კი იხსენიება შემდგომი წლების მეტრიკულ წიგნებში”.
აღნიშნულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით, მოსაზრებას იზიარებს “ლომეკის” მკვლევარი, გეოლოგი, იაგო კაზალიკაშვილიც.
მნის ხეობაში, 1867 წლის 7 დეკემბერს ზვავისგან განადგურებული ნასოფლარი, სოფელი “გაგუათე”. ნასოფლარი კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა ნუსხაშია | ფოტო:იაგო კაზალიკაშვილი, 2020 წელი.
უკონტრილო მემთაბარეობა და მისი გავლენა დაცულ ლანდშაფტზე
ხეობაში შესვლიდან, მალევე შევამჩნიე ფერდობებზე გაშლილი ცხვარი, ძროხები, ცხენები, ვირები და ინდაურებიც კი. გუდიაშვილების ნასახლარის უშუალოდ ეზოში იყვნენ ხბოები: ტერიტორიას საძოვრებისთვის იყენებდნენ. გზად შეგვხვდა ბაზრობა და მემთეურების კარვები.
ანას თქმით, მესაქონლეებისა და მწყემსების საქმიანობა ხეობაში არ კონტროლდება, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია კულტურული მემკვიდრეობისა და ფერდობებისთვის, რომლებიც ეროზირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ უკონტროლო ძოვებაა.
“ზაფხულობით აქ საცხოვრებელი ადგილები ეწყობა. მემთეურები ჩამოდიან და ძეგლებში ბინების მოწყობას არ ერიდებიან თუ სოფლებში არა, მათ სიახლოვეს მაინც და გვაქვს ფოტო-მასალა, როდესაც პირუტყვის გამო დანგრეულა ძეგლი,” - ამბობს ანა.
აღნიშნულ პრობლემას კულტურის სამინისტრო 2021 წელს ანას და მისი თანამოაზრეების მიერ გაგზავნილი წერილის პასუხში აღიარებს.
“რადგან თრუსოში მოსახლეობა აღარაა, მომთაბარე მწყემსები ნასოფლარებს იყენებენ დროებით საცხოვრებლად და საქონლის სადგომებად, რაც, თავისთავად, საფრთხის შემცველია აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტებისთვის”, - აღნიშნულია ანას წერილზე პასუხში სამინისტროსგან.
2021 წელს, “ლომეკთან” და ადგილობრივ თემატურ ჯგუფებთან მუშაობის შედეგად, შემუშავდა სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც თრუსოს დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტისთვის მეცნიერების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გასცემს. მართვის გეგმაში ერთ-ერთი თემაა “საძოვრების მართვა დაცულ ტერიტორიებზე,” რომელზეც ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” წევრმა კახა არცივაძემ იმუშავა.
“შედარებით ინტენსიური ძოვება ფიქსირდება თრუსოს დაცული ლანდშაფტის ვაკე მონაკვეთებსა და მიმდებარე ფერდობებზე. შედეგად, აგვისტოს თვეში, ამ უბნებზე, სახეზეა ბალახოვანი საფარის შემცირებისა და ეროზიის ნიშნები. უშუალოდ თრუსოს დაცული ლანდშაფტისა და ეროვნული პარკის საზღვარზე საქონლის ძოვება ატარებს სრულიად უწესრიგო ხასიათს”, - აღნიშნავს ნაშრომში კახა არცივაძე.
უკონტროლო მემთაბარეობისგან გამოწვეული ეროზია ფერდობებზე | 24.08.2024 | ფოტო: ინდირა ევგენიძე
თრუსოს ხეობა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე ხოხის ქედს შორისაა მოქცეული. თრუსოს ხეობა უნიკალურია თავისი ჰაბიტატით, მას 2021 წელს დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა, სადაც ბუნების სამი ძეგლია: თრუსოს ტრავერტინები, აბანოს ტბა [იგივე “ბუყბუყა” ტბა] და ქეთრისის მინერალური ვოკლუოზი, რომლებიც დაცულია წითელი ნუსხით.
ასევე, ხეობაში გვხვდება X-საუკუნით დათარიღებული მთავარანგელოზთა ეკლესია და სოფელ მნაში, ძველ სასაფლაოზე მდებარე X-XI საუკუნის წმინდა მარიამის ეკლესია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ასევე XVII-XVIII საუკუნის კოშკები, რომლთაგანაც ნაწილს აქვს ძეგლის სტატუსი.
ბუნების ძეგლებს იცავს და განკარგავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობება, ხოლო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე პასუხისმგებლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - ეკისრება.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] მიერ აღიარებულია დაცული ტერიტორიების მმართველობის 4 ტიპი: მმართველობა მთავრობის მიერ, თანამმართველობა, კერძო მმართველობა და სათემო მმართველობა.
“საქართველოში, ძირითადად, გვაქვს პირველი ტიპი – მმართველობა მთავრობის მიერ და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორია, სადაც კანონით იქნა დაშვებული მმართველობის მეორე ტიპის – თანამმართველობის ელემენტები [საბჭოები], იყო თრუსოს დაცული ლანდშაფტი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დაცული ტერიტორიების მმართველობის ეს მიმართულება არ არის სათანადოდ განვითარებული”, - წერს ბიოლოგი და ბუნების კონსერცავიის ორგანიზაცია “საბუკოს” დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი, ნაშრომში “რეკომენდაციები თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებით.”
2023 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული 12 წევრიანი წარმომადგენლობითი ორგანო/საბჭო დაამტკიცა. საბჭოს წევრებიდან 5 საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირია, 3 მერიის თანამშრიმელი. არცერთი წევრი არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის ან სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
საბჭოს წევრები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი და თეონა ქარჩავა - ამავე სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების პოლიტიკის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
როგორც თრუსოს დაცული ლანდშაფთის წარმომადგენლობითი ორგანოს [საბჭოს] დებულებაშია აღნიშნული, საბჭოს სხდომა მოიწვევა უშუალოდ მისი თავმჯდომარის ინიციატივით, თუკი იგი ჩათვლის საჭიროდ აღნიშნულს, ან მინიმუმ, საბჭოს სამი წევრის მოთხოვნით.
ანა გელაშვილის თქმით, კარგია, რომ თრუსოს დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ შესაბამისი კანონის აღსრულება არ ხდება.
კულტურის სამინისტროს თრუსოს ყველა ძეგლი არ შეუსწავლია
ამ ეტაპზე თრუსოში “ლომეკის” მიერ აღნუსხულია კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე 74 ობიექტი, ხოლო უფრო ნაკლები - 52 აღნუსხა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კი მინიჭებული აქვს მხოლოდ 24 ობიექტს [2022 წლის 24 იანვარს კულტურის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად]. მათ შორის, ერთს - ზაქაგორის კოშკების კომპლექსი გალავნით - განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
როგორც ანა ამბობს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ არ არის აღნუსხული შემდეგი ძეგლები: სუატის ხეობაში ეკლესია და კოშკი, კოშკი სოფელ მნაში, უცნობი პეტროგლიფი [ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება] სოფელ ქეთრისთან და სხვა.
თრუსოს ბუნების ძეგლები
აბანო - რომელიც დღეს თრუსოს ხეობის ერთ-ერთ სოფელს ჰქვია, წარსულში მთელი ხეობის სახელი იყო. თრუსოში მდებარე სამ ბუნების ძეგლს ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს.
ზრდაშეწყვეტილი, ძველი, ტრავერტინები | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 24.08.2024
“ნეტავ რა არის ეს ‘ფერადი ველი?’ - გავიფიქრე პირველად, როდესაც თრუსოს ტრავერტინები შევამჩნიე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრი მხარე მომივლია, ეს იყო ლანდშაფტი, რომლის მსგავსიც აქამდე არსად მენახა. როდესაც მივუახლოვდი, კიდევ უფრო გამაოცა ტრავერტინებზე მოლივლივე წყალმა, რომელიც შორიდან არ ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ტრავერტინები სწორედ ამ მინერალური წყლებით საზრდოობენ და სწორედ მათ მიერ დალექილ მინერალებს წარმოადგენენ.
ბუნების ეს ძეგლი დღეს კვდება: ფოტოზე აღნიშნული შავი ფერი, სწორედ მკვდარი ტრავერტინებია, რომლებიც საკმარისი მინერალებით ვეღარ იკვებებიან.
ბიოლოგი ირაკლი მაჭარაშვილი, თავის ნაშრომში “რეკომენდაციები თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებით” წერს, რომ ტრავერტინებთან დაკავშირებით არის პრობლემა, რადგან სამანქანო გზა გადის უშუალოდ ძეგლზე და მუდმივად აზიანებს მას. ასევე ტრავერტინებს ზიანს აყენებენ ვიზიტორები, რომლებიც ტრავერტინებზე გადაადგილდებიან და როგორც ჩანს, მისი ფრაგმენტები სუვენირების სახითაც მიაქვთ. ასევე, ირაკლი ტრავერტინების დაშლას ხეობაში ნახშირმჟავა გაზის ჭაბურღილის მოაწყობასაც უკავშირებს, რადგან პროცესი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
2024 წლის 24 აგვისტოს თვალხილული იყო ტრავერტინებზე ცხოველების გადაადგილების კვალი და მათი ექსკრემენტებიც.
ქეთრისის მინერალური ვოკლუზი | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 24.08.2024
ტრავერტინებს რომ გავცდით, კიდევ ერთმა ფერადოვნებამ მიიქცია ჩემი ყურადღება: მოწითალო წყარომ. ამის დანახვისას მივხვდი, რომ საქმე მინერალურ წყაროსთან მქონდა, ამ ფერის შექმნა სწორედ წყალში შემავალი მინერალების დამსახურებაა. პირველად ვნახე ამგვარ წყაროზე, ვინმეს წისქვილების კასკადი მოეწყოს.
წისქვილები ამჟამად არ ფუნქციონირებს: მათგან ნანგრევებიღაა დარჩენილი. წყაროს “ქეთრისის მინერალური ვოკლუზი” ჰქვია, რადგან სწორედ ნასოფლარ ქეთრისთან მდებარეობს და მისგან წარმოქმნილ მდინარესაც ქეთრისი ქვია. მე, როგორც მინერალური წყლების მოყვარულმა, რა თქმა უნდა, ქეთრისიც გავსინჯე: სათავიდან პეშვით დავლიე და ძალიან მომეწონა.
აბანო, “ბუყბუყა” ტბა | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 24.08.2024
ბუნების ძეგლი სახელით - “ბუყბუყა” - ეს ტბაც მინერალურია. მინერალების წყალობით, ის დუღილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას შემდეგ, რაც თრუსოს ხეობაში ნახშირმჟავა აირის ჭაბურღილი მოაწყვეს, ბიოლოგ ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ტბამ “მკვებავი გაზი” დაკარგა. მისი ვიზუალური დუღილის ეფექტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჭაბურღილამდე იყო. დღეს ჭაბურღილი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა მან უკვე დაატყო უარყოფითი კვალი ბუნების ამ ძეგლს.