მთავარი ფოტო © ბადღათის მუნიციპალიტეტი
♦
სტატიის ავტორი: ინდირა ევგენიძე
♦
საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ სტიქიებთან გასამკლავებლად. მათ უმეტესობას თეორიული წარმოდგენა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემებზე, არ აქვთ დამონტაჟებული შესაბამისი ტექნოლოგიები და არ ჰყავთ მომზადებული კადრები, რომლებიც ამ სიტუაციას მართავენ.
ბუნებრივი სტიქიების მართვის პროცესი საქართველოში ცენტრალიზებულია. რეგიონული მუნიციპალიტეტები თუ თვითმმართველი ქალაქები ცენტრიდან - თბილისიდან - მოწოდებულ მონაცემებსა და ცოდნაზე არიან დამოკიდებულნი. დედაქალაქიდან მიწოდებული მონაცემები კი, თავის მხრივ, ნაკლულია.
ხანძრის ჩაქრობის პროცესი ბორჯომში, ორი წლის წინ. მაშინაც, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ხანძრების შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტს ცენტრალური მთავრობა დაეხმარა | 26/08/2022 | ფოტო © შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის პროცესში, პრევენცია უფრო იაფია, ვიდრე უკვე გაჩენილი დაავადების მკურნალობა. პირველადი ჯანდაცვის უფრო განვითარებით, სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა და მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება.
სტიქიური ბუნებრივი მოვლენების მართვაშიც, უფრო ზუსტი პროგნოზირებით, ნაკლებია დაღუპული ადამიანების რაოდენობაც და საკომპენსაციოდ გაწეული ხარჯებიც მცირდება.
იმის გამო, რომ ადრეული შეტყობინების სისტემა მთელი საქართველოს მასშტაბით აწყობილი არ არის, მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ მილიონობით ლარის დახარჯვა უწევთ ზარალის ასანაზღაურებლად.
♦
გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] საქართველოს მთავრობას ეხმარება, რომ უფრო მეტად იყოს მომზადებული ბუნებრივი სტიქიების მიმართ. პროექტი გულისხმობს ადრეული შეტყობინების სისტემის ტექნოლოგიის დამონტაჟებას, მათი სისტემაში შეერთებას და როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ცნობიერების ამაღლებას.
გაეროს განვითარების პროგრამის თბილისის ოფისში “კაქტუსს” უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტების ცნობიერება და მზაობა სტიქიების მართვასა და ადრეული შეტყობინებების სისტემაზე დაბალია.
პროექტის Multi Hazard Early Warning ფარგლებში, მუნიციპალიტეტებისთვის ნაყიდია ადრეული შეტყობინების სისტემის ტექნოლოგიის ნაწილი. ნაწილი დამონტაჟებულია და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ნაწილი - ჯერ დამონტაჟებული არ არის.
ჰიდრომეტეოროლოგიური ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება არ ნიშნავს, რომ ის გამართულად მუშაობს ან შეერთებულია ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების ქსელში და განგაშის ატეხა შეუძლია.
ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხანისწყლის ნაპირზე - იწმინდება ხანისწყლის კალაპოტი და ეწყობა დამცავი გაბიონები | 25/07/2024 | ფოტო © ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია
მაძებარი/მაძველი ძაღლი შოვში, დაკარგული ადამიანების ძებნის პროცესში | 9/08/2023 | ფოტო © შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თვითმმართველი ქალაქი თბილისი
საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქიდან, დედაქალაქი თბილისი ერთ-ერთია.
30 მაისს თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რაც განსაკუთრებით ინტენსიური იყო დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხეები.
“სოციალურ ქსელებში და რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს,” - გამოქვეყნდა პოსტი მერიის FB გვერდზე, 30 მაისის ღამეს. - “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.”
პოსტის მაილუსტრირებელი ერთ-ერთი ფოტო-მტკიცებულება | 30/05/2024 | © თბილისის მერია
ამ პოსტიდან ორი დღით ადრე, - 28 მაისს, მერიისვე FB გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოქვეყნდა სტიქიების მართვაზე.
“ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება. ბოლო დღეებში, ძლიერი წვიმის დროს, დედაქალაქში ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს ადიდებული იყო მდინარე ვერე. ჩვენ ვაკვირდებით მდინარის კალაპოტის ცვლილებას და ვატარებთ შესაბამის ღონისძიებას.”
ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, თბილისის მერიამ ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო. გამოსახულება ასახავს ცხაურის წმენდის პროცესს, მდინარის ჩამოტანილი ხის ტოტებისა და სხვა მასალისგან | 28/05/2024 | ფოტო © თბილისის მერია
მიმდინარე წლის 6 ივნისს “კაქტუსმა” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობით, ჰკითხა, ჰქონდა თუ არა დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, სტიქიების შემთხვევაში.
ამ წერილზე მერიიდან 21 ივნისს, დაგვიანებით, გვიპასუხეს: “გაცნობებთ, რომ ინფორმაცია გამოთხოვილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან და პასუხის მიღებისთანავე გამოგეგზავნებათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.”
ამ წერილზე მერიისგან პასუხი “კაქტუსს” დღემდე არ მიუღია.
ინფორმირებულმა წყარომ კი გვაცნობა, რომ თბილისის მერიას აქვს შემუშავებული საგანგებო სიტუაციების მართვის draft გეგმა, მაგრამ ეს დოკუმენტი საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია.
ონში საბავშვო ბაღი შენდება
ონის მუნიციპალიტეტის მერიას, შოვის შემდეგ და მისდა მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა ჯერ დამტკიცებული არ აქვს.
“გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა და დასრულებულივერსია იქნება 1 ოქტომბრისთვის,” - გვიპასუხეს ონის მერიიდან.
ამ მნიშვნელოვანი გეგმის არარსებობის და შარშან მომხდარი სტიქიის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტში, ღვარცოფული მდინარის ხეობაში, საბავშვო ბაღი შენდება.
მიმდინარე წლის ივლისში, სამეცნიერო საველე გასვლის ადგილიდან, თეა გოდოლაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, მდინარე ღარულას ხეობაში, საბავშვო ბაღი შენდებოდა.
ეს ინფორმაცია “კაქტუსს” ონის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილობით დაუდასტურეს.
“თქვენი მიმდინარე წლის 11 ივლისის წერილის პასუხად, გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.”
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ “მდინარე ღარულაზე ჩატარდა კაპიტალური ნაპირსამაგრი სამუშაოები და მოეწყო რკინა- ბეტონის დამცავი ნაგებობა, რომელიც დაიცავს სამშენებლო ტერიტორიას.”
მერიის განცხადებით, “პროექტის დამუშავების პროცესში, ჩატარდა ტერიტორიის გეოლოგიური შემოწმება, რის შედეგადაც გაიცა დადებითი გეოლოგიური დასკვნა. ხსენებული ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ე. წ. „დიზაინ ბილდი“-ს მეთოდით [პროექტირება და მშენებლობა ერთდროულად, -
მშენებლობის პროცესში ხდება პროექტის დაზუსტება].“ბაღის მშენებლობის გადაწყვეტილება და ტერიტორიის შერჩევა მოხდა მოსახლეობის მოთხოვნისა და მათთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე. ონის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება ბაღის ოპერირებისთვის აუცილებელი შესაბამისი რეგულაციების დადგენა და დაცვა.”
ადრეული გაფრთხილების სისტემა
ადრეული [წინასწარი] შეტყობინების სისტემა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ზემოკლე [რამდენიმე საათი], მოკლე [1 დღე-ღამე], საშუალო [3 დღე-ღამე] ან გრძელვადიანი [3 დღე-ღამეზე მეტი) წინსწრებით გაფრთხილებების გაცემას გულისხმობს.
ადრეული შეტყობინება წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა სახის ინფორმაციული პროდუქტების და მონაცემების, მაგალითად: ამინდის პროგნოზების რიცხვითი მოდელების, სინოპტიკური რუკების, ჰიდროლოგიური მოდელების, სატელიტური, რადარული და სხვა სახის დაკვირვების მონაცემების ანალიზს.
სწრაფად განვითარებადი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორებიცაა კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, მეწყერი ღვარცოფი და ამ ტიპის მოვლენებისგან რისკების, განსაკუთრებით ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილება/შერბილება მხოლოდ განგაშის სისტემებით არის შესაძლებელი, რომლებიც სტიქიის დაწყების შემდეგ რეაგირებენ და რისკის ქვეშ არსებულ ობიექტებზე ავტომატურად, ხმოვან სიგნალებს გამოსცემენ.
შეისყიდეს. ნაწილი დაამონტაჟეს. მაგრამ შეერთებულია თუ არა განგაშის სისტემას?
"ეს პროცესი გრძელდება," - განაცხადა ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შარშან, შოვის სტიქიური მოვლენის შემდეგ მედიასთან. - “150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი, რომელთა ნაწილი უკვე დამონტაჟებულია”.
ჰიდრომეტეოროლოგიური ტექნოლოგოების დამონტაჟება არ ნიშნავს, რომ ისინი მუშაობს ან შეერთებულია ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების ქსელს, სადაც მნიშვნელოვანი რგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კლიმატის მწვანე ფონდის დახმარებით, 2021 წლიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოს შეძენილი აქვს: 10 თოვლის მეტეოროლოგიური სადგური; 12 მეტეოროლოგიური სადგური; 73 მეტეოროლოგიური საგუშაგო, 44 ჰიდროლოგიური საგუშაგო და 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური, - სულ 154 ერთეული ტექნიკა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის14 მარტის მდგომარეობით, დამონტაჟებული იყო 90 ერთეული ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურ/საგუშაგო და მიმდინარეობს მათი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო სისტემაში ინტეგრირების პროცესი. გარემოს ეროვნული სააგენტოში თავი აარიდეს პირდაპირ პასუხს კითხვაზე, შეერთებულია თუ არა 90-ივე დაინსტალირებული სადგური განგაშის სისტემას.
რეგიონული მუნიციპალიტეტების ცნობიერება და მზადყოფნა
“კაქტუსმა” მცირე, დამოუკიდებელი, კვლევა ჩაატარა იმაზე, თუ როგორია მუნიციპალიტეტების ცნობიერება ადრეული გაფრთილების შეტყობინებების სისტემების შესახებ საქართველოში.
კვლევის ფარგლებში, საქართველოს 13 მუნიციპალიტეტი ავარჩიეთ, რომლებიც ბუნებრივი კატაკლიზმების თვალსაზრისით მაღალი რისკის ზონაში არიან [ონი, ბაღდათი, ხულო, ქედა, შუახევი, მესტია, დუშეთი, საჩხერე, ლეჩხუმი, ოზურგეთი, ხელვაჩაური, ცაგერი და ახმეტა].
ყველა მათგანს გავუგზავნეთ იდენტური კითხვა და ვთხოვეთ აღწერათ, მათი ინფორმაციით და გამოცდილებით, რა არის ადრეული შეტყობინების სისტემა და როგორ მუშაობს ის მათ რეალობაში. რეგიონული მუნიციპალიტეტების ნაწილმა გვიპასუხა წერილობით, სატელეფონო ინტერვიუთი ან/და ორივე ფორმით, ნაწილმა - წერილიც უპასუხოდ დატოვა.
ყველაზე მომზადებული და ამ მხრივ გამოცდილი ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებს შორის მესტია აღმოჩნდა.
მესტიის მუნიციპალიტეტი
ლალი გულედანმა, მესტიის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტეტურული სამსახურის უფროსმა, “კაქტუსს” უთხრა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემში, ადრეული გაფრთხილების/განგაშის სისტემა დამონტაჟდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს.
გულედანის თქმით, სატესტო რეჟიმში მოწყობილობამ მუშაობა 2023 წლის შემოდგომიდან დაიწყო. კითხვაზე, აქამდე ამუშავებულა თუ არა განგაშის სიგნალი რომელიმე საფრთხეზე, ლალიმ გვიპასუხა, რომ [მიმდინარე წლის 7 მარტის ჩათვლით], განგაშის სიგნალი არ ამუშავებულა.
“როგორც კი დასკვნა დაიდება [დასკვნა], რომ კარგია [ტექნოლოგია] და ვარგა, ოფიციალურად ჩაერთვება სისტემაში”.
მისივე თქმით, ადრეული შეტყობინების სისტემები უშგულისა და ეცერის თემშიც დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტს სამივე ლოკაციაზე ადრეული გაფრთხილების სისტემის მოწყობაში გერმანელი მეცნიერები, კერძოდ, ფრაიბერგის სამთო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, დაეხმარა და ადრეული შეტყობინების სისტემები უსასყიდლოდ, “საჩუქრად” დაუმონტაჟა.
სისტემა, მისი თქმით, "სავარაუდოდ, ისე იმუშავებს, როგორც მყინვარ დევდორაკზე მოწყობილი სისტემა."
“ადრეული შეტყობინების სისტემებზე მუშაობა 2021 წლიდან გვაქვს დაწყებული. ჩვენი რეგიონი რთული რელიეფით და მკაცრი პირობებით გამოირჩევა, ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, გვჭირდება ადრეული გაფრთხილების სისტემები. სწორედ ამიტომ გვყავდა მოწვეული გეოლოგების ჯგუფი, სპეციალისტები გერმანიიდან. მათ შეისწავლეს სამი ლოკაცია: ლენჯერის, უშგულისა და ეცერის - თემებში. სატესტო რეჟიმში მომუშავე განგაშის სისტემისგან ამ ეტაპზე ინფორმაციას იღებენ გერმანელი გეოლოგები, რომლებიც სამინისტროსაც აწვდიან მონაცემებს,” - ამბობს გულედანი.
მესტიის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხში ვკითხულობთ:
“გერმანელი სპეციალისტების აზრით, გაფრთხილების სისტემების მოწყობა ასევე აუცილებელია მულახის თემის სოფელ ჟაბეშის ტერიტორიაზეც, რომელიც აქტიური მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გამო მაღალი რისკის ქვეშაა."
მონაცემებით, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “კაქტუსს” გაუზიარა, Მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურთან, დამონტაჟებულია 1 მეტეოროლოგიური სადგური, 3 მეტეოროლოგიური საგუშაგო და 1 ჰიდროლოგიური სადგური.
გულედანის თქმით, ადრეული გაფრთხილების სისტემის მოწყობის ინიციატივა მესტიის მუნიციპალიტატმა თავად, უწყებებისგან დამოუკიდებლად, გამოიჩინა და მოიწვია ექსპერტები გერმანიიდან. მსგავსად მოიქცა მაშინაც, როცა ზვავების მართვისა და სტიქიების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გეგმის შესადგენად “გეოგრაფიკი” დაიქირავა. მუნიციპალიტეტს მხოლოდ გეგმის შედგენა 485 000 ლარი დაუჯდა.
ლალიმ გვითხრა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, გეგმის შესასრულებლად საჭირო 31 მილიონის ლარის მოსაპოვებლად.
“უშუალოდ ზვავებზე წელს დავასრულეთ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ეს გეგმაც მესტიის მუნიციპალიტეტის ინიციატივით გაკეთდა და თანხაც მუნიციპალიტეტმა გადაიხადა, გეგმის შედგენისას. გარემოს დაცვის სამინისტრო შემდეგ უკვე ღონისძიებების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები ძალიან დიდი თანხა ჯდება. სწორედ ამაზე ჰქონდა მერს ორი შეხვედრა სამინისტროში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში,” - ამბობს ლალი გულედანი.
მისი თქმით, “გეოგრაფიკის” დავალება მხოლოდ ზვავსაშიში ადგილების დადგენა არ არის.
“იგულისხმება შემდეგი ღონისძიებები: ზვავი რომ წამოვიდეს, მოსახლეობა მინიმალურად უნდა დააზიანოს. მთავრობის მხარდაჭერა გვჭირდება, გვპირდებიან და იმედი მაქვს, გაკეთდება კიდევაც”, - ამბობს ლალი გულედანი.
ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოგვწერეს, რომ თბილისიდან მიწოდებული ინფორმაცია არ არის მათთვის საკმარისი ან პრაქტიკულად გამოსადეგი.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული გაფრთხილებების სივრცული გარჩევადობა, უმეტეს შემთხვევაში, არ არის მაღალი. არ არის მითითებული კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც შეიძლება განვითარდეს სტიქიური მოვლენა, რაც ხელს გვიშლის უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვა/გატარებაში”.
2024 წლის 6 თებერვალს, ქედის მუნიციპალიტეტში, მეწყრის ჩამოწოლის დროს, დაიღუპა 1 ადამიანი.
ქედა, სტიქის ზონა | 6/02/2024 | ფოტო © ქედის მუნიციპალიტეტის მერია
ოზურგეთის, Ხელვაჩაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის წერილზე არ გვიპასუხა.
“ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებით, უშუალოდ მე არაფერი ვიცი”, - გვითხრა პაატა ქათამაძემ, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსია. ქათამაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მერიაში შესაბამის სამსახურებთან კოორდინირების შემდეგ, წერილობით გვიპასუხებდა კითხვაზე, თუ როგორია მერიის დეფინიცია ადრეული გაფრთხილების სისტემაზე.
შუახევის მერიისგან გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციის პასუხში აღნიშნულია, რომ “ადრეული შეტყობინების სისტემა კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის პროაქტიული მიდგომაა, რომელიც მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას”.
ბაღდათის მუნიციპლიტეტის მერიამ მოგვწერა, რომ “ადრეული შეტყობინების სისტემასთან შეხება არ ჰქონიათ და შესაბამისად, არ აქვთ გამოცდილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”.
მიმდინარე წლის 7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნერგეეთი | 2024 წლის 7 თებერვალი | ფოტო © შინაგან საქმეთა სამინისტრო
2023 წლის 8 სექტემბერს, გურიის რეგიონში, უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, რომელიც გურიის რეგიონს ეკუთვნის, გვაცნობა, რომ “ადრეული შეტყობინების სისტემა მუნიციპალიტეტში არ არსებობს. არ გვაქვს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება”.
გურია, სტიქიის ზონა | 8/09/2023| ფოტო © შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოთხოვნის მიუხედავად, დაზუსტებებს თავი აარიდა და მოგვწერა, “საჩხერის მუნიციპალიტეტი გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების თავიდან ასარიდებლად, რაც, ძირითადად, გამოიხატება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში”.
დუშეთის მერიამ ადრეული შეტყობინებების დეფინიცია შემდეგნაირად განმარტა: “შემუშავდეს და დაინერგოს კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის პროაქტიული მიდგომა, რომელიც მრავლობითი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ყველა სექტორში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით, ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას.”
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვწერა, რომ “ადრეულ გაფრთხილებაში იგულისხმება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსალოდნელი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილებების მიღება”.
მოკლე პასუხი გაგვცა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ. ახმეტის მერიის დეფინიცია - “ადრეული შეტყობინების სისტემის მეშვეობით შესაძლებელია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფული რისკების შემცირება”.
ქედის მუნიციპალიტეტმა მოგვწერა: “მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან რეგულარულად, ერთი ან რამდენიმე დღის წინსწრებით, იღებს გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური [ძლიერი ნალექები, წყალდიდობა-წყალმოვარდნები, ძლიერი ქარები, თოვლის ზვავები და სხვა] მოვლენების შესახებ”.
რას აკეთებენ მუნიციპალიტეტები სტიქიური მოვლენების სიტუაციების ზიანის შესამცირებლად
საკვლევი მუნიციპალიტეტების უმეტესი ნაწილისგან მივიღეთ ერთმანეთის მსგავსი პასუხები, რომ სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად "შენდება ჯებირები, გაბიონები, ფერდსამაგრი კედლები, სანიაღვრე სისტემები" და ასე შემდეგ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ "ბუნებრივი სტიქიური მოვლენების სიტუაციების თავიდან არიდების მიზნით, სავარაუდო რისკის ზონებთან დაკავშირებით შესწავლისათვის ინფორმაცია ეგზავნება სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს". მუნიციპალიტეტის მხრიდან რა ღონისძიებები ტარდება, - რაც ჩვენი კითხვა იყო, - არაფერი უხსენებიათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ადრეული შეტყობინების სისტემის მონტაჟი ე.წ. „გვესოს მეწყრის“ ზონაში. სტიქიური მოვლენების, კერძოდ, წყალდიდობის შემთხვევაში ზიანის თავიდან ასაცილებლად, მდინარე ლაჯანურის და მდინარე ცხენისწყლის ნაპირებზე მრავალ ადგილას მოეწყო ფლეთილი ქვის ჯებირები და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. შესაძლებლობის ფარგლებში, ჩატარდება მდინარეების და ღელეების კალაპოტების დაღრმავებისა და წმენდის სამუშაოები”.
ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის უფროსმა, ჯამბულაატ მელაძემ გვითხრა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მის მუნიციპალიტეტშიც იყოს ადრეული/განგაშის სისტემები, რადგან სტიქიურად აქტიური ზონაა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია და არც უწყებისგან ყოფილა რაიმე კონკრეტული მოთხოვნა, გარდა იმისა რომ “გარემოს ეროვნულმა სააგენტოს თხოვნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ იქნა მიწის ნაკვეთები მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების მზომი ხელსაწყოების განსათავსებლად [დაბა ხულოში, სოფ. თხინვალაში და გოდერძის უღელტეხილზე]. აღნიშნული სადამკვირვებლო პუნქტებიდან მიღებული მონაცემები ეხმარება სააგენტოს SMS გაფრთხილების შეტყობინების მოსამზადებლად”.
ხულოს მუნიციპალიტეტში განვითარებულ ზვავს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2024 წლის 6 თებერვალი; ხულო - სტქიის ზონა © ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა პაატა ქათამაძემ, გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ აქვთ ადრეული შეტყობინების სისტემების გასამართად.
“ჩვენ ამის არც ფინანსური რესურსი გვექნება, არც პროფესიონალი კადრები ეს რომ დავგეგმოთ. ამას, ალბათ, გარემოს დაცვამ უნდა მიაქციოს ყურადღება. მე ახლა ჩემს სუბიექტურ აზრს გაწვდით”, - განაცხადა ქათამაძემ.
სტიქიით დაზარალებულთა სტატისტიკა და მათი ზარალის ანაზღაურება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ბოლო 15 თვის მანძილზე, სტიქიის შედეგად დაზარალებული 249 ოჯახის, ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყო, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 397 700 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაცია გამოიყო.
დამატებით, მუნიციპალიტეტმა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 19 მარტამდე, სტიქიით დაზარალებულთათვის ჯამში 1 273 200 ლარის კომპენსაცია გასცა.
მესტიის მუნიციპალიტეტმა, 2023 წელს სტიქიით დაზარალებულ 97 ოჯახს გაუწია ფულადი დახმარება და გასცა 193 000 ლარი.
ხულოს მუნიციპალიტეტში, ბოლო 15 თვის მანძილზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფით პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილებულია 76 ოჯახი, ხოლო შუამდგომლობა აღძრულია და დაკმაყოფილების მოლოდინშია 64 ოჯახი.
ქედაში, 2023 წლიდან დღემდე 234 ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლიდან დღემდე, კომპენსაცის სახით სტიქიით დაზარალებულ 50-ოჯახს დაეხმარა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლიდან დღემდე დაფინანსდა სტიქიით დაზარალებული 30 ოჯახი, თანხით 123 155 ლარი.
“თუ იქ [სტიქიის ზონაში] ცხოვრება საფრთხის შემცველია, ამ შემთხვევაში ეკომიგრანტთა ბაზაში რეგისტრირდებიან და ალტერნატიული საცხოვრებლის თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდებიან. თანადაფინანსების სახით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს კომპენსაციას ბიუჯეტიდან, 50 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა ადრე 40 000 ლარი იყო, მოქალაქეების პოზიციიდან გამომდინარე, მოამატეს ეს თანხა, ცოტა უკეთესი პირობები შეუქმნეს ამ ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მე ასე ვიცი და ასე მგონია”, - განაცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა პაატა ქათამაძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 6 თებერვლის N10 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად 2023 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პროგრამით ისარგებლა 15 ოჯახმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად ფულადი კომპენსაცია 2016 წლიდან დღემდე მიიღო 20-მდე ოჯახმა.
ლეჩხუმის და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა სტიქიით დაზარალებული ადამიანების ან ოჯახების რაოდენობას, გაცემული ან გასაცემი კომპენსაციების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გადაგვამისამართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, ოღონდ ეს გააკეთეს არა კანონის შესაბამისად, ანუ მყისიერად წერილის გაცნობისთანავე, არამედ, რამდენიმე დღეში, როცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრული წერილი გამოაგზავნეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ მათ მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულთათვის 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე კომპენსაცია არ გაცემულა, რადგან დაზარალებულები თავად მიმართავენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.
საქართველოს მთავრობამ შეჯამებული მონაცემები არ მოგვაწოდა
შარშან, შოვის სტიქიის შემდეგ, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობა სტიქიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის დაახლოებით 20 000 ლარს გამოყოფდა.
"გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, - თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით", - დააზუსტა ღარიბაშვილმა შარშან, 15 სექტემბერს, შოვის მოვლენიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ.
მიმდინარე წლის 10 აპრილს “კაქტუსმა” საქართველოს მთავრობისგან და გამოითხოვა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა რაოდენობის კომპენსაცია გასცა საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულთათვის.
ეს წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სხვადასხვა უწყებაში გადაამისამართა, მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
იმავე დღეს, იგივე შინაარსის წერილი გავაგზავნეთ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
არც ერთი უწყებიდან ეს მონაცემი “კაქტუსს” აქამდე არ მიუღია.
⇒ ამ სტატიის ვერსია "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა.