2024-08-18

  • ირმა გორდელაძე - ქალია და ბუნება
  • ფოტო ქავერზე: ირმა გორდელაძე გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთთან, მდინარე ნატანების ერთ-ერთ დიდ კარიერთან, სადაც ამჟამად ჩინური კომპანია მუშაობს | 14/07/2024 | ფოტო © კაქტუსი

    სტატიის ავტორი: ინდირა ევგენიძე

     

    ირმა გორდელაძე 54 წლის გარემოსდამცველი აქტივისტია გურიის სოფელ ლიხაურიდან. უკეთ გასაცნობად, ირმას ოზურგეთში ვესტუმრე. 

     

    თბილისი - ოზურგეთი

    გასვლა - 10 საათზე,  ლოკაცია - თბილისის ავტოსადგური. 

    ოზურგეთამდე ჩასასვლელად მიკროავტობუსს 6 საათი დასჭირდა და ოზურგეთის ცენტრში გაჩერდა. ქაოსური, ხმაურიანი დედაქალაქის შემდეგ, ოზურგეთის სიმშვიდე მალევე შევამჩნიე და მგზავრობისგან დაღლილობაც უკვალოდ გაქრა.

    პირველივე ქუჩის გადაკვეთისას სპეციალურად პლასტიკის ბოთლებისთვის განკუთვნილი ნაგვის ურნა შევამჩნიე, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ამ ურნებს აცარიელებს არა ჩვეულებრივი დასუფთავების სატვირთო, არამედ სპეციალურად პლასტიკის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ავტომობილი. 

    მხოლოდ პლასტიკის ნარჩენების ურნა ოზურგეთის ცენტრში | 13/07/2024 | ფოტო © ინდირა ევგენიძე 


    ოზურგეთში ურბანული ხმაური მინიმალურია. გარშემო მრავლადაა დიდი და ძველი ხეები, სკვერები. დილით გაღვიძებისას, თვალის გახელამდე, ჩიტების ჩიკჭიკი მესმის, რაც თბილისში სულ უფრო და უფრო ნაკლებაა და მას მშენებლობების ხმები ანაცვლებს. 

    ოზურგეთი, შოთა რუსთაველის ქუჩა | 13/07/2024 | ფოტო © ინდირა ევგენიძე


    მთელი ეს იდილია, რომელიც, ალბათ, თქვენს უმეტესობას ჩემსავით ოზურგეთში გადასვლაზე და იქ ცხოვრებაზეც კი დააფიქრებდა, რადიკალურად შეცვალა იმ ყოველივემ, რაც ქალაქის ცენტრიდან არცთუ ისე შორს, - დაახლოებით 6 კილომეტრში - სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებიდან, ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესის ნახვის შემდეგ ვნახე.

    მდინარე ნატანებზე მოწყობილ კარიერზე შესვლისას, მუშაობის კვალი გზაშივე შესამჩნევია: კარიერიდან მომავალი სატვირთოების მიერ აგორებული მტვრით დაფარულია მცენარეები და დაზიანებულია გზა. 

    გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთთან მიწახაპიები ბუნებრივ რესურსს მხოლოდ მდინარე ნატანების კალაპოტიდან კი არ იღებენ: ნიადაგის ნაყოფიერ ფენაც მიაქვთ, რომელიც უშუალოდ მდინარის კალაპოტს ესაზღვრება, აზიანებს იქ მდგარი ხეების ფესვებს და ფერდობებს უფრო დამრეცსა და მეწყრულს ხდის. 

    სოფელი გურიანთა, მდინარე ნატანები, სადაც რესურსებს იღებენ არა მხოლოდ უშუალოდ მდინარიდან, არამედ მომიჯნავე სახნავ-სათესი ადგილებიდან, სადაც მეწყრული უბნები ჩნდება | 14/07/2024 | ფოტო © კაქტუსი
     

    “ყველა 2 თვეში აქ რელიეფი იცვლება, მდინარე არ ეყოთ. ახლა იღებენ კლდეებს. გინახავს ამფერი რამე?” 

    ფხვიერი მიწა, ქვიშა და ხრეში სატვირთო მანქანებს იქვე მდგარ საამქროსთან მიაქვთ, სადაც მოპოვებული რესურსები წვრილ ფრაქციებად იფქვება, სამომავლოდ სამშენებლო მასალებში გამოსაყენებლად. 

    ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საამქრო მდინარე ნატანებთან, სოფელ გურიანთკარში | 14/07/2024 | ფოტო © კაქტუსი

     

    ასეთი ტიპის მოპოვების გამო, სადაც ბუნებრივი რესურსების ამოღების წესები დარღვეულია, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერიც და ჩნდება ახალი მეწყრული უბნები.

    მდინარე ნატანებიდან სატვირთოს ამოღებული ბუნებრივი რესურსი ახლომდებარე საამქროსთან მიაქვს | 14/07/20224 | ფოტო © კაქტუსი



    მდინარის “გადაგდება-გადმოგდება”

    ბოლოს ირმა ნატანების დიდ კარიერზე დაახლოებით 2 თვის წინ იყო. მისი თქმით, იმ გზაზე, რომელიც მანქანით გავიარეთ, მდინარე მოედინებოდა. წყლის ყოფილი სავალი ამჟამად მშრალი და ამტვერიანებულია. მდინარის კალაპოტი შეცვლილია - სხვა მხარეს მიედინება.

    ამ პროცესს ირმა მდინარის “გადაგდება-გადმოგდებას” უწოდებს.

    ქვიშა-ხრეშის ამოღების გამო, შუაში გაყოფილი მდინარე სუფსა | 14/07/20224 | ფოტო © კაქტუსი


    ახლა ჩვენ გავდივართ ყოფილ მდინარეზე, ახლა იქით არის გადაგდებული,” ამბობს ირმა. - “მდინარეს ხომ თავისი კალაპოტი, ჭალა, აუზი და მორფოლოგია აქვს? ესენი ღორღის გზას გააკეთებენ, მთლიანად ფარავენ მდინარეს. მდინარეს გადააგდებენ იქით, ამოიღებენ იქიდან. შემდეგ, წვიმების დროს, როდესაც მდინარე ნატანს დაიგროვებს და იქეთ მხარესაც უკვე ყველაფერს ამოიღებენ, პირიქით მხარეს გადააგდებენ ნაკადს და აქიდან ამოიღებენ წიაღისეულს. მე მესმის, რომ ავტობანი კეთდება, გზები იგება და ქვა-ღორღის საჭიროება არის, მაგრამ ერთი ადგილიდან რომ ამოიღებ ამ ქვაღორღს, მდინარეს უნდა აცადო 2-3 წელი, რომ აღიდგინოს, აივსოს დანაკარგი?!”

    წიაღისეულის რესურსების ამოღების გამო ფერშეცვლილი მდინარე ნატანები 14/07/20224 | ფოტო © კაქტუსი

    კარიერის ტერიტორიის ბოლოს, მდინარე ნატანებზე გაბიონებია მოწყობილი, რომლის ქვეშაც რამდენიმე მილია ჩალაგებული, სადაც ნატანები, რესურსების ამოღების შემდეგ, უფრო დაბინძურებული, გაედინება და შეკვეთილთან შავ ზღვას უერთდება | 14/07/20224 | ფოტო © კაქტუსი


    მდინარე ნატანების დიდ კარიერზე ყოფნისას, ირმამ მყისიერად დარეკა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე -153 და გამოიძახა ბრიგადა. გამოძახებიდან 50 წუთის შემდეგად კი ბრიგადა არ მოსულა. 

    კაცის შვილი მაკონტროლებელი არ არის. გამოვიძახებთ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს. ძალიან სუსტად აკონტროლებენ ყოველთვის - Მოდიან, გაზომავენ არის თუ არა მათ ზოლში კარიერები და წავლენ. აქამდე სულ 15 წუთში მოდიოდნენ ხოლმე, დღეს რატომღაც არ მოვიდნენ”.

    ირმა გორდელაძე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - 153 - რეკავს. ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა, დეპარტამენტიდან შესამოწმებლად არავინ მოსულა | 14/07/20224 | ფოტო © კაქტუსი


    ირმას ჰქონია შემთხვევები, როცა არასწორად გაცემული ლიცენზიების გამო, მოქალაქეები თავიანთ მიწის ნაკვეთებს ვეღარ პოულობდნენ.

    “ორი სასამართლო მქონდა იმაზე, რომ მოქალაქეებმა თავიანთი მიწის ნაკვეთები ვეღარ იპოვეს, რადგან იმ ლიცენზიაში იყო მოქცეული, რომელსაც მომპოვებელ კომპანიაზე გასცემენ. არასწორად იყო გაცემული ლიცენზია”. 

    ბუნებრივი რესურსების მდინარეებიდან ამოღების ლიცენზიებს ამჟამად მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გასცემს. 17 ივლისს, წერილობით, სააგენტოს შემდეგი კითხვები დავუსვი:

    • ბოლო 5 წლის განმავლობაში, გურიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამოღებული ქვიშა-ხრეშის რაოდენობა, დათვლილი კუბურ მეტრობით, მდინარეების მიხედვით;

    • შესაბამისი ლიცენზიების გეო-საინფორმაციო პაკეტები; 

    • ინფორმაცია იმაზე, თუკი არსებობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ ამოღების/ლიცენზიისგან გათავისუფლების სპეციალური ნებართვები;

    წერილის მიღება იმავე დღეს დაგვიდასტურეს [#7063], მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. გასულ კვირას წერილის მოსაკითხად დავრეკე. ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა. ცხელ ხაზზე ჩემი ნომერი ჩაინიშნეს და პირობა მომცეს, რომ მას პასუხისმგებელ პირს გადასცემდნენ, რომელიც მოგვიანებით დამირეკავდა.

    მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმსგებელი პირი თამარ მახარაძეა. მას აქამდე არც დაურეკავს და არც საჯარო ინფორმაციის წერილით უპასუხია ჩემს კითხვებზე. 

     

    ბუნებრივი რესურსების ლიცენზიის გარეშე ამოღება

    მდინარიდან ბუნებრივი რესურსების ამოღება ლიცენზიითაც შეიძლება და ულიცენზიოდაც.

    ულიცენზიოდ ამოღების სპეციალურ უფლებას პრემიერ-მინისტრი გასცემს და ეს უფლება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების განმახორციელებელ კომპანიებზე გაიცემა მაშინ, როცა კომპანია სამშენებლო მასალისთვის საკმარისს რესურსს ვერ პოულობს.

    2015 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების სპეციალური ნებართვა მისცა კომპანია "აჭარისწყალ ჯორჯიასაც," რომელმაც მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადი ააშენა და მთლიანად შეცვალა აჭარის სამი მუნიციპალიტეტის ლანდშაფტები. ულიცენზიოდ მოპოვების უფლების გარდა, კომპანია შპს “აჭარიწყალი ჯორჯიამ” 2014-2016 წლებში ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამი ლინცეზიაც მიიღო

    ქვიშა-ხრეშის ულიცენზიო ამოღების სპეციალიალური ნებართვა არ ნიშნავს, რომ კომპანიამ არ უნდა მისდიოს იმ წესებს, რომელიც ლიცენზიით რეგულირდება. მაგალითად, ულიცენზიოდ ამოღების უფლების მფლობელ კომპანიას უნდა ჰქონდეს ქვიშა-ხრეშის ამოღების გეოსაინფორმაციო პაკეტი და ამოღების წლიური გეგმები, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი წესების დაცვაც და რომელსაც კომპანია მარეგულირებელს ყოველ წელს წარუდგენს.

    გურიაში ჩასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ბათუმში ევკალიპტების ჭრის შესახებ სტატია გამოვაქვეყნე. მაშინ არც კი მიფიქრია, რომ ბათუმში ევკალიპტების მოჭრა გურიის მიმდინარეებიდან ბუნებრივი რესურსების ამოღების პროცესს პირდაპირ უკავშირდებოდა. 

    როცა ირმამ კომპანია “პოლატი” ახსენა, გონებაში მალევე ამომიტივტივდა კომპანია „Joint Venture POLAT YOL & MAPA”, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას აშენებს. 

    ამ გზის მშენებლობის გამო აჭარაში 300-მდე ხე მოიჭრა. მალევე დავაკავშირე ამ კომპანიის საქმიანობაც გურიასთან - გურიანთში ბუნებრივ რესურსს ბათუმის შემოვლითი გზისთვის იღებენ.

    გურიაში მდინარის რესურსის ამოღების სანებართვო ბევრად ადრე დაიწყო, რასაც ჩემი საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვნილი და მიღებული გარემოსდაცვითი მონაცემები და კონტრაქტი ადასტურებს. 

    2020 წლის 27 აგვისტოს თურქულმა კომპანია „Joint Venture POLAT YOL & MAPA”-მა საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართა, სადაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, სამშენებლო მასალის ნაკლებობას ჩიოდა და მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვდა.

    “ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს. პროექტი ხასიათდება სირთულითა და მასშტაბურობით: მოიცავს როგორც გვირაბების, ხიდების, ასევე საავტომობილო გზის, მშენებლობას. პროექტის ფარგლებში კონტრაქტორი საჭიროებს დაახლოებით 1 000 000 მ3 მოცულობის ქვიშა-ხრეშს, სხვადასხვა სამუშაოების ჩასატარებლად, როგორიც არის ყრილების მოწყობა, ხიდების, გზის საფარის და სხვა ბეტონის სამუშაოები. აღნიშნული მასალა არის ის მასალა, რომელიც უნდა გამოიყენონ ძირითადი სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო მათი არ-არსებობა, ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდის პროექტის განხორციელებას. აჭარის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უკავშირდება დიდ სირთულეებს და აღნიშნული კუთხით არის მძიმე ვითარება, რადგანა ფაქტობრივად აღარ არსებობს კარიერები, რომლიდანაც შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეული იქნეს მოპოვებული.”

    2020 წლის 27 აგვისტოს წერილით, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრიან მანძილზე, მდინარეებიდან წიაღის მოპოვების შეზღუდვის გამო, კომპანია ვერ ახერხებდა რესურსის მოპოვებას და მთავრობას ამ შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დაუშვა “ინერტული მასალის მოპოვება შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა ჭალა-კალაპოტებიდან და ჭალისზედა პირველი ტერასებიდან, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრის მანძილზე, პირდაპირი ხაზით.”

    დადგენილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს “ხელს შეუწყობს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას.” 

    ირმა გორდელაძემ მითხრა, რომ მდინარეები - ნატანები და სუფსა - სწორედ ამ ზოლში მოექცნენ. 


     

    ახალი გზები = ამოღებული წიაღისეული & მოჭრილი ხეები

    ამ პროექტის გამო მოიჭრა ხეებიც: აჭარის ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების საკომპენსაციოდ, 2 513 ხე-მცენარე უნდა დარგან. 

    ხე-მცენარეების საკომპენსაციო გეგმის თანახმად, მცენარეების დარგვის ღონისძიებები 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყება და 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება, რაც ძალიან ცოტა დროა ამდენი ხის დასარგავად. მიმდინარე წლის ოქტომბერში ამ გეგმის შესრულების კონტროლის მიზნით, მინდა შერჩეულ ლოკაციების ვეწვიო.

     

    ბრძოლა შეიარაღებულ ხალხთან

    5 წლის წინ, 2019 წლის 15 აგვისტოს, ირმამ ჩამოაყალიბა თავისი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”, რომელსაც დღემდე მართავს და ყველაფერს თავად აორგანიზებს. როგორც ირმა ამბობს, 5 წლის წინ მისმა ორგანიზაციამ ქვიშა-ხრეში მომპოვებელი ათეულობით კარიერი აღწერა გურიაში. დღეს, მისი თქმით, კარიერების რაოდენობა გურიის მდინარეებში შემცირდა. 

    გადავარჩინოთ გურიის მდინარეები - ფეისბუქის გვერდია, სადაც ირმა ტვირთავს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც გურიაში გარემოს განადგურებას აღწერს. ამ შედეგისთვის რომ მიეღწია შეიარაღებულ ხალხსაც კი დაპირისპირებია.

    “რა ბრძოლები გვაქვს გადატანილი? - პისტოლეტიან ხალხს ვებრძოდი, ჟურნალისტებთან, პოლიციასთან ერთად. სადმე დახვედრას და შეურაცხყოფის მოყენებას ვერ ბედავენ, მხოლოდ რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემს შესახებ”.

     

    სკოლა. ბავშვები. კლიმატის ცვლილება

    ირმა გორდელაძე პროფესიით არაბისტია. უკვე 30 წელია, სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. თავდაპირველად ისტორიას ასწავლიდა, სამოქალაქო განათლების საგნის დამატების შემდეგ კი ამ უკანასკნელსაც ასწავლის ბავშვებს. სწორედ სკოლამ და ბავშვებმა შემოიყვანეს ირმას ცხოვრებაში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხები.

    “ყველა სკოლაში არის სამოქალაქო - ეკო კლუბები გახსნილი. სკოლაში, USAID-ის პროგრამის სწავლების ფარგლებში, მქონდა პროექტი გლობალური დათბობის შესახებ. მოსწავლეებმა დაამუშავეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ტყის როლი გლობალური დათბობის დროს, გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები და სხვა მსგავსი საკითხები. გვქონდა გამწვანებისა და დასუფთავების აქციაც.”

    ირმა გორდელაძე და მისი ეკო-ჩანთა | 14/07/20224 | ფოტო © ინდირა ევგენიძე 

     

    6 წლის წინ, სოფელ ლიხაურში, სადაც ირმა ამჟამად ცხოვრობს, მდინარე აჭისწყლიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვების სამუშაოები დაიწყეს. ირმას თაოსნობით სოფელში საპროტესტო აქციები მოეწყო. პროტესტმა შედეგი გამოიღო და ლიხაურში კარიერების მუშაობა შეჩერდა. 

    “მე, ჩვეულებრივად, მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ როდესაც კომპანიებმა დაიწყეს საოცარი ამბები მდინარეზე, სოფელს სათავეში ჩავუდექი და პირველი საპროტესტი ამბები დაიწყო. მდინარეზე 5 კარიერი იყო, საიდანაც 1 მუშაობდა და დანარჩენებიც ამუშავდებოდნენ, ალბათ, მაგრამ დიდი ძალისხმევით შევაჩერეთ, გამოვდევნეთ კომპანიები”.

    მდინარე აჭისწყალზე დაწერილია ხალხური სიმღერა, რომლის ტექსტიც იწყება შემდეგი წინადადებით - “აჭის წყალო, ანკარაო, ხან გიჟო და ხან წყნარაო, შხუილით მოჰქრი, მოქუხი, ხალხს აშინებ ჩქარ-ჩქარაო”. ამ ტექსტიდანვე ჩანს, რომ მდინარე აჭისწყალი ოდითგანვე სტიქიური და არაპროგნოზირებადი ყოფილა.

    8 სექტემბერს გურიაში განვითარებული სტიქიის ზონაში, მდინარე სუფსაზე, კვლავ მოიპოვებენ ქვიშა-ხრეშს. ირმა გორდელაძის თქმით, ამჟამად სუფსის სანაპიროზე ქართული კომპანია მუშაობს, რომელზეც 5-წლიანი ლიცენზიაა გაცემული. ლიცენიზიის ასლი ირმას თავად კომპანიამ მიაწოდა. 

    ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ამოღების გამო, დაჭაობებული მდინარე სუფსა | 14/07/20224 | ფოტო © კაქტუსი


    ეს კარიერი არ არის დიდი, მაგრამ ირმას თქმით, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქია მოხდა, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ უნდა გაეცა.

    დღის ბოლოს, 8 სექტემბერს გურიაში მომხდარი სტიქიის ზონაში მივდივართ, - იქ, სადაც მდინარე სუფსა ადიდდა. 

    “კლიმატის ცვლილებებთან და წყალდიდობასთან დიდი კავშირი აქვს ქვიშა-ხრეშის ამოღებას, რომელიც მდინარის მიმდებარედ, მეწყრულ პროცესებს იწვევს,” - ამბობს ირმა. - “კარიერზე მუშაობის დროს, მიწისქვეშა წყლები შრება, - ძალიან ღრმად ჩადიან. მოსახლეობას ჭებში წყალი რომ დაუშრა, ეს პირველი სიმპტომი იყო. ფერდობები რომ შრება, ადვილად წარმოიშვება მეწყერული პროცესები. ვიღაც დაიჩემებს, რომ მეწყრული პროცესები ყოველთვის იყო და იქნებაო. კი ბატონო, ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა პროცესები დაჩქარებულია.” 

    მდინარიდან რესურსების ამოღების გამო გაჩენილი მეწყრული ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთასთან, მდინარე ნატანების ჭალაში | 14/07/ 2024 | ფოტო © ინდირა ევგენიძე

     

    შვილი და აქტივიზმი

    ირმას ერთი შვილი ჰყავს: 21 წლის ნატა. ირმა და ნატა ერთად ცხოვრობენ. ნატა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტია. ყოველი აქციის დროს, დედის გვერდით დგას. იქამდე,  დედას უსაყვედურა: ან სკოლაში ხარ, ან აქციებზე, ან რაღაცას ბეჭდავ, ან ვიღაცას ურეკავ.

    მეც დამელაპარაკეო. 

    “უცებ მივხვდი რომ მთელი ყურადღება მქონდა სხვა რაღაცებზე გადატანილი,” - ამბობს ირმა. - “იმ საღამოს ძალიან შევწუხდი, დავფიქრდი. ვცდილობდი, მეტი დრო დამეთმო შვილისთვის. ერთხელაც წავიყვანე აქციაზე, რომელიც  გარემოსდაცვით საკითხზე იყო. მაშინ ნატა არ იყო ჩემს აქტივობებში ჩახედული, აქციაზე დააკვირდა სიტუაციას, რას ვშვებოდი, ადამიანები როგორ მექცეოდნენ და სახლში მოსულმა ერთადერთი რამ მითხრა:

    - დედა, მაგარი ქალი ხარ. რაც გინდა, ის აკეთე. ვამაყობ შენით.