2023-10-26

  • 26 000 მდინარის მითი საქართველოში: ინტერვიუ ჰიდროლოგ ნიკა წითელაშვილთან
  • ნიკა წითელაშვილი არის ჰიდროლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

    2015-16 წლებში ნიკა გარემოს ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, შტატგარეშე ჰიდროლოგად.

    გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ამოცანებია საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 

    ნიკა წითელაშვილმა პრაქტიკული გამოცდილება ჰიდროლოგიაში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, კერძოდ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიიღო, სადაც ის ეწეოდა კვლევით საქმიანობას, - მენტორთან ერთად, სატელიტური მონაცემების დეშიფრირებასა და კალიბრაციაზე მუშაობდა, რათა შეეფასებინა ატმოსფერული ნალექის მრავალწლიური [1981-2021] საშუალო რაოდენობა საქართველოსათვის.

     

    დავიწყოთ ბანალური კითხვით: საქართველოს მიმდინარე პრემიერ მინისტრი [1], ასევე გარემოს დაცვის ზოგი ყოფილი მინისტრი [2] ამბობდა, რომ საქართველოში არის “26 000 მდინარე”. იგივე მონაცემი არის გამოქვეყნებული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმდინარე ვებ-გვერდზეც. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

    გააჩნია, რას ეძახიან ისინი მდინარეს.

    ამ 26 000-ში, ალბათ, ყველა რუ, წყარო თუ პატარა ჩაღრმავება მდინარედ ჩათვალეს. ჰიდროლოგიურ რესურსად ასეთ წარმონაქმნებს ვერ ჩავთვლით. 

     

    რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ზედაპირული წყალი, რომ მას მდინარე ვუწოდოთ?

    მდინარეს უნდა ჰქონდეს კარგად გამოხატული წყალშემკრები აუზი, სეზონურობა და კალაპოტი. 

    Ჰიდროლოგიური თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიისათვის მდინარედ [შესაბამისად, ჰიდროლოგიურ რესურსად] შეიძლება ჩაითვალოს, მაქსიმუმ, მე-3 რიგის შენაკადი, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მისი წყალშემკრები აუზი 5 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. სხვა ყველა არის ან წყარო, რუ ან ღარტაფი.

    Მაგალითად, თუ ვიტყვით რომ მტკვარი არის ძირითადი მდინარე, მისი პირველი რიგის შენაკადი არის არაგვი. თავის მხრივ, არაგვის შენაკადები არის მეორე რიგის მდინარეები, ხოლო ამ შენაკადების შენაკადი - მესამე რიგის. 

    წყალშემკრები აუზის დიდი ფართობის მიუხედავად, თუ კალაპოტში მუდმივად არ მოდის წყალი, მაშინ უკვე დროებით ნაკადებთან გვაქვს საქმე. 

    კარგად ფორმირებული კალაპოტი მდინარის ერთ-ერთი კრიტერიუმია, რადგანაც ყველა მდინარეს ახასიათებს წყალმოვარდნები და წყალდიდობები, - სხვანაირად კალაპოტი ვერ ფორმირდება და ვერც ჰიდრომორფოლოგიური პროცესები განვითარდება. მდინარის კალაპოტი კი აგებული უნდა იყოს ინერტული მასალით და წყლისმიერი მოქმედების კვალი ნათლად უნდა დაიკვირვებოდეს.

    შესაბამისი ჰიდრო-მორფოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოში გვაქვს, მაქსიმუმ, 2 000-მდე მდინარე, მეტი არა და Სწორედ ეს რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ჰიდროლოგიურ რესურსად.

     

    თქვენ ახსენეთ 2 000-მდე მდინარე, ისიც მაქსიმუმ. ეს მონაცემი რამე კვლევას ეყრდნობა? არის საქართველოში ჰიდრორესურსები გამოკვლეული?

    2 000-მდე მონაცემი ეყრდნობა ჩემს კვლევას. მაშინ მაგისტრატურაზე ვსწავლობდი. მდინარეთა კადასტრის გაკეთება მინდოდა და მაშინ დავამუშავე ეს მონაცემები. წყაროდ სატელიტური ფოტოები და რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელები გამოვიყენე, ე.წ. DTM [Digital Terrain Models], რომ გამოკვეთილიყო მდინარეების წყალშემკრები აუზები და შესაბამისი ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრები დამედგინა.

    საშუალო მრავალწლიური ხარჯები დათვლილია საქართველოს წყლის ბალანსის მიხედვით © ნიკა წითელაშვილი 

    როცა ჰიდრორესურსებთან დაკავშირებით საუბრობენ, ხშირად მონაცემები გაზვიადებულია. 

    ამბობენ, რომ არის ბევრი წყალი, წყალი სტრატეგიული რესურსია და ასე შემდეგ. ეს საბჭოთა კავშირის სლოგანს მაგონებს: “დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს”. იქიდან მოდის ეს იდეა, რომ ყველაფერი ყველაზე დიდი ჩვენ უნდა გვქონოდა. 

    ევროპაში ყველაზე ნალექიანი მთა “მტირალას მთა” რომაა და 4 500 მილიმეტრი ნალექი მოდის ყოველწლიურად, ესეც ამავე მითის ნაწილია. 4 500 მილიმეტრი ნალექი [საშუალო მრავალწლიური] საქართველოში ისტორიულად არ აღრიცხულა, ინსტრუმენტულად ყოველ შემთხვევაში. 

    სატელიტური მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი უდრის  2 500 მილიმეტრს. შესაძლოა, ერთი რომელიმე წელი იყო, როცა 3 000-3 500 მილიმეტრამდე ავიდა, მაგრამ ის აზრი, რომ თითქოს სადღაც აჭარის მთიანეთში 4 000-4 500 მილიმეტრი ნალექი მოდის ყოველწლიურად, არის მტკნარი სიცრუე და ვერანაირი ინსტრუმენტული გაზომვები ამას ვერ ამტკიცებს. 

    ბევრი წყალი რას ნიშნავს? ერთი ჭიქა წყალი 100 ლიტრის მოცულობის კასრში ცოტაა, მაგრამ შარვალზე თუ დაგექცა, ბევრია. 

    ამ კითხვას სათანადო პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა შესაბამისი სამეცნიერო კვლევა და დასაბუთება, რაც საქართველოში 1970-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა, 2017 წელს ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევა, ძირითადში, ეყრდნობა საბჭოთა მონაცემებს, ამიტომ შედეგებით საბჭოთა წყლის ბალანსის [Vladimirov et al., 1974] გაფერადებული ვერსია უფროა, ვიდრე სანდო მონაცემებზე დაყრდნობილი წყლის რესურსის თანამედროვე რაოდენობრივი შეფასება.

     

    მდინარეებზე მონაცემების მოგროვების პროცესი დღეს რამდენად არის კარგი და საკმარისი საქართველოში?

    არა მხოლოდ დღეს, რეალურად, საბჭოთა კავშირის დროსაც კი პრობლემური იყო მონაცემების მოგროვება. დღეს რაც ხდება, ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 

    თუ ვამბობთ, რომ ქვეყანაში 26 000 მდინარე და ბევრი წყლის რესურსი გვაქვს, წარმოუდგენელია, რომ სამ ადამიანს ებაროს ამაზე ზრუნვა და მის რაციონალურ გამოყენებაზე ფიქრი. 2016 წელს, როდესაც მე გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი, ასე იყო და მას მერე, არ ვიცი, რამე შეიცვალა თუ არა - შესაძლოა, დღეს დაემატათ ახალი კადრები. 

     

    რა უნდა გავაკეთოთ, რომ მდინარეზე სანდო ჰიდროლოგიური მონაცემები შევაგროვოთ?

    სანდო მონაცემები რომ შეაგროვო ერთ მდინარეზე, ერთი კონკრეტული დონის მზომის დახმარებით, 21-24-ჯერ, ანუ თვეში ორჯერ მაინც, უნდა ჩავიდეს ადგილზე ჰიდროლოგი და ცოცხალ კვეთში გაზომოს წყლის ხარჯი. 

    აუცილებელია ამდენივეჯერ დაკორექტირდეს მდინარის პროფილი და ცოცხალი კვეთის [მდინარის კალაპოტის ის ნაწილი რომელშიც წყალი მოედინება, ნ.წ.] მორფოლოგიური პარამეტრები იმიტომ, რომ წყალდიდობის შემდეგ ადგილი აქვს კალაპოტის გარეცხვას, მოსილვას, რაც ცვლის მდინარის კვეთს, შესაბამისად, დონის მზომის ხელახალი კალიბრაცია [გასწორება] არის საჭირო, რადგანაც, წყლის დონის მზომი ავტომატიზირებულია, შესაბამისად, ის ვერ აღიქვამს, მდინარის ფსკერზე რა პროცესები მიმდინარეობს - უყურებს მხოლოდ მდინარის დონეს.

    აუცილებელია, რომ ორ კვირაში ერთხელ იქ ადამიანი მივიდეს, შეამოწმოს, შეაფასოს და დააკორექტიროს, თუკი დასაკორექტირებელია. მაგალითად, წყალდიდობის შემდეგ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მდინარემ გარეცხა კალაპოტი, მაგრამ იქ ისევ იმ რაოდენობის წყალი მოდიოდეს.

    თუ სიღრმისეულ ეროზიას ქონდა ადგილი და მდინარის დონემ დაიწია, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ წყლის რაოდენობა შემცირდა. თუ ეს პარამეტრები ადგილზე არ გადამოწმდება, ჰიდროლოგი, რომელიც თბილისში ზის და მათემატიკურ ინფორმაციას უყურებს, ამას ვერ შეამჩნევს და ვერ აღრიცხავს.

    მდინარეებზე მონაცემების შეგროვება არა მხოლოდ ახლა, საბჭოთა დროსაც პრობლემური იყო, განსაკუთრებით მონიტორინგის მიმართულებით. 

    რუკის წყარო: "საქართველოს წყლის ბალანსი", გამომცემლობა "მეცნიერება", 1974

    © ВЛАДИМИРОВ, Л. А. ШАҚАРИШВИЛИ, Д. И. ГАБРИЧИДЗЕ, Т. И. “ВОДНЫЙ БАЛАНС ГРУЗИИ”, ИЗДАТЕЛЬСТВО “МЕЦНИЕРЕБА” ТБИЛИСИ. 1974. ეს სამეცნიერო ლიტერატურა "კაქტუსს" ნიკა წითელაშვილმა გაუზიარა.

     

    რატომ იყო წყალზე მონაცემების მოგროვება პრობლემა საბჭოთა დროს

    ჰიდროლოგიური მონიტორინგი დინამიური პროცესია - მუდმივად იცვლება და საჭიროებს კონტროლს და დაკვირვებულ მოქმედებებს მდინარესთან მიმართებაში. 

    Საბჭოთა მიდგომით, დამკვირვებელი, დილით და საღამოს იღებდა ანათვალს,  რასაც ყოველდღიური სახე უნდა ჰქონოდა. Მოგეხსენებათ, მდინარეში წყლის ხარჯი არა მხოლოდ სეზონურად იცვლება, არამედ დღე-ღამურ ჭრილშიც კი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლის ინტენსიური დნობა მიმდინარეობს. ამიტომ დღის მანძილზე აღებული ორი დონე უკვე ზრდის ცდომილების ზღვარს. 

    როცა მდინარის დინების სიჩქარეა 2-3 მეტრი წამში, იქ შეუძლებელია, ადამიანი მდინარეში შევიდეს და ინსტრუმენტულად გაზომოს წყალი, დააკორექტიროს მდინარის პროფილი და შესაბამისად გაასწოროს დონე - წყლის ხარჯის დამოკიდებულების მრუდი. 

    [საბჭოთა დროს] ყველა მდინარეზე არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იყო მხოლოდ ძირითად მდინარეებზე. ამასთანავე, გაზომვის მეთოდსაც გააჩნია: თუ სათანადოდ არ მიმდინარეობს, გაზომვის მსგავსი მიდგომაც დამატებით ზრდის ცდომილების ზღვარს, განსაკუთრებით კი წყალდიდობის სეზონზე, Რადგანაც წყალი პოზიტიურად მატყუარაა - როცა შეხედავ, იმაზე მეტი  გგონია, ვიდრე რეალურად არის. 

    აშკარაა, რომ ცდომილებები აქვს საბჭოთა კავშირის დროს აღებულ მონაცემებსაც. მაგალითად, არსებობს ჩანაწერები, რომლის თანახმადაც ერთსა და იმავე მდინარეზე, ერთსა და იმავე ლოკაციაზე, ერთი თვე არის წყლის ერთი და იგივე დონე. როგორ შეიძლება ეს ასე მომხდარიყო? ეს ხომ აბსურდია? 

    არის შემთხვევები, როცა ტემპერატურული და მდინარის დონის მონაცემები წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, ტემპერატურა ეცემა, -10 გრადუსის ფარგლებშია და ამავდროულად მდინარეში წყალი იმატებს. განა ასეთი რამ ლოგიკური შეიძლება იყოს, თან, როდესაც ერთი და იმავე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის მონაცემზეა საუბარი?

    Შესაბამისად, ყველა მონაცემს, რომელსაც რევიზია არ გაუვლია და რომელზე დაყრდნობითაც ჰიდროელექტროსადგური აშენდა, აქვთ წყლის დეფიციტი და ეს, ძირითადად, არ არის გამოწვეული კლიმატის გლობალური ცვლილებით. ტრენდული გახდა ბოლო დროს, ყველაფერი კლიმატის ცვლილებას დააბრალო, მაგრამ არის წყლის რესურსის გადაჭარბებული შეფასება და არარაციონალური გამოყენება, რომელიც არსებობს, როგორც ფაქტორი და უნდა გავითვალისწინოთ. 

    ამიტომ, ძველი მონაცემების საფუძველზე აშენებულ ყველა ჰიდროელექტროსადგურს აქვს დეფიციტი გენერაციაში, ზოგს - თითქმის 40%, ზოგს - 20-30%, ძალიან ბევრს - 10-20 %, ჯამში კი ყველა სადგურის ფაქტიური გენერაცია, საშუალოდ, 700-800 მლნ. კვტ/სთ-ით ჩამორჩება დაგეგმილს.


     

    “კაქტუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან გაუზიარეს საგუშაგოებისა და ავტომატური სადგურების სია. ესენია ორი სხვადასხვა ტიპის დაკვირვება და მონაცემების მოგროვება, მაგრამ მარტივად რომ ავხსნათ, მათი განცხადებით, საგუშაგოების რაოდენობა არის 213, და ფუნქციონირებს 71 ავტომატური სადგური. 26 000 მდინარეზე რომ არაფერი ვთქვათ, 2 000-ზეც კი არ არის წარმომადგენლობითი. სწორია ეს შეფასება, წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით?

    დიახ, ასეა. 

    ამავე დროს, რეალურად ჩამოთვლილებიდან რამდენი მუშაობს, ჯერ ეგ არის ცალკე საკითხავი და გადასამოწმებელი საკითხი. 

    213 საგუშაგო იყო საბჭოთა დროს და დღეს მათი ძირითადი ნაწილი დახურულია, მხოლოდ 71 შეიძლება ჩაითვალოს მოქმედად, თუმც, კი არ ვიცი, მათგან გამართულად რამდენი მუშაობს.

     

    რომ დავუშვათ, რომ ყველა ჩამოთვლილი სადგური კარგად მუშაობს, მაინც რამდენად არის ისინი წარმომადგენლობითი მთელი საქართველოს მდინარეებზე?

    ვერ იქნება წარმომადგენლობითი, რადგან 71-დან 7 არის მხოლოდ ერთ მდინარე რიონზე. 3 არის ერთ მდინარე ყვირილაზე, 6 - ცხენისწყალზე, აჭარისწყალზე და ასე შემდეგ. 

    Მაშინ, როცა ძირითადი მდინარეების ჰიდროლოგიური თავისებურებანი ძლიერ განსხვავდება მისი შენაკადებისაგან, ძირითადი დაწოლა სწორედ ამ შენაკადებზე მოდის, რადგანაც 2 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის სადგურის მშენებლობა გათავისუფლებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან.

    მდინარესთან დაკავშირებული პრობლემები მიწისძვრასავით სტიქიური არ არის იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც დროს გაძლევს მოსამზადებლად და მეტ-ნაკლებად ხეობაშია ლოკალიზებული. 

    შესაძლოა, აქ წუთებზეა საუბარი, და არა საათებსა და დღეებზე, მაგრამ სათანადო პასუხისმგებლობისა და ყურადღების შემთხვევაში, არის შესაძლებელი ნეგატიური პროცესების შერბილება.

    რაც უფრო მეტია დონის მზომები და შესწავლილია მდინარე, მით უფრო დახვეწილია პროგნოზირების სისტემა, გრძელვადიანი იქნება ეს თუ მოკლევადიანი. უფრო სწრაფად რეაგირებ მიზეზებზე და არ გიწევს შედეგებთან ბრძოლა და სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება. 

    გარდა ადამიანური მსხვერპლისა, ბუნებრივი კატასტროფები დამატებით კოლოსალურ ფინანსურ ზარალსაც იწვევს.

     

    რაც შეეხება საგუშაგოებს, სადაც ადამიანი მუშაობს: სასურველია თუ არა დარჩეს თუ თანდათან მათი ელიმინაცია უნდა მოხდეს და სრულად ჩანაცვლდეს ავტომატურით?

    ადამიანის ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანია - ბოლომდე ავტომატიზირებულს ვერ გახდი მდინარეზე მონიტორინგს. 

    როგორც ზემოთ აღვნიშნე: მდინარე არის დინამიური. მუდმივად იცვლება როგორც კალაპოტი, ისე წყლის ხარჯი - ზოგჯერ არის გარეცხვები, ზოგჯერ - მოსილვები და ასე შემდეგ, ამიტომ ადამიანის ჩართულობა და მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.

     

    რით არის გამოწვეული ჰიდროლოგიური მონაცემების ასეთი ცუდი შეგროვება ამჟამად?

    არ არის შესაბამისი ნება, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს დეკლარილებულიდან განსხვავებული პრიორიტეტები. 

    ასევე ვერ ვიტყვით, რომ ფინანსებში უჭირთ. 

     

    გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსები, რომ კარგი მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს მდინარეებზე?

    70-მილიონიანი გრანტი აქვთ, ბოლოსდაბოლოს. გამოაქვეყნონ, რაში დახარჯეს ეს თანხა. 


     

    რომელი წყაროდან არის ეს ფინანსური რესურსები?

    ხსენებული ფინანსური რესურსები “კლიმატის მწვანე ფონდის” გრანტია, მაგრამ არა მხოლოდ ეგ. სხვა წყაროებიდან შემოსავლებიც საკმაოდ კარგად აქვთ. 

     

    ანუ, ნება არ არის, მაგრამ არსებობს ფინანსური შესაძლებლობა?

    ნება არ არის, არც ერთი უწყებიდან და არც ერთი მხრიდან. 

    როგორ შეიძლება, რომ ერთის მხრივ, აცხადებდე, რომ ქვეყნისთვის ჰიდრორესურსებია სტრატეგიული და მეორე მხრივ, უნივერსიტეტში არ გქონდეს ჰიდროლოგიური კათედრა? ჩვენ ვამბობთ, რომ წყალია ჩვენი ძირითადი ბუნებრივი რესურსი და უნივერსიტეტში შესაბამისად აღჭურვილი კათედრა არ არსებობს, რომელიც ჰიდროლოგს გაზრდის. 

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვერეს ხეობაში ჰქონდა ჰიდროლოგიური ლაბორატორია, რომელიც ადიდებულმა ვერემ წაიღო, წყალდიდობის დროს და მას შემდეგ ვერ აღადგინეს. რა პრობლემა იყო 100 კვადრატული მეტრი შენობის აშენება და აღჭურვა? ნუთუ 80-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტში ეს თანხა ვერ გამოიძებნა?!

    არც ერთ მიმართულებას არ აქვს შესაბამისი ნება, რომ საქართველოში ეს დარგი განვითარდეს: მართლა განვითარდეს, მართლა აშენდეს ჰესები, ოღონდ პრაგმატული გადაწყვეტილებებით და რეალურ მონაცემებზე დაყდნობით. 

    განა ეს არის სტრატეგიული რესურსის რაციონალური გამოყენებისაკენ მიმართული ნაბიჯი? 


     

    რაც შეეხება მარეგულირებელ | საკანონმდებლო ჩარჩოს?

    ის კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, “დაჩეხეს” სხვადასხვა ინტერესის გამო. რაც მცირე ჯგუფისათვის და დაინტერესებული კომპანიებისთვის იყო მისაღები, ის ჩაიწერა კანონში. 

     

    ანუ თქვენ ამბობთ, რომ “წყლის რესურსების მართვის შესახებ”კანონის ამ სახით მიღების დროს დიდი იყო დაინტერესებული მხარეების წნეხი?

    დიახ, ასე იყო.

    2015 წელს იყო მომზადებული კანონის წინასწარი ვერსია და მას მერე რატომ გადაიდო? 8 წელი რატომ იყო საჭირო? 

    Სამწუხაროდ, რაც მიიღეს საბოლოო ჯამში, ქმედუუნაროა, არაფრის შესაძლებლობას არ ქმნის: განათლების, მონიტორინგის, საზოგადოებრივი განვითარების კუთხით. 

    როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჰიდროელექტროსადგურები 2-მგვტ დადგმულ სიმძლავრემდე გათავისუფლებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან, Რაც, ჩემი აზრით, კანონმდებლობაში დატოვებული ხარვეზია და არასწორია, რადგანაც მათემატიკური სიდიდეა და არაა დამოკიდებული თავად მდინარეზე და მის პოტენციალზე. 

    ბოლო პერიოდში, გახშირდა ისეთი სადგურების მშენებლობა, რომელთა დადგმული სიმძლავრეც 1.99 მეგავატი და ნაკლებია. Მსგავსი სიმძლავრის სადგური შეიძლება აშენდეს როგორც მტკვარზე, ისე არაგვზე და არაგვის შენაკადებზეც, მთავარია, როგორი ტიპის ტოპოგრაფიულ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე გათვლი პროექტს.

    არის შემთხვევები, როცა ერთ მდინარეზე კასკადური ჰესები ჩაიდგა, ფაქტობრივად, ხეობა სრულად ათვისებულია და ამ სადგურების ჯამური სიმძლავრე 5-მგვტ-ზე მეტია, მაგრამ რადგანაც დაყოფილია და თითოეულის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 2 მგვტ-ს, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არაა გაკეთებული, არც ერთზე. ერთ-ერთი ასეთია როშკა ჰესი, მაგრამ არა მხოლოდ.

    ცალკე უნდა გამოიყოს ე.წ. წყალდაცვითი ზოლის საკითხი, რაც ასევე მათემატიკურ სიდიდეზეა დაყვანილი და არ ითვალისწინებს მდინარის ჰიდრომეტეოროლოგიურ თავისებურებას. ამ მიდგომით, Მაგალითად, თუ მდინარის სიგრძე 25 კმ-ზე ნაკლებია, მის წყალდაცვით [ბუფერულ ზონად] ითვლება 10 მეტრი, რომელიც აითვლება კალაპოტიდა მარჯვნივ და მარცხნივ. Რატომ 10 და არა 11? იქნებ 100-ია? 

    Ჩემი აზრით, კანონმდებლობა ამ მხრივ მოწესრიგებული უნდა იყოს და არ უნდა ტოვებდეს შავ ხვრელს. Მაგალითად, მდინარის წყალდაცვითი ზონა რომ დადგინდეს, აუცილებელია გავითვალისწინოთ მდინარის კალაპოტის ტოპოგრაფია [რელიეფი] და მაქსიმალური ხარჯები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი სტიქიური უბედურება, რაც 2023 წლის აგვისტოს თვეში დატრიალდა [შოვში]. 

    Მაქსიმალური ხარჯების მოდელირება ყველა მდინარეზე, რომლის ხეობაშიც დასახლებული პუნქტია, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ წინასწარ განვსაზღვროთ რისკის ზონები და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, პრევენციულად.

     

     

    ♦  25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, გადაცემა ,,თავისუფალი ხედვაში" ისაუბრა “წყლის რესურსების მართვის შესახებ” ახალი კანონის შესახებ. ბითაძეს არ დაუზუსტებია დეტალები კონკრეტულ, სტრატეგიულ, მდინარეებთან მიმართებით, მაგრამ მისი თქმით, ამ კანონიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანდათან დაიწყებს მდინარეებზე ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვებას და საბოლოო ჯამში, მდინარეების აუზურ მართვაზე გადავა.