2024-08-19

  • NCDC - თბილისში სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების რაოდენობა გაზრდილია
  • ახალი მონაცემები ინდირა ევგენიძემ მოიპოვა

     

    საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, თბილისში, 2020-2023 წლებში, სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების ახალი შემთხვევების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაზრდილია. 

    ეს მონაცემები “კაქტუსმა” ცენტრიდან გამოითხოვა და 16 აგვისტოს მიიღო. მონაცემების წყაროა “ამბულატორული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში დაავადებების ახალი შემთხვევების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა,” რომელიც საქართველოს მასშტაბით 2020 წლიდან ამოქმედდა.

    სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების ახალი შემთხვევების ზრდის შესაძლო მიზეზების შესახებ ამ ეტაპზე “კაქტუსს” ცენტრისთვის არ უკითხავს. 

     

    ზრდის მაჩვენებელი

    2022-2023 წლების სასუნთქი ორგანოების დაავადებების ახალი შემთხვევების დაჯამებული რაოდენობრივი მონაცემების მაჩვენებელი, წინა ორ წელთან შედარებით, სამივე ასაკობრივ ჯგუფში პროგრესულად იზრდება.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების რაოდენობა “კაქტუსს” სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მიაწოდა: “15 წლამდე,” “15-18 წლამდე ასაკის” და “18 წელი და მეტი” ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. 

     

    გადანაწილება სქესის მიხედვით

    “15 წლამდე” და “15-18 წლამდე ასაკის” ბავშვებსა და მოზარდებში სასუნქთი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევების რაოდენობრივი გადანაწილება ბიჭებში უფრო მეტი იყო, ვიდრე გოგონებში, ხოლო “18 წელი და მეტი” ასაკობრივ ჯგუფში პირიქით - ქალების რაოდენობა თითქმის 1.7-ჯერ მეტი იყო, კაცებთან შედარებით.

     

    რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მეტი ზრდა?

    მიღებული მონაცემების მიხედვით, სასუნთქი ორგანოების დაავადებების ახალი შემთხვევების ყველაზე მეტი ზრდა 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებშია. ამ ჯგუფში ახალი შემხვევების საერთო რაოდენობა თითქმის 2.9-ჯერ გაზრდილია 2023 წელს, 2020 წელთან შედარებით.

    2020 - 28 777 ახალი შემთხვევა

    2021 - 34 084 ახალი შემთხვევა

    2022 - 67 889 ახალი შემთხვევა

    2023 - 83 985 ახალი შემთხვევა

     

    15-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი

    ამ ჯგუფში ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობა თითქმის 1.9-ჯერ  გაზრდილია 2023 წელს, 2020 წელთან შედარებით.

    2020 - 1 897 ახალი შემთხვევა

    2021 - 1 716 ახალი შემთხვევა

    2022 - 3 109 ახალი შემთხვევა

    2023 - 3 585 ახალი შემთხვევა

     

    18 წელი და მეტი

    ამ ჯგუფში ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობა თითქმის 1.8-ჯერ გაზრდილია 2023 წელს, 2020 წელთან შედარებით.

    2020 - 38 483 - ახალი შემთხვევა

    2021 - 31 421 - ახალი შემთხვევა

    2022 - 46 492 - ახალი შემთხვევა

    2023 -  68 215 - ახალი შემთხვევა

     

     

    მონაცემების შეზღუდვა

    ახალი შემთხვევების რაოდენობა დათვლილი იყო რაოდენობრივად და არა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით პროცენტულად. 

    მიღებულ მონაცემებში არ არის მითითებული, ახალი დაავადებების მქონე კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი ამ ჯგუფის საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტია, რაც აჩვენებდა, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის რამდენ ინდივიდს გაუჩნდა ჯანმრთელობის ახალი მდგომრეობა, ან არის თუ არა ეს მაჩვენებელი პროცენტულად მაღალი კონკრეტული ჯგუფისთვის.

    პასუხში ასევე არ იყო დაზუსტებული, კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში რაოდენობრივად რამდენი ინდივიდია აღრიცხული ჯამურად, რაც მათი დაჯამების და ახალი შემთხვევების პროცენტულად შედარების შესაძლებლობას მოგვცემდა. 

     

    ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი

    თბილისის მასშტაბით სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობების ახალი შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ჰაერის დაბინძურება იყოს. 

    დოკუმენტის - "თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი" მიხედვით, დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმას აჭარბებს როგორც მყარი ნაწილაკების [PM 10 და PM 2.5], ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები, რომელთა წყაროები სატრანსპორტო საშუალებებია.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შედგენილი ამ დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს თბილისის ატმოსფერულ ჰაერში 4 530 ტონა PM 10 და 650 ტონა PM 2.5 გამოიფრქვა. 

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველ წელს 7 მილიონი ადამიანი იღუპება ადრეულად, ხოლო მილიონობით სხვა - ჯანმრთელობას კარგავს. ბავშვების ჯანმრთელობის დაზიანებაში იგულისხმება ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, სასუნთქი გზების ინფექციები და ასთმის გამწვავება.

     

    უკვე დადასტურებული კორელაცია ქალაქ რუსთავში

    "კაქტუსის" კვლევით, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების [[PM 10 და  PM 2,5, შესაბამისად]] კონცენტრაციის ჰაერში მომატება, კორელაციაშია სასუნთქი სისტემის დაავადებების ახალი შემთხვევის მატებასთან: სტატისტიკური შედარებით, ჰაერში ამ ორი დამაბუნძურებლის კონცენტრაციის მატება დაავადებების ახალი შემთხვევების მატებას პირდაპირ დაუკავშირდა.