2024-05-06

  • კალაძესთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესი: კორპუსები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში
  • მიმდინარე პერიოდში, “ფეისბუქსა” და “მესენჯერში” შეხვდებით რეკლამას, სადაც სამშენებლო კომპანია “არქი” მოქალაქეებს, პირველადი შენატანის გარეშე, საცხოვრებელი ბინის ყიდვასა და 12 წლამდე განვადებას სთავაზობს. “არქი” თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან, დაკავშირებული კომპანიაა. 

    კომპანია “არქის” ამწე კრანები ქსნის ქუჩაზე


    კახა კალაძე ამჟამად საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი  პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანიცაა. პარტიის ბოლო წესდების მიხედვით, გენერალური მდივანი, სხვა მნიშვნელოვან ვალდებულებებთან ერთად, “განკარგავს პარტიის ფულად სახსრებს და ქონებას.”

    2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიც იყო. 

    კახა კალაძე ვეტერანი სპორტსმენიცაა. ის ჯერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი იყო, შემდეგ კი, საქართველოს გარეთ, სხვადასხვა ნაკრებში თამაშობდა, მათ შორის, იტალიურ საფეხბურთო კლუბ “მილანში.” სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში მოსვლამდე, კალაძემ სხვადასხვა ტიპის ბიზნესში დაიწყო ინვესტირება, მათ შორის, სამშენებლო სფეროში. 

    შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია “არქი” 2005 წელს დაარსდა. მას შემდეგ ამ ბრენდთან დაკავშირებული ათობით წვრილი კომპანია შეიქმნა, რომლებიც ამჟამად სამშენებლო ბიზნესში აქტიურად საქმიანობენ.

    2017 წლის 13 ნოემბრიდან, - მას შემდეგ, რაც თბილისისი მერი გახდა - ჟურნალისტებმა კალაძეს არაერთხელ დაუსვეს კითხვა “არქისთან” მის ბიზნეს-ინტერესებთან დაკავშირებით. 2018 წელს, ერთ-ერთ მორიგ ჯერზე, მან ეს კავშირები არც უარყო და არც დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ “არქი” შესაბამის [სამშენებლო] კანონებს არ არღვევდა და რომ, როგორც ქალაქის მერი და მშენებლობის მარეგულირებელი ქალაქ თბილისში, ყველას მიმართ იქნებოდა მკაცრი, “საკუთარი მამაც რომ იყოს.”

    ენერგეტიკის მინისტრად ყოფნის დროს, კახა კალაძემ, ნდობით აღჭურვილი პირების, მათ შორის, ლაშა ბოკუჩავას სახელით, იყიდა მიწა კორპუსის ასაშენებლად, მათ შორის, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე.

    “არქისა” და მასთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან კახა კალაძის სახელი საჯარო რეესტრის დოკუმენტებში ნახსენები არ არის. კომპანიებს ამჟამად კალაძის ახლო მეგობრები და ბიზნეს-პარტნიორები მართავენ.

    მის ბიზნეს-პარტნიორებს შორის არიან ივლიანე და თენგიზ წულაიები, ყოფილი კალათბურთელები: ზაზა ფაჩულია და შიო ხეცურიანი, ასევე “არქის” თანადამფუძნებლები, დირექტორები და ნდობით აღჭურვილი პირები: ირაკლი ქაფიანიძე, დიმიტრი ადამია, ილია კეჭაყმაძე და ლაშა ბოკუჩავა. 

    ჩამოთვლილი პირების ნაწილი პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” შემწირველებიც არიან. 



    “არქელი” შემწირველები

    “არქისთან” დაკავშირებული კომპანიების მფლობელები და დირექტორები პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემწირველები არიან.

    თვით კახა კალაძეს 2012 წლიდან მიმდინარე წლის მარტამდე, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის 346 775 ლარი აქვს შეწირული.

    სხვადასხვა დროს ამ პარტიისადმი ივლიანე წულაიას - 170 000 ლარი, თენგიზ წულაიას -  110 000 ლარი, შპს “არქი გურამიშვილის” დირექტორს - დიმიტრი ადამიას 90 000 ლარი, ხოლო ილია კეჭაყმაძეს - 147 000  ლარი აქვთ შეწირული. 



     

    “არქის” მფლობელები და მენეჯმენტი

    ბოლო ცვლილების თანახმად, “არქის” 100%-ს შპს “არქი ინვესთმენთს” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი თენგიზ წულაიაა. შპს “არქი ინვესთმენთსის” 33.3 პროცენტის მფლობელები არიან ირაკლი ქაფიანიძე, ივლიანე წულაია და ისრაელელი ბიზნესმენი მენი ბენიში. 

    “არქის” ერთ-ერთი პარტნიორია ყოფილი სპორტსმენი, კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია. 

    წყარო: screen-shot “არქის” ვებ-გვერდიდან

     

    “არქის” მენეჯმენტის ჯგუფშია შიო ხეცურიანიც - ვეტერანი კალათბურთელი. შიო ხეცურიანი, ზაზა ფაჩულიასთან ერთად, არის შპს პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი "თბილისის დინამო" 25%-ის მფლობელი. ამ კომპანიაში 75% წილის მფლობელია ყოფილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. 

    “არქის” ერთ-ერთ პარტნიორი მენი ბენიშიცაა - ქართველ-ისრაელელი ბიზნესმენი. მენი ბენიში შპს “არქი ენერჯიშიც” ფლობს 40%-ს. იგივე კომპანიაში 30% - 30% - იანი წილები აქვთ ივლიანე და თენგიზ წულაიაებს. 

     

     

    “არქის” თანადამფუძნებლის პოლიტიკური განცხადება

    მიმდინარე წლის 28 აპრილს, “არქის” თანადამფუძნებელმა და საქართველოს პარტლამენტის ყოფილმა წევრმა, ივლიანე [ილია] წულაიამ, რომელიც კახა კალაძის ახლო მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია, საჯაროდ დაუჭირა მხარი კანონ-პროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც მოქალაქეების უმეტესობა “რუსულ კანონს” უწოდებს და მის წინააღმდეგ მრავალათასიან დემონსტრაციებსა და აქციებს მართავს.

    ივლიანე წულაია 1982 წლის 7 ნოემბერს დაიბადა სამტრედიაში. სამტრედიაში დაიბადა კახა კალაძეც, 1978 წლის 27 თებერვალს. 

    ივლიანე წულაია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. პარლამენტში მუშაობის ოთხწლიან პერიოდში ივლიანე წულაია 3 775 კენჭისყრიდან 3 695 შემთხვევაში დაეთანხმა უმრავლესობის აზრს და მხარი დაუჭირა სხვადასხვა კანონის მიღებასა თუ საკანონმდებლო ცვლილებებს, მხოლოდ 80-ჯერ არ დაეთანხმა პარლამენტის სხვა წევრებს, ხოლო 3 380 კენჭისყრას არ დასწრებია.

    წყარო: საქართველოს პარლამენტი, ვებ-გვერდი, ივლიანე წულაიას პროფაილი 

     

    “რაც შეეხება დღევანდელი აჟიოტაჟის თემას, გამჭვირვალეობის კანონს, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალეობა და კარგი მმართველობაა [Good Governance],” - დაწერა ივლიანე წულაიამ მიმდინარე წლის 28 აპრილს. - “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მათ შორის საგადასახადო და ინვესტიციების წარმომავლობის კუთხით. ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში. კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური [დიდი ალბათობით ჩრდილოეთიდან] გაუმჭვირვალე დაფინანსებით მოხდა ხელოვნური აქციების გამართვა და არაერთი სტრატეგიული პროექტის განხორციელების შეფერხება (მათ შორის ნამახვანის ჰესი), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.”

    კანონ-პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის: მიღებამდე საჭიროა მესამე მოსმენაც. 



     

    სამშენებლო ბრენდ “არქისთან” დაკავშირებული სხვა კომპანიები

    2005 წლიდან დღემდე, “არქისთან” და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ათობით პატარა კომპანია შეიქმნა და ფუნქციონირებს - აშენებს და ყიდის საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში. 

    “არქისთან”, რომლის ბრენდული ფერი ლურჯია, დაკავშირებული პატარა კომპანიების სახელები ხშირად აშენებული თუ ასაშენებელი კორპუსების ლოკაციებს ემთხვევა. მაგალითად: ნუცუბიძეზე კორპუსები “არქი ნუცუბიძის” სახელით შენდებოდა, მშენებლობის ნებართვებიც, ამ ადგილზე, სწორედ ამ კომპანიის სახელზე იყო გაცემული.  

    “არქის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პატარა კომპანიებია: შპს “არქი ჯგუფი”, შპს “არქი გურამიშვილი”, შპს “არქი ვარკეთილი”, შპს “არქი საბურთალო”, შპს “არქი ნუცუბიძე”, შპს “არქი გლდანი”, შპს "არქი გლდანი 3", შპს “პრაიმ არქი”, შპს “ბათუმი კაპიტალი” და სხვები. 

    პროექტების შესაბამისად, ზოგ კომპანიას სახელი შეეცვალა. მაგალითად, შპს “არქი ნუცუბიძეს” ამჟამად “შპს ალაბამა ჯორჯია ინვესთმენთს” ჰქვია. დაფუძნების დროს მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ივლიანე წულაია იყო, ამჟამად კი დიმიტრი ადამიაა, ხოლო 100%-იანი მფლობელი - შპს ვიენბი კაპიტალ. შპს ვიენბი კაპიტალის დირექტორი თენგიზ წულაიაა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - ივლიანე წულაია.

    თენგიზ წულაიაა შპს  “არქი ვარკეთილის” 52 %-ის მფლობელიც. “არქის” ვარკეთილში ორი პროექტი აქვს: კორპუსების ერთი კომპლექსი დასრულებულია, ხოლო მეორე - მიმდინარე. 

    მშენებლობის გარდა, “არქის” სახელს ატარებს ენერგეტიკის კუთხით მომუშავე კომპანია “არქი ენერჯი” და სასტუმროების ბიზნესში მომუშავე მინიმუმ ერთი კომპანია შპს “არქი ჰოთელს”. ეს  კომპანიები და მათი მუშაობის არეალი და სფეროები “არქის” ვებ-გვერდზე ნახსენები არ არის.

    საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე იძებნება კიდევ ერთი კომპანია: შპს “არქი რენთი”, რომლის დირექტორია შიო ხეცურიანი, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - არქი ინვესთმენთს, რომელიც “არქის” 100%-იანი წილის მფლობელიცაა. 

    “არქის” ვებ-გვერდის ერთ-ერთი განყოფილება მომხარებელს საყოფაცხოვრებო სერვისებსაც სთავაზობს. “არქი ფიქსის” შემდეგი ტარიფები აქვს: ნიჟარის შეცვლა 60 ლარი ღირს, ხოლო უნიტაზის შეკეთება - 45 ლარი. საჯარო რეესტრში მსგავსი სახელით ცალკე  კომპანია არ იძებნება.

     

     

    “არქის” სამშენებლო პროექტების მასშტაბები

    “არქის” ვებ-გვერდის მონიტორინგის დროს [2024 წლის აპრილი] აღმოვაჩინეთ, რომ ვებ-გვერდზე მითითებული სტატისტიკური მონაცემები 1 კვირის შუალედში იცვლებოდა. რაოდეობა იცვლება და ზუსტი, სტაბილური, მონაცემი ვებ-გვერდზე აღწერილი არ არის.

    ამჟამინდელი აღწერით, "არქის" საქართველოში 70-მდე კორპუსის პროექტი აქვს: ნაწილი აშენებული და ნაწილი - მშენებარე.

    18 აპრილს ვებ-გვერდზე მითითებული სტატისტიკით, “არქის” 20 მიმდინარე და 49 დასრულებული პროექტი ჰქონდა. 26 აპრილს საიტზე ირიცხებოდა 22 მიმდინარე და 49 დასრულებული პროექტი.

    26 აპრილს, “არქის” ცხელ ხაზზე ოპერატორმა გვიპასუხა, რომ “არქის” ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 17 მშენებარე პროექტი აქვს [თავდაპირველად 18 დაასახელა და შემდეგ ეს მონაცემი შეცვალა]. ოპერატორის თქმით, “არქის” დასრულებული აქვს 47 პროექტი. არეულ მონაცემებთან დაკავშირებით მან დააზუსტა, რომ ვებ-გვერდზე “ხარვეზია და მალე გამოსწორდება.”

     

    კორპუსების გაშლა და მასშტაბები

    “არქის” კორპუსები ზომების მიხედვით განსხვავდება. ზოგს მხოლოდ ერთი ბლოკი აქვს, ზოგს კი  - 5 და 6 ბლოკი [A,B,C,D,E,F] და ათასობით კვადრატულ მეტრს იკავებს.

    ერთ-ერთ მიმდინარე პროექტთაგანია კორპუსების 5 ბლოკი, რომელიც ვარკეთილის მე-3 მასივში შენდება. ხუთიდან სამი ბლოკი დასრულებულია, ხოლო ორი ბლოკი - ამჟამად შენდება. ვებ-გვერდის მიხედვით, დასრულებული 3 ბლოკიდან ყველა ბინა გაყიდულია. 

    “არქი ვარკეთილი” - რენდერი

     

    მსგავსი მასშტაბის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე, რომელსაც ხუთი ბლოკი აქვს. მათგან ოთხი ბლოკი დასრულებულია, ერთი - მიმდინარე. ვებ-გვერდის მიხედვით, კომპლექსის მხოლოდ 10 000 კვადრატული მეტრი მხოლოდ “გამწვანებული ეზოა.”

     

    სართულიანობა 

    ვებ-გვერდის მიხედვით, “არქის” საცხოვრებელი კორპუსების სიმაღლე 5 სართულიდან იწყება და 32-მდე ადის. 

    მართალია, ვებ-გვერდის მიხედვით, ყველაზე მაღალი კორპუსი 32 სართულიანია, მაგრამ აქამდე ამ მონაცემთან შეუსაბამობა აღმოვაჩინეთ, მინიმუმ, ერთ პროექტთან მიმართებით, გურამიშვილის გამზირზე.

     

    შპს “არქი გურამიშვილის” სამშენებლო კორპუსის სქემა

     

    გურამიშვილის გამზირთან, ქსნის ქუჩაზე, “არქის” მიმდინარე სამშენებლო ბანერს აწერია, რომ იქ 35  სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, რაც აღემატება ვებ-გვერდზე მითითებული მაქსიმალური სართულიანობის მაჩვენებელს. 

    ბანერი ქსნის ქუჩაზე ასაშენებელ კორპუსთან

     

    ქსნის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს შპს “არქი გურამიშვილი” აშენებს, რომლის დირექტორი “ქართული ოცნების” შემწირველია.