ავტორი: ინდირა ევგენიძე
♦
ირმა ზოიძე ბათუმელი გარემოსდამცველი აქტივისტი და ჟურნალისტია. უახლოეს წარსულში იყო მოძრაობა “თავისუფალი მოედნის” წევრიც, რომელიც მოგვიანებით ოპოზიციურ გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის” შეუერთდა. ირმა “თავისუფალი მოედნიდან” მალევე, იმედგაცრუებული, წამოვიდა.
თავის დროზე, აქტივიზმი მის ცხოვრებაში საჭიროებამ მოიტანა: რიგი საკითხების გაშუქებისას, უჭირდა ისეთი რესპონდენტების პოვნა, რომლებიც კომპეტენტურად ისაუბრებდნენ. საბოლოოდ კი, თავად გახდა რესპონდენტი. თავდაპირველად მისი აქტივიზმი კულტული მემკვიდრეობის დაცვით დაიწყო, შემდეგ კი გარემოსდაცვითი საკითხებიც მოიცვა.
“აქტივიზმი თავისით მოვიდა. მივხვდი, რომ უნდა ვიყვირო, აღარ შეიძლება მეტად გაჩერება. მერე ვიღაცამ აქტივისტი დამარქვა, - დაგეგმილი არც მქონდა. უბრალოდ, აქციებში ჩავერთე და დავიწყე ყვირილი. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ურბანულ საკითხებზე ბევრს საუბრობდა.”
ირმა თავიდანვე იაზრებდა იმ ფაქტს, რომ დროსთან ერთად, ქაოტური მშენებლობები ბევრ პრობლემას მოიტანდა და ბათუმში ცხოვრების ხარისხი დაიწევდა.
“იყო ხალხი, ვინც მეუბნებოდა: ‘კაი რა, რაღაცას აკეთებენ, რა არის ამაში ცუდი.’ ახლა მიხვდა ყველა, რომ არაფერსაც არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, ისიც უხარისხოდ, - ისე, რომ დღეს იშოვონ ფული. გრძელვადიან პერსპექტივაში, ქაოსური მშენებლობები ქალაქს კლავს”.
ირმა და პოლიტიკური საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ირმა ეძებდა პლატფორმას, სადაც უფრო აქტიური იქნებოდა და ცვლილებების შესაძლებლობებიც მეტი ექნებოდა. ასეთი ადგილი პოლიტიკაში იპოვა, თუმცა, მისი პოლიტიკური მუშაობა ხანმოკლე აღნოჩნდა.
“თუ იმ ხალხის სიმრავლე იქნება ჩემს ირგვლივ, ვისთან ერთადაც უბრალოდ უკვე არსებულ კანონს დავიცავ და მის აღსრულებას გავაკონტროლებ, ძალიან კარგი იქნება”, - გვითხრა ირმამ ინტერვიუს დროს, მიმდინარე წლის აგვისტოში - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც “თავისუფლების მოედნის” წევრი იყო.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, - 27 სექტემბერს, ირმამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. უფრო კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია.
“ჩემი პოლიტიკური კარიერა ძალიან მოკლე აღმოჩნდა. კრიზისულ სიტუაციაში ადამიანები მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტით როცა მოქმედებენ და ავიწყდებათ ყველაფერი ის, რაც მანამდე კეთილშობილურ მიზნად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა, დასანანია. შეიძლება სხვების თავებზე გადავლით შედეგზე გასვლა? ნუ, ვიღაცეები ფიქრობენ, რომ კი, თუმცა, ეს პრინციპულად არასწორი მგონია. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. თუ მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლს მთავაზობენ, მირჩევნია, უარი ვთქვა. ეს არ ნიშნავს, რომ ვნანობ ჩემს თავდაპირველ გადაწყვეტილებას, ბრძოლისთვისა და წინააღმდეგობისთვის, ახალი საშუალებები მეცადა.”
ირმასთვის ხანმოკლე ურთიერთობა პოლიტიკოსებთან საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად, რომ გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც კი, ცოდნის ნაკლებობაა.
“მაგალითად, როცა ვეუბნები, რომ არ შეიძლება ასეთი ინტენსიური მშენებლობა, მეუბნებიან, რომ ინვესტორი სხვანაირად არ მოკიდებს ხელს ტერიტორიას, თუ მაღალსართულიანი შენობა არ აშენდა. არ არის ასე. ევროპაში თუკი ინტერსდებიან, აქ რატომ არ დაინტერესდებიან?” - გვითხრა ირმამ.
ბათუმი “ჭის” ეფექტით
კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი შექმნილი საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების თანახმად, 2041-2070 წლებში, ბათუმში ყველაზე მეტი თბური ტალღები იქნება, რაც უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ინფექციური დაავადების მქონე ადამიანებზე.
ირმა ზოიძის თქმით, ტემპერატურისა და ტენიანობის მატება უკვე ყველა ბათუმელისთვის კარგად შესამჩნევია. ირმა აღნიშნულს ქაოტურ მშენებლობებთანაც აკავშირებს: ისეთ ლანდშაფტში, სადაც ზღვა და მთა ასე ახლოს არის ერთმანეთთან, აუცილებელია ქალაქის სწორი დაგეგმარება, რათა ტენმა იმოძრაობს შენობებს შორის და არ შეიქმნას ეგრეთ წოდებული “ჭის” ეფექტი.
ბათუმის დაგეგმარების ძველი რუკა | ფოტო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი | რუკის ზუტი თარიღი არ არის მითითებული.
“აქ ტენიანობა ისედაც პრობლემაა და ამ მშენებლობების ფონზე, კიდევ უფრო იმატებს. განიავება არ ხდება ქალაქის: ბუნებრივად ვეღარ ნიავდება. ეს ქალაქი თავის დროზე ბადესავით დაქსელილი სტრუქტურით იყო აშენებული. თუ დახედავთ რუკას, გზები ზღვის პირიდან მთისკენ, ბარიერების გარეშე, პირდაპირ მიდის. ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება, - რომ ჰაერის ვენტილაცია ყოფილიყო ქალაქში, ემოძრავა ჰაერს, შესულიყო და გასულიყო. ახლა ამას აღარავინ აქცევს ყურადღებას, პირიქით, ხელს უშლიან. ზღვას რომ წინ კედელს ამოუშენებ, აღარ უნდა გვიკვირდეს კლიმატის ცვლილებები.”
დაშორება კორპუსებს შორის, ბათუმი | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 18.09.2024
ბათუმის მერიამ ბოლო 5 წელიწადში 1 800-ზე მეტი მშენებლობის ნებართვა გასცა. მათი ძირითადი ნაწილი ახალი კორპუსების მშენებლობის, ხოლო მცირე ნაწილი - დემონტაჟის ან მიშენება/დაშენების ნებართვებია.
2020 წლიდან მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა იზრდება. გაცემული ნებართვები წლების მიხედვით:
- 2020 წელი - 368
- 2021 წელი - 437
- 2022 წელი - 421
- 2023 წელი - 463
- 2024 წლის იანვრიდან 16 ივნისამდე - 227.
რას აპირებს “ამბსადორი აილენდ ბათუმი”
თითოეულ ბათუმელს რომ ჰკითხოთ, რომელი ხედის დანახვის შემდეგ გრძნობ, რომ სახლში ხარო, დიდია იმის ალბათობა, რომ იმავეს გიპასუხებენ, რასაც მე. ბათუმისკენ მიმავალი, ჩაქვის გვირაბს რომ გასცდები, მახინჯაურში ძველი რკინიგზის სადგურამდე, უკვე ჩანს ბათუმის ნახევარკუნძული, რომლის დანახვისასაც ხვდები, რომ სახლში ხარ. ეს შეგრძნება ჩემთვის უკვე 7 წელია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი განცდაა.
მას შემდეგ, რაც კომპანია “ამბასადორი ბათუმი აილენდი” თავის პროექტს - შავ ზღვაში ხელოვნურ ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მშენებლობას დაამთავრებს, ამ შეგრძნების განცდა ბათუმელებისთვის შეუძლებელი გახდება.
ბათუმის ხედი “თამარის” დასახლებიდან. ფოტოზე ჩანს ხელოვნური კუნძულის მოწყობის საპროექტო არეალის ნაწილი და სანაპიროზე ცურვის ამკრძალავი ბანერი | ფოტო:ინდირა ევგენიძე | 30.07.2024
შპს “ამბსადორი ბათუმი აილენდი” 2021 წლის 14 ივნისს დარეგისტრირდა. იგი ბათუმში, “ბარცხანისა” და “თამარის” დასახლების სანაპირო აკვატორიაში, ზღვაში 2 ხელოვნური ნახევარკუნძულისა და 1 კუნძულის მოწყობაზე მუშაობს. პროექტი აღნიშნულ ტერიტორიას 102 ჰექტარით გააფართოვებს, ასევე მშენებლობის დასრულება არსებულ 1 200კმ-იან სანაპირო ზოლს 3 600კმ-მდე გაზრდის.
კომპანია ხელოვნურად შექმნილ 2 ნახევარკუნძულზე ათობით ცათამბჯენის მშენებლობას აპირებს. კუნძულზე იქნება სასტუმროები, აპარტამენტები, ვილები, იახტკლუბი, სავაჭრო ცენტრები, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო ცენტრები. დუბაიში ხელოვნურ კუნძულს პალმის ფორმა თუ აქვს, ბათუმში მას ღუზის ფორმა ექნება და 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფართობისა და დაგეგმარებიდან გამომდინარე, “ამბასადორი,” მთავრობის ხელშეწყობით, ახალ ქალაქს აშენებს ცენტრალურ ბათუამდე, - “ქალაქს ქალაქში.”
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 100 000 000 მილიონი ა.შ.შ. დოლარია. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ პროექტის განსახორციელებლად მხოლოდ 7 წელია საჭირო.
პროექტის დასრულებული სახე | ფოტო: “ამბასადორი აილენდ ბათუმის” ვებ-გვერდიდან
“ზღვის სანაპირო არის მიტაცებული მთლიანად, ერთ გოჯს არ ტოვებენ აუთვისებელს. მთელი ახალი ბულვარი და სანაპირო არის კედელი. ეს ადგილი [საპროექტო ზონა] იყო ერთადერთი, სადაც სივრცე ჩანდა და ესეც ამოიქოლება,” - ამბობს ირმა ზოიძე.
რიგი პრივილეგიები სახელმწიფოსგან
2024 წლის 15 აგვისტოს მონაცემებით, შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდის” 82% წილის მფლობელი საქართველო - რუსეთის მოქალაქე ელგუჯა ქებურიაა. დარჩენილი 18% “ამბასადორი აილენდს” ეკუთვნის. ირმა ზოიძე ამბობს, რომ ელგუჯა ქებურიამ ფული რუსეთში იშოვა.
“ქებურია იწყობს სივრცეს, ფეოდალური მენტალობით, სადაც, რუს გენერლებთან ერთად, ჩამოვა და ისერინებს. სხვანაირად არ იცის, რადგან რუსეთში აქვს ფული ნაშოვნი და იქ ასე კეთდება ბიზნესი, - ვიღაცის ხელის გადაგრეხვით და ვიღაცის დამარცხების ხარჯზე,” - ამბობს ირმა.
კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, - ფრიდონ ქათამაძეც, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეა.
სახელმწიფომ შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდს” პროექტის ფარგლებში 90 ჰექტარი ტერიტორია აღნაგობის [სხვისი საკუთრების შეზღუდული სარგებლობა] უფლებით, 1 ლარად, გადასცა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, 2022 წლის 26 ივლისიდან "შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაო" განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების და მათთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხაში შევიდა.
ხელოვნური კუნძულის საძირკვლის ჩაყრისა და კაფსულის ჩაგდების ცერემონიას ესწრებოდნენ მაშინდელი პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი] და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდი” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა. 2024 წლის 1-ელი აგვისტოს მთავრობის განკარგულებით, კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიიდან 500 000 კუბური მეტრი მოცულობის სასარგებლო წიაღისეულის [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] მოპოვება ულიცენზიოდ, ერთი წლის განმავლობაში, შეუძლია.
2024 წლის 27 სექტემბერს, მთავრობამ ასევე გამოსცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამბასადორისთვის იჯარით გაცემის თანხმობაზე, რომლის მიხედვითად ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის სოფელ ახალსოფელში, 15 042 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწა კუნძულის მშენებელ კომპანიას 3 წლით, იჯარით, გადასცა.
“ამბასადორს” სამჯერ მოუწია სამუშაოების შეჩერება, აქედან ორის მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის [გზშ] დახარვეზება იყო. კომპანიამ სააგენტოში გზშ 2023 წლის 24 ნოემბერს გაუგზავნა. პირველად გზშ 2024 წლის 19 აპრილს დაახარვეზეს, მეორედაც მიმდინარე წლის 2 აგვისტოს.
“ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტის გზშ ანგარშზე იმუშავა ქართულმა კომპანია შპს “გამა კონსალტინგმა”. აღნიშნული კომპანიის დამკვეთები სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო კომპანიები და მმართველ პარტიასთან ასოცირებული ფონდები არიან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საპარტნიორო ფონდი [ეს უკანასკნელი არის კომპანიის პარტნიორთა სიაშიც], საქართველოს რკინიგზა და ასე შემდეგ.
პროექტის გაჩერების მესამე მიზეზი შპს “ტერმინალ 1”-ის მოთხოვნა გახდა.
“შპს „ტერმინალ 1“ დაუშვებლად მიიჩნევდა კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, ვინაიდან კუნძულის საპროექტო ტერიტორია ფარავდა შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მომავალი საერთაშორისო საზღვაო ხომალდების შემოსვლის, მანევრის და დგომის მარშრუტს და საფრთხეს უქმნიდა ტერმინალის უსაფრთხო ფუნქციონირებას. აღნიშნულის საფუძველზე, 2024 წლის 2 აგვისტოს სააგენტოს მიერ კვლავ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება,” - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადასცა, ვინაიდან ეს საკითხი მათი კომპეტენცია არ იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით კი, “არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც სარგებლობს „ტერმინალი 1." ასევე, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას,” - აღნიშულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბოლოოდ, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ “ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტი, გარემოსდაცვითი კუთხით, მისაღებად მიიჩნია და მასზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა.
პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, არსებულ გზშ-სთან ერთად, კომპანია ვალდებულია მოამზადოს პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტიც. ამ ეტაპისთვის დოკუმენტი მხოლოდ სკოპინგის [საწყის] ეტაპზეა, თუმცა, კუნძულის მშენებლობა გრძელდება და ამას ადასტურებს “ამბასადორი აილენდ ბათუმის” ფეისბუქ-პოსტებიც.
მიმდინარე სამუშაოები, რაც ჩემი თვალით ვნახე ადგილზე, არ შეიძლება იყოს მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოები. ზღვაში კუნძულის კონტურები უკვე გამოკვეთილია - “ამბასადორი აილენდ ბათუმი” ნებართის გარეშე მუშაობდა, სახელმწიფო კი სათანადოდ არ რეაგირებდა.
კუნძულის მშენებლობის საპროექტო ზონა | ფოტო: ინდირა ევგენიძე | 18.09.2024
“მე ვარ ბენზელი [“თამარის” დასახლება]. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი სენსიტიურია ჩემთვის ამ პლაჟის წართმევა, ამ სანაპიროს რომ ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ ზღვისპირელი ვარ,” - გვითხრა ირმა ზოიძემ.